თავისუფალ თეატრში მოხვედრამდე ვანო ქურასბედიანი რამდენიმე წელი კალათბურთს მისდევდა, სასკოლო ასაკის ბოლო წლები სპორტულ სკოლაში გაატარა და მშობლის რჩევით, სწავლა ტურიზმისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე უნდა გაეგრძელებინა. გეოგრაფიაში ამზადებდნენ, მხოლოდ ამ საგანს ჩააბარებდა და თითქმის გარანტირებული ჰქონდა უმაღლესში მოხვედრა, მაგრამ გამოცდებამდე ორი თვით ადრე მომზადება მიატოვა. მანამდეც ფიქრობდა თეატრალურში ჩაბარებაზე და ახლა ეს აზრი ხმამაღლა გამოთქვა. ქართულსა და ისტორიაში მოემზადა, პროზა და იგავ-არაკებიც შეისწავლა.
მისაღებ ტურებზე თავისუფლად იქცეოდა, საერთოდ არ ღელავდა და სხვა აბიტურიენტები უცხოპლანეტელივით უყურებდნენ. გამომცდელებისთვის ბევრი შეკითხვა დაუსვამს, უხუმრია კიდეც და ამიტომ გიგა ლორთქოფანიძეს მასზე უთქვამს, ეს ბავშვი არ არის იმისთვის მომწიფებული, რომ უმაღლეს სასწავლებელში ისწავლოსო. ვანოსთვის ეს დიდი სტრესი იყო. თან იმ წელს რომ უმაღლესში არ ჩაებარებინა, ჯარში უკრავდნენ თავს. იმავე წელს კულტურის ინსტიტუტში სცადა ბედი და ამჯერად გაუმართლა...
- იმ წელს კულტურის ინსტიტუტში ჯგუფი სანდრო მრევლიშვილს აჰყავდა, მაგრამ რეალურად ლექციებს გვიტარებდა მისი ასისტენტი, დღეს უკვე ცნობილი და კარგი რეჟისორი სოსო ნემსაძე. ჩემი მოუმწიფებლობის გამო, "ბიტავოი" კონფლიქტი მომივიდა ბატონ სოსოსთან. საწყის კურსებზე, ყველას და მათ შორის მეც, ბიჭებს თავი ჰგონიათ ლოურენს ოლივიე და გოგონებს ვივიენ ლი, ამიტომ შენიშვნებს ვერ იტანენ. ჯგუფიდან გადასვლა მინდოდა, მაგრამ ბატონმა სოსო ძალიან "დასტოინად" მოიქცა, დამირეკა, დამელაპარაკა. გეტყვით, ჩემი წყენის მიზეზი რა იყო, რაღაც ცუდად გავაკეთე და ბატონმა სოსომ თქვა, აუ, ნეტავ სადმე ნიჭის წამალი მაშოვნინა, რომ ამას დავალევინოო. აი, ამაზე გავბრაზდი, როგორ, უნიჭო ვარ-მეთქი?! (იცინის). მოკლედ, ამ ამბის გამო მინდოდა აკადემიური ამეღო. იმ დროს ბატონ ავთო ვარსიმაშვილს ვიცნობდი, მან პაოლო იაშვილის საღამო გააკეთა და იქ რამდენიმე მასობრივ სცენაში ვმონაწილეობდი. მაშინ მეგონა, რომ რეპეტიციებზე ყურადღება მომაქცია. შეიძლება მომეჩვენა, რადგან ყველა სტუდენტს ხომ ჰგონია, რომ საუკეთესოა და ყველას მოსწონს.
- და როდის მიხვდი, რომ მართლა ლოურენს ოლივიე არ იყავი?
- როცა უკვე თეატრს უშუალოდ შევეჯახე. სულ მეგონა, არ მაძლევდნენ თავის ბოლომდე გამოვლენის საშუალებას. ეს მსოფლიოში ხელოვანების ცნობილი სინდრომია, განსაკუთრებით საქართველოს ხელოვნების მუშაკებშია გავრცელებული. ყველა "ნიუდაჩნიკ" ხელოვანს ჰგონია, რომ აუღიარებელი გენიოსია. სალვადორ დალი თავს გენიოს უწოდებდა და მართალიც იყო, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ამას არ ამბობენ, მაგალითად სერგო ზაქარიაძე თავის გენიალობას ხაზს არასდროს უსვამდა.
