ავტორი:

"გავრბოდი პროექტიდან... ჩამკეტეს, რომ არ წავსულიყავი" - რას ამბობს "მასტერშეფზე" და ვის მიმართ აქვს დედობრივი მზრუნველობა დალი ჩიტალაძეს

"გავრბოდი პროექტიდან... ჩამკეტეს, რომ არ წავსულიყავი" - რას ამბობს "მასტერშეფზე" და ვის მიმართ აქვს დედობრივი მზრუნველობა დალი ჩიტალაძეს

მოდის ექსპერტმა დალი ჩიტალაძემ, ცოტა ხნის წინ ქართულ საზოგადოებას ახალ ამპლუაში წარუდგინა თავი, როცა კულინარიული შოუს "მასტერშეფის" კონკურსანტი გახდა.

დალის მიერ მომზადებული კერძები, მის სამეგობროში დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა კულინარიაში უფრო მეტი გამოცდილების მიღება მოისურვა და პროექტში მონაწილეობით კმაყოფილია. თბილისის ერთ-ერთმა ყველაზე მოდურმა ქალბატონმა გადაწყვიტა, საკუთარი კაფე ჰქონდეს, რომელიც ზაფხულში გაიხსნება.

როგორც AMBEBI.GE-მ გაარკვია, მოდის ექსპერტი რამდენიმე დღის წინ კლინიკაში მოათავსეს და ინტერვიუ სწორედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დავიწყეთ:

"სტრესის ნიადაგზე განმივითარდა თიაქარი ხერხემალზე და გავიკეთე სასწრაფო ოპერაცია. მარჯვენა ტერფი წამერთვა, საერთოდ ვერ ვგრძნობდი, ტკივილები მქონდა... მოვხვდი კლინიკაში, 9 მილიმეტრიანი თიაქარი ამომაჭრეს, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და მალე გამომწერენ კლინიკიდან.

- თქვენს ცხოვრებაში ახლა მთავარი ადგილი უჭირავს „მასტერშეფს“, ხალხმა სულ სხვა კუთხით გაგიცნოთ... რატომ გადაწყვიტეთ ძალების კულინარიაში მოსინჯვა?

- ყველამ იცის როგორ მიყვარს კერძების მომზადება და შემოთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდი. მოდა, მუსიკა და კულინარია გამომდის ყველაზე კარგად. ეს სამი სფერო არის ხელოვნება და ყოველთვის ვამბობ, თუ არ გაქვს გემოვნება, პირში გემოც ვერ გექნება.

გუნდზე, რომელიც „მასტერშეფს“ აკეთებს, ადრეც ბევრი კარგი მსმენია, მაგრამ როცა შიგნიდან ხედავ ამ ყველაფერს, როგორ აკეთებს საქმეს „ნოვა პროდაქშენი“, ეს სულ სხვა სიამოვნება და პროფესიონალიზმია. უდიდესი გამოცდილება მივიღე, ცოდნა შევიძინე, ჩემს მიერ მომზადებულ ღომს და ხარჩოს მოჰყვა ყველაზე დიდი შეფასება, მაგრამ კიდევ სხვანაირად ვისწავლე მომზადება, სერვირება და ა.შ.

ვაპირებ საკუთარი კაფე გავხსნა, უკვე შერჩეული მაქვს ადგილი, სადაც ამ ბიზნესს დავიწყებ. მინი ფაბრიკის ტიპის ლოკაციის მშენებლობა მიმდინარეობს თბილისში და ჩემი კაფეც იქ დაიდებს ბინას, სადაც ჩემს საფირმო კერძებს ყველა დააგემოვნებს.

- კონკურსანტები ხშირად უსვამენ ხაზს თქვენს ასაკს, გაღიზიანებთ ეს?

- ყველა ახალგაზრდას ჰგონია, რომ თავად უკეთესია. თუმცა, გამოცდილებას სხვა ხიბლი აქვს, კარგია ცოდნა, მაგრამ გამოცდილების გარეშე ეს ცოდნა ჰაერში იკარგება.

