ავტორი:

"ფეხმძიმე შაჰიდი ქალები შედიოდნენ და თავს იფეთქებდნენ... აქ სულ საომარ რეჟიმში ვართ" - როგორ ცხოვრობენ ქართველი ებრაელები ისრაელის ყველაზე საშიშ ადგილებში

"ფეხმძიმე შაჰიდი ქალები შედიოდნენ და თავს იფეთქებდნენ... აქ სულ საომარ რეჟიმში ვართ" - როგორ ცხოვრობენ ქართველი ებრაელები ისრაელის ყველაზე საშიშ ადგილებში

მეორე დღეა ისრაელში განსაკუთრებული მდგომარეობა გამოცხადდა. მდგომარეობა ვრცელდება ღაზას სექტორიდან 80 კილომეტრის რადიუსში მდებარე დასახლებულ პუნქტებზე, ასევე იერუსალიმსა და თელ-ავივზე.

რამდენიმე დღის წინ, პალესტინურმა „ისლამურმა ჯიჰადმა“ ისრაელს ომი გამოუცხადა, მას შემდეგ რაც ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა „ისლამური ჯიჰადის“ მეთაური ბაჰა აბუ ალ-ათა მოკლეს. მის სახელს ასობით ტერაქტი უკავშირდება ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე.

საპასუხოდ, ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიაზე მასობრივი სარაკეტო დარტყმები განხორციელდა. სარაკეტო დარტყმების გამო განგაშის სიგნალები ჩაირთო ქალაქებში თელ-ავივი, მოდიინი, ხოლონი, აშქელონი და რიშონ ლე-ციონი.

A rocket fired by Islamic Jihad at Israel missed and hit a building in Gaza.

You can guess who the media is going to blame for this. #JihadEnough pic.twitter.com/CSYJHMvkWL
— Hananya Naftali (@HananyaNaftali) November 13, 2019

აღნიშნულ ქალაქებში 48 საათის განმავლობაში ყველაფერი დაიკეტა, მოსახლეობამ სპეციალურად მომზადებულ ოთახებს, ე.წ. მიკლატებს შეაფარა თავი.

ისრაელში მცხოვრები ქართველები და ქართველი ებრაელები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე სიტუაცია ნელ-ნელა წყნარდება, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი რეალობა ქვეყანაში წლებია გრძელდება.

AMBEBI.GE-ს ერთ-ერთი რესპონდენტის თქმით, ტერორისტ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მკვლელობის შემდეგ, ისრაელში მდგომარეობა დაიძაბა და სამი კვირაა ხშირად ესმით მოქალაქეებს სირენის ხმა, რათა თავი დაცულ ადგილებს შეაფარონ.

ელგა ქართველი ებრაელია, საქართველოდან სამშობლოში საცხოვრებლად 26 წლის წინ გადავიდა.

"26 წელია რაც ისრაელში ვცხოვრობ, ქალაქ ნაზარეთში. ქალაქი იყოფა ორ ნაწილად - დაბლა და მაღლა ნაზარეთად, დაბლა ნაწილი ეკუთვნით არაბებს, იქ ებრაელები არ ცხოვრობენ, ამის მიუხედავად ურთიერთობა კარგი გვაქვს, არაა კონფლიქტური გარემო.

14 წლის წინ მახსოვს მხოლოდ ომის პერიოდი იყო, საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა მაშინ, "ჰისბალა" ქალაქ ხაიფას უმიზნებდა, სადაც არის ბენზინ-ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა და ეს ჩვენ ქალაქსაც შეეხო.

მახსოვს, სირენების შემზარავი ხმა, ქუჩებში მოძრაობდა გაბოროტებული ხალხი, სულ იმის მოლოდინში, რომ სირენის ჩართვის შემდეგ მალე მისულიყვნენ ადგილზე და "მიკლატისთვის" შეეფარებინათ თავი

ყველა სახლს და დაწესებულებას აქვს დაცული ოთახები, ანუ "მიკლატები", სადაც არაფერი არაა, მხოლოდ 4 კედელი. სირენის ხმაზე ყველა იმ ოთახს აფარებს თავს და ელოდება როდის გაჩერდება ეს საზარელი ხმა.

ეს ნაზარეთში მხოლოდ ერთხელ მოხდა და რა უნდა ქნას აშკელონში მცხოვრებმა მოსახლეობამ, რომლებიც წლების მანძილზე ყოველდღიურად ამ შიშის ქვეშ იმყოფებიან?!

- როგორ უძლებთ ასეთ მდგომარეობას?

- მუდმივად საომარი ვითარება შიშს იწვევს ბავშვებში. დაიბომბა თელ-ავივი, ბათ-იამი, ეს ადრე არასდროს მომხდარა, ძირითადი ეპიცენტრი აშკელონი და მიმდებარე ტერიტორიები იყო ხოლმე. ვითარება ძალიან დაძაბულია, არ მუშაობს არცერთი დაწესებულება. გვეუბნებიან, 3 დღეზე მეტხანს არ უნდა გასტანოს, თუმცა არ ვიცით რას ველოდოთ, ძალიან ვნერვიულობთ" - უყვება AMBEBI.GE-ს ელგა ნაზარეთიდან.

ირაკლი ნესუაშვილი თბილისელია, ვერაზე დაიბადა და გაიზარდა. ექვსი წელია ისრაელში, ქალაქ ბათ-იამში ცხოვრობს და უკვე ისრაელის მოქალაქეა.

"წლებია ისრაელში, ქალაქ ბათ-იამში ვცხოვრობ ოჯახით. გუშინ დაიბომბა ბათ-იამი, ჩვენთან ახლოს ტერიტორია, ქალაქშიც გამოისროლეს. უკვე აღწევენ ახლო ქალაქებში. მსხვერპლის შესახებ არ არის ინფორმაცია, რომ ყოფილიყო გადმოსცემდნენ.

ეს სახელმწიფო ასეა აგებული, აქ არავის ეშინია, ხალხს არ ეტყობათ პანიკა. უკვე რამდენი წელიწადია გრძელდება და ხალხმა გაითავისა ეს მდგომარეობა. ცხოვრება მიდის ჩვეულებრივად, ყველა მომზადებულია, თუ რამეა ყველა წავა საბრძოლველად - ქალი, კაცი.

- როგორ იქცევით, როდესაც სირენის ხმას გაიგებთ?

- გააჩნია სად ხართ, მე მაგალითად "გუგლში" ვმუშაობ, სადაც არის ყველა სართულზე ადგილები, იქ შეხვალ და თავს შეაფარებ. სავსე მაცივარი, წყალი, ყველაფერი გხვდება. ყველა სახლს აქვს სპეციალური ოთახი, სადაც მაგ დროს შეხვალ, ბავშვებს დააძინებ. ბოლო სამი კვირაა ეს ამბები გააქტიურდა, რაც ტერორისტი ალ ბაღდადი მოკლეს.

- არაბები თუ ცხოვრობენ თქვენთან ახლოს?

- რა თქმა უნდა, თელ-ავივშიც აქვთ თავიანთი უბანი, მეჩეთები აქვთ, ლოცულობენ, შრომობენ. ძირითადად მშენებლობებზე მუშაობენ. ქართველებთან კარგი ურთიერთობა აქვთ. აქაური არაბები პოლიტიკაზე არ საუბრობენ, ცდილობენ, თავი შეიკავონ. ისრაელში მათ ჩვენ არაბებს ეძახიან, მოქალაქეები არიან და ყველაფრით სარგებლობენ, შეღავათებით სახელმწიფოსგან.

- თქვენ თუ გაქვთ სპეციალური საბრძოლო მომზადება გავლილი?

- არა, მაგრამ თუ საომარი ვითარება დაიწყება, ყველა წავალთ. ჩემი ოჯახი ისრაელის მოქალაქეა, როგორც მე საქართველო მიყვარს, ისე მიყვარს ისრაელიც. კარგის მეტი ჩემთვის არაფერი გაუკეთებია ამ ქვეყანას.

- ახლა როგორი მდგომარეობაა?

- 140-მდე რაკეტა ისროლეს ღაზას სექტორიდან, გუშინ ღამე 11 საათისთვის იყო დაძაბულობა. ჩემი შვილი სკოლაში სწავლობს, მოსამზადებელზე და გუშინ სამინისტრომ 48 საათის განმავლობაში ყველაფერი დაკეტა. დღეს გამოაცხადეს, რომ შეგიძლიათ მოხვიდეთო, მაგრამ შვილი არ გავუშვი და არც მე წავსულვარ სამსახურში" - უყვება AMBEBI.GE-ს ირაკლი ნესუაშვილი.

