ავტორი:

"სიმღერამ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა" - "ალილოს" 20 წლის იუბილე, ქირურგის კარიერა და მოსიყვარულე ბაბუის ამპლუა

"სიმღერამ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა" - "ალილოს" 20 წლის იუბილე, ქირურგის კარიერა და მოსიყვარულე ბაბუის ამპლუა

ლაშა ღლონტი, გია დავითიანი, მიშა ჭონიშვილი, აჩიკო ბერიძე, სანდრო კობახიძე, საბა კემულარია - ეს ის ექვსეულია, რომელიც ანსამბლ „ალილოს“ ქმნის და რომელიც 24 ნოემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ანსამბლის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად, სოლო-კონცერტს გამართავს. ეს მათთვის პირველი სოლო-კონცერტია, მიუხედავად იმისა, რომ „ალილოს“ უამრავი კონცერტი აქვს ჩატარებული, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

„სცენაზე მხოლოდ ჩვენ ვიქნებით, რადგანაც მაყურებლისთვის გვინდოდა, ჩვენი ჰიტები ჩვენვე შეგვეთავაზებინა იმ ფორმით და იმ სახით, როგორიც მათ უყვართ, თუმცა ბევრი საინტერესო ვერსიაც გაჟღერდება ცოცხალ ორკესტრთან ერთად,“ - გვეუბნება ლაშა ღლონტი და AMBEBI.GE-სთან საუბარს ასე განაგრძობს:

- ანსამბლი „ალილო“ 20 წლის წინ ცნობილი ქართული ხმის, გენიალური მომღრელის გურამ თამაზაშვილის მიერ დაარსდა. ბატონი გურამის გარდაცვალების შემდეგ სტაგნაციის პერიოდი გვქონდა, მაგრამ თავი შევინარჩუნეთ და ამდენი წელია, მოვდივართ. ამ ხნის მანძილზე ბევრი, ხალხისთვის საყვარელი სიმღერა გვაქვს შესრულებული.

წლების წინ ბატონმა გურამმა რომ დამირეკა, ანსამბლი ერთი თვის შექმნილი იყო და მთხოვა, ქალაქურ მიმართულებაში გვერდით დავდგომოდი. წევრები ჩემზე უმცროსები იყვნენ. მე ჯგუფში გია დავითიანი მივიყვანე და ერთად მივედით... თუმცა მას მერე ანსამბლმა ცვლილება არაერთხელ განიცადა, ბევრი წავიდა, მოვიდა, არსებობს ანსამბლის განაყოფი, რომელიც ფოლკლორს ასრულებს, ჩვენ თავი კვარტეტის სახით შევინარჩუნეთ...

ახლა სწორედ 24 ნოემბერს, პირველი გრანდიოზული სოლო-კონცერტით, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, 20 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. ამ იუბილეს ბატონ გურამთან ერთად ვაპირებდით, მაგრამ მისი გარდაცვალებით თავზარი დაგვეცა.

- თუ ამ 20 წელს შევაფასებთ - რისი თქმა შეგიძლიათ?

- ეს 20 წელი იყო დიდი გამოცდილების მიღების წლები იმიტომ, რომ ჩვენს რეპეტიციაზე მოდიოდნენ ძველი „ქართული ხმების“ წევრები, ცნობილი ადამიანები, კომპოზიტორები, ამ წლებმა და გენიალურ მუსიკოსებთან ურთიერთობამ ბევრი რამ მოგვცა, მათგან ბევრი რამ ვისწავლეთ. ადამიანი რაც უფრო მაღალი რანგის ხელოვანია, მით მეტად უბრალოა. ეს ჩვენთვის ყოველთვის იმის მანიშნებელი იყო, რომ თუ რამეს მივაღწევდით, ასევე უნდა ვყოფილიყავით. ჯერჯერობით განსაკუთრებულს ვერაფერს მივაღწიეთ, თუმცა ადამიანებისგან ბევრი რამ ვისწავლეთ, რაც ძალიან კარგია, რადგანაც მომავალ თაობას საჭირო გამოცდილებას გავუზიარებთ... ეს 20 წელიწადი ასევე ერთმანეთის გამოცდის პერიოდიც იყო. მოკლედ, გამოცდის შემდეგ, კარგადაც შევეგუეთ...

სიმღერა, რომელიც საეტაპო აღმოჩნდა

- ჩვენს ანსამბლს ადრე „ზარები“ ერქვა, მაგრამ მარიკა კვალიაშვილის სიმღერაზე „ალილო“ კლიპის ჩაწერის შემდეგ (რომელიც 15 წლის წინ გადავიღეთ, სადაც ჩემი ქალიშვილიც მღერის), პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ანსამბლს „ალილო“ გვეწოდა. იმ სიმღერამ ბევრი რამ განსაზღვრა...

როგორ გახდა სოლო მომღერლი

- სიმღერა ბავშვობიდან მიყვარდა. ცნობილ მუსიკოსებთან თავიდანვე ვმეგობრობდი, კომპოზიტორებთანაც მქონდა შეხება, რომლებმაც მირჩიეს, რომ სოლოკარიერაც უნდა დამეწყო... მერე ისე მოხდა, რომ დათო არჩვეძემ ნანა ცინცაძის არაჩვეულებრივ ტექსტზე სიმღერა „მონატრებიხარ ფიქრებს“ დაწერა, რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ამ სიმღერის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ უკვე მეთორმეტე წელია, თვითმფრინავის ტრაპიდან არ ჩამოვსულვარ. სიმღერა მეგაჰიტი გახდა, ბევრ ქვეყანაში სოლო სიმღერებით მომიწია გამგზავრებამ. შემდეგ რამდენიმე ნამუშვარი კიდევ გაპოპულარულდა, მათ შორის - ქეთი ფარესაშვიულთან ერთად ნამღერი დუეტი „ოქროყანის აღმართი“ და მამუკა ჩარკვიანის სიმღერა - „შენ რომ დიდი იქნები“ (ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსზე) შევასრულე. ის საუკეთესო ქალაქურ სიმღერად დასახელდა. ეს ნამუშევრები განსაკუთრებულად ემიგრანტებს უყვართ.