- ბატონ ავთოზე ვსაუბრობდით...
- ჰო, ის ყოველთვის ტბილად მესალმებოდა და მაშინ გონებაში ვფიქრობდი, აი, ვინ დაინახა, რომ გენიოსი ვარ-მეთქი (იცინის). ჩემი კონფლიქტის შემდეგ, ერთხელ ბატონმა ავთომ რომ მომიკითხა, პირდაპირ მივათხლიშე ყველაფერი: ვიჩხუბე, ჯგუფი უნდა გამოვიცვალო-მეთქი. მან თეატრალურ უნივერსიტეტში გადასვლა მირჩია შალვა გაწერელიას ჯგუფში. იმ დროს ჯერ კიდევ არ მქონდა გავლილი ის სიმპტომი, რაზეც ვილაპარაკეთ და ბატონ შალვასთან რომ მივედი და არ მიმიღო, რა ვიცი რა ისწავლე, თან უკვე მეორე კურსზე ხარო, რა თქმა უნდა, ეს პირად შეურაცყოფად მივიღე და წამოვედი. გოგა ბარბაქაძემ მითხრა, რას შვრები, ბიჭო, საუკეთესო პედაგოგია, სთხოვე, შეეხვეწე, მუხლებზე დაუდექი, ოღონდ კი ჯგუფში მიგიღოსო. ეს მართლაც ასეა, მაგრამ მაშინ ვუთხარი, კარგი რა, თუ ძმა ხარ-მეთქი (იცინის).
საბოლოოდ, თეატრალურში შოთა კობიძესთან აღმოვჩნდი. ამ ადამიანს დიდ პატივს ვცემ. მაგრამ ბევრს ვაცდენდი, ჩემი გარიცხვა უნდოდათ. დედა თარჯიმანია და ვფიქრობდი, რომ ინგლისურ ენას უფრო დავხვეწ და ვთარგმნი, აღარ მინდა მსახიობობა-მეთქი. მაგრამ ერთხელაც, 2005 წელი იყო, ჩემმა მეგობარმა ირაკლი გოგიამ გრიბოედოვის თეატრში მიმიყვანა. ამიყვანეს, სამთვიანი კონტრაქტი გამიფორმეს და იქ 2007 წლამდე ვთამაშობდი. მერე ბატონმა ავთომ "ღმერთო, დაგვიფარე ჩვენ და ადამიანებში" დამაკავა. ამას მოჰყვა "კავკასიური ცარცის წრე", ცოტა ხნის წინ შევედი "ჯინსების თაობაში". ვახო ნიკოლავამ "შავი კედები" დადგა და იქ დედა გოიას როლში ვარ. ვახო ჩემი მეგობარია და დღესდღეობით ერთადერთი რეჟისორია, ვინც ბოლომდე მენდობა, თუნდაც იმას ვგულისხმობ, რომ სხვა ამ როლზე ჩემს აყვანას არ გარისკავდა. კაცი თამაშობს ქალის როლს, ძალიან გამოცდილი მსახიობი მიშა არჯევანიძე იყო ამ როლზე დანიშნული, რომელმაც რამდენიმე რეპეტიციის შემდეგ უარი თქვა. ვთქვი, მოდი ვცდი-მეთქი და ვცადე.
არ მინდა ვიღაც ფიქრობდეს, რომ დიდი წარმოდგენა მაქვს თავზე, უბრალოდ ჩემი პროფესია იმითაა საინტერესო, რომ მთელი ცხოვრება ექსპერიმენტები გაქვს. რაც თეატრში მოვხვდი, ვერ ვხვდები, რას ნიშნავს ნიჭიერი მსახიობი. ბევრი მსახიობი, ვინც მე მომწონს, ზოგჯერ სხვებს არ მოსწონთ და ზოგზე კი ამბობენ, სასწაულიაო... დავიბენი...
