ავტორი:

უვადო მოსამართლეობის 20 კანდიდატი და მათი გახმაურებული საქმეები - იცოდეთ, ვის ირჩევს პარლამენტი

უვადო მოსამართლეობის 20 კანდიდატი და მათი გახმაურებული საქმეები - იცოდეთ, ვის ირჩევს პარლამენტი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის დასკვნითი ეტაპი დაიწყო - პარლამენტის იურდიულ საკითხთა კომიტეტში მოსამართლეობის 20 კანდიდატთან გასაუბრებები დაიწყო.

ვინ არის ის 20 კანდიდატი, რომელთაც უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეებად ვიხილავთ? - არასამთავრობო ორგანიზაცია "ღია საზოგადოების ფონდმა" გამოსცა ანგარიში, რომელშიც დეტალურად არის მიმოხილული კანდიდატთა პორტფოლიოები, მათ მიერ განხილული გახმაურებული თუ გაუხმაურებელი საქმეები.

თამარ ალანია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე

ის ერთ-ერთია იმ მოსამართლეებს შორის, რომელსაც არასამთავრობო სექტორი "სასამართლოს კლანის" წევრად მოიაზრებს.

1999-2006 წლებში ალანია მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, პროკურორის თანამდებობაზე. 2006- 2016 წლებში იგი იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე. 2016 წელს სამწლიანი ვადით განწესდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ, ხოლო 2017 წლიდან უვადოდ დაინიშნა იმავე პოზიციაზე. 2013-2017 წლებში მოსამართლე თამარ ალანია იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

ალანიას მიერ მიღებული გახმაურებული და პრეცედენტული გადაწყვეტილებებიდან "ღია საზოგადოების ფონდი" რამდენიმე მათგანს გამოყოფს. მათ შორის, საზოგადოების განსჯის საგანი ყველაზე ხშირად, არასრულწლოვანი გვანცა ყუფარაძისა და მუხროვანის ამბოხების საქმეები ხდება.

გვანცა ყუფარაძის საქმე

2007 წლის 7 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, მოსამართლე თამარ ალანიას თავმჯდომარეობით, განიხილა არასრულწლოვან გვანცა ყუფარაძის სისხლის სამართლის საქმე, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, რომელიც დამნაშავემ ჩაიდინა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, ხულიგნური ქვენაგრძნობით, განსაკუთრებული სისასტიკით.

გვანცა ყუფარაძე 2006 წლის ნოემბერში დააკავეს თანაკლასელის მკვლელობის მცდელობისთვის. 2007 წლის ივნისში პირველი ინსტანციის სასამართლომ მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან ნახევარი ჩაეთვალა პირობითად. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ, ხოლო უზენაესმა სასამართლომ საჩივარი დაუშვებლად ცნო.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაცია "ღია საზოგადოების ფონდი" ასე აფასებს:

"განაჩენი არის მშრალი, საქმის მასალების წარმოჩენის გარეშე. მხოლოდ განაჩენიდან შეუძლებელია არათუ დასაბუთების, არამედ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გაგება. განაჩენის სამოტივაციო ნაწილი მხოლოდ 2 გვერდისგან შედგება (მთლიანობაში, განაჩენი არის 6 გვერდი).

განაჩენში საერთოდ არ არის მსჯელობა იმაზე, თუ რა მტკიცებულებები წარმოადგინა ბრალდების მხარემ, რა ინფორმაციას ატარებს თითოეული მათგანი, რამდენად არის თითოეული დასაშვები, უტყუარი და რელევანტური.

რჩება შთაბეჭდილება, რომ განაჩენი მიმართულია დაცვის მხარის მტკიცებულებათა გაბათილებისკენ და არა ბრალდების მხარის მტკიცებულებათა უტყუარობის/დამაჯერებლობლობის შემოწმებისკენ. საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შორის არსებობდა არსებითი წინააღმდეგობები, ასევე არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა – ეს ხარვეზები სასამართლოს განხილვის შედეგად არ აღმოფხვრილა. სასამართლომ უარყო ერთი და მიიღო მეორე მტკიცებულება ისე, რომ თავისი ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი დამაჯერებლად არ დაუსაბუთებია".

არასამთავრობო ასევე მიუთითებს, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყო თანხმობაში გაეროს ბავშვთა კონვენციასთან, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი მოქმედება ბავშვების მიმართ, უპირველესად უნდა ემსახურებოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას.

ე.წ. "მუხროვანის ამბოხის" საქმე

თამარ ალანიას თავმჯდომარეობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ განიხილა 2009 წლის 5 მაისს მუხროვანის ჯავშან-სატანკო ბატალიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული საქმე (ე.წ. „მუხროვანის ამბოხი“). პირველი ინსტანციის სამართლომ რეინჯერთა ბატალიონის ყოფილ მეთაურს, ლევან ამირიძეს 28 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნაცვლად ბრალდების მხარის მიერ მოთხოვნილი 29 წლისა; კობა ოთანაძეს - 29 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მუხროვანში განთავსებული ჯავშან-სატანკო ბატალიონის ყოფილ მეთაურს, შოთა (მამუკა) გორგიაშვილს - 19 წელი, როგორც ამას პროკურატურა ითხოვდა.

სააპელაციო კოლეგიამ არ დააკმაყოფილა იმ პირთა საჩივრები, რომლებმაც განაჩენი გაასაჩივრეს. ასევე არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი, რომელიც შვიდი სამოქალაქო პირისთვის ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლას მოითხოვდა. კოლეგიამ ძირითად ნაწილში ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.

ამ საქმესთან დაკავშირებით თავიდანვე გამოითქვა ეჭვები, რომ ფაქტი არასათანადოდ იყო გამოძიებული. საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არსებობდა მოსაზრება, რომ ხელისუფლებამ თავად დადგა ამბოხი მუხროვანში სამხედრო განაყოფებზე კონტროლის შენარჩუნების მიზნით, რადგან შეიარაღებულ ძალებში უკვე სერიოზულ შიდა პრობლემებს აწყდებოდა, განსაკუთრებით, აგვისტოს ომის შემდეგ.

მეორე ვერსიით, მუხროვანის სამხედრო ბაზაზე ამბოხი არ მომხდარა; ეს იყო დაუმორჩილებლობა ხელისუფლებისადმი, რომელიც სამხედროებისგან აქციის მონაწილეების დარბევას მოითხოვდა. 2012 წელს საქართველოს პარლამენტმა მუხროვანის ამბოხის საქმეზე მსჯავრდებული 20 პირი პოლიტიკურ პატიმრად ცნო.

ცნობილია თამარ ალანიას სიმპათიები ლევან მურუსიძის სასამართლო საქმიანობის მიმართაც. 2015 წლის დეკემბერში ლევან მურუსიძის თბილისის სააპელაციო სასამართლოში დანიშვნის შემდეგ, მაშინდელმა საბჭოს წევრმა თამარ ალანიამ განაცხადა, რომ მისი არჩევანი არის ლევან მურუსიძე - "ადამიანი, რომელიც დამოუკიდებელ სასამართლოს ხედავს".

თამარ ალანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო იმ დროს, როდესაც საბჭოში იყვნენ: ლევან მურუსიძე (საბჭოს მდივანი), მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, ილონა თოდუა, პაატა სილაგაძე, ლევან თევზაძე - პირები, რომლებიც მიიჩნევიან სასამართლოში არსებული კლანის წევრებად...

მერაბ გაბინაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს უვადო მოსამართლე

უვადო მოსამართლეობის კიდევ ერთი კანდიდატი ლევან გაბინაშვილი, 1995-2005 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე. 2005-2006 წლებში, იგი იყო ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელი.

2006-2012 წლებში მერაბ გაბინაშვილი, სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებდა სხვადასხვა სასამართლოში, მათ შორის, გორისა და ზესტაფონის რაიონულ და ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. 2012-2017 წლებში, იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე და კოლეგიის თავმჯდომარე.

2017 წელს, მოსამართლე გაბინაშვილი, უვადოდ გამწესდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ და დაინიშნა ამავე პალატის თავმჯდომარედ. 2019 წლიდან, იგი არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე. 2013-2017 წლებში, მერაბ გაბინაშვილი, ასევე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი

2018 წლის დეკემბერში, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ყოველგვარი ფორმალური პროცედურების გვერდის ავლით, პარლამენტს წარუდგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი, რომელთა შორის მერაბ გაბინაშვილიც იყო. გაბინაშვილმა შემდგომში განვითარებული მოვლენების გამო, სხვა კანდიდატებთან ერთად, მოხსნა თავისი კანდიდატურა.

აღსანიშნავია, რომ კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" მოსამართლე გაბინაშვილს, სასამართლოში არსებული მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის (კლანის) ერთ-ერთ წევრად მოიაზრებს.

გაბინაშვილის მიერ განხილული გახმაურებული და პრეცედენტული საქმეები:

ნიკანორ მელიას საქმე

2019 წლის 2 ივლისს, მოსამართლე მერაბ გაბინაშვილმა სააპელაციო წესით განიხილა დავა, რომელიც საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ნიკანორ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას ეხებოდა.

2019 წლის 27 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატს აღკვეთის სახით გირაო და დამატებითი ღონისძიებები შეუფარდა. გადაწყვეტილება დაცვის მხარის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრდა, სადაც მხარე მიუთითებდა, რომ გამოყენებული დამატებითი ღონისძიებები (საცხოვრებელი სახლის დატოვების აკრძალვა საგამოძიებო ორგანოების ინფორმირების გარეშე და სამომავლოდ შესაძლო მოწმის სტატუსის მქონე პირებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის აკრძალვა) პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიოდა კონსტიტუციით გარანტირებულ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის უფლებამოსილებებთან.

