"იმ დროში გავიზარდე, როცა გარკვეული შინაარსის მქონე ლიტერატურის კითხვა და სიმღერების მოსმენა აკრძალული იყო, დღეს ამას ჩემს შვილს რომ ვეუბნები, უკვირს", - ამბობს მსახიობი თემიკო ჭიჭინაძე. მას ყველაზე მეტად კლასიკური ლიტერატურა იზიდავს. ხშირად ეცნობა ისტორიულ რომანებსა და პოეზიის ნიმუშებს. ბევრი საყვარელი ავტორი ჰყავს. იმას, თუ რა წაიკითხოს, ყოველთვის შინაგანი მდგომარეობა უკარნახებს.
- თემიკო, ლექსის დაწერა არასდროს გიცდია?
- ყმაწვილკაცობაში რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო. ბევრი საყვარელი პოეტის დასახელება შემიძლია. ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს. ლექსი თუ ძალიან მომეწონა, გულზე მომხვდა და ჩამაფიქრა, თავისთავად დამამახსოვრდება.
- აკრძალული ლიტერატურა ახსენე. თქვენი ოჯახის ბიბლიოთეკაში ასეთი წიგნები ინახებოდა?
- მცირე რაოდენობით. სოლჟენიცინის წიგნების, ბროცკის ლექსების, დისიდენტების წერილების, გაზეთების, ჟურნალების შინ შენახვა ბომბის შენახვის ტოლფასი იყო.
მახსოვს, რომ "ნათლია" თაბახის ფურცლებზე დაბეჭდილი წავიკითხე. კითხვა მშობლებმა შემაყვარეს... მაშინ სირცხვილიც იყო, "სამი მუშკეტერი" რომ არ გქონოდა წაკითხული და მხოლოდ მისი კინოვერსია გცოდნოდა. თანატოლები სტენდალის რომანზეც - "წითელი და შავი" ხშირად ვლაპარაკობდით, განვიხილავდით.
- გოგონებთან წიგნიერებით თავი მოგიწონებია?
- (იცინის) ალბათ იყო ასეთი შემთხვევებიც. წიგნების შეძენა მიყვარდა, ახლაც ასეა, მაღაზიებთან ან ბუკინისტებთან გულგრილად ჩავლა არ შემიძლია.
- როგორ ფიქრობ, კარგი მეხსიერება გაქვს?
- აქ ამის შესამოწმებლად არ მოხვედი? დავიწყოთ.
- რომელ მცენარეს უწოდა ეკატერინე II-მ ასკილი მაღალი საზოგადოებიდან?
- სხვას რას უწოდებდა თუ არა ვარდს?
- ცნობილმა სატირიკოსმა ევგენი პეტროსიანმა ერთხელ თქვა: "მოგიწოდებთ, შეიყვაროთ ერთმანეთი ერთი ნახვით, ამით თქვენ მოახდენთ ..." დაასრულე სატირიკოსის გამონათქვამი.
- ვერ დავასრულებ.
- ორი სიტყვა აკლია, აქედან ერთ-ერთია - "ეკონომია".
- (ფიქრობს) მგონი, მივხვდი: "... ამით თქვენ მოახდენთ დროის ეკონომიას".
- რა ერქვა ალექსანდრე მაკედონელის დედას?
- ვიცოდი და ვეღარ ვიხსენებ.
- ოლიმპიადა. დაასახელე ერთადერთი ძუძუმწოვარი, რომელიც დაფრინავს.
- ძუძუმწოვარი დაფრინავს?
- დიახ. კითხვა სწორად დავსვი, არ შემშლია.
- ვერ გიპასუხებ.
- მიგანიშნებ. მას აკაკი წერეთელმა ლექსიც უძღვნა...
- ის ლექსი გახსოვს?
- "ერთმა უგნურმა თაგუნამ/ იუკადრისა თაგვობა,/ დასწყევლა თვისი გაჩენა,/ ბუნებას უწყო მან გმობა:/ "იმ უსამართლო ბუნებამ/ თაგვად რად გამაჩინაო?/ მე სხვაგან ყოფნა მინდოდა,/ მან ჭერ-ქვეშ მომცა ბინაო!..
- ვერ ვხვდები...
- ღამურა.
- ვაიმე! როგორ გავითიშე, ისე ცხელა, კიდევ კარგად ვაზროვნებ.
- "დათვი ხეზე როგორ გავა, იავ-ნანინაო..." - რომელი ლიტერატურული პერსონაჟის სახლის ფანჯარაზე ეწერა ეს სიტყვები?
