აფხაზი ფეხბურთელის, თბილისის "დინამოს" ყოფილი ცენტრალური მცველის, ნიაზ ძიაპშიპას შვილის, 58 წლის თამაზ ძიაპშიპას ანდერძის თანახმად, მისი ფერფლის ერთ ნაწილს თბილისში, ხოლო მეორე ნაწილს სოხუმში ჩაიტანენ... თამაზ ძიაპშიპა მოსკოვში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და მისი სიცოცხლე უკურნებელმა სენმა იმსხვერპლა.

AMBEBI.GE-სთან საუბარში, თამაზ ძიაპშიპას თანაკლასელი და ბავშვობის მეგობარი, წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვარი მამა ალექსანდრე ბოლქვაძე ამბობს, რომ თამაზი თბილისის ერთ-ერთ უბანში გაიზარდა, აფხაზობდა, თუმცა, მისთვის თბილისი ისეთივე მშობლიური იყო, როგორც სოხუმი...
"ამ დღეებში ველოდებით თამაზის ფერფლს. ამაღელვებელი და მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ შეიძლება თამაზის ფერფლმა გააერთიანოს ეს ორი მოძმე ხალხი. ეს ისტორია კი უნდა იცოდეს ყველამ" - გვითხრა მამა ალექსანდრე ბოლქვაძემ.
ნიაზ ძიაპშიპა საბჭოთა კავშირის დროს ჯერ სოხუმის ”დინამოში” თამაშობდა, შემდეგ კი, თბილისის ”დინამოში” ცენტრალურ მცველად გადაიყვანეს. მოგვიანებით, მან აქტიურ თამაშს თავი დაანება და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი გახდა.
მამა ალექსანდრე ბოლქვაძე ბავშვობის მეგობრის, ცნობილი ფეხბურთელის ვაჟის ცხოვრების საინტერესო დეტალებს გვიამბობს:
"თამაზ ძიაპშიპა თბილისში დაიბადა და გაიზარდა. ერთ სკოლაში დავდიოდით, კლასელები, უბნელები, ბავშვობის მეგობრები ვიყავით. ბოლო კლასში ვიყავით, როდესაც სხვა სკოლაში გადავიდა, თუმცა, ურთიერთობა არ გაგვიწყვეტია. მამამისი ფეხბურთის საბჭოთა ნაკრებში იყო, იმდენად ცნობილი და პატივსაცემი კაცი, რომ 50 წლის იუბილე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დიდი პატივით გადაუხადა. სუფრაზე ბორის პაიჭაძე იყო თამადა...
უფრო ადრე, ნიაზი დინამო “თბილისში” გადმოიყვანეს, ბინაც მისცეს, ოჯახიც აქ შექმნა, ქართველი მეუღლე ჰყავდა. დღესაც ცოცხალია ის ქალბატონი...
სამწუხაროდ, იმ იუბილეს შემდეგ დიდ ხანს არ უცოცხლია ნიაზს - ახალგაზრდა, 56 წლისა გარდაიცვალა. მისი ორივე შვილი, თამაზი და ომარი ქართველები იყვნენ, ცნობიერებით და აზროვნებით, მაგრამ თამაზი მაინც ამბობდა - აფხაზი ვარო!

ერთხელ მასწავლებელი ეროვნებებს წერდა, ერთ ჩვენს სომეხ კლასელს, - სომეხი ჩაუწერა და თამაზს ქართველი, რაზეც ის აღშფოთდა - აფხაზი ვარო! უკვე დიდები ვიყავით და მეგობრები გავბრაზდით კიდეც: ვითომ ჩვენიანად არ თვლის თავსო... მერე გაგვეცინა, რადგან უბრალოდ თავს აფხაზად მიიჩნევდა.
თამაზი ძალიან ძლიერი ფიზიკური მონაცემების ბიჭი იყო, სკოლასა და უბანში თავისი ძალ-ღონით გამოირჩეოდა. ყოჩივით იყო და ჩხუბში მის გარეშე არ დავდიოდით, უეჭველი გვცემდნენ. თუ თამაზი მოგვყვებოდა, მოგება ჩვენი იყო, დამტრყმელი ძალად გვყავდა. თუმცა, ძალიან მშვიდობიანი ბუნება ჰქონდა, თუ ნახავდა, რომ დიპლომატიურად შეიძლებოდა ვითარების მოგვარება, მაშინვე შეუდგებოდა შერიგებას, რაზეც ჩვენ ვბრაზდებოდით, რადგან ჩხუბი გვინდოდა.
- სოხუმი როდის დატოვა?
- როდესაც ქვეყანაში სიტუაცია აირია... როდესაც აფხაზეთში ის საშინელი, მართლაც ხელოვნური ომი დაიწყო, რომელშიც ორივე მხარეს თავისი წვლილი მიუძღვის და მესამე ძალამ ეს მშვენივრად გამოიყენა. ზუსტად ვიცოდი, რომ თამაზი იმ უბედურებაში არ გაერეოდა და ქართველს ტყვიას არასდროს ესროდა, მაგრამ მაინც ვიკითხე: თამაზი რას შვებამეთქი, რადგან ბოლო დროს მასზე არაფერი ვიცოდი... მიპასუხეს: მაშინვე დატოვა სოხუმი და თბილისში წამოვიდა საცხოვრებლადო. ასე უთქვამს, - მე ვერც ქართველს მოვკლავ და ვერც აფხაზსო. არც გამკვირვებია, რადგან თამაზი აფხაზიც იყო და ქართველიც...

