რუსეთს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის С-300-ის გაყიდვისთან დაკავშირებით აზერბიაჯანთან კონტრაქტი არ გაუფორმებია, - იუწყება "როსობორონექსპორტის" წარმომადგენელი ვიაჩესლავ დავიდენკო. მანამდე რუსული მასმედიით ცნობა გავრცელდა, რომლის თანახმად რუსეთს აზერბაიჯანისთვის 300 მლნ დოლარის ღირებულების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ორი დივიზიონი უნდა მიეწოდებინა.
ამჟამად რუსეთი დსთ-ის მასშტაბით რეგიონული ჰაერსაწინააღმდეგო ზონების შექმნაზე მუშაობს. განიხილება აღმოსავლეთ ევროპული, კავკასიური და ცენტრალური აზიის ზონების პროექტები, რომლებსაც რუსეთი ყაზახეთთან, უზბეკეთთან და ტაჯიკეთთან ერთად განახორციელებს. ერთიანი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შექმნაზე შეთანხმება უკვე გაფორმდა ბელორუსთან და სომხეთთან.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტი დსთ-ის ყველა სახელმწიფოს მოიცავს, მასში აზერბაიჯანის მონაწილეობის საკითხი ჯერჯერობით გაურკვეველია.
მანამდე გაზეთი "Ведомости" ვარაუდობდა, რომ აზერბაიჯანს С-300 ირანის გარშემო ვითარების დაძაბვის შემთხვევაში, თავდაცვისთვის დასჭირდებოდა. რაც შეეხება სომხეთს, მისი თავდასხმის შემთხვევაში აზერბაიჯანს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი არაფერში წაადგება, რადგან ამ სახელმწიფოებს თანამედროვე შემტევი თვითმფრინავები, ფრთოსანი ან ბალისტიკური რაკეტები არ გააჩნიათ.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.