"მგზავრების" სოლისტი გიგი დედალამაზიშვილი ადრე თურმე რომანტიკული ყოფილა, სიყვარულისთვის სისულელეებიც უკეთებია, სიყვარულისგან დათრგუნვილს სიმღერებიც უწერია. ახლა ამ რომანტიზმის ცოტა რცხვენია... უმეტეს დროს მეგობრებთან ერთად ატარებს, მათთან მუშაობს და მათთან ისვენებს. ძილიც უყვარს. მასზე ამბობენ, თუ დაიძინა, აღარ იღვიძებს და თუ გაიღვიძა, აღარ იძინებსო. გულწრფელიცაა. ამიტომ მისი ფსიქოპორტრეტის შექმნა არ გაგვჭირვებია.
- როგორ იწყება შენი დილა?
- ვიღაცამ თუ არ გამაღვიძა, არაფერი მშველის, არც მაღვიძარა. უნდა დამეჯაჯგუროს ვინმე და მითხრას, - გიგი, ადექიო! მეუბნებიან, რომ ერთი დაძახება არ მშველის.
- ხმაურშიც შეგიძლია, დაიძინო?
- თუ ძალიან დაღლილი ვარ, სავარძელში დამჯდარსაც დამეძინება.
- დაღლას რას უხერხებ?
- არ ვიცი. რომ ამბობენ, მეგობრებთან ერთად ვისვენებო, ეს ჩემს შემთხვევაში არ ამართლებს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სულ მეგობრებთან ერთად ვარ. მე ხომ რომელიმე კომპანიის თანამშრომელი არა ვარ, - მეგობრებთან ერთად ვმუშაობ, მათთან ერთად ვისვენებ.
- დასვენება ხმაურში - "ტუსოვკაზე", დისკოთეკაზე გირჩევნია თუ სიწყნარეში, წიგნით ხელში?
- ორივე მიყვარს, თუმცა "ტუსოვკებზე" ბოლო დროს იშვიათად დავდივარ. ერთი პერიოდი იმდენად ხშირად მიწევდა სახლში ყოფნა (ჩვენ ხომ რეპეტიციები ჩემთან სახლში გვქონდა), მერე, ე.წ. "ტუსოვკაზე" ხალხმრავლობამ ცოტა არ იყოს, შემაწუხა, არ მესიამოვნა.
- იქნებ, მუსიკამ დაგღალა?
- სხვათა შორის, მუსიკასაც აქვს ასეთი თვისება. თან, მე სულ ვუსმენ მუსიკას.
- საინტერესოა, როგორ მუსიკას უსმენ. მაგალითად, მობილურზე რა ზარი გიყენია?
- ბანალურად ჟღერს, მაგრამ ყველაფერს ვუსმენ, განწყობილებისდა მიხედვით. ისე, "პინკ ფლოიდი" მიყვარს ძალიან. ამ ჯგუფს აქვს სიმღერები, რომლებსაც დღისით ვუსმენ და სიმღერები, რომლებსაც ღამით ვუსმენ. მობილურს რაც შეეხება, ისეთი ტელეფონი მაქვს, რომელშიც მელოდიები არ იწერება, თავისი ზარები აქვს. მიყვარს, მესამე წელია, ეს მობილური მაქვს.
- გაბრაზებული გიგი როგორია?
- უი, ცუდი ძალიან - ყვირის, რაღაცებს ამტვრევს... ფიცხი ვარ. საკუთარ თავზეც ბევრჯერ გავბრაზებულვარ. საერთოდ, როცა ცუდი რაღაც ხდება ჩემს ცხოვრებაში, ვფიქრობ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, რომ ასე იყო საჭირო, თუნდაც - შემდგომი წარმატებისთვის. ამით ვიმშვიდებ თავს.
- მუზა როდის მოდის - გაბრაზებულ გულზე თუ კარგ ხასიათზე?
- არ ვიცი, მართლა არ ვიცი. ზოგჯერ ვჯდები და ისეთ ცუდ სიმღერებს ვწერ, მერე რომ ვუსმენ, გული მისკდება. ეს იმ შემთხვევაში, როცა შეკვეთა მაქვს. ასეთ დროს გიტარას ვდებ და სხვა საქმეს ვკიდებ ხელს.
- სახლში როგორია გიგი - ჩვეულებრივ, ყოფით ცხოვრებაში?
- ძალიან ზარმაცი. მთელი დღე მძინავს. ჩემზე ამბობენ, - თუ გაიღვიძა, აღარ იძინებს და თუ დაიძინა, აღარ იღვიძებსო (იღიმის). მართლა ასეა. ძალიან მინდა, მეც 7 საათზე გავიღვიძო, მაგრამ დილით ამ დროს შემოვდივარ სახლში და მშურს იმ ადამიანების, ვინც ამ დროს სამსახურში მიდიან, მე კიდევ, უნდა დავიძინო და შუადღისას გავიღვიძო.
- ჯიუტი ხარ?
