ავტორი:

"ჩვენი მეთაური კარგა ხანს იდგა ცხედრებთან: ასეთი ბიჭები რომ მყოლოდაო..." - ვინ იყო რუსი სამხედრო, რომელმაც "კვირის პალიტრის" ჟურნალისტს შინდისის გმირების ამბავი უამბო

"ჩვენი მეთაური კარგა ხანს იდგა ცხედრებთან: ასეთი ბიჭები რომ მყოლოდაო..." - ვინ იყო რუსი სამხედრო, რომელმაც "კვირის პალიტრის" ჟურნალისტს შინდისის გმირების ამბავი უამბო

ბოლოხანს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა 2008 წლის აგვისტოს ომში, სოფელ შინდისთან დაღუპული 17 ჯარისკაცის შესახებ გადაღებულ ფილმს "შინდისი". შესაძლოა ბევრმა არც იცის, რომ წლების წინ შინდისის გმირობის ამბავი "კვირის პალიტრამ" აღმოაჩინა. ამ საინტერესო ისტორიას გაზეთის ჟურნალისტი ნინო ბურჭულაძე გვიყვება:

"აგვისტოს ომის დღეებში ყველა ჟურნალისტი და რა თქმა უნდა მეც, ვცდილობდით უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებას. სამწუხაროდ, საბრძოლო მოქმედებების დროს შიდა ქართლში არ ვყოფილვარ. ომის დამთავრების შემდეგაც გარკვეული ხანი რუსული ჯარის ნაწილები საქართველოში კვლავ რჩებოდნენ, რამდენიმე ადგილას საგუშაგოები ჰქონდათ გახსნილი.

სწორედ მაშინ მოვახერხე ერთი რუსი ჯარისკაცის, საშა დროზდოვის ჩაწერა. რა თქმა უნდა, ეს მარტივი არ იყო, ვფიქრობ, რომ, უბრალოდ, ძალიან გამიმართლა. ჩემი მოსაუბრე გეოლოგიის მესამე კურსის სტუდენტი აღმოჩნდა...

რადგან ჩემთვის ნებისმიერი ინფორმაცია მნიშვნელოვანი იყო, არ დამიწყია კონკრეტული კითხვების დასმა. სიმართლე გითხრა, მეშინოდა არ დაეწყო - რა ინტერვიუს მართმევო? (მან იცოდა, რომ ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობდით) მივეცი საშუალება, რომ რასაც საჭიროდ ჩათვლიდა, მოეყოლა. ძალიან გამიკვირდა როცა მითხრა, რომ ქართველი მეგობარი ჰყავდა ვინმე გია - როგორც მერე საუბრისას გაირკვა, ბავშვობიდან ერთად გაიზარდნენ სარატოვში. როცა ეს გავიგე, ვკითხე თუ იყო მანამდე საქართველოში ნამყოფი, მითხრა, რომ არა და შემდეგ მომიყვა, როგორ შემოვიდნენ საქართველოში.

რაღაც მომენტში ომის ერთი ეპიზოდი გაიხსენა, უბრალოდ, როგორც ამბავი... რაც მიამბო მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ამის შესახებ არც ჩემთვის და არც საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო. ამას გარდა, ემოციურად იყო ძალიან მძიმე მოსასმენი, მინდოდა ბევრი კითხვის დასმა, მაგრამ შიში მქონდა, საერთოდ არ შეეწყვიტა საუბარი, ამიტომ უბრალოდ ვუსმენდი. მან არ იცოდა სოფლის დასახელება, ყოველ შემთხვევაში, არ უთქვამს, თუმცა დეტალურად მოყვა იქ რაც შეემთხვათ.

დაძაბული ვუსმენდი, რას იტყოდა ქართველებზე, დაიწყებდა თუ არა ძაგებას, რომ ისინი მოიქცნენ ლაჩრულად და ა.შ. მაგრამ როცა მითხრა: "ჩვენი მეთაური კაი ხანს იდგა მათ ცხედრებთან - აი, ასეთი ბიჭები რომ მყოლოდაო..." შვება ვიგრძენი...

კარგად მახსოვს შეგრძნება რომელიც დამეუფლა, ეს იყო წარმოუდგენელი სიამაყის შეგრძნება - როცა მტერი შენი ჯარისკაცების ვაჟკაცობას აღიარებს! მე მაშინ წარმოდგენაც კი არ მქონდა რომ საშა დროზდოვი შინდისის ისტორიას მიყვებოდა.

მახსოვს დავპირდი, რომ მის მონაყოლს არ გავასაჯაროვებდი, მაგრამ საუბრის ბოლოსვე ვიცოდი, რომ პირობას აუცილებლად დავარღვევდი. დღემდე ვფიქრობ, რომ საშა დროზდოვთან ჩემი საუბარი რომ შედგა, ეს ერთგვარად მისი ქართველი მეგობრის დამსახურებაა ალბათ...

სტატიის წერისას გვარიანად ვიტირე. მახსოვს, რედაქციაში ჩემი კოლეგების, კორექტორების, სტილისტების ქვითინი, როდესაც საგაზეთო გვერდი მზადდებოდა.

დიდი გამოხმაურება იყო, რეკავდნენ რედაქციაში და კითხულობდნენ - ვინ არიან დაღუპული გმირებიო, ყველას მათი გვარ-სახელები აინტერესებდათ, იყვნენ ისეთებიც, ვისაც არ სჯეროდათ საერთოდ ამ ისტორიის. "კვირის პალიტრაში" მხოლოდ ერთს ვფიქრობდით - უნდა გაგვეგო, ვინ იყვნენ გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცები.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, რედაქციაში გახლდით, ჩემს კოლეგას, ჟურნალ " გზის" ჟურნალისტს ხათუნა ბახტურიძეს სტუმრად ჰყავდა რესპონდენტები, როცა ტირილის ხმაც მომესმა მათი ვანაობით დავინტერესდი. ხათუნა გამოვიდა და მითხრა, რომ ისინი იმ ბიჭების მშობლები არიან შენ რომ სტატია დაწერეო, მაშინ ვიფიქრე, რომ თავიდან დავიბადე, ერთხელ როდესაც დროზდოვი მომიყვა ამბავს და მეორედ, როდესაც უკვე ვიცოდით კონკრეტულად ვინ იყვნენ ის ბიჭები. არასდროს დამავიწყდება მშობლების სახეები როდესაც მთელი რედაქცია მადლობას ვუხდიდით ასეთი შვილების გაზრდისთვის... წაიკითხეთ ვრცლად რას ჰყვებოდა რუსი ჯარისკაცი "კვირის პალიტრის" ჟურნალისტთან

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?