ავტორი:

ვინ არის ქართველი ხელოვანი, რომელმაც 120 000 დოლარიანი ბანანი შეჭამა?

ვინ არის ქართველი ხელოვანი, რომელმაც 120 000 დოლარიანი ბანანი შეჭამა?

ქართველმა ხელოვანმა, დევიდ დათუნამ, მაიამიში, არტ-ბაზელის გამოფენაზე მაურიციო კატელანის ხელოვნების ნიმუში, 120 000 დოლარად შეფასებული ბანანი შეჭამა.

დევიდ დათუნა ამბობს, რომ ეს პერფორმანსი იყო სახელწოდებით - "მშიერი ხელოვანი".

მუზეუმში კედელზე ბანანი წებოვანი ლენტით იყო მიმაგრებული. დევიდ დათუნამ ის დამთვალიერებლების თვალწინ ჩამოხსნა და მიირთვა.

"ნიუ-იორკ თაიმსთან" საუბრისას ქართველი ხელოვანი ამბობს, რომ ბანანი ძალიან გემრიელი იყო. "მე შემიძლია შევჭამო ბანანიც და ბანანის კონცეფციაც, ვინაიდან ხელოვანი ვარ," - დასძინა დევიდ დათუნამ.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ დაეკისრება თუ არა ჯარიმა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბანანის ჭამის გამო. როგორც გალერეის წარმომადგენელი ამბობს, არ აპირებენ ხელოვანს უჩივლონ, რადგანაც მას ხელოვნების ნიმუში არ გაუნადგურებია. "ბანანი, ეს მხოლოდ იდეა იყო“, - ამბობს გალერეის წარმომადგენელი.

იტალიელმა ხელოვანმა, მაურიციო კატელანმა ნამდვილი ბანანისა და წებოვანი ლენტის კომბინაცია ხელოვნების ნიმუშად აქცია. არტ ბაზელის გამოფენაზე სამი ასეთი ბანანი ოთხი დღის განმავლობაში იყო წარმოდგენილი. ორი მათგანი გაიყიდა და თითოეულში 120 000 დოლარი გადაიხადეს. ერთ-ერთი ფრანგმა ქალმა იყიდა, რომელიც ამბობს, რომ კატელანის თაყვანისმცემელია. მესამე ბანანი, გაყიდვამდე ქართველმა დევიდ დათუნამ მიირთვა. ბანანები კატელანმა მაიმიში, სურსათის მაღაზიაში შეიძინა. ის ამბობს, რომ მთავარი არა პროდუქტის ფასი, არამედ იდეის ღირებულებაა.

რაც შეეხება იდეას, ექსპერტი ხელოვნების საკითხებში, ემანუელ პეროტინი ამბობს, რომ ბანანები მაურიციოს შემოქმედებაში ვაჭრობის სიმბოლოა და მისი საშუალებით ხელოვანი იუმორისტულად აკრიტიკებს მსოფლიოში ვაჭრობის სფეროში არსებულ მდგომარეობას.

მაურიციო კატელანი ძირითადად სკულპტურებს ქმნის. თავდაპირველად, მან ბრინჯაოსგან შექმნა ბანანის სკულპტურა, თუმცა საბოლოდ გადაწყვიტა, რომ მუზეუმში ნამდვილი ბანანი გამოეფინა და ხელოვნების ნიმუშად ექცია. როგორც, artnet.com წერს, იტალიელი ხელოვანი თავის ნამუშევრებში სატირასა და იუმორს იყენებს და ამ მეთოდით მსოფლიოში სხვადასხვა სფეროში არსებულ პრობლემებს აკრიტიკებს.

რაც შეეხება ქართველ ხელოვან დევიდ დათუნას, ის 1999 წლიდან ნიუ-იორკში მოღვაწეობს. Business Insider-ის და სხვა გავლენიანი გამოცემების მიხედვით, ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მხატვარია და ამასთანავე, თანამედროვე ხელოვანთა შორის მისი ნამუშევრები ყველაზე ძვირად იყიდება.

დავით დათუნას ნამუშევრებს სხვადასხვა ქვეყნების პირველ პირთა, ასევე კერძო პირების კოლექციებში, მსოფლიოს სხვადასხვა გამორჩეულ და ცნობილ მუზეუმებში შეხვდებით.

მისი შემოქმედებიდან ყველაზე პოპულარულია სერია - „მილიონების ხედვა“. მხატვრის ნამუშევრებს შორის დიდი ადგილი აქვს დროშებს. მან საქართველოს მიუძღვნა ნამუშევარი „საქართველო - მილიონთა იმედი“, რომელზეც საქართველოს დროშაა გამოსახული და ის განსხვავებული ტექნიკითაა შესრულებული.

დათუნას სოლო გამოფენები ჰქონდა ნიუ იორკის ავანგარდულ გალერეაში, ნიუ იორკის უესტვუდის გალერეაში, ინდიანაპოლისის ლანგშარპის გალერეაში, პარიზის ჩუკინის გალერეაში და ა.შ.

2013 წელს დათუნა გახდა მსოფლიოში პირველი მხატვარი, რომელმაც Google-ის სათვალე თანამედროვე ხელოვნებას დაუკავშირა. მისი პროექტის მიხედვით, Google-ის სათვალესთან ერთად ადამიანი, რომელიც ნამუშევარს უყურებს, ახალ განზომილებაში ხვდება. 2011 წელს SCOPE-ის ხელოვნების შოუზე, მაიამიში, დათუნას ნამუშევარი „სტივ ჯობსი / აინ რენდი" 210 000 აშშ დოლარად გაიყიდა და ის ფესტივალზე გაყიდულ ნამუშევრებს შორის ყველაზე ძვირადღირებული აღმოჩნდა.

ყაზახმა ბოდიბილდერმა სექს-თოჯინას ხელი სთხოვა - რას ყვება მამაკაცი საყვარელ ქალთან ურთიერთობაზე

რატომ არ უნდა აკოცოთ შვილს ტუჩებში? - ბავშვთა ფსიქოლოგის განმარტება

Google-ში, Apple-სა და სხვა ტოპ-კომპანიებში მუშაობის დასაწყებად, უმაღლესი განათლება საჭირო აღარ არის