ავტორი:

ანტარქტიდას ახალი, გიგანტური აისბერგი მოსწყდა - რა გავლენას მოახდენს გაყინული კონტინენტის  ლღობა დედამიწაზე

ანტარქტიდას ახალი, გიგანტური აისბერგი მოსწყდა - რა გავლენას მოახდენს გაყინული კონტინენტის  ლღობა დედამიწაზე

ჰაერის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურის გამო, ანტარქტიდას ახალი, გიგანტური აისბერგი მოსწყდა. აისბერგის, სახელად B49-ის ფართობი, საერთო ჯამში, 200 კვადრატული კილომეტრი იყო, თუმცა, როგორც მეცნიერები ამბობენ, ის ნაწილებად იშლება, უკვე გამოეყო ყინულის რამდენიმე ნაწილი, შედეგად შედარებით მცირე ზომის აისბერგები წარმოიქმნა, ხოლო დარჩენილი, ყველაზე დიდი აისბერგის ფართობი ამ ეტაპზე 100 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.

მისი სისქის ზუსტ ზომას მეცნიერები ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, თუმცა ამბობენ, რომ რამდენიმე ასეული მეტრია.

აისბერგი მოძრაობს და მოსალოდნელია, რომ მალე ოკეანეს შეუერთდება.

გიგანტური აისბერგი ანტარქტიდის დასავლეთ ნაწილს გასულ შაბათ-კვირას მოსწყდა და ეს მოვლენა "ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ“ სატელიტიდან დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერებმა ყინულის ამ ნაწილის მოძრაობა ჯერ კიდევ 2019 წლის დასაწყისში შენიშნეს და პროცესს აკვირდებოდნენ, ახლა კი, საბოლოოდ გამოეყო გაყინულ კონტინენტს.

სატელიტიდან გადაღებული ფოტოებიდან ჩანს აისბერგის ზომა, ასევე მისი მოძრაობის მიმართულება და ის ნაწილები, რომლებიც უკვე გამოეყო.

როგორც National Geographic წერს, მეცნიერები შიშობენ, რომ ეს მოვლენა, შესაძლოა, ერთგვარი პრელუდია იყოს კიდევ უფრო დიდი დესინტეგრაციის, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ახალი აისბერგების გამოყოფის, რასაც, თავის მხრივ, გაყინულ კონტინენტზე კლიმატის მნიშვნელოვანი ცვლილებები იწვევს.

ნახეთ ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ მოსწყდა აისბერგი გაყინულ კონტინენტს:

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/maaZ6pZkDfY" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

გასულ კვირას ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი - +18.3 გრადუსი დაფიქსირდა. გაყინულ კონტინენტზე სწრაფი ტრანსფორმირება ხდება და ამ ცვლილებების უგულებელყოფა შეუძლებელია. მეცნიერები ამბობენ, რომ გიგანტური აისბერგის მოწყვეტა და მისი ოკეანეს შეერთება გლობალური მასშტაბით ზღვის დონის აწევას გამოიწვევს.

გაყინულ კონტინენტზე ჰაერის ტემპერატურა რეკორდულად მაღალი - +18 გრადუსია

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ყველაზე რთული ვითარება ანტარქტიდის დასავლეთ ნაწილშია, რომელსაც სხვადასხვა ზომის ყინულის ნაწილები 1990 წლიდან ინტენსიურად გამოეყოფა და ყოველივემ ბოლო წლებში განსაკუთრებით სახიფათო სახე მიიღო. ყინულების ნაკადი ოკეანეს უერთდება და თუ მათი მოძრაობის სიჩქარე ადრეულ წლებში უმნიშვნელო იყო, ახლა ჩვეულებრივზე სწრაფად მოძრაობენ და დღის განმავლობაში 10 მეტრით გადაადგილდებიან. მეცნიერები ყოველივეს ჰაერის ტემპერატურის აწევას, ასევე ამ ტერიტორიაზე ბოლო პერიოდში გაბატონებულ ქარებსა და დინებებს უკავშირებენ.

ყველაზე რთული ვითარება Pine Island-ის ნაწილშია

ისინი ამბობენ, რომ ანტარქტიდაზე მიმდინარე პროცესები კლიმატის ცვლილების და მისი გავლენის ყველაზე ნათელი მაგალითია.

აღსანიშნავია ისიც, რომ BBC ის ცნობით, ყველაზე დიდი აისბერგი A68 ანტარქტიდას 2017 წელს მოსწყდა. მას შემდეგ ის უმნიშვნელო სიჩქარით გადაადგილდებოდა და მეცნიერები ყოველივეს სახიფათოდ არ მიიჩნევდნენ, თუმცა ახლა, კლიმატის ცვლილების გავლენით, აისბერგმა უფრო სწრაფად მოძრაობა დაიწყო და მოსალოდნელია, რომ სამხრეთის ოკეანის ღია წყლებში აღმოჩნდება. (ნახეთ: მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგის გადაადგილების სიჩქარე გაიზარდა - რა საფრთხეს უქმნის ის ადამიანებს)

ბაქოში აქციაზე ოპოზიციის ლიდერები დააკავეს - რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელებში

დიდ ბრიტანეთში შტორმს 2 ადამიანი ემსხვერპლა - უახლოეს დღეებში შტორმის კიდევ უფრო გაძლიერებას ელოდებიან

ძალიან პოპულარული გავხდი ამერიკაში, ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი - ვლადიმერ ზელენსკი