ნიკო ბელიაშვილი ქართველი ებრაელია, ისრაელის მოქალაქეა და ისრაელში 20 წელზე მეტია ცხოვრობს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, რომელთა გარიდება ხშირად უწევს სპეციალურ თავშესაფარში, სადაც ბომბები ვერ აღწევენ.

"1996 წლიდან აქ ვცხოვრობ თელ-ავივთან ახლოს, რვა კილომეტრში. ჩემს ქალაქში ცხოვრობენ როგორც ებრაელები, ისე ბევრი ემიგრანტი საქართველოდან. თელ-ავივსა და ბათ-იამს შორის არის პატარა ქალაქი იაფო, არაბული ქალაქია. იქ ძირითადად ქრისტიანი და მუსულმანი არაბები ცხოვრობენ, ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან.

ჩვენთან ჯერჯერობით სიმშვიდეა, წყნარდება სიტუაცია... მახსოვს ის დრო, 1996 წელს როდესაც გადავედი საცხოვრებლად, აფეთქებული ავტობუსები და დახოცილი ხალხი. ორგანიზაციებში შედიოდნენ ფეხმძიმე შაჰიდი ქალები და თავს იფეთქებდნენ... ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო, მაგრამ არც დღეს არის ნაკლები.

სულ საომარ რეჟიმში ვართ, არავინ იცის რა მოხდება. მე მგონია, რომ სიმშვიდეს ვერასოდეს მოიპოვებს ისრაელი, რადგან ტერორისტებთან და მათ ორგანიზაციებთან საუბრით, ძნელია შედეგს მიაღწიო

საზარელი ხმა აქვს, როდესაც სირენა ირთვება. ოჯახის გაღვიძება გიწევს, უნდა მოახერხო, მალე ჩააცვა ბავშვებს და სახლიდან გაიყვანო. შემდეგ კი კორპუსის სარდაფში ჩაიყვანო, თან როდესაც შენი ქალაქის თავზე ვარდება რაკეტა... მადლობა ღმერთს, ჩვენი თავდაცვის სისტემა ძლიერია და ამ რაკეტების დიდ რაოდენობას ანეიტრალებს, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ შიშის გრძნობა არ გვქონდეს...

ტელევიზიები მუდმივად გვაფრთხილებენ, როგორ უნდა მოვიქცეთ და ჩვენც ამ ინსტრუქციას მივყვებით. იმდენად შევეჩვიეთ ამ ყველაფერს და იმდენად დარწმუნებულები ვართ ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერეში, რომ პანიკაში არ ვვარდებით.

ისრაელი გვიცავს და ყველაფერს აკეთებს, რომ ნაკლები ადამიანი დაზარალდეს. ადრე რომ იყო შიშის მომენტი, ავტობუსში ვერ ახვიდოდი, შეიძლება შაჰიდს თავი აეფეთქებინა, დღეს ამის ნაკლებად გვეშინია.

ახლა ბევრ ქალაქში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, სწავლა გაუქმებულია. არავინ არ იცის რა იქნება ხვალ, შეიძლება კიდევ გამოისროლონ რაკეტა. წუხელ კიდევ ველოდებოდით დაბომბვას და მადლობა ღმერთს, გადავრჩით! ჩვენი სამხედროები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გაანეიტრალონ ასეთი წერტილები, საიდანაც ბომბებს ისვრიან" - უამბო AMBEBI.GE-ს ნიკა ბელიაშვილმა.

ესპანეთში, ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქციები იმართება - გახანგრძლივდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა 1 თვით და როგორია ინფიცირებულთა მონაცემები

ჩინეთის ელჩი ისრაელში გარდაცვლილი იპოვეს - როგორია წინასწარი ვერსია სიკვდილის მიზეზებზე

"კარანტინის დროს ეზოებში ქეიფობდნენ... ზოგჯერ პოლიციაც მათთან ერთად სვამდა" - რეალურად, რა ვითარებაა რუსეთში, სადაც ვირუსი მასშტაბურად ვრცელდება