ავტორი:

არასწორი დიაგნოზების მსხვერპლნი - რა პრობლემებია ჯანდაცვაში და როგორ უნდა დაიცვან პაციენტებმა უფლებები

არასწორი დიაგნოზების მსხვერპლნი - რა პრობლემებია ჯანდაცვაში და როგორ უნდა დაიცვან პაციენტებმა უფლებები

ბოლო პერიოდში, ქართველ ექიმებს სულ უფრო ხშირად ადანაშაულებენ დიაგნოზის არასწორად დასმაში. პაციენტების გარკვეული ნაწილი საქართველოში დასმული დიაგნოზის გადასამოწმებლად, ხშირად უცხო ქვეყნების კლინიკებს მიმართავს.

კონკრეტული მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი ამოწმებს საკუთარ დიაგნოზს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, თუ მის შიგნით, სამწუხაროდ არ არსებობს. თუმცა, შემთხვევების ის რაოდენობაც, რაც მედიასაშუალებებით თუ სოციალური ქსელებით ვრცელდება, ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს.

ერთ-ერთი მაგალითია ჩვენი რესპონდენტის, გიორგი ბობოხიძის ისტორია, რომელსაც საქართველოში, კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" სათესლე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს. რამდენიმეთვიანი ინტენსიური მკურნალობის შემდეგ (ჩაიტარა ქიმიოთერაპიის სამი კურსი, 15-მდე გადასხმა) უთხრეს, რომ სიმსივნე ზომაში შემცირებული იყო, თუმცა კვლავ არსებობდა.

"გავყიდე ყველაფერი რაც გამაჩნდა, მათ შორის სახლი და საფრანგეთში გავემგზავრე... იქ ორ სხვადასხვა საავადმყოფოში წამყვანმა ექიმებმა შემამოწმეს, ჩამიტარეს ყველა საჭირო კვლევა და მითხრეს, რომ არანაირი სიმსივნის კვალი არ ფიქსირდებოდა ჩემს ორგანიზმში, რომ ვიყავი სრულიად ჯანმრთელი.

სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი გამხარებოდა თუ არა. რომ გავიგე, სიმსივნე არ მქონდა შოკში ჩავვარდი - არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, გაბრაზება, სიხარული, ყველა ურთიერთსაპირისპირო შეგრძნება ერთდროულად დამეუფლა.

ჩამოვედი ჩემი ახალი პასუხებით საქართველოში და მივაკითხე ჩემს ქართველ მკურნალ ექიმებს, მოვთხოვე პასუხი იმაზე, თუ რატომ მიკეთებდნენ ქიმიებს, მაშინ როდესაც სიმსივნე არ მქონდა. ისეთი პასუხები გამცეს, აზრი ვერ გამოვიტანე", - უყვება AMBEBI.GE-ს გიორგი ბობოხიძე (მისი ისტორია წაიკითხეთ ვრცლად აქ).

პაციენტს ჯერ არ გადაუწყვეტია, დაიწყებს თუ არა სამართლებრივ დავას კლინიკის წინააღმდეგ. მიიჩნევს, რომ კომპენსაციას იმსახურებს, თუმცა სასამართლო პროცესების დროულად და ობიექტურად წარმართვის მოლოდინი არ აქვს.

"თუ დაიწყეს გამოძიება, წლობით ჭიანურდება პროცესები და იმედიც არ მაქვს, რომ გამოიძიებენ" - ამბობს ბობოხიძე.

დავუკავშირდით "კონსილიუმ მედულას". კლინიკის დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ ბობოხიძეს მკურნალობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაუტარდა.

"კლინიკისათვის ოფიციალურად არ მოუმართავს არც პაციენტს, არც სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, რომელსაც შეუძლია საქმის შესწავლის შემდეგ გასცეს ოფიციალური დასკვნა კლინიკის და ექიმის მართლზომიერი ქმედების შესახებ, ამიტომ კლინიკა ამ ეტაპზე უფლებამოსილი არ არის პაციენტის მდგომარეობის და დიაგნოზის სისწორეზე, დეტალური ინფორმაცია საჯაროდ გაავრცელოს.

თუმცა, აღვნიშნავთ, რომ თქვენს მიერ მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება, რაც დასტურდება კლინიკაში არსებული სამედიცინო ჩანაწერებით, რადიოლოგიური და ოპერაციული მასალის მორფოლოგიური კვლევის ნიმუშებით და ჩატარებული მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობით" - ნათქვამია ანა ბოლქვაძის მიერ AMBEBI.GE-ისთვის გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში.