აღნიშნულ საქმეში, საქართველოს სასამართლო ხელისუფლებამ, პირველად იმსჯელა საქართველოს პარლამენტის დეპუტატისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებული დამატებითი ღონისძიებები პირდაპირ წარმოშობდა სააპელაციო სასამართლოს ვალდებულებას, დეტალურად ემსჯელა თითოეული ღონისძიების დასაბუთებულობისა და კონსტიტუციურ სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე.

ამ გადაწყვეტილებას "ღია საზოგადოების ფონდი" ასე აფასებს:

"განჩინებაში არ იკვეთება, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატა ბრალდებულის მიერ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედება (განჩინება უთითებს მხოლოდ ბრალდების დადგენილებაზე). მეტიც - არ ჩანს, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია სასამართლომ, რომ არსებობდა ნიკანორ მელიას მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდი.

შენიშვნა: აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას, სასამართლო ვალდებულია დარწმუნდეს, რომ: ა) საქმეში არსებული მასალები მიუთითებს სისხლის სამართლებრივი დევნის დასაბუთებულობაზე; ბ) დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, საქმეში არსებობს ბრალდებულის მიმალვის, მის მიერ მტკიცებულებების განადგურების ან/და ახალი დანაშაულის ჩადენის რეალური ალბათობა/საფრთხე და, შესაბამისად, აუცილებელია, აღკვეთის ღონისძიების გამოყენება".

შოთა გეწაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე

2003-2006 წლებში გეწაძე მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის მდივნად, შემდგომში კი - თანაშემწედ. 2006-2007 წლებში მას მცხეთის რაიონული სასამართლოს აპარატის უფროსის თანამდებობა ეკავა, ხოლო 2007-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსად.

2011-2015 წლებში გეწაძე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე. 2015 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის უვადოდ დანიშნული მოსამართლე. 2011-2017 წლებში მოსამართლე შოთა გეწაძე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

გახმაურებული საქმეები:

ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინა ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმე

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებულებით, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს, ეკატერინა ხვედელიძეს. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრდა 2011 წლის დეკემბერში. ივანიშვილისა და ხვედელიძის ადვოკატები საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებულების გაუქმებასა და მოსარჩელეთათვის მოქალაქეობის აღდგენას ითხოვდნენ.

მოსამართლე შოთა გეწაძემ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მან დაადგინა, რომ უკანონოა ბრძანებულების ის ნაწილი, რომლითაც ეკატერინა ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა და მას მოქალაქეობა უნდა აღუდგეს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას, სასამართლომ ამ ნაწილში პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში დატოვა.

აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა რეკომენდაცია პრეზიდენტისადმი, სადაც აღნიშნავდა, რომ ბრძანებულება არღვევდა მის კონსტიტუციურ უფლებებს, რადგან ეკატერინა ხვედელიძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობდა.

საქმის მიმდინარეობისას, ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინა ხვედელიძის ადვოკატები (შალვა თადუმაძე, ეკა ბესელია, ალექსანდრე ბარამიძე, ზაქარია ქუცნაშვილი, არჩილ კბილაშვილი) გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას მოსამართლე შოთა გეწაძის ქცევის მიმართ. კერძოდ, მათ მიაჩნდათ, რომ მოსამართლემ მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღო.

ადვოკატთა განცხადებით, შოთა გეწაძე შინაგანი რწმენით კეთილგანწყობილი იყო პრეზიდენტის წარმომადგენლის მიმართ და მოსარჩელეთა შუამდგომლობების დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტისას მხოლოდ ამ განწყობით იმოქმედა. მოსარჩელეთა ადვოკატები ასევე უთითებდნენ, რომ მოსამართლე, შუამდგომლობებთან დაკავშირებით საკუთარი გადაწყვეტილების წაკითხვისას, სასამართლო დარბაზში ჩამწერ მოწყობილობას თიშავდა.

მიკაილ კადიევისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, მოსამართლე შოთა გეწაძის მონაწილეობით, დაღესტნელ სამოქალაქო აქტივისტს, მიკაილ კადიევს უარი უთხრა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. ამ გადაწყვეტილებით, სასამართლომ შეცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საკითხის ხელახლა შესწავლა დაავალა.

მიკაილ კადიევის ადვოკატის, მალხაზ პატარაიას განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ (რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა) კადიევი რუსეთის ხელისუფლებისთვის გადასაცემად გაწირა, რადგან რუსეთის ხელისუფლება მის ექსტრადიციას ითხოვდა, რაც ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პროცედურით იყო შეჩერებული. ადვოკატს მიაჩნდა, რომ რუსეთში კადიევის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

მირანდა ერემაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე

1999-2005 წლებში მირანდა ერემაძე მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ. 2006-2016 წლებში სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებდა ჯავის, მცხეთის და თბილისის საქალაქო სასამართლოებში. 2016 წელს განწესდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ 3 წლის ვადით.

ერემაძემ განიხილა პრეცედენტული საქმე საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თაობაზე. "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია სამინისტროს საქმიანობის შესახებ, მათ შორის, 2015 წელს ელექტრონული ფოსტით სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლები.

სამინისტრომ ინფორმაცია არ გასცა იმ საფუძვლით, რომ ელექტრონული ფოსტა არ წარმოადგენდა ოფიციალურ დოკუმენტს და, შესაბამისად, მისი გაცემის ვალდებულება სამინისტროს არ ჰქონდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა სამინისტროს პოზიცია და გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სამინისტროს ამ ინფორმაციის შენახვის ვალდებულება არ ჰქონდა, რადგან იგი არ ექცეოდა ოფიციალური დოკუმენტის განმარტებაში.

2016 წლის 27 დეკემბერს მოსამართლე მირანდა ერემაძემ არ დააკმაყოფილა ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ სააპელაციო საჩივარი და შესაბამისად, აპელანტს არ მიეცა შესაძლებლობა მიეღო მოთხოვნილი ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ ამ საქმეში სასამართლოს პირველად მოუწია მსჯელობა, რამდენად წარმოადგენს საჯარო უწყების წარმომადგენელთა ელექტრონული მიმოწერა ოფიციალურ დოკუმენტს და, შესაბამისად, რამდენად ექვემდებარება ასეთი მიმოწერა საჯარო ინფორმაციის ღიაობის კანონმდებლობით დადგენილი წესს.

2017 წლის 14 სექტემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. უზენაესმა სასამართლომ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით, არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ელფოსტის არაფორმალურ კომუნიკაციად მიჩნევის თაობაზე; ასევე აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

კიდევ ერთი საქმე ერემაძის ანგარიშზე ფონდ "კონსტანტას" უკავშირდება. გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივ, რომ 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ათეულობით მოქალაქემ მიმართა პროკურატურას და სასამართლოს სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით და წინა ხელისუფლების დროს დარღვეული უფლებების აღდგენას ითხოვს.

2011 წელს ფონდი „კონსტანტას“ დამფუძნებელი ლევან ლებანიძე ცნობილ იქნა დამნაშავედ ფონდის ინტერესების საწინააღმდეგოდ ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. საქმეზე გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და მსჯავრდებულს განესაზღვრა ჯარიმა 12 მილიონი ლარის ოდენობით.

ფონდმა „კონსტანტამ“ აიღო კრედიტი, რის სანაცვლოდაც დააგირავა ფონდ „კონსტანტას“ 100% წილი შპს „კონსტანტაპლუსში“. კრედიტის მიზნობრიობაში მითითებული იყო ლევან ლებანიძის ჯარიმის გადახდა. მოგვიანებით, „კონსტანტამ“ საჩივარი შეიტანა საქართველოს პროკურატურაში და განაცხადა, რომ გარიგება კრედიტის აღების თაობაზე მოხდა იძულებით, ასევე სარჩელი შეიტანა სასამართლოში და სამოქალაქო წესით დაიწყო დავა იძულებით დადებული გარეგების ბათილობის თაობაზე.

ამ საქმესთან დაკაშირებით გამოტანილ გადაწყვეტილებას "ღია საზოგადოების ფონდი" ასე აფასებს:

"სასამართლომ სრულყოფილად არ შეისწავლა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არ უზრუნველყო მტკიცებულებათა სრული, ყოველმხრივი და ობიექტური შეფასება, უგულებელყო მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა გათვალისწინებაც საქმეზე არსებით გავლენას მოახდენდა, მაგალითად: ჯარიმა, 12 მილიონი ლარი, ფონდმა გადაიხადა ერთი დღით ადრე, ვიდრე მის დამფუძნებელთან პროკურატურა გააფორმებდა საპროცესო შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც მას ეს ჯარიმა დაეკისრა, ე.ი. ფონდის მიერ გადახდილი თანხა იყო ჯერ არდადებული შეთანხმების ფარგლებში დაკისრებული ჯარიმა, რაც, ბუნებრივია, აჩენს ეჭვებს;

ამასთან, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მხარის მოთხოვნა, სასამართლოს გამოეთხოვა პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების მასალები. ასევე, საქმეში არსებობდა არაერთი მოწმის ჩვენება, რომელიც მიუთითებდა იძულების ფაქტებზე, თუმცა სასამართლომ მათი ნაწილი არ მიიჩნია, „უდავოდ“, ვინაიდან ეკუთვნოდა ფონდთან (მოსარჩელესთან) დაკავშირებულ პირებს. აღსანიშნავია, რომ მოპასუხეს (პროკურატურას) ეჭვი არ შეჰქონდა მოწმეთა სანდოობაში".