წელს ჩემი მეგობრების „ჯეოივენთის“ ორგანიზებით, საქართველოს რეგიონებში კონცერტები ჩავატარე - 65 სუპერანშლაგი მქონდა. მოსახლეობისთვის ბილეთები ხელმისაწვდომ ფასში იყო. შეხვედრა ამდენ ადამიანთან დიდი ბედნიერებაა. ახლა სვანეთში ვაპირებ კონცერტის გამართვას და დიდი იმედი მაქვს, ოკუპირებულ რეგიონშიც ოდესმე მომეცემა საშუალება, კონცერტი ჩავატარო.

ექიმი-მომღერალი

- პირველი ჩემი კონცერტი ჯონი ჯანაშიასა და გია აფხაზავას პროექტში „ექიმები არ ხუმრობენ“ იყო. მაგ პერიოდისთვის სამედიცინო უნივერსიტეტის ტრიო მქონდა, სადაც ვიყავით - მე, კახა იშხნელი და სოსო ბურდულაძე. დღეს ეს ადამიანები (ჩემი მეგობრები), წარმატებული ექიმები არიან... რაც შეხება ჩემს სამედიცინო სფეროში მოღვაწეობას, ვმუშობდი ქირურგად, მერე თვალის ოპერაციის გამო მუშაობა ვეღარ შევძელი. ასე რომ, კლინიკურ მედიცინაში 1999-დან 2004 წლამდე ვიყავი. შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროში გადავინაცვლე, ასევე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამედიცინო ნაწილში ვმუშაობდი, დღესაც სამედიცინო საქმიანობით ვარ დაკავებული, ოღონდ, ბიზნესის და მენეჯმენტის კუთხით (კერძო სტრუქტურაში).

ასეა, - ექიმმა რაც უნდა წარმატებული ოპერაცია გააკეთო, მხოლოდ ის ადამიანები გცნობენ, რომლებსაც ოპერაცია გაუკეთე, ანუ პაციენტები. მომღერალი კი ერთ სიმღერას ჩაწერს, თუ ხალხს მოეწონა, პოპულარული ხდება და მერე ქვეყანა იცნობს. მოკლედ, პოპულარული წარმატებულმა სიმღერამ გამხადა. თან, საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოვჩნდი, თორემ ჩემზე ნიჭიერი მომღელებიც არიან. ის კი არა, შეიძლება, ნებისმიერ კონცერტზე, დარბაზში მჯდომი მაყურებელი ამოვიდეს სცენაზე და საოცარად იმღეროს. ყველაფერი უფლისგან არის და უფალს მადლობა უნდა ვუთხრათ.

ბაბუის ამპლუა

- ბაბუის ამპლუაში ყოფნა საინტერესოა. საოცარი გრძნობაა, ვინც ბებია-ბაუა არ არის, ამას ვერ გაიგებს... შვილი რომ შემეძინა, 22 წლის ვიყავი და ვერც გავიაზრე, ფაქტობრივად, რა მოხდა... მერე ცხოვრების რთულ ეტაპებს რომ გადიხარ, აზრზე მოდიხარ და ამ დროს ჩნდება ეს პატარა ადამიანი, რომელიც ასაკის მომატებით გამოწვეულ ნოსტალგიას გავიწყებს და თითქოს თავიდან იბადები. ცხოვრება ხელახლა იწყება. ყველაფრის სტიმული გეძლევა, რომ კიდევ ბევრი იშრომო, რადგანაც იცი, რომ მემკვიდრე გყავს, რომ რაც იცი და გაგაჩნია, მას გადასცე და დაუტოვო. ამასთან, გინდა, პატარასთან ერთად, გაიარო ცხოვრების დარჩენილი წლები. ჩემი 2 წლი-ნახევრის შვილიშვილი გვაოცებს, ჭკუიდან გადავყავართ...

უახლოესი გეგმები

- 5 ოქტომებრს ამსტერდამში, 6 ოქტომბერს კი ჰააგაში მაქვს კონცერტი. მიწვევით მივდივარ. მიხარია, რომ ემიგრაციასთან, ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ხშირი კონტაქტი მაქვს და ეს ამბავი მაბედნიერებს. ხუმრობით ვამბობ ხოლმე, რომ ჩემი გრაფიკია ჩოხატაური-ნიუ-იორკი... ყველაფერი კი დიდი შრომის ფასად მოდის, ვცდილობ, კომფორტული პირობები შევუქმნა ქართველ ემიგრანტებს, რომ მათთვის ჩემი ჩასვლა არ იყოს ზედმეტი ტვირთი. საქმეს სიყვარულით ვაკეთებ... ჩვენი ხალხის პრობლემა უსიყვარილობაა, ამიტომ, გავერთიანდეთ ქართული სიმღერის, ქართული ხელოვნების გარშემო და ვაკეთოთ კარგი საქმეები.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს