ავტორი:

მეცნიერების უნიკალური დასკვნა მუსიკის დადებით გავლენაზე - "კლასიკის მოსმენა ჯანმრთელობას და მეხსიერებას აუმჯობესებს"

მეცნიერების უნიკალური დასკვნა მუსიკის დადებით გავლენაზე - "კლასიკის მოსმენა ჯანმრთელობას და მეხსიერებას აუმჯობესებს"

მერილენდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საყვარელი მუსიკის მოსმენა სისხლძარღვებისა და გულის ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს.

კვლევის შედეგები ახალ ორლეანში ამერიკის კარდიოლოგიური ასოციაციის შეხვედრაზე წარადგინეს. აღმოჩნდა, რომ დადებით ემოციებს, რომელსაც საყვარელი ან უბრალოდ სასიამოვნო მუსიკის მოსმენის შედეგად იღებთ, სისხლძარღვებზე გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს.

10 ადამიანზე ჩატარებული კვლევა ოთხ ეტაპად დაიყო. თავდაპირველად მათ მოასმენინეს მუსიკა, რომელმაც, მათი თქმით, მხიარული ემოციები გამოიწვია. მეორე ეტაპზე ისმენდნენ მუსიკას, რომელმაც მათში შიშის გრძნობა აღძრა. მესამე ეტაპზე ექსპერიმენტის მონაწილეებს მოასმენინეს მუსიკა რელაქსაციისთვის, ხოლო მეოთხე ეტაპზე მათ კომედიური ვიდეორგოლები აჩვენეს.

ექსპერიმენტის ყოველი ეტაპის დაწყების წინ, სწავლობდნენ სისხლ-ძარღვების მდგომარეობას და რეაქციას სისხლის ნაკადის მკვეთრი ზრდისას. მეცნიერები განსაკუთრებით დაინტერესდნენ, თუ როგორ რეაგირებენ ემოციებზე ძარღვების შიდა ზედაპირული შრის უჯრედები - ენდოთელები, რომლებიც სისხლის მიმოქცევასა და სისხლის შედედებას არეგულირებენ. სწორედ მათზეა დამოკიდებული გულსისხლძარღვთა დაავადების რისკის განვითარება.

შედეგებმა აჩვენა, რომ ექსპერიმენტის მონაწილეებს, რომელთაც მხიარული მუსიკა მოისმინეს, სისხლძარღვები 26%-ით გაუფართოვდათ, საშიში მუსიკის შემთხვევაში - მხოლოდ 6%-ით, მათ, ვინც კომედიურ ვიდეორგოლს უყურა 19%-ით, ხოლო მათ, ვინც უსმენდა მუსიკას რელაქსაციისთვის - 11%-ით.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მუსიკაზე სისხლძარღვების რეაქცია შესაძლოა სიხარულის ჰორმონით - ენდორფინებით იყოს გამოწვეული.

როგორც აღმოჩნდა, სასიამოვნო მელოდიების მოსმენა მხოლოდ ადამიანებზე არ ზემოქმედებს დადებითად - სხვადასხვა მეცნიერულმა კვლევამ მუსიკის მიმართ ცხოველების საინტერესო დამოკიდებულება გამოავლინა.

ფერმერებისთვის აქამდეც ცნობილი იყო, რომ სასიამოვნო მუსიკის ფონზე ძროხები გაცილებით მეტ რძეს იწველებიან. თუმცა, 2001 წლის კვლევით აღმოჩნდა, რომ მათ მუსიკა არა მხოლოდ აღაგზნებთ, არამედ - სხვადასხვა მელოდიას არჩევენ კიდეც.

ლაიცესტერის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, ძროხებს სხვადასხვა მარტივად მოსასმენი მელოდია ჩაურთეს, რამაც, საბოლოო ჯამში, მოწველილი რძის 3%-ით გაზრდა გამოიწვია. თუმცა, როგორც კი მუსიკის მელოდია აჩქარდა, ეს ბენეფიტი გაქრა.

ჟურნალ Frontiers in Neurology-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ თაგვები, რომლებსაც კლასიკურ მუსიკას ასმენინებდნენ, ტკივილისა და ანთებითი პროცესებისგან ბევრად ნაკლებად იტანჯებოდნენ, ვიდრე თაგვები, რომლებსაც მუსიკას არ ასმენინებდნენ.

იუტას უნივერსიტეტის მეცნიერები დაზიანებული თათების მქონე თაგვებს მოცარტის სამ სამსაათიან კომპოზიციას ასმენინებდნენ. 21-დღიანი ექსპერიმენტის შემდეგ თაგვები, რომლებიც მუსიკას უსმენდნენ, დაზიანებული თათებით წნევასა და მაღალ ტემპერატურას 77 პროცენტით უფრო დიდხანს უძლებდნენ, ვიდრე ისინი, რომლებიც მუსიკას არ უსმენდნენ.

მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ მუსიკა გარკვეული მედიკამენტების ეფექტურობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებდა. მაგალითად, შესიების დასაცხრობად, მოცარტითა და იბუპროფენით მკურნალობისას, მხოლოდ იბუპროფენით მკურნალობასთან შედარებით, მეცნიერებმა 93 პროცენტით უფრო ეფექტური შედეგი მიიღეს. კანაბიდიოლი კი მუსიკასთან ერთად 21 პროცენტით უფრო ეფექტური იყო.

კვლევის ავტორი ზეგორზ ბულაი აცხადებს, რომ ტკივილგამაყუჩებლების დიდი ნაწილი ორგანიზმისთვის ტოქსიურია, მუსიკის გამოყენებით კი შესაძლებელია გამოსაყენებელი მედიკამენტის დოზა შემცირდეს, რაც ორგანიზმზე დადებით გავლენას მოახდენს.

მეცნიერები ახლა იმის დადგენას ცდილობენ, ზუსტად რა ტიპის ელექტრულ აქტივობას წარმოქმნის მუსიკა ტვინში, რაც ტკივილის შემცირებას იწვევს.

ავტორები ასევე აცხადებენ, რომ ამ მიზნისათვის ყველა ტიპის მუსიკა გამოსადეგი არ არის. მოცარტის მუსიკა ექსპერიმენტისათვის სპეციალურად შეირჩა, რადგან წინამორბედი კვლევა მიუთითებდა, რომ მისი მუსიკის განმეორებად სტრუქტურას ნერვულ სისტემაზე დადებითი გავლენა ჰქონდა.

არსებობს თეორია იმის შესახებ, რომ კლასიკური მუსიკა ადამიანს სწავლაში ეხმარება და მეხსიერებასაც აუმჯობესებს.

ბულგარელი ფსიქიატრი გიორგი ლოზანოვი 30 წლის განმავლობაში სწავლობდა მუსიკის ზემოქმედებას სწავლასა და მეხსიერებაზე. სწორედ იგი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც დაადგინა, თუ რომელი მუსიკალური ჟანრი იყო საუკეთესო მეცადინეობისთვის. ეს სწორედ კლასიკური მუსიკა აღმოჩნდა. მეცნიერის მტკიცებით, სწავლის პროცესი სამ ეტაპად იყოფა და თითოეულისთვის რეკომენდირებულია კონკრეტული მუსიკალური ნაწარმოები.

ე.წ რელაქსაციის, ანუ განტვირთვის სტადია, რომელიც სწავლის დაწყებამდე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ლოზანოვის აზრით, 3-5 წუთის განმავლობაში განმტვირთველი კლასიკური მუსიკის მოსმენა გაზრდის მეცადინეობისას ინფორმაციის ათვისების ხარისხს. მაგალითისთვის შეგიძლიათ მოუსმინოთ Claude Debussy’s Deux Arabesques-ს. ამას მოსდევს აქტიური სწავლის ეტაპი, რომლის დროსაც ხდება ინფორმაციის ძირითადი ნაწილის ათვისება, ამ დროის მონაკვეთში რეკომენდირებულია კლასიკური მუსიკის უფრო ექსპრესიული ნაწარმოებები. მაგალთად: Tchaikovsky’s Concerto No. 1 in B flat minor for Piano and Orchestra.მესამე ფაზა არის მეხსიერების კონსოლიდაციის ფაზა, როდესაც თქვენ აჯამებთ მიღებულ ცოდნას, ინფორმაციის ხანგრძლივი შენარჩუნებისთვის კი ლოზანოვი გვირჩევვს პასიურ, მელოდიურ კონცერტს. მაგალითად: Corelli’s Concerti Grossi, Op. 6, No. 2

"წლის დაგვირგვინება..." - პატრული ხელის მოსაწერად პირდაპირ სამოქმედო კვადრატიდან მივიდა (ფოტო)

მილიარდერის ახირებები - მარკ ცუკერბერგი ხორცს მხოლოდ მაშინ ჭამს, თუ ცხოველი თავად მოკლა

“33 წლამდე ასაკის კაცები უსარგებლოები არიან“ - ჯენიფერ ლოპესი