მამუკა ვასაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კიდევ ერთი კანდიდატია გენერალური პროკურორის ამჟამინდელი პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე. ის 2005-2014 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში, ასევე, შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურებში სხვადასხვა თანამდებობაზე.

2014-2015 წლებში მამუკა ვასაძე იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი. 2015 წლის ნოემბრიდან იგი საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილეა, 2018 წლის ივნისი-ივლისში მამუკა ვასაძე ასრულებდა გენერალური პროკურორის მოვალეობას.

ვიდრე მამუკა ვასაძე გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ მუშაობდა, არაერთი საქმე მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, როგორც შინაარსის, ასევე გაჭიანურებული, არაეფექტიანი გამოძიების გამო. ბევრ საქმეში, დაზარალებულებისთვისაც და საზოგადოებისთვისაც, დღემდე უცნობია გამოძიების შედეგები. ამ საქმეების მცირე ჩამონათვალია:

  • სიცოცხლის უფლების სავარაუდო ხელყოფის არასათანადო, გაუმჭვირვალე და გაჭიანურებული გამოძიებები (ხორავას ქუჩის საქმე, მაჩალიკაშვილის საქმე)
  • პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და აუდიომასალების ინტერნეტში გავრცელების/გავრცელების მუქარის არაეფექტიანი გამოძიებები;
  • სამართალდამცველთა მხრიდან უფლებების სავარაუდო დარღვევის არაეფექტიანი გამოძიება (ბირჟა-მაფიას საქმე; კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციისას უფლებამოსილების გადამეტების სავარაუდო ფაქტები)
  • წინასაარჩევნოდ მომხდარი ინციდენტების არაეფექტიანი გამოძიება (კორცხელის ინცინდენტი და სხვა)
  • ზვიად რატიანის საქმე
  • სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებზე სავარაუდო ზეწოლის არაეფექტიანი გამოძიებები (სავარაუდო მუქარა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მიმართ)
  • სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების არაეფექტიანი გამოძიება (ე.წ. საბურავების საქმე, 2015 წელს ინტერნეტში გავრცელებული საუბრის საფუძველზე დაწყებული გამოძიება, რომელიც ეხება ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების შეთქმულებას)
  • სხვა გახმაურებული და მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის საქმეები: ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დამფუძნებელთა საჩივარი წილების იძულებით დათმობის შესახებ; აფგან მუხთარლის საქმე; ყოფილი გენერალური პროკურორის მხრიდან თავდასხმა გენერალურ აუდიტორზე; დეკანოზ მამალაძის საქმე; დემურ სტურუას საქმე; ია კერზაიას გარდაცვალების საქმე; მოხესა და ჭელაში მუსლიმთა უფლებების დარღვევის საქმე; TBC ბანკზე განხორციელებული კიბერშეტევის საქმე; მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმე და სხვა...

მაია ვაჩაძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

1985-1995 წლებში მაია ვაჩაძე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე. 1995 წელს იგი დაინიშნა გლდანის რაიონის სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა და საკორპორაციო სამართლის მოსამართლედ. 1998-1999 წლებში ვაჩაძე იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 1999 წლიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა.

გახმაურებული საქმეები

უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, მაია ვაჩაძის შემადგენლობით, განიხილა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმე, რომელიც ეხებოდა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილების საკუთრებას. ამ საქმეზე დიდი პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იურიდიულ წრეებში კრიტიკის საგანი გახდა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის, რამაც არსებითი გავლენა იქონია საქმის საბოლოო შედეგზე, იძულება არასწორად ჩაითვალა საყოველთაოდ ცნობილ ფაქტად და ა.შ.

ასევე, ორგანიზაციის შეფასებით, სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლების ასეთი ბუნდოვანი მითითება, გადაწყვეტილების დასაბუთებულობისა და სამართლებრივი სისწორის კუთხით, კითხვის ნიშნებს აჩენს და ქმნის გაურკვევლობას, თუ რომელი ნორმა უნდა გამოიყენონ სასამართლოებმა მსგავსი ტიპის დავის გადაწყვეტისას მომავალში.

ლაშა ქოჩიაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

1999-2005 წლებში კანდიდატი ლაშა ქოჩიაშვილი მუშაობდა თერჯოლის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ, ხოლო 2005-2007 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე. 2007 წელს ქოჩიაშვილი დაინიშნა საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

2010-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2017 წლის 25 მაისიდან კი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 3 წლის ვადითაა განწესებული.

გახმაურებული საქმეები:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" 2018 წლის ანგარიშში ასევე საუბარია ლაშა ქოჩიაშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ე.წ. „მერსედეს-ბენცის“ საქმეზე.

შპს „აკა“ „მერსედეს-ბენცის“ ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორები იყვნენ: დავით ძოწენიძე, სალომე ასათიანი, მაკა ასათიანი, გოჩა ლელაძე და კახი ასათიანი, ხოლო დირექტორი - დავით ძოწენიძე. 1996 წლის 15 მარტს გამართულ პარტნიორთა კრებაზე დავით ძოწენიძე დირექტორის პოზიციიდან გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი 20%-იანი წილიც გაუუქმეს კომპანიაში.

დავით ძოწენიძის განცხადებით, მან წილის დაკარგვის შესახებ 2008 წელს შეიტყო და საკუთრების უფლების აღდგენის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა, დავა დავით ძოწენიძის სასარგებლოდ გადაწყვიტა და მას 20%-იან წილზე საკუთრების უფლება დაუბრუნა. გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა შემდეგმა ორმა ინსტანციამაც და 2012 წლის 28 თებერვალს ის კანონიერ ძალაში შევიდა.

2016 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლუიზა თავართქილაძის (ლუიზა თავართქილაძე კახი ასათიანის მეუღლეა და შპს "აკაში" წილები კახი ასათიანისაგან მისი გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო), მაკა ასათიანის, სალომე ასათიანისა და შპს "აკას" მიმართვის საფუძველზე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, დავა განაახლა. საქმე კვლავ მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა. მოსარჩელეებმა სასამართლოს 1996 წლის 15 მარტის #2 ოქმის დედანი წარუდგინეს, რომელშიც მითითებული იყო, რომ დავით ძოწენიძემ კომპანიის წილები თავისი ინიციატივით დათმო.

საქმეზე ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო წარმოების განახლების შესახებ განჩინებაში მოსამართლემ მიუთითა: "კრების ოქმის დედანი სასამართლოში საქმის განხილვის დროს რომ ყოფილიყო წარდგენილი, მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, გამოიწვევდა მოპასუხეებისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას".

საბოლოოდ, ამ დოკუმენტზე დაყრდნობით, ლაშა ქოჩიაშვილმა შეცვალა მის მიერვე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და დავით ძოწენიძეს 20%-იან წილზე საკუთრების უფლება კვლავ გაუუქმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" შენიშნავს: "ბუნდოვანია მოსამართლის განსხვავებული პოზიცია ახალ გადაწყვეტილებაში მაშინ, როდესაც ახლად წარდგენილი დოკუმენტი ძველ საქმეში არსებულის იდენტური იყო. არც აღნიშნული, ე.წ. ოქმის დედანი ყოფილა ნოტარიულად დამოწმებული (იმ პერიოდში პარტნიორობიდან გასვლის შეთანხმების ნოტარიულად დამოწმება დოუმენტის ნამდვილობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა), ოქმი ასევე არ შეიცავდა თავად დავით ძოწენიძის ხელმოწერას, არადა, უდავო ფაქტობრივი გარემოება იყო, რომ კრებას დავით ძოწენიძე ესწრებოდა. ოქმში წარმოდგენილი ინფორმაცია კვლავ ეწინააღმდეგებოდა მოსარჩელეთა და მოწმეთა პოზიციებს.

ჯემალ ლეონიძის საქმე

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილის სახელი უკავშირდება ბიზნესმენ ჯემალ ლეონიძის საქმეს. კერძოდ, ლეონიძე იყო ავტოგასამართი სადგურების ქსელის, „მაგნატის“ მესაკუთრე. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით: „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ბიზნესმენს ქონება ჩამოერთვა და დააპატიმრეს.

ლეონიძე ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა და წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვდა. მისი საქმე სამჯერ ერთსა და იმავე მოსამართლეს გადაეცა, რომელმაც 2012 წელს ჯემალ ლეონიძის ავტოგასამართი სადგურების ქსელ „მაგნატის“, როგორც სამეწარმეო სუბიექტის, საჯარო რეესტრიდან ამოშლის გადაწყვეტილება მიიღო. შემდგომში, ამავე მოსამართლემ „მაგნატის“ ყოფილ მფლობელს ქონების დაბრუნების მოთხოვნით სარჩელის განხილვაზე მორიგი უარი უთხრა“.

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საქმე

აღნიშნული საქმე მოხვდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ 2015წლის მიმოხილვაში. ეს და ლაშა ქოჩიაშვილის მიერ განხილული კიდევ ერთი საქმე არის წარმოდგენილია ორგანიზაციის მომზადებულ 2018 წლის კვლევაში „კორუფციის რისკები სასამართლო სისტემაში“.

ზემოაღნიშნული მიმოხილვისა და კვლევის მიხედვით ირკვევა შემდეგი:

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა 2005-2008 წლებში ბადრი პატარკაციშვილის კორპორაცია „ქართულ ფოლადს“ ეკუთვნოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, 2008 წლის თებერვალში, სს „ქართულიფოლადის“ 100%-იანი წილი ჯოზეფ ქეის მფლობელობაში მოექცა. 2008 წელს პატარკაციშვილების ოჯახმა საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოში(ICC) საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა წამოიწყო საქართველოს სახელმწიფოს წინაღმდეგ კომპენსაციის მოთხოვნით. დავის ფარგლებში, 2011 წლის 6 ივლისს მხარეებს შორის დაიდო მორიგების შესახებ შეთანხმება.

