ავტორი:

ახალი სამანქანო ხიდი, გზაგამყოფი კუნძულები, ვაკის პარკის რეაბილიტაცია - რა პროექტები განხორციელდება თბილისში 2020 წლიდან

ახალი სამანქანო ხიდი, გზაგამყოფი კუნძულები, ვაკის პარკის რეაბილიტაცია - რა პროექტები განხორციელდება თბილისში 2020 წლიდან

თბილისის მერიამ 2020-2021 წლებში განსახორციელებელი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გამართა. წელს დედაქალაქში რამდენიმე მასშტაბური პროექტი დაიწყება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნული პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა, მათი განხორციელება სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.

"ჩვენ ამ ყველაფერს ისე გადავანაწილებთ და დავგეგმავთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები დისკომფორტი შევქმნათ. თუმცა, ასეთი მასშტაბური სამუშაოების წარმოება შეუძლებელია, თუ არ ჩატარდა სამუშაოები, რაც ყველა ასეთ პროექტს წინ უძღვის", - განაცხადა კალაძემ.

  • მარშალ გელოვანის გამზირისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ერთმანეთთან დაკავშირება

როგორც მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, ამ ტერიტორიაზე მოეწყობა შვიდი სხვადასხვა სიგრძის კვანძი, გაუქმდება ყველა არსებული შუქნიშანი და გადაადგილება შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი.

"ასევე, ხორციელდება ლისიდან ჩამომავალი გზის მოწყობის პროექტი. სწორედ ამ ორი პროექტის განხორციელების შემდეგ დიღმისა და ლისის ტბის მიმართულებით მოძრაობა შეუზღუდავად იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა ბენდელიანმა და დასძინა, რომ სამუშაოების ღირებულება 21 634 083 ლარია და მის დასრულებას წელიწად-ნახევარი დასჭირდება.

  • შეშელიძის ქუჩაზე მეწყრული ზონის რეაბილიტაცია

როგორც ბენდელიანმა განაცხადა, ეს პროექტი დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება და მისი ღირებულება 20 874 000 ლარი იქნება.

"უკვე შექმნილია დეტალური პროექტი და მისი განხორციელება დაახლოებით ერთ თვეში დაიწყება. ამჟამად, წვიმების დროს, მიწის მასები გადაადგილდება და საფეხმავლო სივრცე მთლიანად ამ მასას აქვს დაკავებული.

მოწესრიგდება ტერიტორია და აშენდება მეწყერდამჭერი კედლები. მომდევნო წლის გაზაფხულზე ეს პროექტი დასრულებული იქნება. მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოები დროულად ჩატარდეს, რადგან აქ ბევრი კორპუსია და იმისათვის, რომ მათ მცხოვრებლებს საფრთხე არ შეექმნას, შეზღუდულ ვადებში განვახორციელებთ პროექტს“, - განაცხადა მერის მოადგილემ.

  • უნივერსიტეტის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელი სამანქანო ხიდი

წელსვე დაიწყება 600 მეტრამდე სიგრძის ხიდის მშენებლობა მდინარე ვერეს კალაპოტში, რომელსაც დაახლოებით 2 წელი და 56 029 454 ლარი დასჭირდება. თბილისის მერის მოადგილის განმარტებით, ხიდის მოწყობა ასევე ორი კვანძის მოწყობას საჭიროებს უნივერსიტეტის ქუჩასა და წყნეთის გზატკეცილზე.

მერის მოადგილის თქმით, წელსვე განხორციელდება ქეთევან დედოფლის, წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების რეაბილიტაცია.

ამასთან, 2020 წელს მინდელის სახელობის ხიდი რეაბილიტირდება, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარია გამოყოფილი.

"ყველაზე გრძელი ხიდია, რომელიც მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს აკავშირებს. მისი სიგრძე დაახლოებით 600 მეტრია. ხიდი სრულად რეაბილიტირდება, შეიცვლება ასფალტი, გადაბმის ნაკერები, განათება და მოაჯირები".

ბენდელიანის თქმით, სამუშაოების დაწყება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მალე დასრულდება გლდანში მიმდინარე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები.

  • მოსკოვისა და სარაჯიშვილის გამზირებზე ხეივნების რეაბილიტაცია

როგორც თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ განაცხადა, აღნიშნულ პროექტზე 3 000 000 ლარი დაიხარჯება.

"თითოეულ პარკში, რომლის რეაბილიტაციასაც ვახორციელებთ, 80% მწვანე საფარი იქნება და სარწყავი სისტემები მოეწყობა.

მოსკოვის გამზირზე, 27 000 კვ.მ ფართობზე გამწვანებული სივრცე არსებობს, რომლის რეაბილიტაციას სულ მალე დავიწყებთ. პროექტის საერთო ღირებულება 3 500 000 მლნ ლარია. მოეწყობა ველობილიკები, დაირგვება ახალი ხეები და ნარგავები, მოეწყობა შესაბამისი მოსასვენებელი ადგილები“, - განაცხადა ბითაძემ.

მისივე თქმით, მსგავსი პროექტის განხორციელება დაიწყება სარაჯიშვილის გამზირზეც, სადაც ასევე, დიდი ხეივანი არსებობს.

  • გზაგამყოფი კუნძულები ქუჩებზე

მაია ბითაძემ კიდევ ერთ პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე გზაგამყოფი კუნძულები მოეწყობა. პროექტების საერთო ღირებულება ერთი მილიონი ლარი იქნება, ჯამური ფართობი კი - 55 000 კვადრატული მეტრი. მისი თქმით, გზაგამყოფი კუნძულები ყველგან გამწვანებული იქნება.

