ავტორი:

"მაშინ ვერც წარმოვიდგენდით, წლების შემდეგ ამგვარად თუ განვითარდებოდა მოვლენები" - ჭოლას ქალიშვილისა და მისი მეუღლის სიყვარულის ამბავი

"მაშინ ვერც წარმოვიდგენდით, წლების შემდეგ ამგვარად თუ განვითარდებოდა მოვლენები" - ჭოლას ქალიშვილისა და მისი მეუღლის სიყვარულის ამბავი

ისინი 2019-ში დაქორწინდნენ. ქალიშვილი "სუხიშვილების" მოცეკვავე და მარჯანიშვილის თეატრის ქორეოგრაფია, ვაჟი - ერთ-ერთი კომპანიის სპორტული მენეჯერი. ქალიშვილი ძალიან ჰგავს დედას, თუმცა, როგორც თავად მითხრა, მამასაც ამსგავსებენ. ჰო, მართლა, მის მშობლებს საქართველოში ბევრი იცნობს, ნაწილი შორიდან და ნაწილი პირადად, რადგან მამა სახელგანთქმული რეჟისორია, დედა - მსახიობი და თავადაც რეჟისორის ქალიშვილი.

2019 წლის სექტემბერში მეგობარს ვსტუმრობდი და შევესწარი, მისი ვაჟები როგორი მონდომებით ემზადებოდნენ კვარიათში გასამგზავრებლად, რადგან მათი ბავშვობის მეგობარი გოგონა თხოვდებოდა და სამეგობროს სწორედ იქ უნდა აღენიშნა ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა. ასე გავარკვიე, რომ ლაპარაკი მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორ ლევან (ჭოლა) წულაძისა და იმავე თეატრის მსახიობ მანანა კოზაკოვას ქალიშვილის, თინათინ წულაძის თავის რჩეულთან - გიორგი კოტეტიშვილთან შეუღლებაზე იყო. ამას მოჰყვა სოციალურ ქსელში გავრცელებული ლამაზი ვიდეო კვარიათის პლაჟიდან, სადაც ახალგაზრდებმა თინათინისა და გიორგის შეუღლების წარმოდგენა მოაწყვეს... ძველი და ახალი წლების გასაყარზე ეს ლამაზი და ხალისიანი წყვილი გამოვარჩიე და მათი სიყვარულის ამბავს ახლა ერთად მოვისმენთ.

თინათინი:

- აჭარაში ჩვენი ქორწილი სიმბოლური იყო, რადგან მე და გიორგიმ ძალიან დიდი ხნის წინ, პატარები რომ ვიყავით, სწორედ იქ გავიცანით ერთმანეთი - რამდენიმე წლის განმავლობაში მშობლებთან ერთად იქ ვისვენებდით და ერთად ვთამაშობდით. რა თქმა უნდა, მაშინ ვერც წარმოვიდგენდით, წლების შემდეგ ამგვარად თუ განვითარდებოდა მოვლენები. ბავშვობის შემდეგ დიდხანს აღარ შევხვედრივართ, მაგრამ უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად რომ ვემზადებოდით, უნარებში ერთსა და იმავე მასწავლებელთან მოვხვდით. ერთმანეთს გავახსენეთ თავი და...

გიორგი:

- თინათინს აშკარად არ ვახსოვდი.

თინათინი:

- დამიჯერეთ, ნამდვილად კარგად მახსოვდა (იცინის). რაღაც პერიოდის შემდეგ მე ამერიკაში წავედი და იქ ყოფნისას გიორგი სოციალური ქსელით შემეხმიანა. ვუთხარი, ამერიკაში რომ ვიყავი, ხოლო როდესაც დავბრუნდი, კვლავ აღვადგინეთ ურთიერთობა.

- გიორგი, რადგან თინათინის ცხოვრებაში კვლავ გამოჩნდით, ალბათ საამისო მიზეზიც გქონდათ. თინათინი ბავშვობაშიც ხომ არ მოგწონდათ?

- მაშინ ძალიან პატარები ვიყავით, თუმცა ფაქტია, თინათინი კარგად მახსოვდა და ვიცანი კიდეც, მასწავლებელთან რომ შევხვდით. იმ პერიოდში კი მას ვერ შევიყვარებდი და ვერც თვითონ შემიყვარებდა, რადგან ორივეს შეყვარებული გვყავდა.