შეთანხმების თანახმად, სახელმწიფო იღებდა ვალდებულებას, ოჯახისთვის დაებრუნებინა რამდენიმე მილიონის ღირებულების ჩამორთმეული ქონება, ხოლო სანაცვლოდ მათ უნდა შეეწყვიტათ სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული დავა. 2011 წელს, საარბიტრაჟო მორიგების გაფორმების შემდეგ, სახელმწიფომ დაიწყო წართმეული აქტივების პატარკაციშვილების ოჯახისთვის დაბრუნების პროცესი. 2011 წლის 7 ივლისს, „ქართული ფოლადის“აქციონერთა გადაწყვეტილებით, შეიცვალა კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭო და დაინიშნა ახალი დირექტორი.

2011 წლის 30 სექტემბერს სს „ქართული ფოლადის“ ახალმა მენეჯმენტმა გადახდისუუნარობის საქმისწარმოების გახსნა მოითხოვა კრედიტორთა წინაშე არსებული 82 მილიონ ლარზე მეტი დავალიანების არსებობის გამო. შედეგად, 2011 წლის 21 დეკემბერს კრედიტორებმა დაამტკიცეს სს „ქართული ფოლადის“ რეაბილიტაციის გეგმა. რეაბილიტაციის გეგმის ფარგლებში, 2011 წლის 27 დეკემბერს სს „ქართული ფოლადის“ საკუთრებაში არსებული აქტივები – მეტალურგიული ქარხანა (მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობები და მოძრავი ქონება) ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა შპს „რუსთავის ფოლადს“ (ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის კომპანია).

ამასთან, ჯერ „რუსთავის ინდუსტრიულ ჯგუფზე“ (ბადრიპატარკაციშვილის ოჯახის კომპანია), ხოლო შემდეგ შპს „რუსთავის ფოლადზე“ გასხვისდა სს „ქართული ფოლადის“ საკუთრებაში არსებული ნაყარი წიდა და ნაცარი. 2013 წელს (მას შემდეგ, რაც ჯოზეფ ქეისთან დაკავშირებული ჯგუფები სავარაუდოდ კვლავ აღიდგენენკონტროლს ს.ს. ქართულ ფოლადზე) იწყება სამართლებრივი დავები პატარკაციშვილების კუთვნილი კომპანიების წინააღმდეგ. დავების მიზანი იყო: სს „ქართული ფოლადის“ აქტივების გასხვისების ბათილად ცნობა და მეტალურგიული ქარხნის კვლავ ამკორპორაციის საკუთრებაში მოქცევა. 2013 წლიდან, ჯამში ასეთი სამი სამართლებრივი დავა მიმდინარეობდა.

შპს „რუსთავის ფოლადმა“ პირველ ინსტანციაში სამივე დავა წააგო. სამივე დავას კანდიდატი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ლაშა ქოჩიაშვილი იხილავდა. 2013 და 2014 წლებში წარმოებულ ორ დავაში მოსარჩელე აპელირებდა:

რეაბილიტაციის მმართველი და სს „ქართული ფოლადის“ დირექტორი მოქმედებდნენ შპს „რუსთავის ფოლადთან“ წინასწარი შეთანხმებით და მათ სს „ქართული ფოლადისთვის“ არახელსაყრელი გარიგებები დადეს; მიუთითებდნენ, რომ აქტივების ნასყიდობის გარიგება იყო მოჩვენებითი და აქტივების რეალური ღირებულება აღემატებოდა ხელშეკრულებაში მითითებულ თანხას; რეაბილიტაციის მიზნებიდან გამომდინარე, დაუშვებელი იყო საწარმოს აქტივების უდიდესი ნაწილის გასხვისება, ვინაიდან სს „ქართული ფოლადის“ დავალიანება კრედიტორთა წინაშე შეიძლება დაფარულიყო აქტივების სრულად რეალიზაციის გარეშეც.

ორივე საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ ლაშა ქოჩიაშვილის გადაწყვეტილებები ძალაში დატოვა. ხოლო, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ქვედა ინსტანციის მიღებული გადაწყვეტილებები და ყურადღება გაამახვილა რამდენიმე საკითხზე: უზენაესმა სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონის მიზანი, პირველ რიგში, კრედიტორთა დაკმაყოფილება და მხოლოდ შემდეგ საწარმოს შენარჩუნებაა, და არა პირიქით, როგორც ამას ქვედა ინსტანცია განმარტავდა. რეაბილიტაციის გეგმიდან გამომდინარე, რეაბილიტაციის მმართველს შეეძლო, ნებისმიერ ეტაპზე სრულად ან ნაწილობრივ გაესხვისებინასს „ქართული ფოლადის“ აქტივები იმ სავალდებულო პირობით, რომ ტრანზაქციის ღირებულება უზრუნველყოფდა რეაბილიტაციის გეგმის შესრულებას.

უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ რეაბილიტაციის გეგმის საფუძველზე, რეაბილიტაციის პროცესის ერთ-ერთ შესაძლო შედეგს წარმოადგენდა საწარმოს აქტივების გასხვისება. ის გარემოება, რომ რეაბილიტაციის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა რეაბილიტაციის გეგმითგათვალიწინებული სხვა საშუალებებით და რომ ყველა უზრუნველყოფილი კრედიტორის დაკმაყოფილება შესაძლებელი იქნებოდა აქტივების სრულად რეალიზაციის გარეშეც, მოსარჩელეს სარწმუნო მტკიცებულებებით უნდა დაესაბუთებინა; ის კი მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლა, რომ აქტივებიდაბალ ფასად გასხვისდა.

უზენაესი სასამართლოს მოსაზრებით, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ს.ს.„ქართული ფოლადის“ ყოფილი დირექტორი და რეაბილიტაციის მმართველი მოქმედებდნენ შპს „რუსთავის ფოლადთან“ წინასწარ შეთანხმებით, ასევე [მტკიცებულების არ არსებობის გამო] ვერ დადასტურდა მოსარჩელის პრეტენზია, რომ სს „ქართული ფოლადის“ აქტივები შპს „რუსთავის ფოლადზე“ საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად განზრახ გასხვისდა.

შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელი ვერ დასაბუთდა,ხოლო ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს აღნიშნული გარემოება. უზენაესმა სასამართლომ, ასევე აღნიშნა, რომ ხელშეკრულების ფასი მხარეთა შეთანხმების საგანია და არავინაა შეზღუდული, ხელშეკრულებაში მისთვის მისაღები ფასი მიუთითოს, თუნდაც იგი ამ ქონების საბაზრო ღირებულებას არ შეესაბამებოდეს.

უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებების შემდეგ ლაშა ქოჩიაშვილმა, იმავე დავის საგანზე, იმავე მოპასუხეების წინააღმდეგ განიხილა მესამე სარჩელი. ამ შემთხვევაში, მოსარჩელეს წარმოადგენდა ეთერ მთვრალაშვილი, რომელმაც 2014 წლის 26 დეკემბერს შპს „მეტაკომისგან“ შეიძინა მოთხოვნის უფლება და გახდა ს.ს. „ქართული ფოლადის“ კრედიტორი. მოთხოვნის უფლების შეძენიდან სამ დღეში, 2014 წლის 29 დეკემბერს, ეთერ მთვრალაშვილმა ახალი სარჩელი აღძრა აქტივების ნასყიდობის (წიდისა დაუძრავ-მოძრავი ქონების ნასყიდობა) ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს მისი მოთხოვნის უფლების პროპორციული თანხის - 4553 ლარისა და 48 თეთრის მიღება წარმოადგენდა. მოსარჩელე უთითებდა: სს „ქართული ფოლადის“ აქტივი სრულად გასხვისდა, რაც ეწინააღმდეგებოდა რეაბილიტაციის მიზნებს, მიმართული იყო კრედიტორთა ინტერესების საწინააღმდეგოდ და საფრთხეს უქმნიდა რეაბილიტაციის გეგმის შესაბამისად მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა უზრუნველყოფის ღონისძიების სახით შპს „რუსთვის ფოლადისთვის“ მისსაკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა.

შპს „რუსთავის ფოლადმა“ მოსამართლეს სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე 4553 ლარისა და 48 თეთრის (რაც რეალურად იყო მოსარჩელის მოთხოვნის უფლების ღირებულების ტოლფასი) განთავსება შესთავაზა. ეს იქნებოდა სარჩელის ადეკვატური და პროპორციული უზრუნველყოფა. ამასთანა, ამ გზით სასამართლო არ შეაფერხებდა საწარმოს მუშაობას, სადაც 400-მდე ადამიანი იყო დასაქმებული. მოსამართლემ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, შესაბამისად, დაკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა და 4553 ლარსა და 48 თეთრის უზრუნველსაყოფად აკრძალვა დაედო ათეულობით მილიონი ღირებულების ქონებას.

მოსამართლემ აღნიშნა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლით საფრთხე შეექმნებოდა სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულებას.

საბოლოოდ, 2015 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოსამართლემ (კანდიდატი) დააკმაყოფილა ეთერ მთვრალაშვილის სარჩელი და ბათილად ცნო სადავო ხელშეკრულებები, რომელთა კანონიერებაუკვე ორჯერ იყო დადასტურებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, ზემოხსენებული გადაწყვეტილებებით.

საყურადღებოა ამ საქმის შემდგომი განვითარება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის 03 აპრილს, იმდროინდელმა პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ქვემო ქართლში ბიზნესმენებთან შეხვედრისას, მეტალურგიული ქარხნის დახურვა დივერსიულ გადაწყვეტილებად შეაფასა.