"გვაქვს სიახლე, რომელიც უშუალოდ დედაქალაქის მერის, კახა კალაძის იდეაა. ეს არის გზაგამყოფების მოწესრიგება, რომლებმაც ჩვენი ქალაქი ძალიან გაალამაზა. ისინი ორმაგ ფუნქციას ასრულებენ, გარდა საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა, ალამაზებენ ქალაქს.

მიმდინარე წელს, ძალიან ბევრი კუნძულის რეაბილიტაცია და მოწყობა გვაქვს დაგეგმილი იმ ფორმით, რა ფორმითაც უკვე გავაკეთეთ სხვა ადგილებში. მაგალითად, შარტავას ქუჩაზე, მუნიციპალიტეტის შენობის მიმდებარე ტერიტორია.

ყველა იმ მოედანზე, სადაც ბოძკინტებია განლაგებული, მიმდინარე წელს, მწვანე სივრცეები მოეწყობა, რომელიც ნამდვილად გაალამაზებს თბილისს. შესაბამისად, ამ მიმართულებით რამდენიმე პროექტია დაგეგმილი. მათ შორის: ზ. ჟვანიას სახელობის მოედანზე, პეკინის გამზირისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთაზე, ლევილისა და ნოე ჟორდანიას სანაპიროებზე, ქერჩის და სარაჯიშვილის ქუჩების კვეთაზე, მახათას მთის აღმართი და ა.შ.“, - განაცხადა მერის მოადგილემ.

  • გლდანის პატარა ტბის ტერიტორიის რეაბილიტაცია და სკვერები ვარკეთილში

2020 წელს დაიწყება სამუშაოები გლდანის ტბის მიმდებარედ, რაშიც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 000 0000 ლარი დაიხარჯება. ტერიტორიის საერთო ფართობი 37 000 კვადრატული მეტრია. ტბის სიგრძე 300 , ხოლო სიგანე - 160 მეტრია.

მერის მოადგილის, მაია ბითაძის თქმით, გლდანის ტბის გარშემო ისეთივე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, როგორიც ლისის ტბასა და კუს ტბაზეა.

ასევე, დაგეგმილია ვარკეთილში 17 600 კვ.მ ფართობზე ორი სკვერის მოწყობა-რეაბილიტაცია. მერის მოადგილის განცხადებით, ვარკეთილში, ერთ-ერთი სკვერი ალექსიძის ქუჩაზე მოეწყობა. პროექტის განსახორციელებლად კი 500 000 ლარი დაიხარჯება.

სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 7 600 კვ.მ ფართობი განახლდება, დაირგვება დიდი ზომის ხეები და მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მთლიანად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და როგორც სარწყავი, ასევე, სანიაღვრე სისტემები მოეწყობა.

მაია ბითაძემ კიდევ ერთ პროექტზე ისაუბრა, რომელიც ვარკეთილის 3, მე-3 მიკრორაიონში, N310 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტის ღირებულება 800 000 ლარს შეადგენს.

"კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ვარკეთილში, 10 000 კვ.მ ფართობზე სკვერის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. გასულ წელს ჩვენ ვარკეთილში ძალიან დიდი სივრცის რეაბილიტაცია განვახორციელეთ. წელს კი, როდესაც აღნიშნული პარკის განახლებას დავიწყებთ, ვფიქრობთ, ადგილობრივი მოსახლეობისთვის კიდევ ერთი კარგი სივრცე შეიქმნება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

  • პარკი დიღმის ჭალების ტერიტორიაზე

აღნიშნული პროექტის განხორციელებს 2020 წელს დაიწყება და 2 წელიწადში დასრულდება.

"დიღმის ჭალების პროექტი გამზადებული გვაქვს, მისი განხორციელების ვადები არის 2 წელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია იმის გათვალისწინებით, რომ დღეს აღნიშნულ ტერიტორიაზე არის ნაგავსაყრელი, ხოლო ტერიტორიის განახლებისა და პარკის მოწყობის შემთხვევაში გვექნება უნიკალური სივრცე, რომელიც პრაქტიკულად მტკვრის ორ ნაწილს დააკავშირებს ერთმანეთთან.

ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც მტკვარში არის კუნძული, სადაც განაშენების პირას მყოფი სახეობა წავი ბინადრობს. ეს კუნძული უნიკალურ საშუალებას მოგცემს ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. პარკი მოეწყობა დაახლოებით 15 ჰექტარზე", - განაცხადა მაია ბითაძემ.

  • ვაკის პარკის რეაბილიტაცია

ვაკის რაიონის მთავარი დასასვენებელი ცენტრის რეაბილიტაციის პროექტი 2020 წელს დაიწყება. თბილისის მერის მოადგილის ინფორმაციით, საუბარია დაახლოებით 34 ჰექტარი ტერიტორიის რეაბილიტაციაზე:

"ამასთან, ვაკის პარკსა და კუს ტბას შორის მოვაწყობთ ბილიკებს, რომელიც ამ ორ სივრცეს ერთმანეთს დააკავშირებთ. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პროექტის განხორციელებისას ჩვენ კომუნიკაციაში ვართ ადგილობრივ მოსახლეობასთან და მათი ინტერესების გათვალისწინებით ვახორციელებთ პროექტებს. ვფიქრობთ, რომ ძალიან ჯანსაღ სივრცეს მივიღებთ, სადაც გათვალისწინებული იქნება ყველა პირობა",- განაცხადა მაია ბითაძემ.

28-29 თებერვალს ექსპო ჯორჯიაში დასაქმების ფესტივალი EXPO JOB ჩატარდება

ღამით ძლიერი ყინვებია მოსალოდნელი - როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში

9 ფაქტი, რომელიც ონლაინ შოპინგის მოყვარულებმა 2020 წელს უნდა იცოდნენ