- ავტორს არ მეტყვი?
- ეს პერსონაჟი კახეთის ერთ პატარა სოფელში ცხოვრობდა, ქვიტკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდა: "ამავე ნაწარმოებში ავტორი ამბობს: "ეს მოთხრობა სარკე იყოს და მე - თუ გინდა - მთქმელი ვიქნები. დააკვირდი, იქნება გენიშნოს რამე..."
- (მაწყვეტინებს) როგორც იქნა, მივხვდი - ილია ჭავჭავაძის ლუარსაბ თათქარიძეზეა ლაპარაკი.
- ეს მდინარე თითქმის მთელ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში მიედინება. 300 შენაკადი აქვს. მას ევროპის დედამდინარესაც უწოდებენ. ძველმა ბერძნებმა "ოკეანის ძმა" შეარქვეს. დაასახელე ეს მდინარე.
- დუნაი. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი მდინარეა.
- დიახ, 2859 კილომეტრია და ევროპის მდინარეებიდან მხოლოდ ვოლგას ჩამორჩება. როგორი გეომეტრიული ფორმის მოედანზე თამაშობენ ბეისბოლს?
- აი, ასეთზე (ფურცელზე რომბს ხაზავს).
- ბეისბოლს თავად თუ თამაშობ?
- რამდენჯერმე ვცადე, წესები შემესწავლა, დილეტანტის დონეზე ვთამაშობ. ყველაზე მეტად ფეხბურთი მიყვარს. წლების მანძილზე დავდიოდი ამ სპორტზე, მაგრამ ახლა რაღას ვითამაშებ, ხვალ-ზეგ 70 წლის გავხდები (იცინის)...
- რომელ ოკეანეშია სეიშელის კუნძულები?
- ინდოეთის ოკეანეშია, არა?
- დიახ, ნამყოფი ხარ?
- არა, იმედია, სეიშელის კუნძულებზე დასვენების ბედნიერება წინ მაქვს.
- რომელი ზღვების აუზებს განეკუთვნება საქართველოს მდინარეები?
- შავი და კასპიის ზღვების აუზებს.
- რომელი მოციქული მოკლეს ლოცვის დროს ისრის სროლით?
- თომა.
- რომელი ქვეყნის საპორტო ქალაქია ბილბაო?
- ესპანეთის.
- ვინ გასცა 1832 წლის შეთქმულება?
- არც ეს მახსოვს.
- იასე ფალავანდიშვილმა. რა ჰქვია კოშკს, საიდანაც მუსლიმანებს სალოცავად მოუხმობენ?
- მეჩეთი.
- სწორი პასუხია - მინარეთი. ამ ქვეყნის ფართობი 850 ათასი კვადრატული კილომეტრია. მოსახლეობა - 163 მილიონი კაცი, ოფიციალური ენა - პორტუგალიური, რელიგია - კათოლიკობა, ფულის ერთეული - რეალი, ქვეყანა 26 შტატად და დედაქალაქის ფედერალურ ოლქად იყოფა. დამოუკიდებლობის დღეს 7 სექტემბერს აღნიშნავენ. დაასახელე ეს ქვეყანა.
- იმდენად ბევრი რამ მითხარი, ადვილად გამოვიცანი. ეს ქვეყანა ბრაზილიაა.
- რა ჰქვია ბრაზილიის დედაქალაქს?
- (იცინის) ბრაზილია.
- ამ ქვეყნის დროშა შავი, ყვითელი და წითელი ვერტიკალური ზოლებისგან შედგება.
- ევროპული ქვეყანაა?
- დიახ.
- (ფიქრობს) ბელგია, გამოვიცანი?
- დიახ. რამდენ მეტრს უდრის 1 მილი?
- თუ არ ვცდები 1,600 მეტრს.
- დიახ. კანზასი, კოლორადო, ოკლაჰომა, პენსილვანია, ჯორჯია. რა ჩამოვთვალე ახლა?
- ამერიკის შეერთებული შტატები.
- რომელი მეტია 20-ის 25% თუ 25-ის 20%?
- (ანგარიშობს) 25-ის 20% არის 5. 20-ის 25%-იც 5-ია. ე.ი. ტოლია. მათემატიკა ვიცი.
- მათემატიკის ცოდნა კიდევ ერთი კითხვით გადავამოწმოთ. ოჯახში ცხოვრობენ 1 პაპა, 2 მამა, 1 ბებია, 2 დედა, 3 შვილიშვილი, 1 ძმა, 2 და, 1 დედამთილი, 1 მამამთილი და 1 რძალი. სულ რამდენი სული ცხოვრობს მათ ოჯახში?