პრემიერმა აღნიშნა: "აღმაშფოთებელია, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა არის დღეს დაყადაღებული. დაახლოებით 4 500 ლარის დავალიანების გამო, 120 მილიონი დოლარის ღირებულების საწარმო არის დაყადაღებული. ეს არის კატასტროფა, ეს არის პირდაპირ დივერსია. ამ საწარმოში არის დასაქმებული 2 500 ადგილობრივი მოსახლე და მე მინდა მივმართო იმ ადამიანს, ვინც ეს აბსოლუტურად გაუმართლებელი, მევიტყოდი, დივერსიული გადაწყვეტილება მიიღო. მას მოუწევს პასუხი აგოს როგორც მინიმუმ 2 500 კაცის ოჯახის წინაშე. მე იმედი მაქვს, რომ სასამართლოს ახალი თავმჯდომარე დაინტერესდება ამ საქმით იმიტომ, რომ მოსამართლე, რომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება, აუცილებლად უნდა წარდგეს, პირველ რიგში, საზოგადოების წინაშე და განმარტოს, თუ რატომ ახდენს ასეთ დივერსიულ გადაწყვეტილებებს".

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 2015 წლის 06 აპრილს, პრემიერ მინისტრის განცხადებიდან სამ დღეში, სრულად გააუქმა ლაშა ქოჩიაშვილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილება, ეთერ მთვრალაშვილის ნაცვლად, მოპასუხეთა სასარგებლოდ მიიღო. სავარაუდოდ, ამ საქმეს შემდგომი მსვლელობა უზენაეს სასამართლოში აღარ მისცემია.

ლაშა ქოჩაშვილის მიერ იმავე ხელშეკრულებების, იმავე მოპასუხეების მიმართ და იმავე საფუძვლებით ბათილად ცნობა, როდესაც უზენაესმა სასამართლომ ორჯერ უკვე დაადასტურა მათი კანონიერება (წინა ორ შემთხვევაშიც პირველ ინსტანციაში გადაწყვეტილება თავად ლაშა ქოჩიაშვილმა მიიღო), ბუნდოვანია და აჩენს კითხვის ნიშნებს მოსამართლის მიუკერძოებლობასა და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. ასევე, ბუნდოვანია მოსამართლის გადაწყვეტილება 4553 ლარისა და 48 თეთრის საპირწონედ, მრავალმილიონიანი ქონების სრულად დაყადაღება, რამაც, ფაქტობრივად, საწარმოს ფუნქციონირება გააჩერა. ასევე, ნიშანდობლივია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დროში თანხვედრა.

შალვა თადუმაძე, საქართველოს გენერალური პროკურორი

2003-2004 წლებში ბატონი შალვა თადუმაძე მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ. სხვადასხვა პერიოდში იგი ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას, ხოლო 2008 წელს დააფუძნა საადვოკატო კომპანია „შალვა თადუმაძე და ბი ელ ფი კონსალტინგი“, სადაც 2012 წლამდე მუშაობდა. 2012-2018 წლებში იყო საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, 2018 წლის ივლისიდან კი შალვა თადუმაძე არის საქართველოს გენერალური პროკურორი.

შალვა თადუმაძის გენერალური პროკურორის პოზიციაზე არჩევამდე და არჩევის შემდეგ, არაერთი საქმე მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, როგორც სავარაუდო დანაშაულის შინაარსის, ასევე მათი გაჭიანურებული, არაეფექტიანი გამოძიების გამო. ამ საქმეებზე გამოძიება არ დასრულებულა შალვა თადუმაძის პროკურორობის დროს და საზოგადოებისთვის უცნობია მათი შედეგები.

გახმაურებული საქმეები:

  • სიცოცხლის უფლების სავარაუდო ხელყოფის საქმეთა არასათანადო, გაუმჭვირვალე და გაჭიანურებული გამოძიებები (ხორავას ქუჩის საქმე, მაჩალიკაშვილის საქმე);
  • არასათანადო მოპყრობის ფაქტების არაეფექტიანი გამოძიებები;
  • პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და აუდიომასალების ინტერნეტში გავრცელება/გავრცელების მუქარის არაეფექტიანი გამოძიებები;
  • 2012 წლამდე ჩადენილი უფლებადარღვევის საქმეების არაეფექტიანი გამოძიება;
  • გაუმჭვირვალე პრიორიტეტებისა და შერჩევითი მართლმსაჯულების პრობლემა (მაგ.: ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელთა საჩივარზე რამდენიმე წელია მიმდინარეობს გამოძიება, საქმისადმი განსაკუთრებული საჯარო ინტერესის მიუხედავად);
  • სამართალდამცველთა მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილი ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების არაეფექტიანი გამოძიება (ბირჟა-მაფიას საქმე,18 კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციისას უფლებამოსილების გადამეტების სავარაუდო ფაქტები)
  • ზვიად რატიანის საქმე
  • წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარი ინციდენტების არაეფექტიანი გამოძიება (კორცხელის ინციდენტი და სხვ.);
  • სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტების არაეფექტიანი გამოძიებები (სავარაუდო მუქარა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მიმართ)
  • სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ჩადენილი და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული სავარაუდო დანაშაულების არაეფექტიანი გამოძიება (გიორგი მიქაუტაძის მიერ არასრულწლოვნის სავარაუდო ცემის ფაქტი, იუსტიციის საბჭოში ელექტრონული არქივის წაშლა, საგამოცდო ტესტების გამჟღავნების საქმე);
  • სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების არაეფექტიანი გამოძიება (ე.წ. საბურავების საქმე; 2015 წელს ინტერნეტში გავრცელებული საუბრის საფუძველზე დაწყებული გამოძიება, რომელიც შეეხება ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების შეთქმულებას და სხვ.);
  • სხვა გახმაურებული და მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის საქმეები: აფგან მუხთარლის საქმე; ყოფილი გენერალური პროკურორის მხრიდან თავდასხმა გენერალურ აუდიტორზე; დეკანოზ მამალაძის საქმე; დემურ სტურუას საქმე; ია კერზაიას გარდაცვალების საქმე; სოფელ მოხესა და ჭელაში მუსლიმთა უფლებების დარღვევის საქმე; „TBC ბანკზე“ კიბერშეტევის საქმე; მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმე

გახმაურებული საქმეების არაეფექტიანი გამოძიების გამო, პროკურატურა არაერთხელ გახდა კრიტიკის საგანი, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.

ზაზა თავაძე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე

2004-2008 წლებში ზაზა თავაძე მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ, შემდეგ – ამავე დეპარტამენტის უფროსად, 2008-2010 წლებში კი გახლდათ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე; 2010 წლიდან იგი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა; 2016 წლამდე იყო ამ სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, 2016 წლის 20 ოქტომბრიდან კი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეა.

გახმაურებული საქმეები:

თბილისის ყოფილი მერი გიორგი უგულავას საქმე - სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიზნებისთვის ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების წესი.

სადავო ნორმები ითვალისწინებდა ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების შესაძლებლობას, თუ იარსებებდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ პოზიციაზე (სამუშაოზე) დარჩენით იგი ხელს შეუშლიდა გამოძიებას. თბილისის ყოფილი მერი გიორგი უგულავა დავობდა, რომ საკანონმდებლო ჩანაწერი არღვევდა კონსტიტუციით გარანტირებულ სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, თავაძის მონაწილეობით, დაადგინა: სადავო საკანონმდებლო ჩანაწერის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით არჩეული პირების გადაყენებას თანამდებობიდან, ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხზე:

„სადავო ნორმა იწვევს მოსარჩელისთვის კონსტიტუციის 29-ე მუხლით გარანტირებულ უფლებაში ჩარევას; კერძოდ, ზღუდავს მის უფლებას, შეუფერხებლად განახორციელოს მისთვის თბილისის ამომრჩევლების მიერ საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე 4 წლის ვადით მინიჭებული უფლებამოსილებები. [...] საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით გარანტირებულ უფლებას დაცულობის ხარისხს მატებს ის გარემოება, რომ მოსარჩელე, როგორც არჩეული თანამდებობის პირი, საკუთარ უფლებამოსილებას ამომრჩეველთა ნების საფუძველზე ახორციელებს.

დაუშვებელია შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ამომრჩეველთა ინტერესის უგულებელყოფა, ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეები განახორციელონ მათ მიერ პირდაპირი წესით არჩეული წარმომადგენლის მეშვეობით".

ვინაიდან მერის უფლებამოსილება შემოფარგლულია კონკრეტული ვადით, რაც უფრო ხანგრძლივია მისი თანამდებობიდან გადაყენება, მით უფრო ინტენსიური იქნება უფლებაში ჩარევა, ვინაიდან ის შეუქცევად ხასიათს ატარებს – გაცდენილი ვადის აღდგენა ობიექტურად შეუძლებელია. [...] არჩევნების პერიოდულობის დაცვა უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ მიზნებს ემსახურება და მოქალაქეთა უფლება პერიოდულ არჩევნებზე ვერ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. შესაბამისად, ასეთ შემთხვევებში, სსსკ-ის 159-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენება გამოიწვევს არა დროებით ჩარევას მერის თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებაში, არამედ, ფაქტობრივად, საბოლოოდ გადაყენებას თანამდებობიდან“.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პლენუმმა, თავაძის მონაწილეობით, გადაწყვეტილება მიიღო გიორგი უგულავას მეორე კონსტიტუციურ სარჩელზეც. კერძოდ, გიორგი უგულავა დავობდა სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების იმ შინაარსზე, რომელიც შესაძლებლობას იძლეოდა, რომ პატიმრობის 9-თვიანი ვადა სასამართლოს გამოეყენებინა თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე, როცა პირს პატიმრობამდე ჩადენილ დანაშაულში ედება ბრალი. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმის შინაარსი მას უზღუდავდა კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით (საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) დაცულ უფლებას. ამ უფლების თანახმად, ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა: სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტს ეწინააღმდეგებოდა სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას მაშინაც, როცა ბრალის წაყენების (ან წასაყენებლად საკმარისისაფუძვლის გამოვლენის) შემდეგ მას პატიმრობაში გატარებული აქვს, ჯამურად, 9 თვე.

