ავტორი:

"გილოცავთ, თქვენ მოხვდით შოუშიო... სიხარულისგან ვკიოდი!" - რას ყვება 17 წლის მარიამ ჟორდანია, რომელმაც უკრაინულ "ვოისში" ფურორი მოახდინა

"გილოცავთ, თქვენ მოხვდით შოუშიო... სიხარულისგან ვკიოდი!" - რას ყვება 17 წლის მარიამ ჟორდანია, რომელმაც უკრაინულ "ვოისში" ფურორი მოახდინა

მარიამ, მემე ჟორდანია 17 წლისაა, მეთორმეტე კლასის მოსწავლე. ეს უსაყვარლესი გოგონა "საქართველოს ვარსკვლავიდან" ბევრს ახსოვს. ახლა მის ცხოვრებაში ძალიან კარგი სიახლეა - უკრაინული "ვოისის" კონკურსანტი გახდა და მასშტაბურ მეგაპროექტში აქტიურადაა ჩართული.

"ვაუ, საქართველოდან ხარ? ღმერთო, როგორი მზიანი, მშვენიერი, ხალისიანი ადამიანები ხართ ქართველები... მადლობა ამისთვის! მოვბრუნდით იმიტომ, რომ თქვენ არარეალური ხმა გაქვთ, მაგრამ როცა მოვბრუნდით და დაგინახეთ - როგორი ქარიზმატული, მხიარული, ენერგიული ხარ, ნამდვილი ემოციების შადრევანი! თქვენს ხმაში არის ძალა, ძალა ერისა, ქართული ერისა! შენ არაჩვეულებრივი ვოკალისტი ხარ" - ასე მიმართეს შოუს მენტორებმა მარიამს ენერგიული სიმღერის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ თინეიჯერი გოგონა სიმღერის პარალელურად, მუსიკასაც წერს და ბოდიარტისტია. ეს საქმე კი წარსულში მძიმე ავადმყოფობამ დააწყებინა, ავადმყოფობამ, რომელიც ექიმების დახმარებით დაამარცხა...

როგორ აღმოჩნდა უკრაინულ პროექტში და რა მოლოდინი აქვს შოუსგან - ამის შესახებ მარიამ ჟორდანია AMBEBI.GE-ს ესაუბრა:

"უკრაინულ შოუში იმიტომ გავედი, რომ მინდა, ხალხმა გამიცნოს, მომისმინოს, პროფესიონალებმა ჩემში პოტენციალი დაინახონ.

"საქართველოს ვარსკვლავის" შემდეგ ბევრს ვფიქრობდი, რა უნდა გამეკეთებინა. სოლო კარიერის დასაწყებად ჯერ მზად არ ვიყავი, ამიტომ, რაც იმ წუთისთვის მჭირდებოდა იყო, რომ მაქსიმალური გამოცდილება დამეგროვებინა და ამისთვის ვემზადებოდი...

ერთხელაც, ტელეფონში სქროლვისას უკრაინული "ვოისის" კასტინგი შემხვდა, მერე ოჯახის წევრებს ამის შესახებ ვუთხარი. მირჩიეს, მონაწილეობა მიმეღო. მეც დავფიქრდი და გადავწყვიტე მონაწილეობა, რადგანაც ჩემთვის მართლაც კარგი შანსი იქნებოდა. მანამდე ჩემი არტისტიზმი, სიმღერა, ხელოვნება საქართველოს ფარგლებს არ გასცდენია.

მოკლედ, აქ ყველაფერი მივატოვე და უკრაინაში, კიევში მარტო წავედი. არავინ მახლდა, მქონდა მხოლოდ იმედი და საკუთარი თავის რწმენა, რომ გამომივიდოდა.

- პრეკასტიგზე რა მოხდა?

- ონლაინ გავაგზავნე ჩემი ვიდეო და იქიდან თანხმობა მივიღე... მოსმენამაც კარგად ჩაიარა, ჩემი თავით კმაყოფილი ვიყავი, თუმცა რთული იყო, რადგანაც კონკურენცია დიდია, ათობით ათასი მონაწილე ვიყავით. მათ შორის უკვე ჩამოყალიბებული არტისტებიც მონაწილეობდნენ, რომლებსაც სოლო კარიერაც აქვთ და ალბომების ავტორებიც არიან.

ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ საკუთარი თავის უნდა მერწმუნა და ხელში ამეყვანა. მოკლედ, სიმღერით კმაყოფილი დავრჩი. ეს იყო ზაფხულში და მითხრეს, - დაგირეკავთო. რამდენიმე თვე გავიდა და არ შემეხმიანნენ. იმედი დავკარგე და აღარ მეგონა, თუ დარეკავდნენ...

ერთ დღესაც, ჩემთვის სახლში სიმღერას ვწერდი და ზარი გაისმა, უცხო ნომერი იყო, გულმა მიგრძნო, უკრაინიდან იყო. ვუპასუხე და მითხრეს: "მარიამ გილოცავთ, თქვენ მოხვდით ჩვენს შოუში!" სიხარულისგან ვკიოდი. მაშინვე დედას დავურეკე. უკრაინულ „ვოისში“ მოხვედრა ჩემი და ბებიას ოცნება იყო, რადგანაც პატარა რომ ვიყავი, ამ კონკურსს მე და ბებო სულ ვუყურებდით...

მოკლედ, ნივთები მაშინვე ჩავალაგე და ისევ მარტო წავედი. მიუხედავად იმისა, რომ მარტო ვიყავი და იქ არავის ვიცნობდი, საოცრად თბილი გარემო დამხვდა, ყველამ კარგად მიმიღო. დაძაბულობის მომენტი მაშინვე მომეხსნა. რეპეტიციის გავლა რთული აღმოჩნდა, რადგანაც მაღალ დონეზე და უნაკლოდ ხდება ყველაფერი...

რომ გავედი, მხოლოდ ბებოზე ვფიქრობდი და იმაზე, ეს როგორ არ უნდა გავაკეთო და როგორ არ უნდა გამომივიდეს, როცა ამდენი ვიწვალე და აქამდე მოვედი-მეთქი?! მოკლედ, უფლება არ მქონდა, უკან დამეხია. სიმღერა რომ დავიწყე, უკვე აღარ ვნერვიულობდი...

- და ჟიურის სამი წევრი მაშინვე შემოაბრუნე...

- კი და ამაზე გავგიჟდი. ძალიან ბედნიერი ვიყავი, ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი იყო, როცა მივხვდი, რომ ეს ეტაპიც გადავლახე... მინდოდა, პატაპთან და ნასტიასთან მოვხვედრილიყავი და მათთან მოვხვდი...

ახლა შემდეგ ეტაპს ველოდები, ძალიან ვნერვიულობ, მაგრამ ერთია - კიევს ძალიან შევეჩვიე, შევეგუე, თბილი ხალხია და ეს მეხმარება იმაში, რომ ნაკლები ვინერვიულო... სიურპრიზებს ვამზადებ და მგონია, რომ ხალხს ძალიან მოეწონება. პატაპის და ნასტიას ჯგუფის წევრები ძალიან დავმეგობრდით. მიხარია, რომ კონკურენციის მომენტი არ გვაქვს.

მარიამ ჟორდანია მენტორები - პატაპი და ნასტია კამენსკი

- რა მოლოდინი გაქვს?

- ჩემთვის ამ კონკურსში გამარჯვება მთავარი არ არის. მთავარია, რომ პროექტი დამეხმაროს, გავიხსნა როგორც ინდივიდი და არტისტი. მინდა, სცენაზე გასვლით სიამოვნება მივიღო. ადამიანებისგან, რომლებსაც ამ პროცესში ვიცნობ, უდიდეს გამოცდილებას ვიღებ. ჩემი ერთ-ერთი მიზანიც როგორც ვთქვი, გამოცდილების მიღებაა და ის, რომ ხალხმა როგორც არტისტი, მომღერალი გამიცნოს.

- მარიამ, ვიცი, რომ რეჟისორ გიზო ჟორდანიას შვილიშვილი ხარ... რა გასწავლა ცნობილმა ბაბუამ?

- მისი ძმის შვილიშვილი ვარ... გიზო ფენომენალური ადამიანი იყო, ჩემში რა არტისტიზმიც არის და სასცენო ხელოვნება, ბავშვობიდან სულ მისგან მომყვება. გიზო ბაბუსთან ხშირად ვიყავი ხოლმე, ბევრ რამეში შთამაგონა, ხელოვნება მან შემაყვარა. სულ რაღაცებს მიყვებოდა, ისტორიები არასდროს ელეოდა, თავის გამოცდილებას მიზიარებდა, თუ როგორი საინტერესოა სცენაზე, ხელოვან ადამიანებთან მუშაობა.

