ავტორი:

ბულინგის მსხვერპლი გოგონა, რომელმაც ცხოვრების თავიდან დაწყება შეძლო - "მინდა იცოდნენ ამ ადამიანებმა, ყველას ყველაფერი ვაპატიე..."

ბულინგის მსხვერპლი გოგონა, რომელმაც ცხოვრების თავიდან დაწყება შეძლო - "მინდა იცოდნენ ამ ადამიანებმა, ყველას ყველაფერი ვაპატიე..."

მარიამ შვანგირაძე ცნობილი ქუთაისელი პოეტის, ლილი ნუცუბიძის შთამომავალია. სანამ „საქართველოს ვარსკვლავის“ კონკურსანტი გახდებოდა, 10-მდე სხვა კონკურსში უთხრეს უარი, მაგრამ არ დანებდა და მისმა ბრძოლისუნარიანობამ შედეგი გამოიღო.

19 წლის მარიამი ერთ-ერთია იმ ადამიანთაგან, რომლებმაც გაბედეს და ბულინგზე თამამად ალაპარაკდნენ. AMBEBI.GE-სთან საუბარში თავისი ცხოვრების ყველაზე მტკივნეულ პერიოდს იხსენებს და გვიყვება, თუ როგორ იპოვა გამოსავალი, რომ ცხოვრება გაეგრძელებინა და ისეთი მხიარული ადამიანი ყოფილიყო, როგორიც ახლაა.

- მუსიკალური განათლება გაქვს, თუ თვითნასწავლი ხარ?

- ორი წლიდან ვმღერი. როდესაც სიმღერა დავიწყე, ვერც ვიაზრებდი, რომ ეს ჩემი საყვარელი საქმე გახდებოდა. პედაგოგთან არასოდეს არ მივლია, თვითნასწავლი ვარ. საოპერო სიმღერებს ვასრულებდი 5 წლის განმავლობაში, მხოლოდ ამ მიმართულებით მყავდა პედაგოგი. არაერთ კონურსში მიმიღია მონაწილეობა, ბევრჯერ პირველი ადგილიც ამიღია, მსმენელის სიმპატიაც და სხვ.

მერე მივხვდი, რომ ჩემ თავს პოპში უფრო ვხედავდი, ვიდრე კლასიკურ მუსიკაში.

- შენი დიდი ბებიის ლექსებზე არაერთი სიმღერაა დაწერილი. მათ თუ ასრულებ ხოლმე?

- დიახ, რა თქმა უნდა. მის საიუბილეო საღამოებზე ხშირად გამოვდივარ. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ლილი ნუცუბიძის შვილიშვილობა, რადგან ქუთაისში და არამხოლოდ, ყველამ იცის მისი სახელი და გვარი. სულ ვფიქრობ, რომ ჩემი ქალაქი, ჩემი ქვეყანა ერთ არასწორ ნაბიჯს არ მაპატიებს, თუნდაც იმიტომ, რომ ასეთი ქალის შთამომავალი ვარ.

ძალიან ბევრ კარგ ამბავს იხსენებენ ხოლმე მასზე და ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალია.

- მოკლედ, სცენა შენთვის უცხო ადგილი არ არის.

- არა, არც დიდი და არც პატარა სცენა ჩემთვის უცხო არ არის, მიჩვეული ვარ და ძალიან მიყვარს. 8 წლის ვიყავი პირველად მინუს ფონოგრამაზე რომ ვიმღერე. სხვათაშორის, მაგ დღეს ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღე - ერთი ის, რომ აღარასოდეს აღარ ვიმღერებდი ჩანაწერზე და მეორე ის, რომ ეს იყო საქმე, რომლის კეთებაც მსიამოვნებდა და მინდოდა.

ყველა კონკურსში მივიღე მონაწილეობა, რაც კი საქართველოში ჩატარდა, მაგრამ პრეკასტინგის შემდეგ არასოდეს მირეკავდნენ ხოლმე. რეალურად, იმის მისაღწევად, რასაც ახლა მივაღწიე, ექვსი წელი დამჭირდა. მთავარი მიზეზი, რატომაც არ მირეკავდნენ, ალბათ, გამბედაობის ნაკლებობა იყო და ამას ჟიურიც ამჩნევდა. შიში და ნერვიულობა ყოველთვის ეტყობა მომღერალს.

