ავტორი:

"ბებომ და ბაბუამ ეზოში სამოთხე დედამიწაზე მოაწყვეს" - გოგონა, რომელიც თბილისურ ხმაურს იმერეთის ლამაზ სოფელში გაურბის

"ბებომ და ბაბუამ ეზოში სამოთხე დედამიწაზე მოაწყვეს" - გოგონა, რომელიც თბილისურ ხმაურს იმერეთის ლამაზ სოფელში გაურბის

ქალაქური ცხოვრება, დამღლელი ხმაური, დაბინძურებული ჰაერი - ხშირად სირთულეებს წარმოადგენს და სულიერად ღლის ადამიანს. აქედან გამომდინარე გიჩნდება სურვილი, რომ ამ ყველაფერს სადღაც გაექცე, დაემალო, ქალაქგარეთ მშვიდ და მწვანე გარემოში გაატარო გარკვეული დღეები.

სწორედ ასეთი თავშესაფარია ახალგაზრდა იურისტ მარიამ პირველისთვის ბებია-ბაბუის სახლი სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთში, რომელიც პატარა სამოთხეს უფრო ჰგავს, ვიდრე ეზოს.

- მოგვიყევით თქვენს სოფელზე, სახლზე, სადაც ბებია და ბაბუა ცხოვრობს... როგორც ვიცი მისი ეზო, ბაღი განსაკუთრებულად ლამაზია...

- ვცხოვრობ თბილისში, ქალაქის შუა გულში, რაც მოგეხსენებათ, არსებული ურბანული პირობებიდან გამომდინარე, არც თუ ისე სახარბიელოა. მაგრამ საბედნიეროდ, ამ ქვეყნად მოიძებნება ადგილი, სადაც შემიძლია "გავექცე" ყოველდღიურ დაძაბულობას, ქალაქისთვის დამახასიათებელ ქაოსსა და ხმაურს.

ასეთი ადგილი არის ჩემი სოფელი-სამოთხე დედამიწაზე, როგორც ვეძახით მე და ჩემი მეგობრები, ახლობლები, სადაც გარდა ბუნებრივი რესურსისა, ჩემი დიდი ბებია-ბაბუის, ახლა კი უკვე ბებია-ბაბუის დამსახურებით, ულამაზესი ეზო და სიყვარულით სავსე გარემოა შექმნილი. ამ სახლში ძალიან ტკბილი ბავშვობა მაქვს გატარებული, სადაც ჩემმა წინაპრებმა საგულდაგულოდ მოაწყვეს მომავალი თაობისთვის კომფორტული სამყოფელი. ამ ეზოში ყოველი კუთხე-კუნჭული ჩემთვის ძალიან ძვირფასი და საყვარელია.

- რამდენ კვადრატულ მეტრზეა თქვენი ბაღი გაშენებული?

- ეზო არის 1 ჰექტარი, რაც მთლიანად არის ათვისებული. ეზოში გაშენებულია ვაზი, აკაციის ტყე, თხილის პლანტაციები, ციტრუსი, ატმის ხეები და პატარა ბოსტანი. გაზაფხულზე ეზოში გადაპენტილია უამრავი გლიცინია, რომელიც საოცარ სურნელს აფრქვევს და მის კალთის ქვეშ მოკალათება ჩვენი საყვარელი რიტუალია. კალთას იმიტომ ვამბობ, რომ გლიცინიას დახუნძლული ტოტები მიწის მიმართულებით აქვს დაშვებული, ხოლო მის ქვეშ მოსასვენებლად მყუდრო სივრცეა შექმნილი.

გარდა ამისა, ეზოს შუაგულს ამშვენებს ვეებერთელა მიმოზა, რომელსაც გარდა შთამბეჭდავი ვიზუალისა, საოცარი პრაქტიკული დატვირთვაც აქვს, რაც იმით გამოიხატება, რომ დღის განმავლობაში ის საოცარ ჩრდილს ქმნის ეზოში და შესაბამისად, სიგრილესაც. ასევე ეზოში მრავლადა ლიმონისა და მანდარინის ხეები, რომელიც გვანებივრებს, როგორც გემრიელი ნაყოფით, ასევე სილამაზით.

- როგორც გვითხარით, ბაღს მრავალწლიანი ისტორია აქვს. მოგვიყევით ადამიანებზე, ვინ ბაღს საფუძველი ჩაუყარა...

- დიახ, ამ სახლსა და ეზოს დიდი ისტორია აქვს. დედაჩემის წინაპრების მიერ აშენებული იმერული ტიპის სახლი, თაობების მიერ ნელ-ნელა იმ დროისათვის არსებული სტანდარტებისა და გემოვნების შესაბამისად იცვლებოდა და საბოლოოდ, იმ სახით, რომელიც დღეს არსებობს, ბებიასა და ბაბუის შრომის შედეგია. ცხადია, ჩვენც, შვილებს, შვილიშვილებს, ამ ოჯახის ყველა წევრს, შეგვაქვს ჩვენი წვლილი, მის მოვლა-პატრონობასა და გალამაზებაში, თუმცა ჩვენი წვლილი საბოლოო სურათის შექმნისათვის მაინც მინიმალურია.

მთელი წლის განმავლობაში ისინი უვლიან და როგორც თვითონ ამბობენ, ელიან ზაფხულის დღეებს, როცა ჩვენ ჩავდივართ, ვტკბებით და ვნებივრობთ ამ სილამაზით. ჩვენ არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ წლის ყველა სეზონზე ვსტუმრობთ ჩვენს ლამაზ ეზოს. ის წელიწადის სხვადასხვა დროს განსხვავებული ხიბლის მატარებელია, თუმცა რა თქმა უნდა, ზაფხულის პერიოდში ხანგრძლივი ვიზიტები გვაძლევს შესაძლებლობას აქტიურად ჩავერთოთ ეზოს დასუფთავებისა და გალამაზების საკრალურ ცერემონიაში.

ასე იმიტომ ვამბობ, რომ ბაბუაჩემი საოცარი რუდუნებით უდგება ამ პროცედურას, იმდენად მოწესრიგებულია ირგვლივ ყველაფერი, რომ აქ სამუშაო პროცესიც კი სასიამოვნოა.

- მარტო შეძლებთ ბაღის მოვლას, ამ საქმის გაძღოლას?

- თამამად ვაცხადებ, რომ მარტო ამ ეზოსა და ბაღის პირისპირ, ვერაფერს შევძლებ. ამ პეიზაჟით ტკბობა ერთია, მაგრამ მეორეა, ის უდიდესი ძალისხმევა და ენერგია, რომელსაც მისი მოვლა მოითხოვს. მე არაერთხელ გავმხდარვარ მონაწილე და შემსწრე იმისა, თუ რამდენად შრომატევადია დიდი ეზოსა და ბაღის მოვლა. ამიტომ ალბათ არასდროს დავიღლებით ვუთხრათ უდიდესი მადლობა ჩვენს ბებოს და ბაბუს, იმისათვის, რომ ამ შრომას ჩვენი სიამოვნებისა და გახარებისათვის გამუდმებით ეწევიან წაიკითხეთ ვრცლად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