ავტორი:

"ჩემს ცხოვრებაში ალბათ, ყველაზე რთული პერიოდი დადგა..." - ვახო ჭუმბურიძის გულახდილი აღიარება თამაშდამოკიდებულების შესახებ

"ჩემს ცხოვრებაში ალბათ, ყველაზე რთული პერიოდი დადგა..." - ვახო ჭუმბურიძის გულახდილი აღიარება თამაშდამოკიდებულების შესახებ

თამაშდამოკიდებულების შესახებ სულ უფრო მეტი ადამიანი საუბრობს ხმამაღლა და ლუდომანიასთან ბრძოლაში დასახმარებლად, საკუთარ გამოცდილებას უზიარებს საზოგადოებას. პრობლემა რომ უამრავ ადამიანს აწუხებს, ეს საქართველოში თითქმის ყველა ოჯახმა იცის, თუმცა, აზარტულ თამაშებთან გამკლავებას ბევრი ვერ ახერხებს...

ერთ-ერთი იღბლიანი, რომელმაც მოახერხა ამ მძიმე სენისგან თავის დაღწევა, იურისტი და ფინანსისტი ვახო ჭუმბურიძეა, რომელიც მომღერალ მაკა ზამბახიძის ყოფილი მეუღლე გახლავთ. როგორც ის "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში წერს, ურთულესი პერიოდი გადალახა და სურს მისი შემთხვევა სხვებისთვის მაგალითად იქცეს:

"ვფიქრობ, ამაზე საუბარი სირცხვილი არ არის და მოგიყვებით ჩემს დამოკიდებულებას, უფრო სწორედ მცდელობას, რომ კარგად ჩავეთრიე ონლაინ ტოტალიზატორებს მათ მახეში..

მეტნაკლებად აზარტული ვარ, არამხოლოდ თამაშებთან მიმართებაში არამედ ზოგადად ცხოვრებაში. მიყვარს ძალიან ფეხბურთი და ნუ სრულწლოვანი ასაკიდან არასისტემატურად მაგრამ ტოტალიზატორში გამიკეთებია ფსონი საფეხბურთო მატჩებზე.

ყოველთვის ვაკონტროლებდი ჩემს თავს და არასოდეს გადავსულვარ ზღვარს მიღმა, ანუ ფაქტიურად ეს უფრო გართობის საგანი იყო შაბათ-კვირის საფეხბურთო მატჩებზე ვიდრე მიზანმიმართული მცდელობა, რომ მე აუცილებლად გავმდიდრდებოდი ამით. სხვათაშორის ხშირად მომიგია თანხები 200-300 ლარი, ხოლო დადებული მქონდა 10 მაქსიმუმ 20 ლარი და ეს მოგებული თანხა არასოდეს შემიტრიალებია უკან, პირიქით გამომქონდა და გემრიელად ვხარჯავდი.

ცხოვრებაში არ მითამაშია კაზინო და ზოგადად არც წესები ვიცი რულეტკის, აპარატების და პოკერის... ახლა გადავიდეთ კინოზე: ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩემს ტელეფონზე დაიწყო ისტერიულად სმს-ების გამოგზავნა ორმა ონლაინ-ტოტალიზატორმა (ამ ორში მაქვს ექაუნთი) დამირიცხეს სპინები (აპარატისთვის იგივე ელექტრონული ფული) დღეში 3-ჯერ გათამაშებაზე სმს-ები, ახალი მანქანები, ოცნებები, რომ უნდა გავხდე მილიონერი და ასე შემდეგ!

უფასო ხილი რა თქმა უნდა, საინტერესოა და წესებიც მარტივი აღმოჩნდა - ერთი ღილაკზე დაჭერით დავატრიალე ონლაინ აპარატი, მოვიგე გარკვეული თანხა.. 2 დღე არ გამიშვა სულ მატრიალა. ჩემს მიერ მოგებულ თანხას ხან წამაგებინებდა, ხან ისევ იმ ნიშნულზე გამითანაბრებდა. სწორად რომ აგიხსნათ მე თანხა ისევ არ მქონდა ჩარიცხული, რაც მაჩუქეს იმით ვთამაშობდი.

ფაქტიურად, მომწყვიტა გარესამყაროს, აქტივობას, მეგობრებს და იმის ფიქრში, რომ ამდენ მილიონ ადამიანში შეიძლება მართლა გავმხდარიყავი მილიონერი, ჩამითრია და ჩამითრია.