- კონკურსებში მონაწილეობის დროს დაემთხვა ის რთული პერიოდი, როდესაც თანატოლები გამცირებდნენ, გაბულინგებდნენ?

- დიახ, ეგ პერიოდი იყო. ალბათ, მაგიტომაც ვიღებდი მონაწილეობას კონკურსებში. მინდოდა, დამემტკიცებინა, რომ არ ვიყავი ცუდი ადამიანი და იმაზე მეტი შემეძლო, ვიდრე მათ წარმოედგინათ. ყოველი უარის შემდეგ, მაინც რომ მივდიოდი იქ და ვმღეროდი, ამით საკუთარ თავს გამბედაობას ვძენდი.

- ოჯახის წევრებს თუ ესაუბრებოდი შენს პრობლემებზე?

- არა, რადგან ყოველთვის მქონდა დამოუკიდებლობის სურვილი, არ მიმაჩნდა საჭიროდ, ჩემს პრობლემებში ვინმე ჩარეულიყო და მინდოდა, რომ თავად მომეგვარებინა ყველაფერი. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ გამომდიოდა. თუკი ვინმე ავტორიტეტული არ მისცემდათ შენიშვნას, ჩემი, როგორც ბავშვის, სიტყვები მათთვის არაფერს ნიშნავდა.

მე ძალიან მორწმუნე ოჯახში გავიზარდე. ბავშვობიდანვე მასწავლიდნენ, რომ ერთ ლოყაში თუ გაგარტყამენ, მეორე უნდა მიუშვირო. ამ აზროვნებით გაზრდილი ვერ ვახერხებდი, რომ მათთვის ისეთივე შეურაცხყოფა მიმეყენებინა, როგორსაც მე მაყენებდნენ...

- გამოსავალი რაში იპოვე?

- ახალი საქმე და ახალი ადამიანები. უფრო აქტიური გავხდი, არასამთავრობო ორგანიზაციებში დავიწყე სიარული, ტრენინგებს ვესწრებოდი, ფორუმებში ვმონაწილეობდი... ახალი ნაცნობები გავიჩინე. ასე იყო საჭირო, მეორე სოციუმს პირველი უნდა გადაეფარა და გადაფარა კიდეც.

- როგორ ფიქრობ, ის ადამიანები, რომლებიც წარსულში გაბულინგებდნენ, სიუჟეტის ნახვისა და ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ მიხვდებიან, რომ მათი ვითომ ხუმრობები ამხელა გავლენას ახდენდა შენზე?

- ალბათ, ზოგიერთი მიხვდება, მაგრამ იქნებიან ისეთებიც, რომლებიც ვერც ზრდასრულ ასაკში ვერ გააანალიზებენ შეცდომებს და იმავეს გაიმეორებენ. მინდა იცოდნენ ამ ადამიანებმა, რომ ყველას ყველაფერი ვაპატიე.

მე ვფიქრობ, ბულინგზე ხმამაღლა საუბარი თუნდაც იმიტომ ღირს, რომ ერთი ადამიანი მაინც დაფიქრდეს ამ პრობლემაზე, რაც, რეალურად, ძალიან ბევრს აწუხებს. ესეც შეიძლება გახდეს და არაერთხელ გამხდარა კიდეც სუიციდის მიზეზი. მეც მიფიქრია, რა მოხდებოდა, თუკი აღარ ვიქნებოდი, ვინ იდარდებდა, ვინ იტირებდა...

მაგრამ იმაზე ფიქრი, რომ ჩემი ხელით დამესრულებინა სიცოცხლე, აკრძალული მქონდა, რადგან ვიცოდი, რომ ეს არ შეიძლებოდა. არიან ადამიანები, რომლებიც ვერ უმკლავდებიან შავ ფიქრებს. მე მტკივა ყველა ის გაუგრძელებელი სიცოცხლე და ჩემი არსებობით მინდა ისიც გავაკეთო, რაც მათ უნდოდათ, მაგრამ ვერ გააკეთეს.