- ხშირია ასე, მაგრამ ამ შემთხვევაში ვისი აზრია შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
- არავის აზრი არ არის მნიშვნელობა. ერთადერთი, ვის აზრსაც ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და სწორად მარიგებდა, იყო ნიკო გომელაური. მე შემიძლია მას პედაგოგი ვუწოდო, როცა მე თეატრში მივედი, ძალიან უსუსური ვიყავი. "სცენოფობია" მქონდა. "ოსტატი და მარგარიტაში" რომ უნდა მეთამაშა, სრული სასოწარკვეთილება მქონდა. ვფიქრობდი, რომ არაფერი შემეძლო. ნიკო მარიგებდა, რა და როგორ გამეკეთებინა. ნიკოს ხუთი წელი ვუყურე, როგორ მუშაობდა. მას ნაპოვნი ჰქონდა გზა, რა გამოუვიდოდა კარგად. დამწყებ მსახიობებს "ობრაზებზე" ის გვამუშავებდა. ნიკო არა მხოლოდ დიდი დანაკარგია თეატრისათვის როგორც მოწინავე მსახიობი, არამედ როგორც საუკეთესო მრჩეველიც.
- პასუხისმგებლობის გრძნობა გაქვს როლის მიმართ? პრემიერამდე ღელავ?
- ბევრისგან გამიგია, პრემიერაზე ისე ვნერვიულობ, სამი ღამე არ მძინავს, კუჭი მეშლება, ან თუ მძინავს, სცენა მესიზმრებაო. მსგავსი არაფერი მჭირს, შეიძლება ეს ცუდია. მე ვარ ინტუიციის მსახიობი. შეიძლება იმიტომ, რომ თავის დროზე პროფესია კარგად არ ვისწავლე. ვიცი, რომ რეჟისორს უნდა მიჰყვე, ენდო.
- ცხოვრებაში რამ შეიძლება აგაღელვოს?
- მართლა ქვა და ხე კი არ ვარ,?! აი, მაგალითად სერიოზული სტრესი მივიღე წინა ზაფხულს და ბევრი ვინერვიულე. შვილი გამიჩნდა, ძალიან ცუდად იყო, რეანიმაციაში იწვა და ექვსი დღის ბავშვს ოპერაცია გაუკეთეს. ახლა მშვენივრად არის, მაგრამ მაშინ ძალიან ცუდად იყო. იმ სტრესს დღემდე არ გაუვლია.
- ბავშვს რა ჰქვია?
- ნენე. მე სხვა სახელი მინდოდა "არაგაბაზრებული". მინდოდა რადა დამერქმია და ერთხელაც ჩემს მეგობრთან სტუმრად რომ ვიყავი, აღმოჩნდა რომ მის ძაღლს ერქვა რადა (იცინის). ალექსანდრაზეც ვფიქრობდი, გამომდინარე იქიდან, რომ მამაჩემს ალექსანდრე ერქვა. თუ ოდესმე ბიჭი მეყოლება, ასე დავარქმევ. სახელი ნენე ჩემს ცოლს მოსწონდა, არ ვუთმობდი, მაგრამ ბავშვი რეანიმაციაში რომ იწვა, მაშინ დაბადების მოწმობა მოგვთხოვეს. რეესტრში რომ წავედი და მკითხეს, რა სახელი ჩავუწეროთო, ამხელა სტრესის მერე ცოლს ეჯიუტო და ის დაარქვა, რაც შენ გინდა, დესპოტურად მომეჩვენა, ვიფიქრე, თეონას ამით მაინც გავახარებ-მეთქი და ნენე ჩავაწერინე. აჭარული სახელი ყოფილა, რომელიც ნიშნავს "დედასი". არ ვიცი, ჩემს ცოლს ეს ეგოისტურად მოუვიდა თუ ჟღერადობა მოეწონა, მაგრამ 4-5 თვის ორსულობიდან მოყოლებული გაიძახოდა, ნენე უნდა დავარქვაო (იღიმის).
- მეუღლე გაგვაცანი...
- თეონა ბიგვავა ჩემი პროფესიიდან შორს არის, მედიკოსია. ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში მუშაობს. და ასე წყნარად, ჰარმონიულად და იდილიურად მიგვდის ერთობლივი ცხოვრება. რა თქმა უნდა, რთულია, როცა შენი პროფესიის ადამიანი არ გყავს გვერდით, იმიტომ, რომ ბევრი რამ არ ესმის. მაგალითად, რთულია არათეატრალ ადამიანს გააგებინო, რატომ გიბარებს რეჟისორი რეპეტიციაზე. შეიძლება ეს უბრალოდ რეჟისორის ახირებაა, ზედმეტია ის რეპეტიცია, მაგრამ შენ უნდა მიხვიდე. მარტო ეს სირთულეა, ეს არ ესმის, თორემ სხვა მხრივ ჩემი მეუღლე ძალიან შეგნებული ადამიანია და ღმერთს ყოველთვის მადლობას ვწირავ, რომ ასეთი ადამინი შემახვედრა. მართალი გითხრათ, მსახიობი ცოლი არ მინდოდა, არა ზოგადად მსახიობ გოგონებზე გავრცელებული სტერეოტიპული შეხედულებების გამო, უბრალოდ იმიტომ, რომ მსახიობი ცოლი ოჯახს არ ეკუთვნის.