პირველი ორი ტური ეს ახალგაზრდები ცოტა სხვანაირად მიყურებდნენ, მაგრამ ახლა შესანიშნავად ვგრძნობთ თავს ერთად

ამ პროექტში მე მოყვარული მზარეული ვარ, რომელიც სახლის სამზარეულოდან მოხვდა პროფესიონალებში. მე, სოფო გოგებაშვილი და პიტო ვართ არაპროფესიონალი მზარეულები შოუში. გემრიელი კერძების მომზადებას გენეტიკაც უწყობს ხელს - მე დედისგან გამომყვა ეს, ასევე გვაქვს რეცეპტები, რომელიც თაობიდან თაობებს გადაეცემა. ექსპერიმენტებს სახლშიც ვატარებ და პროექტშიც არ ვამბობ უარს.

მთელი მსოფლიო შეთანხმდა იმაზე, რომ 50-70 წლამდე ასაკი მოხუცებულობის ასაკი არ არის. ეს არის საუკეთესო ასაკი, როცა შეგიძლია შენი გამოცდილება სხვასაც გაუზიარო, როცა კარგად ხვდები როგორ გიცხოვრია.

მე მინდა ჩემი აქტიურობით ბევრ ქალს მივცე იმის მაგალითი, რომ ახალი ცხოვრების ან საქმის დაწყება არცერთ ასაკში არაა გვიან. ისედაც ხანმოკლეა ცხოვრება და როცა ღმერთი დაბერების საშუალებას გაძლევს, ეს უდიდესი მადლია. ჩემი და 43 წლის ასაკში გარდაიცვალა - დაიძინა და აღარ გაიღვიძა, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ დაბერება მადლია.

- ხინკლის ტურში ნერვებმა გიმტყუნათ... რამ შეგიშალათ ხელი?

- მე და ცომი ისე ვართ ერთმანეთთან, როგორც ორჯერ-ორი ოთხი. იმ დღეს ჩემი კერძი საუკეთესო უნდა ყოფილიყო, მაგრამ ცომი არ შეიკრა! ახალი ხინკლის მოხვევა არ დავიწყე და ძალიან დავისტრესე... ვიტირე, გავრბოდი პროექტიდან, მთელი ჯგუფი იდგა და ჩაკეტილი ვიყავი, რომ არ წავსულიყავი.

ლოქო ქინძმარში ხინკლის სახით არავის გაუკეთებია, ისეთი გემრიელი ფარში იყო, უმ ფარშს მიირთმევდნენ, მაგრამ არ ვიცი რა მოხდა, ჯერ ცომი არ შედგა, შემდეგ კი ფარში დააკლდა...

- შოუს გადაღებებზე ბრენდულ სამოსს ირჩევთ?

- ჩემთვის ბრენდულია ყველა სამოსი, რომელიც ადამიანს უხდება. რთულია შოუს დროს ისეთ სამოსზეც იფიქრო, რომელსაც წინსაფარი მოუხდება, თან ახლა აცივდა პავილიონში და გავცივდი კიდეც.

მაგალითად, ხინკლის ტურში მეკეთა Dalood-ის თავსაფარი და მეცვა "შანელის" შარვალი, ღომის და ხარჩოს ტურში კი Vivetta-ს წითელი კაბა. გადაცემის ბოლო ეპიზოდში Dalood-ის ბლუზა და „ვალენტინოს“ ბრიჯები.

- პროექტის დაწყებისას ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ გამარჯვებისთვის მოხვედით, ახლა რა პროგნოზები გაქვთ?

- რაღაც ეტაპამდე მივალ და შემდეგ გამოვეთიშები პროექტს. მე მინდა მარტამ მოიგოს „მასტერშეფი“, რადგან ეს მას ყველაზე მეტად სჭირდება!

მარტამ ურთულესი ცხოვრების გზა გაიარა და ამ ყველაფრის მიუხედავად მიკვირს, როგორ მოახერხა ჰქონდეს განათლებაც, ინტელექტიც და არ იყოს გაბოროტებული. ყოველ საღამოს ვურეკავ მას, დედობრივი მზრუნველობა ჩამომიყალიბდა მის მიმართ.

რაც შეეხება დანარჩენ მონაწილეებს, იმედია ნუცა და გაგა არ მიწყენენ - მათ არც ვეჯიბრები, რადგან პროფესიონალი და ნიჭიერი ადამიანები არიან.

ხათუნა ჟორდანია მძიმე სენს ებრძვის - "საზოგადოებას ვთხოვ, პირჯვარი გადაიწერონ და გამოჯანმრთელება უსურვონ"

პრემია „იკა“ 2019 იწყება

რა მოხდება "დიდ სცენაზე"? - ახალი მეგაშოუ "რუსთავი 2"-ზე ძველი და ახალი სახეებით