ავტორი:

"88 წელი საქართველოში მიცხოვრია და ახლა მეუბნებიან, საქართველოში არ ხარო" - რა შესჩივლა მავთულხლართების მიღმა მცხოვრებმა მოხუცმა ნატო-ს მაღალჩინოსანს

"88 წელი საქართველოში მიცხოვრია და ახლა მეუბნებიან, საქართველოში არ ხარო" - რა შესჩივლა მავთულხლართების მიღმა მცხოვრებმა მოხუცმა ნატო-ს მაღალჩინოსანს

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მედლინ მუნი გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ხურვალეთში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან იმყოფებოდა, სადაც არსებულ ვითარებას გაეცნო და მავთულხლართების მიღმა მცხოვრებ 88 წლის დათა ვანიშვილს გაესაუბრა.

ვანიშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებს ბარიერების გამო შექმნილ პრობლემებზე შესჩივლა და ასამბლეის პრეზიდენტს დახმარება სთხოვა.

“გაუსაძლის მდგომარეობაში ვარ. 88 წლის კაცი ვარ, ამდენი ხნის განმავლობაში საქართველოში მიცხოვრია და ახლა მეუბნებიან, საქართველოში არ ხარო. აღარ ვიცი, რა გავაკეთო, ლარზე პურსაც კი ვერ ვყიდულობ ამ ტერიტორიაზე. მეუბნებიან, მიიღე ცხინვალის “მოქალაქეობა” და აქაური პენსია ჩვეულებრივ დაგენიშნებაო. ამდენი წელი საქართველოში ვცხოვრობ და ახლა ცხინვალის “მოქალაქეობა” როგორ მივიღო? სახლში მოხუცი ავადმყოფი მეუღლე მყავს, ვეხვეწები, რომ საშუალება მომცენ გორში წავიყვანო ექიმთან, მაგრამ არც ამის უფლებას მაძლევენ. მეუბნებიან, ცხინვალში ან ლენინგორში წაიყვანე საავადმყოფოშიო. ამ მთებზე როგორ ვატარო ავადმყოფი ქალი, შესაძლოა, გზაში დაემართოს რამე. გორი კი აქვეა, მაგრამ ამ მავთულხლართების იქით არ გვიშვებენ. აქ ბევრი დელეგაცია მოდის, მელაპარაკებიან, ვუყვები ჩემს მდგომარეობას, მაგრამ არაფერი იცვლება. იქნებ, დაგვეხმაროთ და რამის გაკეთება შეძლოთ, რომ ეს ვითარება შეიცვალოს“, - მიმართა მავთულხლართების მიღმა მცხოვრებმა დათა ვანიშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს.

გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ხურვალეთში განუცხადა.

მისივე შეფასებით, ადგილობრივები ყოველდღიურად „სასტიკ მოპყრობას განიცდიან“.

„ჩვენი საქმეა დავაკვირდეთ, დავსვათ კითხვები და წავიღოთ ეს მტკიცებულებები ჩვენს მომდევნო შეხვედრაზე ლონდონში, რომელიც ოქტომბერში გაიმართა. ჩვენ ამას გავაკეთებთ და მე გპირდებით, რომ ჩვენ მხოლოდ მოხსენებას არ დავწერთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რათა უფრო ფართო გაგება შევქმნათ აქ არსებულ ვითარებაზე. აქ სირთულეების წინაშე არიან ყოველდღე და სასტიკ მოპყრობას განიცდიან“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი