ავტორი:

"ბევრს ჰგონია, წმინდა ნიკოლოზის სახელი მქვია, სინამდვილეში..." - რას ყვება "საქართველოს ვარსკვლავის" მონაწილე სახელის უჩვეულო ისტორიასა და ცნობილ ტყუპისცალზე

"ბევრს ჰგონია, წმინდა ნიკოლოზის სახელი მქვია, სინამდვილეში..." - რას ყვება "საქართველოს ვარსკვლავის" მონაწილე სახელის უჩვეულო ისტორიასა და ცნობილ ტყუპისცალზე

ტყუპების კვალობაზე, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან გარეგნობითაც და ხასიათითაც. "საქართველოს ვარსკვლავის" მეორე სეზონის მონაწილე ნიკა კალანდაძე წინა სეზონის ერთ-ერთი ფავორიტის ლიზა კალანდაძის ტყუპისცალია და პირველივე ნამღერით შეძლო ჟიურის და მსმენელის მოხიბვლა.

თუმცა, კონკურსში მონაწილეობაზე დიდხანს იფიქრა: "მე და ლიზა იმით განვსხვავდებით, რომ მას შეცდომების დაშვების არ ეშინია, ჩემგან განსხვავებით. მე დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ნაბიჯი გადავდგა" - გვეუბნება ნიკა.

რატომ ყოყმანობდა, სანამ კონკურსში მივიდოდა და რატომ დაარქვეს მშობლებმა ნიკა - ამის შესახებ კონკურსანტი AMBEBI.GE-ს ესაუბრა:

- როდის დაინტერესდი მუსიკით?

- მე და ლიზა ბებიამ მიგვიყვანა მუსიკაზე. მაშინ 7 წლისანი ვიყავით და მას შემდეგ ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ იმაში, რომ ამ დღემდე მოვსულიყავით. ძალიან დიდხანს ვემზადებოდით, მე - განსაკუთრებით, რადგან ლიზამ გაცილებით ადრე გარისკა და მიიღო გამოცდილება ამ სფეროში, მე კი უფრო დიდი დრო დამჭირდა ამისთვის.

- აქამდე რატომ არ იღებდი კონკურსებში მონაწილეობას?

- ყოველთვის ეჭვი შემქონდა საკუთარ შესაძლებლობებში. ვიცოდი, რომ არ ვიყავი მზად და ამას ოჯახის წევრებიც მეუბნებოდნენ. იციან, როგორი ემოციური ვარ და ისიც იციან, რამდენად დიდი სტრესი ახლავს თან მუსიკალურ კონკურსებს. ამიტომ, ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი და „საქართველოს ვარსკვლავში“ მოსვლას გავბედავდი.

- შარშან არ გიფიქრია მონაწილეობის მიღებაზე, როცა შენი დაც იყო კონკურსანტი?

- შარშან ნამდვილად არ ვიყავი ამისთვის მზად. ისიც ვიცოდი, რომ აუცილებლად შეგვადარებდნენ ერთმანეთს. რეალურად, ახლაც გვადარებენ, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გასაკვირი არ არის და ამის ნამდვილად არ მეშინია. დავდიოდი კონცერტებზე და მეც ვხედავდი ჩემ თავს სცენაზე. ძალიან მინდოდა, რომ ერთ დღეს მეც დავმდგარიყავი იქ და ხალხისთვის მეჩვენებინა ის, რაც ლიზამ აჩვენა.

- როგორი იყო ჟიურის წინაშე გამოსვლა?

- ისე ვნერვიულობდი, რომ ახლაც არ მახსოვს, იქ როგორ გავედი. უბრალოდ, რადგან უკვე მისული ვიყავი, ჩემი თავი დავარწმუნე, რომ იქიდან გასაქცევი არ მქონდა და ბოლოს და ბოლოს, ეს უნდა გამეკეთებინა.

არაფერი არ მახსოვს, რაც იქ მოხდა - არც ჟიურის წევრების რეაქციები, არც ჩემი სიმღერა. "ფეისბუქზე" ვიდეო რომ დაიდო, პირველ დღეს ვერ გავბედე ნახვა. ჩავრთე და გამოვრთე. მეორე დღეს მოვუსმინე. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მომეწონა, მეტი შემიძლია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველად ვიმღერე ჟიურის წინაშე, ამის კვალობაზე ნორმალური იყო.

- მუსიკის გარდა კიდევ რა ინტერესები გაქვს?

- მამაჩემი ცხენოსანია და როცა დრო გვაქვს, ერთად ვსეირნობთ ხოლმე. დამშვიდებისა და განტვირთვისთვის არაჩვეულებრივია. ასევე ფოტოგრაფიით ვარ გატაცებული. ძალიან მიყვარს ფოტოების გადაღება. ესეც გარკვეულწილად მამშვიდებს და ახალი ენერგიით მავსებს.

- ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია შენმა სახელმა...

- ჩემი სახელი ბავშვობიდანვე იწვევს აჟიოტაჟს. მოსწავლეობის პერიოდში სულ დამცინოდნენ ამაზე, მაგრამ მე არც მაშინ ვაქცევდი ყურადღებას და არც ახლა. ჩემს სახელს ძალიან კარგი ისტორია აქვს და ძალიან მიყვარს. ნიკა - ჩემი ნათლობის სახელია.

დედაჩემმა იცოდა, რომ ნიკა გამარჯვების ქალღმერთის სახელია და ამიტომ აპირებდა მის დარქმევას. შემდეგ მეგობარმა მოუტანა წიგნი, სადაც წმინდანთა სახელები იყო ჩამოთვლილი. იქ დედათა სახელებში ამოიკითხა წმინდა ნიკა და საბოლოოდ გადაწყვიტა ამ სახელის დარქმევა.

ბევრს ჰგონია, რომ წმინდა ნიკოლოზის სახელი მქვია. სინამდვილეში, კორინთელი მოწამის, წმინდა ნიკას სახელი მქვია, რომელიც წმინდა ნიკოლოზამდე ნახევარი საუკუნით ადრე ცხოვრობდა და თავისი სიცოცხლე ქრისტიანობას შესწირა.

ნიკა ქრისტიანობას წმინდა მოწამე კოდრატმა აზიარა. წმინდა ნიკას სხვა მოსწავლეებთან ერთად დევნიდნენ ურწმუნოები ქრისტიანობის გამო. არცერთმა მოსწავლემ არ უარყო ქრისტიანობა.

ყველა მათგანი, მათ შორის ნიკა, ზღვაში გადაყარეს, მაგრამ მათი რწმენა იმდენად ძლიერი იყო, რომ წყალში არ ჩაიძირნენ, წყალზე სვლა გააგრძელეს და გალობდნენ... მდევრები იძულებულნი გახდნენ, გემით დაწეოდნენ. წმინდა ნიკას ქვა მოაბეს და ჩაძირეს. ის კი სიკვდილამდე მღეროდა...

- და ბოლოს, რა მიზნით მიხვედი „საქართველოს ვარსკვლავში“?

- ვერ ვიტყვი, რომ გამარჯვებისთვის მოვედი. ის, რომ მე სცენაზე გამოსვლის შიში დავამარცხე, ეს არის ჯერჯერობით ყველაზე დიდი მიღწევა. პირველ რიგში, ჩემ თავს დავუმტკიცე, რომ შემიძლია ხალხის წინაშე გამოსვლა და არ უნდა ვიყო შებოჭილი, როგორც მანამდე ვიყავი.

ავტორი: მარიამ ტურძილაძე

ყველაფერი თავის მოვლისთვის ერთ სივრცეში - Beauty Exhibition 2019 იწყება

"ამ ეტაპზე თვალს ბოლომდე ვერ ვახელ" - მსახიობს, რომელსაც 20 ივნისის ღამეს რეზინის ტყვია მოხვდა, მხედველობა ჯერ არ აღდგენია

"კიანუს სურს, ცხოვრება მასთან ერთად გაატაროს და ეს არავისთან დამალოს" - რივზი შეყვარებულია