სამედიცინო შეცდომების შესახებ სტატისტიკას რეგულირების სააგენტო აწარმოებს. უწყების მიერ AMBEBI.GE-სთვის გამოგზავნილი წერილის მიხედვით, 2019 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის 20 თებერვლის ჩათვლით სააგენტომ პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხთან დაკავშირებული 287 კორესპონდენცია განიხილა, საიდანაც 239 საქმე შეისწავლა და 216 სერტიფიცირებული ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა.

კანონის თანახმად, ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის სახეებია:

  • წერილობითი გაფრთხილება;
  • სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება;
  • სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება;
  • ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ალკოჰოლის შემცველი მედიკამენტების გამოწერის შეზღუდვა;
  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის სხვა ზომები...

სამედიცინო სამართლის მიმართულებით აქტიურად მუშაობს ორგანიზაცია Legal Rights Georgia, რომლის ადვოკატი გიორგი თომაძე AMBEBI.GE-ს იმ ბარიერების შესახებ უყვება, რასაც უფლებადამცველები ამ ტიპის დავებისას აწყდებიან.

"უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა სამართალდამცავი ორგანოებისადმი მიმართვიანობა ექიმების წინააღმდეგ. რადგან ეს პრაქტიკა ახლა ყალიბდება, ცხადია, გარკვეული ბარიერები და ხარვეზები ახლავს თან. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მოსამართლეები დიდი გულისყურით ეკიდებიან ასეთ დავებს, თუმცა პრობლემა ის არის, რომ დროში ძალიან ჭიანურდება.

პრობლემაა ისიც, რომ პროცესზე მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტები, ექიმები, რომლებსაც სპეციფიკური ცოდნა აქვთ, ცდილობენ კოლეგიალობა დაიცვან და ასე ვთქვათ "დაინდონ" საკუთარი კოლეგა ექიმი, რაც სიმართლის დადგენას აფერხებს.

მნიშვნელოვანი პრობლემაა ინფორმირებული თანხმობის დოკუმენტის გაფორმება პაციენტსა და ექიმს შორის, როდესაც ექიმი აწოდებს ინფორმაციას პაციენტს იმ მომსახურების შესახებ, რაც მას უნდა გაეწიოს. ამ დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე ექიმი ვერ გააკეთებს ვერაფერს. ხშირად ეს დოკუმენტები იმდენად სპეციფიკური ენით არის შედგენილი, რომ არასამედიცინო განათლების მქონე ადამიანს უჭირს აზრის გამოტანა, არადა, ამ დროს დოკუმენტზე შეიძლება სასწრაფოდ იყოს ხელი მოსაწერი და პაციენტი აწერს გაუაზრებლად" - აცხადებს ადვოკატი.

ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე არასწორი დიაგნოზების უკან სისტემურ პრობლემას ხედავს. მისი შეფასებით, სერიოზული გამოწვევაა, რომ სამედიცინო დავების განხილვის მოდელი საქართველოში არაეფექტურია და ფაქტობრივად, არ მუშაობს.

"ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ საექიმო შეცდომა ან არასწორი დიაგნოზის დასმის ფაქტები ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს, თუმცა მთავარია, ამას სისტემატური ხასიათი არ ჰქონდეს.

ჩვენ არ გვაქვს სტატისტიკა, თუ რამდენ ადამიანს უსვამენ არასწორ დიაგნოზს, რადგან არ წარმოებს ამ კუთხით კვლევები. ხოლო რეგულირების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა, საერთოდ არაფერს იძლევა. იქ წლობით იწელება საქმეების განხილვა. თუმცა ფაქტია, რომ შემთხვევები გახშირებულია და ეს არ არის ერთი და ორი ექიმის ბრალი.

არ შეიძლება უაპელაციოდ ვთვქათ, რომ ჩვენი ექიმები არ ვარგა. პირიქით, ძალიანაც კვალიფიციური ექიმები გვყავს, თუმცა სისტემა არის გაუმართავი და ამას ჯანდაცვის სამინისტრო აღიარებს. დავების განხილვის ის მოდელი რაც აქვს რეგულირების სააგენტოს, არის არაეფექტური. საჭიროა სამედიცინო პროფესიული ასოციაციების განვითარება, დეცენტრალიზებულად, როგორც არის ევროპის ქვეყნებში.

