ავტორი:

"მიკროფონთან მივედი და რაღაც ვთქვი... დარბაზმა სიცილი დაიწყო, მაგრამ მე მივხვდი, რომ ჩემი ადგილი სცენაზეა" - ლაგოდეხელი ვირტუოზი "საქართველოს ვარსკვლავში"

"მიკროფონთან მივედი და რაღაც ვთქვი... დარბაზმა სიცილი დაიწყო, მაგრამ მე მივხვდი, რომ ჩემი ადგილი სცენაზეა" - ლაგოდეხელი ვირტუოზი "საქართველოს ვარსკვლავში"

"სცენა არის იარაღი, როკ-ენ-როლი არის ტყვია, ხალხი - სამიზნე" - ეს „საქართველოს ვარსკვლავის“ ერთ-ერთი პირველი აღმოჩენის, ერეკლე თურქაძის სიტყვებია, რომლის გამოსვლამაც ჟიურის წევრებზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა.

როგორ შეძლო 16 წლის ლაგოდეხელმა მსმენელის გაოცება და რა გეგმები აქვს მომავალში - ამის შესახებ AMBEBI.GE-ის მკითხველს ერეკლე თავად უყვება.

- როდის გამოჩნდა მუსიკა შენს ცხოვრებაში?

- ჩემს ცხოვრებაში მუსიკა ბავშვობიდანვე იყო. დედაჩემიც მღერის და რომ ვისმენდი, სულ ვცდილობდი, მეც ავყოლოდი. ოჯახის წევრებმა რომ შეამჩნიეს ჩემი მუსიკისადმი ინტერესი, მუსიკალურ სკოლაში მიმიყვანეს, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ნოტების დაზეპირება არ გამომდიოდა და არც მინდოდა. არ შემიძლია, რამის ფარგლებში ვიყო მოქცეული და რაღაც მზღუდავდეს, მუსიკა თავისუფლებაა.

როცა დავალებად გვაძლევდნენ ნოტებს და კომპოზიცია უნდა დაგვეკრა, მე ნოტებს არ ვიღებდი. მუსიკას ვისმენდი და ისე, ნოტების გარეშე ვუკრავდი. იყო პედაგოგი, რომელიც ხშირად პირველი ისმენდა ჩემს მუსიკას - ციცო ლობჟანიძე, სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. იგი ერთ-ერთი უსაყვარლესი მასწავლებელი იყო ჩემთვის, ყოველთვის დიდი ინტერესით ისმენდა ჩემს მუსიკას, მიწონებდა და ამბობდა, რომ იდეალური სმენა მქონდა.

- საკუთარი მუსიკისა და სტილის შექმნისკენ რამ გიბიძგა?

- როცა გავიგე, რა იყო მუსიკა, როგორ უნდა შევუთავსო ერთმანეთს მუსიკა და ფანტაზია, რეალურად, მაშინ გავხდი მუსიკაზე დამოკიდებული. თავდაპირველად ბლუზმა გამიტაცა. ჯერ "იუთუბზე" მუსიკას ვუსმენდი და სხვების მიხედვით ვსწავლობდი დაკვრას. თანდათანობით, ყურებაც აღარ მჭირდებოდა და მხოლოდ მოსმენითაც ვახერხებდი ბგერების გადმოტანას.

მერე როკ-ენ-როლმა გამიტაცა, დაკვრისას მარჯვენა და მარცხენა ხელის შენაცვლება „დავამუღამე“. ამის შემდეგ ჯაზიც შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. თანდათან ექსპერიმენტების ჩატარება, ჟანრებისა და კომპოზიციების შერწყმა და ასევე, საკუთარი მუსიკის შექმნა, ბლუზის სოლოების საათობით დაკვრა დავიწყე.

ყველა წყნარ და მშვიდ მუსიკას ვიყვანდი ამ სამ მუსიკალურ მიმდინარეობაში. მთელი დღე და ღამე ვუკრავდი, ჩემს ფანტაზიაში კონცერტებს ვატარებდი და ვოცნებობდი, რომ ცნობილი მომღერალი გავმხდარიყავი. ამიტომ გადავწყვიტე „საქართველოს ვარსკვლავში“ მონაწილეობის მიღება.

სხვათაშორის, სამი წლის ვიყავი როცა სცენაზე პირველად მოვხვდი... ჩემი მამიდაშვილი ლაგოდეხის დიდ საკონცერტო დარბაზში უკრავდა. დასასრულს სცენაზე უნდა ავსულიყავი და მისთვის ყვავილები მიმერთმია. ყვავილები რომ გადავეცი, სცენიდან უნდა ჩამოვსულიყავი, მაგრამ დავრჩი და შევხედე ხალხს, რომლებიც თვალებში შემომციცინებდნენ და იმდენად მესიამოვნა, მიკროფონთან მივედი და რაღაც ვთქვი... მთელმა დარბაზმა დაიწყო სიცილი, მაგრამ მაშინ მივხვდი, რომ სცენაზე იყო ჩემი ადგილი.

- ნერვიულობდი კონკურსის კასტინგზე? მით უმეტეს, გარდატეხის ასაკიც ახსენე და გეშინოდა, ხმის დამორჩილება რომ ვერ მოგეხერხებინა.