ამიტომ, პატარაობიდანვე სცენას აღფრთოვანებული ვუყურებდი, მიკვირდა, ადამიანები როგორ იყვნენ ასეთი გამბედავები იქ. ამის გარდა, სხვადასხვა არტისტებს თვალყურს ვადევნებდი, დროს ვუთმობდი იმაზე დაკვირვებას, სხვა სცენაზე როგორ გამოდიოდა, მოძრაობდა. მერე მივხვდი, რომ ხალხს ბუნებრივობა სჭირდება, სცენამ არ უნდა დაგაკომპლექსოს. ამას რომ გადალახავ, თავისუფლებას მეტად აღწევ და სიმღერისგან დიდ სიამოვნებას იღებ.

- "მემე" შენი ფსევდონიმი რას ნიშნავს?

- პატარაობაში დავირქვი და ყველა ასე მეძახდა. რაღაც პერიოდის შემდეგ ამან გადაიარა და ჩემი სახელი დავიბრუნე. „მემე“ მე და მე-ს ნიშნავს, ანუ მე ვარ ინდივიდუალი, თან, ამ სახელს შევეჩვიე და ვფიქრობ, რომ ჩემს პერსონაჟს უხდება.

- ბოდიარტისტობა ხომ არ მიატოვე?

- არა, მიყვარს ამის კეთებაც. ბევრმა ადამიანმა როგორც ბოდიარტისტი და მხატვარი ისე გამიცნო. არადა, მუსიკა ერთადერთი რამ არის, რაც მინდა მთელი ცხოვრება ვაკეთო. ახლა სწორედ ეგ პერიოდია ჩემს ცხოვრებაში, რომ ხალხმა სიმღერით და სცენიდან, როგორც მომღერალი გამიცნოს.

ბოდიარტისტობა შემთხვევით შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და ერთგვარი პროტესტის გამოხატულებაც იყო, როცა სხეულთან მქონდა შეხება, რადგანაც "შრამები" მქონდა... მაშინ ეს ხელოვნება ბევრს ნიშნავდა ჩემთვის, თუმცა დღემდე ასეა. კონცერტის შემდეგ ამ ხელოვნებას არ ვივიწყებ და დავიწყებას არც მომავალში ვაპირებ.

- მეთორმეტეკლასელი ხარ და ახლა სწავლის პროცესი შეჩერებული გაქვს. სკოლაში რას გეუბნებიან?

- ამ მხრივ რთული პერიოდი მაქვს. მეთორმეტეკლასელობა, აბიტურიენტობა და კონკურსში მონაწილეობა არ არის ადვილი, მაგრამ ყოველთვის ვამჯობინებდი იმას, რომ მემუშავა, ვიდრე სკოლაში მესწავლა. სკოლა ხომ არ არის ერთადერთი წყარო, საიდანაც განათლების მიღება შეგვიძლია?! თუმცა ჩემმა სკოლამ ხელი ძალიან შემიწყო მეკეთებინა ის, რაც მიყვარს, გამიგეს და მადლიერი ვარ.

ვიცი, თუ მუსიკას არ მივხედავ, სკოლა ვერ მიშველის, ბიოლოგია და მათემატიკა ვერ დამეხმარება. 100%-ით დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მუსიკის კეთება მინდა. ამასთან, ძალიან ბევრ მუსიკას ვწერ, მაგრამ ჯერ არ მაქვს იმის სახსრები და საშუალება, რომ გამოვუშვა... მოკლედ, ამჯერად სერიოზული ამოცანაა ჩემს წინ და მის დასაძლევად ყველაფერს ვაკეთებ.

რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა, პანდემიის დროს, შვილებთან ერთად "ქოხი" ააშენა - "ეს ჩემთვის კიდევ ერთი პატარა ფილმია"

როგორ გამოიყურებიან და როგორ ცხოვრობენ სერიალ "გაქცევის" მთავარი გმირები ახლა (ფოტოები)

"ქეთა თოფურიამ მითხრა, ყოველთვის გვერდით დაგიდგებიო" - ეგზოტიკური იმიჯის ქართველი მომღერალი, რომელიც მოსკოვში კარიერას იწყობს