ვლადიმერ კაკაბაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე

1997-2006 წლებში ვლადიმერ კაკაბაძე სხვადასხვა კომპანიაში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას. 2006 წელს იგი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატის სამდივნოს კონსულტანტი იყო. 2006-2016 წლებში ვლადიმერ კაკაბაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა.

2016 წელს იგი 3 წლის ვადით განწესდა იმავე პოზიციაზე, ხოლო 2017 წლიდან უვადოდ დაინიშნა ამავე თანამდებობაზე. 2019 წლის 15 ივლისიდან ვლადიმერ კაკაბაძე სამოსამართლო უფლებამოსილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ახორციელებს.

გახმაურებული საქმეები:

"ფილიპ მორისის საქმე"

მოსარჩელემ, სს "თბილისის თამბაქომ" თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა შპს „ფილიპ მორის საქართველოსა“ და „სს „ფილიპ მორის ეს.ეის“ წინააღმდეგ. მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეების მიერ დემპინგით მიყენებული დიდი ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურებას. ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა 2013-2015 წლებში მოპასუხეთა მხრიდან „უკანონო“ მოქმედებებით (დემპინგით), კონკურენტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ხოლო ყველა სხვა მოთხოვნა უკავშირდებოდა და გამომდინარეობდა ამ ძირითადი მოთხოვნიდან.

მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ შპს „ფილიპ მორის საქართველო“ და სს „ფილიპ მორის ეს.ეი“ წლების განმავლობაში არღვევდნენ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს (საქართველოს კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“, საქართველოს კანონი „კონკურენციის შესახებ“), სიგარეტს ყიდდნენ თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად, რაც, მისი მოსაზრებით, წარმოადგენდა დემპინგს და რითაც მოსარჩელეს მიაყენეს ზიანი - ამ პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა მათი გაყიდვები, შემოსავლები და წილი ბაზარზე.

"ღია საზოგადოების ფონდი" ამ გადაწყვეტილების შესწავლის შემდეგ ასკვნის:

"უნდა ითქვას, რომ მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის აღნიშნული გახმაურებული გადაწყვეტილება ბუნდოვანია რამდენიმე მიმართულებით: კერძოდ, საქართველოში არ არსებობს (ანტიდემპინგური) კანონმდებლობა, რაც კონკრეტულად დემპინგის შემთხვევებს დაარეგულირებდა. შესაბამისად, მეწარმე სუბიექტის ქმედების სამართლებრივად დემპინგად შეფასებას ეროვნულ კანონმდებლობაში სამართლებრივი საფუძვლები, შეიძლება ითქვას, არ აქვს. ამიტომ, ბუნდოვანია მოსამართლის მიერ მოპასუხეთა ქმედების დემპინგად კვალიფიკაციის სამართლებრივი საფუძვლები".

გიორგი მიქაუტაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს უვადო მოსამართლე

2006-2010 წლებში, გიორგი მიქაუტაძე, მუშაობდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორად. 2010 წელს, იგი იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსი, 2010 წლის ბოლოს კი - ჩაირიცხა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელად. 2012 წლიდან დღემდე, არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2016-2017 წლებში, გიორგი მიქაუტაძე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე. 2017 წლიდან, იგი არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და ამავე საბჭოს მდივანი. 2019 წლის 3 ივნისიდან, მოსამართლე მიქაუტაძე გამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის უვადო მოსამართლედ.

გახმაურებული საქმები: უკანონო შემოწირულობები

2012 წელს, საქართველოს კონტროლის პალატამ მიმართა სასამართლოს, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, „ქართული ოცნების“ შემომწირველი 17 პირის დაჯარიმების მოთხოვნით,მათ მიერ განხორციელებული უკანონო შემოწირულობის გამო. ჩვიდმეტივე პირი სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი, მათთვის დაკისრებული ჯარიმის საერთო რაოდენობამ კი, 1 202 000 ლარი შეადგინა.

დავაში ფუნდამენტური მნიშვნელობის იყო 2 სამართლებრივი საკითხის სწორად გადაწყვეტა: კანონის კონსტიტუციურობის და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხი, რასაც სამართლის არაერთი ექსპერტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა და სადავო ქმედების კვალიფიკაცია ადმინისტრაციულ თუ სისხლის სამართლებრივ ქმედებად.

სადავო ქმედების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, დაცვის მხარე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებულ პრაქტიკაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ უკანონო შემოწირულობის განხორციელება უნდა განხილულიყო არა როგორც ადმინისტრაციული, არამედ როგორცსისხლისსამართლებრივი ხასიათის ქმედება.

შესაბამისად, მოქალაქეებს კი არ უნდა დაკისრებოდათ მტკიცების ტვირთი, რომ მათ ნამდვილად გააჩნდათ შესაბამისი თანხები და განახორციელებდნენ შემოწირულობებს, არამედ სახელმწიფო ორგანოებს უნდა ემტკიცებინათ, რომ მათ ეს თანხები ვერ ექნებოდათ საკუთრებაში. თუმცა, გადაწყვეტილებაში საერთოდ ვერ ვხვდებით მსჯელობას ამ საკითხზე. მეტიც, საქმის მასალების გაცნობის გარეშე, დაინტერესებული მკითხველი გადაწყვეტილებიდან საერთოდ ვერ გაიგებს, რომ დაცვის მხარე ამ საკითხზე დავობდა.

მოსამართლეს არ გამოუყენებია კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობა, კანონის კონსტიტუციურობის შესაფასებლად შუამდგომლობით მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. ამასთან დაკავშირებით, არანაირი მსჯელობა გადაწყვეტილებაში არ გვხვდება. მოსამართლემ მხოლოდ ერთი დღე მისცა პირებს სასამართლო განხილვისთვის მტკიცებულებების შესაგროვებლად და შესაბამისი არგუმენტაციის ჩამოსაყალიბებლად. სასამართლო სხდომა რამდენიმე საათი უწყვეტად მიმდინარეობდა, ხოლო სხდომის გადადების და შესვენების გამოცხადების შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა.

საკმაოდ გახმაურებულია გიორგი მიქაუტაძის საქმიანობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პოზიციაზე. მის სახელთან არის დაკავშირებული საბჭოში მიმიდინარე ხარვეზიანი პროცესები მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის, უკონკურსოდ დაწინაურების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ე.წ. 10-კაციანი სიის ფორმირებასთან დაკავშირებით.

გიორგი მიქაუტაძის მდივნობის დროს, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ წინა მდივნის პერიოდში, განადგურდა საბჭოს სერვერი და წაიშალა საბჭოს სხდომების არაერთი ჩანაწერი. მედიაში გაკეთებული კომენტარის თანახმად, მიქაუტაძეს ამასთან დაკავშირებით რაიმე მოკვლევა არ უწარმოებია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად არჩევიდან 7 თვეში, გიორგი მიქაუტაძის მეუღლე, მაია კვირიკაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა.

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი, რომლის მიერ განხილულ საქმეში, გიორგი მიქაუტაძეს ჰქონდა დაზარალებულის სტატუსი, მალევე უვადოდ დაინიშნა მოსამართლის თანამდებობაზე ისე, რომ გიორგი მიქაუტაძე მონაწილეობდა მის გასაუბრებაში. თუმცა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების კრიტიკის შემდეგ, კენჭისყრის ეტაპზე, მან თვითაცილების საკითხი დააყენა.

პაატა სილაგაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე

1999-2004 წლებში პაატა სილაგაძე თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ მუშაობდა. 2004-2006 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის კონსულტანტი, შემდეგ - უფროსი კონსულტანტიც.

2006-2008 წლებში გახლდათ მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე, 2008-2019 წლებში კი - უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის მოსამართლე. 2019 წლის 3 ივნისს პაატა სილაგაძე უვადოდ დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლედ. 2013-2017 წლებში იგი იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

გახმაურებული საქმეები - გია გვიჩიანის და ნიკა ჩემიას საქმე

გვიჩიანი და ჩემია 2006 წელს საერთო სასამართლოებმა დამნაშავედ ცნეს ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობაში და სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. 2012 წელს პროკურატურამ მსჯავრდებულთა მიერ დანაშაულის ჩადენის ვერსია ეჭვქვეშ დააყენა. მან მიუთითა, რომ 2006 წელს პროკურატურას ჰქონდა აშშ-ის ფედერალური ბიუროს საექსპერტო დაწესებულების დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მკვლელობის ადგილიდან ამოღებული თითის ორი ანაბეჭდი არ ეკუთვნოდათ მსჯავრდებულებს.

პროკურატურამ განაცხადა, რომ აღნიშნული დასკვნა არ დართვია სისხლის სამართლის საქმეს და არ წარდგენილა სასამართლოში. პროკურატურის განცხადებით, „ექსპერტიზის დასკვნები ზრდის ვარაუდს იმის შესახებ, რომ მკვლელობაში მსჯავრდადებულ პირებს მკვლელობა არ ჩაუდენიათ“.