თინათინი:

- ერთმანეთისადმი აშკარად სიმპათიით ვიყავით განწყობილი, მაგრამ ზედმეტს არაფერს ვამბობდით ან ვაკეთებდით. შემდეგ თითქმის ერთდროულად დავცილდით შეყვარებულებს...

გიორგი:

- ამის მიზეზი ჩვენი ერთმანეთისადმი სიმპათია არ ყოფილა. ყველაფერი ბუნებრივად ხდებოდა. შეყვარებულს რომ დავცილდი, თინათინს მერე მივწერე. ძალიან მინდოდა მასთან ურთიერთობა, თუმცა დარწმუნებული არ ვიყავი, რომ დადებით პასუხს მივიღებდი. ძალიან მეწყინა, ამერიკაში რომ აღმოჩნდა, მაგრამ მიწერ-მოწერა გავაგრძელეთ. საქართველოში რომ დაბრუნდა, კვლავ ჩემი ინიციატივით განვაგრძეთ ურთიერთობა. ისე, არც თინათინი იყო უკარება (იცინის).

თინათინი:

- სინამდვილეში, იცით, რა მოხდა? ასე ხომ ვურთიერთობდით, მაგრამ ერთ ზაფხულს კვლავ ერთად აღმოვჩნდით კვარიათში და იქვე განვითარდა ყველაფერი, გაღვივდა და იქვე დავთქვით, თუკი ოდესმე დავქორწინდებით, ჩვენი ქორწილი სწორედ კვარიათში უნდა იყოს-თქო. ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რაც კი ოდესმე მიგვიღია.

- მაგრამ ეს ხომ მხოლოდ წარმოდგენა იყო და არა ოფიციალური ქორწინება?

- რა თქმა უნდა! მანამდე ჯვარი დავიწერეთ თბილისში, წავედით კავთისხევში, გიორგისთან და მშობლებთან ერთად ოფიციალურად აღვნიშნეთ ჩვენი დაქორწინება. შემდეგ კი, სექტემბერში კვარიათში გავემგზავრეთ, ამჯერად მეგობრებთან, ახლობლებთან ერთად და მეორე ქორწილი უკვე იქ გვქონდა. ცერემონია მოეწყო პლაჟზე, იმ ადგილას, რომელსაც "რაკუშკებს" უწოდებენ. მეჯვარეებად ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები - ბავშვობის მეგობრები გვყავდნენ. საქორწინო რიტუალი წაიყვანა საგანგებოდ გამოწყობილმა ჩვენმა მეგობარმა, რომელსაც ძალიან ლამაზი ტექსტიც კი ჰქონდა წინასწარ დაწერილი. სამწუხაროდ, ნიშნობის ბეჭდები თბილისში დაგვრჩა და რადგან "რაკუშკებში" ვიყავით, იქვე მოვძებნეთ ნიჟარების ბეჭდები და ისინი გავუკეთეთ ერთმანეთს. ძალიან სიმბოლური და ლამაზი სანახაობა გამოგვივიდა. მერე იქვე, სანაპიროზე, ქვებზე მოვილხინეთ - მუსიკაც გვქონდა და ბევრიც ვიცეკვეთ. კვარიათში რამდენიმე დღით ყველანი დავრჩით და დავისვენეთ. მოკლედ, სამდღიანი ქორწილი გვქონდა და მერე მეგობრებთან ერთად დავბრუნდით თბილისში.

- ახლა სად ცხოვრობთ?

- ხან ოქროყანაში ვართ, ხან - გიორგისთან. მალე დავამთავრებთ ჩვენი სახლის რემონტს ვაკეში.

- თქვენი საქმიანობებიდან გამომდინარე ვხვდები, რომ საორგანიზაციო უნარი ორივეს გაქვთ. სახლის სარემონტო სამუშაოებშიც ორივე ხართ ჩართული თუ პასუხისმგებლობა ერთ-ერთმა აიღეთ?

გიორგი:

- ამ კუთხით ყველაფერს თინათინი უძღვება, ეს საქმე მას ვანდეთ. წაიკითხეთ სრულად

10 ცნობილი ქართველი, რომლებსაც პოპულარობით შვილებმა აჯობეს

"30 კილოგრამით მეტი ვიყავი. სახლში ჩავიკეტე, გარეთ გამოსვლა არ მინდოდა..." - გაიცანით "დიდი სცენის" კონკურსანტი, რომელიც პირველი ლაივის ლიდერია

ქეთა თოფურია ლევ ძენ­გო­ვთან ერთად ალპებში, "საშიშ ოთახში" ისვენებს - ფოტოები მომღერლის "ინსტაგრამიდან"