მაგალითად გერმანიაში არის ცენტრალური ასოციაცია და რეგიონული მიწების ფილიალები. 90% მსგავსი დავების ამ გაერთიანებებში გვარდება. ასოციაცია განიხილავს ამ დავებს და იღებს შესაბამის ზომებს. ჩვენთან "მკვდარი" ასოციაციებია, ვერ ასრულებენ იმ ფუნქციებს, რაც ევროპაში აქვთ ასოციაციებს. აუცილებელია ამ დარგის გაძლიერება. უნდა ტარდებოდეს კურსები ექიმებისთვის, იქმენებოდეს კურიკულუმები, ისინი მუდმივად უნდა იყვნენ სიახლეების საქმის კურსში, ამას კი პროფესიული გაერთიანებები უნდა აკეთებდნენ" - აცხადებს ექსპერტი AMBEBI.GE-სთან საუბარში.

ჩიხლაძე სერიოზულ გამოწვევად მიიჩნევს, დიპლომის შემდგომი უწყვეტი განათლების სისტემის არარსებობას. მისი განმარტებით, მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში სავალდებულოა ექიმებმა სამ ან ხუთ წელიწადში ერთხელ გამოცდა ჩააბარონ, რაც ზრდის ექიმების განათლების დონეს, მათ მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს:

"ექიმთა რესერტიფიცირების მიზანია პაციენტებისათვის მეტი გარანტიების შექმნა და მომსახურების გაუმჯობესება. უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემა ექიმის მთელი პროფესიული საქმიანობის მანძილზე გრძელდება. რაც შესაძლებლობას აძლევს ექიმს საკუთარი თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით ფეხი აუწყოს მედიცინის თანამედროვე მიღწევებსა და ტექნოლოგიებს.

ბოლო ოთხი წელია ჯანდაცვის სამინისტრო ყოველ წელს აანონსებს, რომ იწყებს დიპლომის შემდგომ უწყვეტ განათლებას. ეს საკითხი ჰქონდა ჩაბარებული მინისტრის მოადგილეს ზაზა ბოხუას, რომელიც გადადგა. ახლა კაცმა არ იცის დაადგება თუ არა საშველი ამ საკითხს ოდესმე. ადრე მოქმედებდა, მაგრამ 2009 წელს გააუქმეს, რადგან იყო სრული ფორმალობა და რეალურ შედეგს არ იძლეოდა" - აცხადებს ჩიხლაძე.

პირს, რომელიც თავს ექიმების მიერ დაზარალებულად მიიჩნევს, შეუძლია საკუთარი ინტერესების დასაცავად რამდენიმე გზას მიმართოს:

  • ექიმების სავარაუდო გადაცდომებისა თუ პროფესიული შეცდომების საქმეებს სწავლობს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტო. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში სააგენტოს აქვს უფლება ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს. მაგალითად, ჩამოართვას საექიმო ლიცენზია
  • კომპენსაციის მიღების მიზნით პაციენტს შეუძლია მიმართოს საასამართლოს
  • როდესაც ექიმის ქმედება სავარაუდოდ, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, საქმეში პროკურატურა ერთვება, თუმცა, ჯანდაცვის ექსპერტების შეფასებით, ამ სტრუქტურაში გამოძიების პროცესები იმდენად ჭიანურდება, რომ ხშირ შემთხვევაში ფორმალურ ხასიათს ატარებს.

ამ უკანასკნელს მოწმობს AMBEBI.GE-ს მიერ რამდენიმე თვის წინ მომზადებული სტატია, 28 წლის მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების გახმაურებულ საქმეზე. ტრაგიკული შემთხვევიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, გამოძიებას არ დაუდგენია, რა გახდა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი და იკვეთება თუ არა ექიმების ბრალეულობა (წაიკითხეთ მელანო ფუტკარაძის ისტორია).

ბოქსირებულ პალატაში "ტვ პირველის" თანამშრომელია გადაყვანილი

გამარჯობა, თქვენ 30 მილიონი ლარი მოიგეთ!

ამირან გამყრელიძე ქართველებს სთხოვს, შეხვედრისას ერთმანეთი არ გადაკოცნონ