პროკურატურის ამ განცხადების შემდეგ, მსჯავრდებულთა ადვოკატებმა ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო, განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოსდა მსჯავრდებულთა გამართლება მოითხოვეს. დაცვის მხარე სასამართლოში ამტკიცებდა, რომ „ბრალდების მხარემ დამალა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დნმ-ის ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც მოხდა საქმეში ეჭვმიტანილად ცნობილი პირების ბიოლოგიური ნიმუშების იდენტიფიცირება იმ უმნიშვნელოვანეს ნივთიერ მტკიცებულებებთან, რომლებიც ნიკა ლომინაძის მკვლელობის ადგილის დათვალიერების დროს იქნა აღმოჩენილი და რომლითაც გამოირიცხა ნიკა ჩემიას [...] ყოფნის ფაქტი მკვლელობის ადგილას“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ, ლევან თევზაძის მონაწილეობით, შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, თუმცა მსჯავრდებულებს უვადო თავისუფლების აღკვეთა 15-წლიანი თავისუფლების აღკვეთით შეუცვალა.

როგორც დაცვის მხარე აცხადებდა მედიასთან მიცემულ ინტერვიუში, სასამართლომ ჩათვალა, რომ დნმ-სა და თითის ანაბეჭდზე არსებული დასკვნები არ იყო ახლად გამოვლენილი გარემოება, რადგან ამ დოკუმენტების არსებობა პროკურატურამ იცოდა [თუმცა კი დასკვნა დამალა და არ ჩადო სისხლის სამართლის საქმეში].

აღსანიშნავია, რომ ლევან თევზაძის განაჩენი უცვლელად დატოვა ძალაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, სამი მოსამართლის შემადგენლობით, რომელსაც პაატა სილაგაძე თავმჯდომარეობდა. პალატა სრულად დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს განაჩენს, თუმცა ყურადღება არ გაუმახვილებია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ფარგლებში სასჯელის შემცირების დაუშვებლობაზე.

2016 წელს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა ახალი გამოძიების ფარგლებში გამოავლინა, რომ მსჯავრდებულებს ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედება არ ჩაუდენიათ. შესაბამისად, პროკურატურამ ამ საქმეზე სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით მიმართა. პროკურატურა განცხადებაში განმარტავს:

"ხელახალი გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კომპლექსურ-კომისიური, ფიზიკო-ტექნიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, გარდაცვლილის სხეულზე არსებული ჭრილობის სურათის მიხედვით, კატეგორიულად გამორიცხავს სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას -ნიკოლოზ ლომინაძის მაყუჩიანი იარაღით მკვლელობის თაობაზე“.

2017 წლის 20 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, მანუჩარ კაპანაძემ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა, მსჯავრდებულები უდანაშაულოდ ცნო და პატიმრობიდან გაათავისუფლა.

ნუგზარ სხირტლაძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

1986-1996 წლებში ნუგზარ სხირტლაძე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, სხვადასხვა პოზიციაზე. 1996-1998 წლებში მას სახელმწიფო კანცელარიაში ეკავა საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის სახელმწიფო მრჩევლის თანამდებობა.

1998-1999 წლებში სხირტლაძე იყო ჯერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს, შემდეგ კი თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე. 1999 წლიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა.

ლალი ფაფიაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

1996-2004 წლებში ლალი ფაფიაშვილი მუშაობდა საქართველოს პარლამენტში სხვადასხვა პოზიციაზე: იყო პარლამენტის თავმჯდომარის პირველი თანაშემწე, 2004-2007 წლებში - პარლამენტის წევრი.

2007-2017 წლებში ფაფიაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა, 2016-2017 წლებში კი ამავე სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. 1998 წლიდან დღემდე კანდიდატი პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

გახმაურებული საქმეები - გიორგი უგულავას და "კაბელების საქმე"

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, 2016 წლის 15 ივნისის საოქმო ჩანაწერით,წარმოებაში მიიღო რუსთავი 2-ის, შპს „ტელეკომპანია საქართველოს“, გიორგი უგულავას და ე.წ. „კაბელების“ საქმეზე მსჯავრდებულთა კონსტიტუციური სარჩელები.

გიორგი უგულავას და ე.წ. „კაბელების“ საქმეზე დავის ერთ-ერთ საგანს წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის (მითვისება და გაფლანგვა) კონსტიტუციურობის შემოწმება საქართველოს კონსტიტუციის იმ დროსმოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ სადავო ნორმა არის ბუნდოვანი, განუჭვრეტადი და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ კანონის განსაზღვრულობის მოთხოვნებს.

აღნიშნულ ორ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დღემდე გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა, მნიშვნელოვანია კანდიდატ ლალი ფაფიაშვილის პოზიცია აღნიშნულ საქმეთა განხილვაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. კანდიდატმა, 2016 წლის 30 აგვისტოს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გიორგი უგულავას და ე.წ. „კაბელების“ საქმიდან თვითგანრიდების შესახებ შუამდგომლობით მიმართა.

ფაფიაშვილი შუამდგომლობაში უთითებდა: "ხსენებულ საქმეთა განხილვის პროცესში მოსარჩელე მხარემ დაუსაბუთებლად, თუმცა არაერთხელ განაცხადა მოსამართლეთა ნაწილის, მათ შორის, მისი [ლალი ფაფიაშვილის] მიკერძოებულობის შესახებ“.

ლალი ფაფიაშვილის მოსაზრებით, „მოსარჩელეთა განცხადებებმა კამპანიური ხასიათი მიიღო, რის ნათელ გამოხატულებასაც წარმოადგენს ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში 2016 წლის 28 აგვისტოს გასული სიუჟეტი. მოსამართლის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახის წევრის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არასდროს გამოუყენებიათ და სიუჟეტში მითითებულ საქმეზე გამოძიება, სწორედ ოჯახის წევრის განცხადების საფუძველზე მიმდინარეობდა და დასრულდა 2016 წლის იანვარში (მაშინ, როდესაც ამ სარჩელების ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირებულიც კი არ იყო), სიუჟეტი წარიმართა იმგვარად, რომ მაყურებელს იქ მოყვანილი გარემოებები მასზე (იგულისხმება მოსამართლე ფაფიაშვილი) სავარაუდო ზეწოლის საშუალებად აღექვა".

ფაფიაშვილი მიიჩნევდა, რომ ასეთ პირობებში ლოგიკური იქნებოდა მოსარჩელეთა მიერ მოსამართლის აცილების საკითხის დაყენება, თუმცა ის ფაქტი, რომ ამგვარი შუამდგომლობა მათ არ დაუყენებიათ, კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს, რომ ისინი მოსარჩელე მხარის ცალკეული წარმომადგენლების პოლიტიკური მიზნის მისაღწევად ცდილობენ სასამართლოს დამოუკიდებლობის თემით მანიპულირებას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, კანდიდატ ლალი ფაფიაშვილის შუამდგომლობა თვითგანრიდებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. პლენუმმა განმარტა: „საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ ამა თუ იმ საინფორმაციო წყაროს მეშვეობით მოსამართლის მიმართ გაჟღერებული ნეგატიური დამოკიდებულება თავისთავად ვერ გახდება მის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. მოსარჩელის მიერ ან მედიის საშუალებითდაუსაბუთებელი ბრალდებების გავრცელება ზოგადად ვერ გახდება მოსამართლის აცილების ან/დათვითგანრიდების საფუძველი. შესაბამისად, შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს“.

ნინო ქადაგიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე

1994-2000 წლებში ნინო ქადაგიძე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე. 2000 წელს იგი დაინიშნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ. 2002-2012 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. 2013 წლის 17 ივნისიდან ნინო ქადაგიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეა.

გახმაურებული საქმეები - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საარჩევნო საკითხებზე შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის სხდომის ოქმების აუდიო ჩანაწერების გაუქმების კანონიერება

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვდა, სასამართლოს კანონსაწინააღმდეგო ქმედებად ეღიარებინა ელექტრონული ინფორმაციის - იუსტიციის სამინისტროსთან არსებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის სხდომების აუდიოჩანაწერების განადგურება.

უწყებათაშორისიკომისია შეიქმნა იუსტიციის სამინისტროსთან 2014 წლის 15 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოს არჩევნებისათვის. ჩანაწერებიც ამავე სამინისტროში იყო დაცული. თბილისის საქალაქო სასამართლომ ენმ-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა. სამინისტრო უთითებდა, რომ აღნშნულ აუდიო ჩაწერას ჰქონდა ერთჯერადი ხასიათი და გამოიყენებოდა მხოლოდ წერილობითი ოქმის შესადგენად, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ ნადგურდებოდა.

ამასთან, სამინისტრო აპელირებდა, რომ ხსენებული აუდიოჩანაწერების შენახვის ვალდებულება მას კანონმდებლობით არ ეკისრებოდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ნინო ქადაგიძის თავმჯდომარეობით, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

პალატამ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხზე და საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსზე დაყრდნობით განმარტა: „განურჩევლად იმისა, რა სახისაა ინფორმაცია, იმისათვის, რომ ჩაითვალოს საჯარო ინფორმაციად, აუცილებელია, რომ ის წარმოადგენდეს ოფიციალურ დოკუმენტს“.