საბოლოოდ, მოხდა ის, რომ ამათი ნაჩუქარი სპინებით, როდესაც ვიყავი ასული 1000 ლარამდე, მთლიანად წამაგებინა და ნუ ჩამაგდო უკვე მდგომარეობაში, რომ თუ 20 ლარი მაჩუქეს და 1000-მდე ავედი, იქნებ კიდევ გავრისკო ჩავრიცხო 20 ან 10 ან 50 და ისევ შევუბერო... ჩემს ცხოვრებაში ალბათ ყველაზე რთული პერიოდი დადგა... იმისდა მიუხედავად რომ მიზერი თანხა წავაგე ალბათ მაქსიმუმ 300 ლარი. მე, რომელიც ვფიქრობ, რომ ფსიქიკას მყარად ვაკონტროლებ, სრულიად გამანადგურა.

შემდეგ იყო ყველგან ნიშნები: ჩართავ ტელევიზორს ყველა ცენტრალურ არხზე გათამაშება! ტაქს დავუქნევ ხელს სარეკლამო ბანერით მოხატულია, ქუჩაში გავიხედები ყველგან ბანერებია. სმს-ები მოდის და მოდის. ქუჩაში ფეხით გავისეირნებ და ხალხს ვხედავ ტელეფონებში ჩარჭობილებს და ატრიალებენ აპარატების მარწყვებს და რაღაცეებს.

მოკლედ, ორკვირიანი ბრძოლის შემდეგ, არ გავკარებივარ რამდენიმე თვე, მაგრამ ამ ტოტალიზატორებმაც არ დამტოვეს უყურადღებოდ და ბევრჯერ მომივიდა სმს, რომ ისევ ჩემს ანგარიშზე ჩარიცხული იყო უფასო ფული სათამაშოდ!

არ ვიცი ჩემი ეს პატარა გამოცდილება რამდენად იმოქმედებს ან წაიკითხავთ თუ არა ზოგადად, მაგრამ ერთი ის ვიცი, რომ შანსი იმისა, რომ თქვენ ან ჩვენ ამით გავმდიდრდეთ, არ არსებობს. ის 10, 20, 30 ლარი რაც შეიძლება ჩათვალო უმნიშვნელოდ დღეში და თქვა, რომ უბრალოდ ერთობი, საბოლო ჯამში მაინც მოგახრჩობს! და კიდევ ის ხალხი ვინც ამას ფიქრობს, რომ ეს დაავადება არ არის, ძალიან ცდება. იმხელა ტერორი აქვს ტვინს და ზემოქმედება, რომ ზიანდება და იფიტება მთლიანი სხეული და მერე იწყება ყველა უბედურება!

იმასაც ვხდები, რომ ამ სისტემასთან ბრძოლა ურთულესია, რადგან ძალიან დიდი ფული ტრიალებს (შავი და თეთრი) ბევრი მოსყიდულია, ბევრი ლობისტია, მაგრამ მაინც ღირს!

კარგად დაფიქრდით და იპოვეთ თქვენს თავში ის ძალა, რომ არ ითამაშოთ! ის ფული საკუთარ თავს მოახმარეთ და ნახავთ თუ როგორ დაისვენებთ და როგორ შემოვა შუქი თქვენს ცხოვრებაში!" - წერს ჭუმბურიძე.

არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ონლაინთამაშებზე 700 000 ადამიანია დამოკიდებული, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. მაშინ როცა, ქვეყნის მოსახლეობის 20% აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, აზარტული თამაშების ბიზნესის ბრუნვა წლიდან წლამდე კოლოსალურად, რეკორდული მაჩვენებლებით იზრდება - მხოლოდ გასულ ერთ წელიწადში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 5,06 მილიარდი ლარიდან 13,8 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.

ბუბა კიკაბიძის შვილიშვილი დაქორწინდა - როგორ მოილხინა მომღერალმა წვეულებაზე

"ნაციონალების" დროს მიტინგს კი არ არბევდნენ, კლავდნენ და ანადგურებდნენ და პასუხის მომთხოვნიც არავინ იყო" -  რას აპროტესტებს ნიკა თავაძე

"დღეებს ვითვლით" - ბერა ივანიშვილი შვილის მოლოდინში და ახალი ფოტო "ინსტაგრამიდან"