- (ფურცელს და კალამს იმარჯვებს და მთხოვს, კითხვა გავუმეორო, პაუზის შემდეგ მპასუხობს) ოჯახი 9 წევრისგან შედგება.
- ცდები, ამ ოჯახში 7 სულია. სარდინია, სიცილია, კორსიკა - ხმელთაშუა ზღვის ამ კუნძულებიდან რომელია ყველაზე პატარა?
- ეს კუნძულები კარგად მახსოვს, ყველაზე პატარა კორსიკაა.
- მსოფლიოს რომელ ქრისტიანულ ტაძარშია შემონახული შოთა რუსთაველის ფრესკა?
- იერუსალიმის ჯვრის მონასტერში.
- რომელმა ცნობილმა მხატვარმა გამოსახა ჯოკონდა ულვაშებით?
- მგონი, სალვადორ დალიმ.
- დიახ. რა დრო სჭირდება დედამიწას მზის გარშემო ერთი სრული ბრუნის გასაკეთებლად?
- 1 წელი.
- დიახ. 365 დღე და 6 საათი. რა არის ის, რაც ყველას და ყველაფერს აქვს?
- (ფიქრობს) არ ვიცი.
- სახელი. "არის რაღაც საერთო ღვინის სმასა და კითხვას შორის, მე მგონი ის, რომ ორივეს ეგრედ წოდებული, პიროვნების თავისუფლებასთან მივყავართ, ოღონდ ერთი - მიშვებული, აგდებული და ულამაზო თავისუფლებაა, უპასუხისმგებლობით გამოწვეული, მეორე კი - შემართებული, გამოცდილი და ყოვლისშემძლე, ამაღლებული..." - გურამ დოჩანაშვილის რომელ ნაწარმოებში ვკითხულობთ ამ სიტყვებს?
- "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა".
- თავად რა საერთოს ნახულობ ღვინის სმასა და წიგნის კითხვას შორის?
- ამაზე კარგად რა უნდა ვთქვა, რაც დოჩანაშვილმა უკვე დაწერა. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ბევრი ღვინის სმა ადამიანისთვის მავნებელია, ბევრი წიგნის კითხვა - არა.
- ერთ-ერთი ბრძენის აზრით, რომელმა ქალმა იცის ყოველთვის, თუ სად იმყოფება მისი ქმარი?
- ქვრივმა.
- რა თანამდებობა ჰქონდათ ძველ შეიარაღებულ ძალებში ადამიანებს, რომლებსაც მკერდზე ტატუირებული ჰქონდათ თუთიყუში?
- არც ეს ვიცი.
- თარჯიმნები იყვნენ. რა ერქვა მდინარეს კანადაში, სადაც პირველად ოქრო იპოვეს?
- კლონდაიკი.
- ვისი აფორიზმია - "გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი"?
- შოთა რუსთაველის.
- კანადის ეს კუნძული ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ ნაპირებთან მდებარეობს და მისი აღმომჩენის (1792 წ.) ინგლისელი მეზღვაურის სახელს ატარებს. რა ჰქვია ამ კუნძულს?
- არ ვიცი.
- ვანკუვერი. ამერიკის ეს პრეზიდენტი ახალგაზრდობაში მოჯამაგირედ, მიწისმზომელად, ტყისმჭრელად და ფოსტის მოხელედაც კი მუშაობდა. დაასახელე იგი.
- ლინკოლნი.
- ეს პოეტი 5 წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა. მამა ხიდან ჩამოვარდა და დაკოჭლდა. ახალგაზრდა პოეტი ბედის საძიებლად დედაქალაქში ჩამოვიდა. 1924 წელს მწერალთა კავშირის განკარგულებით, რამდენიმე ხნით სასტუმრო "გლეხთა სახლში" ცხოვრობდა. 1928 წელს რამდენიმე თვით, გაზეთების მკეცავადაც მუშაობდა. ეს ფაქტი მის დღიურებშიც არის დადასტურებული. - დაასახელე ეს პოეტი.
- სამეგრელოდან იყო?
- დიახ.
- ტერენტი გრანელი.
- დაბოლოს, დაასრულე კონფუცის ცნობილი გამონათქვამი: -"შეგნებული გქონდეს მოვალეობა და არ შეასრულო, ეს ..."
- ეს გამონათქვამი ზეპირად არ მახსოვს.
- "... ეს ლაჩრობაა".
თამუნა კვინიკაძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)