- არა. მაგალითად, არ მომწონს რომელიმე სიმღერა და ვამბობ, - მოდი, ეს არ ვიმღეროთ-მეთქი. ძალიან ადვილია ჩემი გადარწმუნება. თუ ჯგუფის წევრები იტყვიან, - რატომაც არაო, ვთანხმდები. პატარა "რქები" კი მაქვს, მაგრამ მამტვრევენ ხოლმე...
- რომანტიკული თუ ხარ?
- ვიყავი.
- რომანტიკული ან ხარ, ან - არა; ვიყავი და აღარ ვარო, ჯერ არავისგან მსმენია...
- იცი, რაშია საქმე? - რაც დრო გადის, უფრო მრცხვენია ასეთი რაღაცების. თუმცა დღესაც არის სიტუაციები, სადაც ჩემს რომანტიკულობას ჩემდა უნებურად ვამჟღავნებ ხოლმე. ძალიან ბევრი სისულელეც ჩამიდენია სიყვარულისთვის.
- მაგალითად?
- დიდი ორიგინალურობით ვერ გამოვირჩეოდი - ძირითადად, გულის ფორმის ცეცხლს ვუნთებდი გოგონებს; თუ "ბენზინი" მყოფნიდა, გულში იმ გოგონას სახელსაც ვწერდი... ერთი ლიტრი ბენზინით კარგა მოზრდილი გული იხატებოდა (იცინის). ხშირ შემთხვევაში არ მიმართლებდა - გოგონა სახლში არ მხვდებოდა და მეზობლებისთვის მომიწყვია ეს სანახაობა.
- მგონი, იმიტომ გაგიარა რომანტიზმმა, რომ გოგონები სახლში არ გხვდებოდნენ...
- (იცინის) არ ვიცი, შეიძლება.
- შენმა რჩეულმა შენი თანდასწრებით ფლირტი რომ გააჩაღოს...
- (მაწყვეტინებს) მოვკლავ! ძალიან არ მიყვარს ეგეთი რამეები. ბუნებით ქართველი ვარ. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ ქართველი ვარ! კი მინდა, ცოტა ლაითად შევხედო ესეთ რაღაცებს, მაგრამ რა ვქნა, ვერ შევეგუები ბევრ ისეთ რამეს, რაც ევროპელისთვის მისაღებია.
- მაგალითად?
- თუნდაც დამოკიდებულება ოჯახთან. მე არ მინდა, ცოლს რომ მოვიყვან, ცალკე ვიცხოვრო. ოჯახი მიყვარს, სამი თაობა, მეგობრები.
- მოგეწონება, შენ გვერდით შენს მეუღლეს ინტერესით რომ აკვირდებოდნენ?
- მაგაზე ბევრი ვიფიქრე და ერთ დასკვნამდე მივედი: თუ ადამიანს უყვარხარ, ყველაფერს შენთვის აკეთებს - შენთვის იცვამს, შენთვის იპრანჭება... არც ისეთი ქართველი ვარ, ცოლებს რომ სახლში ძალით სვამენ; მინდა, ჩემი ცოლი წარმატებული ქალი იყოს, ჰქონდეს თავისი საქმე, იმიტომ, რომ საკუთარი თავი არ "შეჭამოს", დეპრესია არ დაემართოს, არ იწუწუნოს. ქალების წუწუნი მკლავს, ეგრევე ვყვირი მაგაზე, სადაც უნდა ვიყო. ჩაცმის კომპლექსიც მაქვს, მომთხოვნი ვარ ამ მხრივ - მოკლე ქვედაბოლო და დეკოლტე არ მინდა, რომ ჩემს ახლობელს ეცვას.
- ე.ი. კორექტივებსაც შეიტან მეუღლის ჩაცმის სტილში?
- არა, მე აღარ შემაქვს ხოლმე კორექტივები; ყველამ იცის, რომ გიგის ეს არ მოეწონება და ჩემთან ერთად ყოფნისას ასე არ იცვამენ. თეატრალურში ჩემს მეგობარ გოგოებს ხშირად მოკლე ქვედაბოლო არ ჩაუცვამთ, იმის გამო, რომ არ მომეწონებოდა. საერთოდ, როცა ვინმე მიყვარს, იმის მიმართ განსაკუთრებით მომთხოვნი ვარ. ჩემი და იქნება ეს, დედა თუ მეგობარი, მინდა, სამაგალითოები იყვნენ, პირველ რიგში - ჩემთვის.
- რამდენად მეგობრული ხარ დასთან? მაგალითად, ნინის შეუძლია გაგიმხილოს, რომ შეყვარებულია ან თავის თაყვანისმცემლებზე გელაპარაკოს?
- ნინი ძირითადად, როცა გაუჭირდება, მაშინ მომმართავს, სხვა შემთხვევაში ვერც მოვუსმენ: ბავშვია ნინი...
- რამდენი წლის არის?
- 22-ის.
- შენ?