- როგორი მეუღლე და მამა ხარ?
- როგორ გითხრათ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი მამა იტყვის, კარგი მამა ვარო. როცა დრო მაქვს, შემიძლია ბავშვი გავასეირნო, დავბანო, გამოვუცვალო, ვაჭამო, დავაძინო. სულ ვფიქრობდი, რომ ასეთი მამა ვიქნებოდი. შეიძლება იმიტომ, რომ ბავშვთან დაკავშირებული სტრესი გადავიტანე და ამის გამო უფრო მეტად მიყვარს შვილი, ვიდრე სხვა ახალგაზრდა მამებს. როცა ბავშვი ჯანმრთელი იბადება, ჩვეულებრივად ჭამს, სვამს, ვითარდება, ვერ ხვდები, რამხელა საჩუქარია. როცა ამხელა განცდების მერე, ბავშვს სიკვდილს გამოგლეჯ ხელიდან და ამ დროს შენ კიდევ იძველბიჭო, ბავშვს არ დავბან და არ გავასეირნებ, ეს რა კაცის საქმეაო, უბრალოდ არ მესმის! დიახაც კაცის საქმეა, ამ საჩუქარს უნდა მოუარო.
- რომელ როლს დათანხმდებოდი სიამოვნებით?
- როგორც მსახიობს, ფილმის დეფიციტი მაქვს. თეატრში დაკავებული ვარ, მიყვარს და კინოს მირჩევნია, მაგრამ კინოროლებიც ძალიან მაინტერესებს. კინოში რადიკალურად განსხვავებული თამაშის ხერხებია. ვფიქრობ, კარგ კინოროლებს შევქმნიდი.
- ამ ეტაპზე ხომ არ ნანობ, სხვა პროფესიას რომ არ გაჰყევი, რაზეც ზევით ვისაუბრეთ?
- არა, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ვნანობ და ალბათ ხვდებით, რომ ეს ფინანსებს ეხება. სამწუხაროდ, არ ვიცი ასე რატომ ხდება, მაგრამ საქართველოში კულტურა და სპორტი ტრ...შია! თუ გინდათ პირდაპირ ამ სიტყვებით დაწერეთ. სადაც კარგად გიხდიან, იქ თავზე გაფურთხებენ და სადაც არ გაფურთხებენ, იქ არ გიხდიან. მაგალითს გეტყვით, ერთ-ერთ სერიალში ვიღებდი მონაწილეობას. ნებისმიერ სერიალი შემოქმედებითი თვალსაზრისით კაპიკად არ ღირს, ის უბრალოდ შეიძლება ხარისხიანად გაკეთებული იყოს. იმ სერიალში რასაც წავაწყდი, გამაოგნა.
ხუთწუთიანი სცენის გადაღებაზე დილის ათ საათზე რომ მიგიყვანენ და საღამოს ათზე გადაგიღებენ, ეს შეურაცხყოფაა. შუალედში რომ თეატრში რეპეტიციაზე გასვლას ითხოვ, სადაც 80 წლის ადამიანები 26 წლის ლაწირაკს ელოდებიან და არ გიშვებენ, ამას რა ჰქვია?! შუალედში წამოვედი სულ ორი საათით, ამის გამო მკაცრი შენიშვნა მივიღე. სამაგიეროდ, დღეში ას ლარს იხდიდნენ და გეუბნებოდნენ, თუ არ გინდა, წადი, მსახიობების მეტი რა არისო. აი, ასეთი სიტუაციაა დღეს. მსახიობს ბავშვივით სული აქვს, სულ უნდა ეფერო და შეაქო. უთხარი, აუ, რა მაგარი ხარ, რა მაგრად ითამაშე - ასეთი იდიოტობები ძალიან გვსიამოვნებს (იღიმის).
ანა კალანდაძე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)