პალატამ დაასკვნა: "თავისთავად ის გარემოება, რომ განხორციელდა სხდომების აუდიო ჩაწერა, აუდიოჩანაწერებს ვერ მიანიჭებს ოფიციალური დოკუმენტის სტატუსს, რამდენადაც აღნიშნული ჩანაწერები არ აკმაყოფილებს ოფიციალური დოკუმენტისათვის კანონით დაწესებულ არცერთ ზემოაღნიშნულ მოთხოვნას. შესაბამისად, მათი განადგურება ვერ დაკვალიფიცირდება საჯარო ინფორმაციის განადგურებად და ვერ შეფასდება ადმინისტრაციული ორგანოს უკანონო ქმედებად“.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას "ღია საზოგადოების ფონდი" ასე აფასებს: "პალატის გადაწყვეტილება განსაკუთრებით ბუნდოვანია, მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების ფონზე. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მაშინ განმარტა, რომ „სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული ინფორმაცია, მით უფრო თუ იგი ეხება გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეულ სახელმწიფო შესყიდვებს, წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი პირისთვის“.

თუკი, სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით მიმოწერას საერთო სასამართლოები საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნებისთვის, ოფიციალურ დოკუმენტებად მიიჩნევენ, მით უფრო ბუნდოვანია, რატომ არ შეიძლებოდა კომისიის სხდომათა აუდიო ჩანაწერები (მით უმეტეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არჩევნებია) მიჩნეულიყო საჯარო, ოფიციალურ დოკუმენტად.

თამარ ზამბახიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე

1999-2005 წლებში კანდიდატი თამარ ზამბახიძე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრაზე - ჯერ მასწავლებლის, ხოლო შემდეგ დოცენტის პოზიციაზე.

2005-2007 წლებში მას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა ეკავა. 2007-2017 წლებში თამარ ზამბახიძე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე, 2017 წლის 11 მაისიდან კი კანდიდატი 3 წლის ვადით განწესდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.

გახმაურებული საქმეები - „ღვინის ქარხნის საქმე“

კანდიდატი თამარ ზამბახიძე ფიგურირებს ე.წ. „ღვინის ქარხნის საქმეში“. თბილისის სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავდა შემდეგი შემადგენლობით: ქეთევან მესხიშვილი - პალატის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - თამარ ალანია, თამარ ზამბახიძე.

თბილისში, პეტრიაშვილის ქ. N1-ში მდებარე ღვინის ქარხნის ისტორიული შენობა დღევანდელმა მესაკუთრეებმა საქართველოში მოქმედი ორი ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკისგან გამოისყიდეს. 2014 წლის 23 დეკემბერს ქარხნის შემძენთა (მოქმედი მესაკუთრე) მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო სამოქალაქო დავა. მოსარჩელე გახლდათ სააქციო საზოგადოება „სავანე ღვინის N1 ქარხანა“, რომლის წარმომადგენელიც იყო საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, არჩილ კბილაშვილი.

მოსარჩელე სასამართლოსგან ითხოვდა პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების (ღვინის ქარხნის ტერიტორია, მასზე არსებული შენობებით) გადაცემას სს „სავანე ღვინის N1 ქარხნისათვის“, იმ საფუძვლით, რომ 2004-2006 წლებში სს „სავანე-ღვინის N1 ქარხანამ“ დაკარგა ამ ქონებაზე საკუთრების უფლება მისი დირექტორებისა და აქციონერთა ერთი ნაწილის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, და ამ პროცესში უშუალოდ მონაწილეობდნენ საქართველოს გენერალური პროკურატურის იმდროინდელი გამომძიებლები და პროკურორები.

2015 წლის 21 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი) მოსარჩელეს, სს „სავანე ღვინის N1 ქარხანას“, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა, რაც მან გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში. 2016 წლის 20 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ (შემადგენლობა: ქეთევან მესხიშვილი, თამარ ალანია, თამარ ზამბახიძე) ასევე არ დააკმაყოფილა სს „სავანე ღვინის N1 ქარხნის“ სარჩელი, ანუ სრულად დატოვა ძალაში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა უზენაეს სასამართლოში. 2018 წლის 18 თებერვალს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (შემადგენლობა: ბესარიონ ალავიძე, მოსამართლე, ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე) ქვედა ორ ინსტანციაში მოგებული დავა განსახილველად დააბრუნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

ამ საქმეზე სააპელაციო კოლეგიამ, 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის 19 ივნისის ჩათვლით, ექვსი სხდომა ჩაატარა, თუმცა შემაჯამებელი გადაწყვეტილებები არ მიუღია სხდომების გადადების გამო, საბოლოოდ კი კოლეგია დაიშალა.

საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კოლეგიაზე ხდებოდა ზეწოლა მისი თავმჯდომარის საქმისგან ჩამოსაშორებლად (ქეთევან მესხიშვილი), რადგან მასზე ზეგავლენა ვერ მოახდინეს.

ქეთევან ცინცაძე, დამოუკიდებელი ინსპექტორი

2009 წლის თებერვლიდან ივლისამდე ქეთევან ცინცაძე იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სტაჟიორი. 2009-2011 წლებში კანდიდატი უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის რეფერენტის თანამდებობას იკავებდა. 2011-2017 წლებში იგი იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე (მათ შორის მიხეილ ჩინჩალაძის თანაშემწე), ხოლო 2017 წლის ივნისიდან ნოემბრამდე - ე.წ. „მწერალი“ თანაშემწე.

2017 წლის 21 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ქეთევან ცინცაძე აირჩია დამოუკიდებელ ინსპექტორად 5 წლის ვადით.

კანდიდატი ქეთევან ცინცაძე ამჟამად არის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შექმნილი დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი - დამოუკიდებელი ინსპექტორი. დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური შეიქმნა 2017 წელს, სასამართლო რეფორმის ე.წ. „მესამე ტალღის“ საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში. ქეთევან ცინცაძე აღნიშნულ თანამდებობას იკავებს 2017 წლის 21 ნოემბრიდან.

გოჩა ჯეირანაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე

2002-2007 წლებში კანდიდატი გოჩა ჯეირანაშვილი მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოში უფროსი ინსპექტორის, გამომძიებლის და უფროსი გამომძიებლის პოზიციაზე, 2007-2009 წლებში კი იყო სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი.

2009 წელს გოჩა ჯეირანაშვილი დაინიშნა წალკის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ, თუმცა იმავე დღეს მივლინებული იქნა ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ხოლო 2 თვეში განწესდა ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ, სადაც მუშაობდა 2018 წლამდე. 2018 წლის 18 იანვრიდან კანდიდატი უვადოდ არის განწესებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ.

გახმაურებული საქმეები - გაუპატიურებაში ბრალდებული მაღალჩინოსნების საქმე

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატმა გოჩა ჯეირანაშვილმა განიხილა სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც ბრალდების მხარის მტკიცებით, 2009 წლის 1 იანვარს შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში პოლიციის თანამშრომლებმა დაზარალებულს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ცემის პროცესში, პოლიციის უფროსის მამუკა ხვედელიანის ბრძანებით, ორმა პოლიციელმა დაზარალებულის მიმართ განახორციელეს არაადამიანური მოპყრობა: გაუპატიურება.

2013 წლის 3 ივლისს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილის თავმჯდომარეობით, ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. სასამართლომ მიუთითა, რომ ბრალდების მხარეს დაზარალებულის ჩვენების გარდა, მის მიმართ პოლიციაში ცემისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ, სხვა მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

მეტიც, დაზარალებულის ჩვენება გამორიცხა თვით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილმა ექსპერტმა, რომელმაც დაზარალებულს დაზიანების კვალი ვერ აღმოუჩინა. იგივე გაიმეორა ალტერნატიულმა ექსპერტიზამაც. მოსამართლის მიღებულ გადაწყვეტილებას საზოგადოების საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციის მონაწილეები გათავისუფლებული პირების კვლავ დაპატიმრებას მოითხოვდნენ და სასამართლოს არაობიექტურობაში ადანაშაულებდნენ, სასამართლოს შენობას კვერცხებსა და ცოცხებს ესროდნენ.

მოგვიანებით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც „განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე დღით ადრე, მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი, მისი ინიციატივით, არაოფიციალურ ვითარებაში შეხვდა სამცხე-ჯავახეთის პროკურორს, გივი პაპუაშვილს და ურჩია, რომ ბრალდებულებთან გაეფორმებინა საპროცესო შეთანხმება მათი გათავისუფლების მოთხოვნით. მოსამართლის სიტყვებით, „ეს ყველასთვის კარგი გამოსავალი იქნებოდა“. პროკურორმა მის ამ შეთავაზებას უარით უპასუხა“, – განაცხადა საქართველოს მთავარი პროკურატურის პრეს-სამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ.

აღნიშნული განცხადების საპასუხოდ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაავრცელა განცხადება, სადაც უთითებდა, რომ მთავარი პროკურატურა სიცრუის ტირაჟირებას ახდენდა. ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, გოჩა ჯეირანაშვილის გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი პროკურატურამ გასააჩივრა, თუმცა სააპელაციო სასამართლომაც გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, ხოლო უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია და გამამართლებელი განაჩენი ძალაში დარჩა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კიდევ ორი კანდიდატის - ალექსანდრე წულაძისა და ლევან მიქაბერიძის შესახებ მონაცემები ცოტა ხანში დაემატება

წყარო: osgf.ge

"ბევრი წყარო იძლევა უტყუარ მტკიცებულებებს, რომ ბაჩალიაშვილი მოკლულია... ფლობდა ისეთ ინფორმაციას, რისი მსხვერპლიც გახდა" - ადვოკატი

"ვნახავ ქალბატონ ნინოს... რაც შემიძლია მხარს დავუჭერ, მეცოდება" - გოგი თოფაძე ამბობს, რომ ბუსა ჟვანიასთვის სასჯელის დამძიმება მისი სურვილი არ იყო

"ზღვიდან სახლში ბრუნდებოდნენ, როცა ეს საშინელება მოხდა" - ანაკლია-განმუხურის გზაზე ავარიას 17 წლის ბიჭები ემსხვერპლნენ