- ასევე მოიქცა მისი ძმაც?
- მისი ძმა სულ თბილისში ცხოვრობდა, რაღაც დროის განმავლობაში მაღალ თანამდებობაზეც მუშაობდა. ჩვეულებრივი, თბილისელი ბიჭია ომარი... თამაზი, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, მალევე წავიდა მოსკოვში, რადგან “მხედრიონიდან" (ყველაზე არ მინდა ცუდის თქმა), იმ შეიარაღებული დაჯგუფებიდან ვიღაცები მისულან მასთან - შენ აფხაზი ხარ, თბილისში რა გინდაო, უთქვამთ... თუმცა, შემდეგ, გავარკვიე, რომ მთლად სიმართლე არ ყოფილა. მისმა ძმამ გვითხრა, თამაზი მოსკოვში მალევე წავიდაო...
თამაზს ქართველი მეუღლე და ორი შვილი ჰყავს, თუმცა, ხშირი ურთიერთობა აღარ გვქონია, ხანდახან ტელეფონით ვკონტაქტობდით. როდესაც მეგობრებთან ჩამოდიოდა, აუცილებლად შემეხმიანებოდა ხოლმე, თუნდაც სუფრიდან...
დაახლოებით ერთი წლის წინ, აფხაზეთის თემაზე ვამზადებდი ქადაგებას - რომ ის ძირძველი ქართული მიწაა, ასევე იმის თქმა მინდოდა, რომ სეპარატისტების გარდა, არიან ქართველების მოყვარე და პატივისმცემელი აფხაზებიც, მაგალითების მოყვანასაც ვფიქრობდი, როდესაც მათ თავიანთი სიცოცხლის ფასად მეზობელი და ახლობელი ქართველები შეიფარეს და გადაარჩინეს...
სრულიად მოულოდნელად, თამაზ ძიაპშიპამ დამირეკა: თბილისში ვარ და აქედან შენს უნახავად არ წავალო... შაბათ საღამოს ლოცვა მქონდა და ვთხოვე, - იქნებ შენ მოხვიდე დილით წირვაზე, თან დაესწრები, თან გნახავ-მეთქი. კარგიო, მითხრა... ვიფიქრე, ჩემს ქადაგებაში რამე ემოციური ტონი არ იგრძნოს, გული არ ეტკინოს-მეთქი და ქადაგება გავაუქმე...
თამაზიმ მოსვლა ვერ შეძლო... ვიფიქრე, რომ ალბათ წინა ღამეს გვიანობამდე იქეიფეს და ვეღარ შეძლო მოსვლა. ამბის მოსაკითხად ჩვენს საერთო მეგობრებს გადავურეკე და გავიგე, რომ უცებ მოუწია მოსკოვში წასვლა. მერე მეგობრებმა დამირეკეს, რომ რაღაც სპეციფიკურ კლინიკაში ჰყავთ, სადაც გარდაცვალების შემთხვევაში, აუცილებლად მისი კრემაცია უნდა მოხდესო... თურმე უკურნებელი სენი შეყრია და ძალიან დიდხანს იბრძოდა, მე ეს არ ვიცოდი.
სწორედ მაშინ უთქვამს: ჩემი სხეულის ფერფლი ორად გაყავით - ნახევარი სოხუმში წაიღეთ, ნახევარი თბილისში დაკრძალეთო...
ემოციისგან ცრემლი ვერ შევიკავე - ამ კაცმა თითქოს ჩვენი დაჩეხილი ქვეყანა გააერთიანა. რამდენიმე დღის წინ იყო მისი ორმოცი. ფერფლი ჯერ არ გადმოუტანიათ მოსკოვიდან, ალბათ ამ დღეებში გადმოასვენებენ საქართველოში...