რუსმა სპეცსამსახურებმა ჩეჩნური ბანდფორმირებების წევრებთან ბრძოლის ახალი მეთოდების გამოყენება დაიწყეს: საკვებ პროდუქტებში საწამლავს ურევენ. როგორც "როსბალტ"-ი იტყობინება, მხოლოდ წელს მოწამვლის შედეგად 17 ბოევიკი და მათი ლიდერი გარდაიცვალა.
პირველად, როგორც გამომცემლობა წერს, ბოევიკების წინააღმდეგ საწამლავების გამოყენების ოპერაცია წარმატებით 2002 წელს დასრულდა, როდესაც საველე მეთაურის, ხატაბის ლიკვიდაცია განხორციელდა.
როგორც რუსული სპეცსამსახურებიდან ერთ-ერთმა ანონიმურმა წყარომ განაცხადა, 2009 წლიდან ბოევიკების მოწამვლა ძალიან პოპულარული გახდა. სპეცსამსახურები ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით ბოევიკებს, რომლებიც მთებში იმალებიან, მოწამლულ საკვებ პროდუქტებს უგზავნიან.
როგორც წყარო ამტკიცებს, შარშან ამგვარად მოწამლეს დოკუ უმაროვიც, რომელიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, თუმცა სხვადასხვა სახის დაავადებებით დასნეულდა. წყაროს მონაცემებით, ამგვარი მეთოდების გამოყენებას რუსული სპეცსამსახურები კვლავაც გააგრძელებენ, რაგდან ჩეჩნეთის მთებში ბოევიკების აღმოჩენა და განადგურება ძალიან რთულია. თანაც ამგვარი მეთოდები ფედერალურ ძალთა შორის დანაკარგის თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.