- შეიძლება, არ მეტყობოდა, მაგრამ ძალიან ვნერვიულობდი. მე კი მომწონს ჩემი მუსიკა, მაგრამ ბევრს ვფიქრობდი იმაზე, რა შთაბეჭდილებას მოვახდენდი ჟიურის წევრებსა და მაყურებელზე.

ხმის გამოც ნამდვილად მაკლდა თავდაჯერებულობა, მაგრამ რა წამსაც დაკვრა დავიწყე და ჟიურის წევრებს შევატყვე, რომ მოვწონდი, ყველაფერი დალაგდა და ბოლომდე გავგიჟდი, გავფრინდი, რასაც ჰქვია...

- სკამიც "გააფრინე" სიმღერის დროს და ეს წინასწარ დაგეგმილი იყო, თუ იქვე მოიფიქრე?

- არასოდეს არ ვფიქრობ არც წინასწარ და არც პროცესში. ვმოქმედებ ისე, როგორც ვგრძნობ. მაგ დროს გონება გათიშული მაქვს. სკამიც რომ გავისროლე, ისიც იმ ემოციის შედეგი იყო, რაც ჩემი მუსიკისა და ჟიურის რეაქციებმა გამოიწვია.

ნათია ადგა და ცეკვა დაიწყო, დათო ევგენიძემ მითხრა, რომ როკ-ენ-როლის დრაივით ვარ დაბადებული, თინათინ ბერძენიშვილმა ვარსკვლავი მიწოდა, დათუნა ალადაშვილმა დაკვრა მომიწონა. მოკლედ, ჟიურის წევრების შეფასების შემდეგ იმდენად თავდაჯერებული ვარ, რომ რა დაბრკოლებაც არ უნდა შემხვდეს, ყველაფერს გადავლახავ და აუცილებლად მივაღწევ ჩემს მიზანს.

- ოჯახს როგორი დამოკიდებულება აქვს შენს მუსიკაზე? ხელს არ უშლით შენი 24 საათის განმავლობაში დაკვრა?

- რა თქმა უნდა, გარკვეული დოზით შემაწუხებელია ოჯახის წევრებისთვისაც და მეზობლებისთვისაც. ისინი თავის საქმეს აკეთებენ, მუშაობენ, რაღაცას უყურებენ, შენ კი ამ დროს შენს სამყაროში ხარ და აშკარად ხელს უშლი იმათ. მართლა რთულია მათი შეწუხებული სახეების ყურება, მაგრამ იმდენად მიყვარს ჩემი საქმე, რომ მასზე უარს არასოდეს ვიტყვი.

თანაც, ოჯახის წევრებმა რომ დაინახეს, ეს საქმე გამომდის, მიყვარს და თან ხალხსაც მოსწონს, უფრო ხელს მიწყობენ. ჩემი მთავარი და ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან.

- მხატვრული გამონათქვამებით, შედარებებითა და მეტაფორებით გამოირჩევი. წინასწარ იგონებ, სადმე კითხულობ?

- არსად არ ვკითხულობ, ყოველთვის თავისთავად მოდის. ერთხელ ესეების კონკურსში მივიღე მონაწილეობა და სწორედ მაგ მხატვრულობის გამო გავიმარჯვე. იგივე ხდება მუსიკაში. უბრალოდ, ის შედარებები და მეტაფორები, რასაც მეტყველებაში ვიყენებთ, მუსიკაში მუსიკალურ ბგერებად გარდაიქმნება.

- და რა მიზანი გაქვს ცხოვრებაში და ვინ არის შენი შთაგონების წყარო?

- დაახლოებით ერთი წლის წინ დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ ადამიანები იბადებიან და უმეტესობა ისე კვდება, მათი კვალი არ არჩება. ამ ფიქრმა ისე ცუდად გამხადა, მივხვდი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი შემოქმედებით კვალი დავტოვო ამ ცხოვრებაში. მინდა მტრედივით ვიყო მუსიკაში, დავფრინავდე და ჩემი ფანტაზია ბგერებით გადმოვცე.

ჩემი შთაგონების წყარო არის მომავლის „მე“ - შემდგარი, პროფესიონალი მუსიკოსი, რომელიც ძალიან დიდ მწვერვალებს დაიპყრობს და რომლის მუსიკასაც მილიარდობით მიმდევარი ეყოლება.

- ვინ არის ერეკლე თურქაძე ახლა, სანამ „საქართველოს ვარსკვლავში“ ბოლო სიტყვას იტყვის?

- ერთი ონავარი ბიჭი, რომელსაც აქვს შინაგანი დრაივი, ცოტრაოდენი ფანტაცია, ემოციები და ოცნებები.

ავტორი: მარიამ ტურძილაძე

"ნოტები არ იცის, დაკვრა არ უსწავლია, ეს მისი სმენის დამსახურებაა" - რას ყვება ვირტუოზი 5 წლის ბიჭუნას დედა, რომლის ვიდეოებსაც ინტერნეტში ათასობით მოწონება აქვს

"ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ... თეატრებს არ გვახსნევინებენ და ამ დროს 1000-კაციანი კონცერტი ტარდება" - რას აპროტესტებენ მსახიობები?

რატომ მოირგო ანგელოზის ფრთები სალომე ბაკურაძემ - "ერთ ადგილას ვერ გავჩერდებით... ამიტომ, აღარ დაველოდე მომდევნო წელს"