სიუჟეტს, რომელშიც ბულინგზე ვსაუბრობ, უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. სრულიად უცხო ადამიანები ძალიან დიდ სითბოს გამოხატავენ და მათ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, მათი თანადგომა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

პირად შეტყობინებებშიც არაერთმა ადამიანმა მომწერა. ჩემი ტოლებიც და ჩემზე პატარებიც ჯერ კიდევ დგანან ამ პრობლემის წინაშე. ისინი იჩაგრებიან და ამაზე ხმამაღლა ვერ საუბრობენ. მწერენ, რომ ქუჩაში გასვლის ეშინიათ, თავი უსუსური ჰგონიათ და მეკითხებიან, მე როგორ ვძლიე ამ შიშებს.

- რას ეტყვი ადამიანებს, რომლებიც ბულინგის მსხვეპლნი არიან?

- უნივერალური გამოსავალი არ არსებობს, შენ თვითონ უნდა მიხვდე, რა გხდის კარგად, რა გაბედნიერებს და მთელი ენერგია ამისკენ მიმართო. ვურჩევდი, რომ აუცილებად სცადონ და აპატიონ იმ ადამიანებს, რომლებიც ავიწროვებენ, შეუარცხყოფას აყენებენ. ვიცი რთულია, მაგრამ საჭიროა. ასევე, ვურჩევდი, ყველა სახის გამოცდილება, დადებითიც თუ უარყოფითიც, გამოიყენონ იმისთვის, რომ ბოლოს იბრწყინონ.

- მუსიკის გარდა რით ხარ დაკავებული?

- სამედიცინო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი ვარ. ყველაზე მეტად სწორედ ეს ორი სფერო მაინტერესებდა - მუსიკა და მედიცინა. როცა კონკურსებიდან უარით მისტუმრებდნენ, წიგნებს ვკითხულობდი. როცა სამედიცინო ლიტერატურა მომწყინდებოდა, ვმღეროდი. ასე რომ, ეს ორი სფერო ერთმანეთს აბალანსებს.

ერთხელ სოფო ბათილაშვილმა მკითხა: რას აპირებ, ორივე სფეროში ხომ ვერ იქნებიო. მე ვუპასუხე: ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობების 100 %, მაგრამ მე მაქვს 200 და შემიძლია, ორივე სფეროში დავიხარჯო 100-100 პროცენტით-მეთქი.

- ბევრი იმედგაცრუება გადაიტანე და არ გეშინოდა, რომ შეიძლებოდა ეს მცდელობაც წარუმატებელი აღმოჩენილიყო?

- ძალიან მეშინოდა. ვიცი, რომ უსმენო არ ვარ, მაგრამ ყველა ადამიანს განსხვავებული მუსიკალური გემოვნება აქვს. არ ვიცოდი, ჟიურის ოთხი წევრიდან რამდენის გულის მოგებას მოვახერხებდი. თუმცა, იმის ყველაზე დიდი მაგალითი, რომ არასოდეს არ უნდა დანებდე და მიზნისკენ უნდა ისწრაფოდე, წინ მეჯდა - ნათია თოდუა. ჟიურის წევრებმა შეფასება რომ დაიწყეს, მაშინ გავიაზრე, რომ კონკურსში ვიყავი.

როცა წლების განმავლობაში ელოდები რაღაცას და, ბოლოს და ბოლოს, ხდება, ძალიან ემოციური მომენტია...

ავტორი: მარიამ ტურძილაძე

"დაჩაგრული ქალების სახე ვიქნები" - რატომ გადაწყვიტა ბარბარა სამხარაძემ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა

სკოლაში ხატვის მასწავლებელმა მითხრა, რომ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა - თვითნასწავლი ქართველი მხატვარი ცნობილი ოჯახიდან

"ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან, ასე რომ, რთული ბრძოლა იქნება" -  როგორ აფასებენ "საქართველოს ვარსკვლავის" შერჩეულ ათეულს ჟიურის წევრები