- 24-ის. მაგრამ ჩემთან შედარებით, ბავშვია. ჩემს დას შეყვარებული ჯერჯერობით არ ჰყოლია და ეს ძალიან მახარებს (იცინის). ვიღაც ბიჭი ალბათ მოსწონებია, მაგრამ რამდენი ბიჭიც მოეწონება, რომ მოვიდეს და მითხრას, - გიგი, ახლა ბიჭმა გაიარა და ძალიან მომეწონაო, - რა თქმა უნდა, არ მესიამოვნება. თვითონაც არ მომიყვება ყველაფერს: ძალიან ვნერვიულობ ასეთ რაღაცებზე და რატომ უნდა მანერვიულოს?! ასეთ რამეებს გოგონები ალბათ დაქალებს უყვებიან, მე ხომ ნინის დაქალი არ ვარ!
- ემოციებს სხვების თანდასწრებით გამოხატავ?
- ეგ პრობლემა მაქვს - თავს ვერ ვიკავებ.
- ბოლოს როდის იტირე?
- ფილმი ვნახე - "ხაჩიკო", ძაღლზეა და მაშინ ვიტირე.
- ცხოველები გიყვარს?
- კი. ჩემი ძაღლი არ შეგხვდა სადარბაზოში?
- კი, შემხვდა. მიირთმევდა... რა ჰქვია?
- სევდია. სევდიანია ძაან (იცინის).
- ტყუილი გითქვამს?
- როგორ არ მითქვამს?! ზოგჯერ გამომდის, ზოგჯერ - არა. ისიც ხომ ტყუილია, სიმღერის ხასიათზე რომ არა ხარ და სცენაზე გადიხარ და მღერი.
- სახლში მშიერი როცა ბრუნდები და კერძი არ გხვდება, რა რეაქცია გაქვს?
- იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მიყვარს კვერცხი და სულ გვაქვს სახლში, ამის გამო სკანდალს არ ავტეხ. შემიძლია, თავადაც გავაკეთო ტაფამწვარი. დედაჩემი კი მეუბნება ხოლმე, - შვილო, ნახე, რა გემრიელი, ვთქვათ, "სუპ-ხარჩო" გავაკეთე, გასინჯე მაინცო, - მაგრამ მე კვერცხი მირჩევნია. ბავშვობაში მაშინებდნენ, მალე კაკანს დაიწყებო და აჰა, ავკაკანდი, სიმღერა კი დავიწყე (იცინის).
- შეყვარებული გიგი როგორია?
- თუ ორმხრივია სიყვარული, ბედნიერი ვარ, თუ ცალმხრივად ვარ შეყვარებული, ძალიან მაწუხებს ეს გრძნობა, სახეზე მაწერია ყველაფერი.
- სიმღერასაც უფრო ხშირად წერ?
- არა, ადრე ვწერდი ხოლმე სიმღერებს დათრგუნვილ სიყვარულზე (იცინის). ახლა დიდი ბიჭი ვარ, 24 წლის (იცინის), გამოცდილებაც მაქვს.
- რომელი პროფესიის ქალს არ შეირთავ ცოლად?
- არასდროს თქვა "არასდროსო", ხომ იცი?.. ძნელია ამის თქმა.
- მსახიობიც რომ იყოს შენი მეორე ნახევარი, მაინც არ შეუშლი კარიერაში ხელს?
- მსახიობი ქალი ყველაზე რთული ქალია. მე თეატრალური დავამთავრე და მქონია მათთან მეგობრული ურთიერთობა. თუ რეალიზებული არ არის, მტერს არ ვუსურვებ ასეთ ქალს ოჯახში. სადაც უნდა იმუშაოს და რა რაოდენობის შემოსავალიც უნდა ჰქონდეს, სულ ემახსოვრება ის, რომ დღეს სცენაზე შენ გამო არ დგას. არადა, როგორ შეიძლებოდა, კარიარაში წარმატების მიღწევა და როგორ დაჩაგრეს!
- ისე კარგად ჩამოაყალიბე არარეალიზებული მსახიობი ქალის წუწუნი, ვეჭვობ, ასეთი ქალისთვის არაერთგზის მოგისმენია.
- მომისმენია?! მეტს კი არაფერს ვაკეთებ - მსახიობი ვარ და ირგვლივ სულ მსახიობი ქალები მყავს.
- ბოდიშის მოხდა გეადვილება?
- თუ სხვანაირადაც შეიძლება სიტუაციიდან გამოძრომა, მირჩევნია, არ მოვიხადო, მაგრამ თუ სხვა გზა არ არის, არც ეგაა დიდი პრობლემა.
- იბუტები ხოლმე?
- კი.
- რამდენი დღე შეგიძლია, იყო გაბუტული, მაგალითად, დასთან?
- ნინისთან ერთი თვეც ვყოფილვარ გაბუტული.
- პირველ ნაბიჯს შერიგებისკენ ვინ დგამს ხოლმე?
- ის, რა თქმა უნდა!
- დასასრულ, "მგზავრების" საზაფხულო გეგმებზეც გვითხარი, რას აპირებთ?
- კონცერტები გვაქვს დაგეგმილი: თელავში მივდივართ, ზუგდიდში, ქობულეთში, ბათუმში, ქუთაისში. მიგვიწვიეს. ასე რომ, სამუშაოს დასვენებას შევუთავსებთ და საქართველოს სხვადასხვა კუთხესაც მოვინახულებთ.
- ისღა დამრჩენია, წარმატებები გისურვოთ!
- მადლობა!
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)