ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტი, სავარაუდოდ, გაიზრდება. საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამ საკითხზე პარტნიორებთან მოალაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. სააკაშვილი ამბობს, რომ ამერიკული მხარის შეფასებით, ქართული კონტინგენტი ავღანეთში მყოფთა შორის ერთ-ერთი საუკეთესოა და მას ისეთი თვისებები გააჩნია, რომლის ახსნაც ძნელია.
"გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს პირდაპირი ინტერესი გააჩნია იმისა, რომ ავღანეთის ოპერაცია წარმატებული იყოს და იქ მშვიდობა დამყარდეს, რომ ამერიკაში ტერორიზმის პრობლემა მოგვარდეს. ყველაფერთან ერთად, ეს არის უზარმაზარი სამხედრო სკოლა ჩვენი სამხედროებისთვის. ეხლა უნდა მოვძებნოთ ახალი მიმართულებები, რათა ავღანეთში სამხედრო კონტინგენტი გავზარდოთ. ამ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ავღანეთში დამატებითი სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის საჭიროებას ვერ ხედავს. სესიაშვილის თქმით, პრეზიდენტს საქართველოს ისე წარმოჩენა უყვარს, თითქოს ის მსოფლიოს გულია, თუმცა ეს ასე არ არის.
"ჩვენ ავღანეთთან მიმართებაში შესაძლოა, გარკვეული გეოპოლიტიკური ინტერესები გაგვაჩნდეს, თუმცა ეს ძალიან მცირეა. მაგრამ ვითვალისწინებთ რა ნატოსთან ურთიერთობის პრიორიტეტებს, მიმაჩნია, რომ სიმბოლური მონაწილეობაც საკმარისია, მით უმეტეს, რომ საპირისპიროდ ჩვენ ვერანაირ პოლიტიკურ და ვერც სხვა ტიპის გარანტიებს ვერ ვიღებთ. საკმარისია, ავღანეთში ერთი ასეული გაიგზავნოს და არა - რამდენიმე ბატალიონი თუ ბრიგადა", - განაცხადა სესიაშვილმა.
926 ქართველი სამხედრო ავღანეთში ამერიკელების სარდლობის ქვეშ გაზაფხულზე გაემგზავრა. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებმაც გაიარეს სრული მასშტაბით მომზადება სამშვიდობო მისიებისათვის როგორც ფრანგებთან, ასევე ამერიკელებთან ერთად. ეს ნაკადი, რომელიც ამერიკელების სარდლობის ქვეშ მიემგზავება ავღანეთში, პაკისტანის საზღვართან არის განთავსებული, რომელიც ყველაზე რთულ ზონად ითვლებოდა მაშინაც კი, როდესაც ავღანეთი საბჭოთა კავშირის მიერ იყო ოკუპირებული.
როგორც სამხედრო ექსპერტი, გიორგი მელითაური ამბობს, 80-იან წლებშიც კი, როდესაც საბჭოთა კავშირის მიერ იყო ოკუპირებული ავღანეთი, ეს ყველაზე რთული ზონა იყო თავისი გეოგრაფიული არეალითაც. იქ ყოველთვის იყო სერიოზული წინააღმდეგობა, პარტიზანული ბრძოლები იმართებოდა და იმართება ახლაც.
"ავღანეთში ვითარება რთულია, მით უმეტეს - ბოლო დროს, არჩევნების შემდეგ თითქმის ყოველდღე დიდ ქალაქებშიც კი ხდება ტერირისტული აქტები. ვითარებაც ცვალებადია და ამდენად, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნება ქართული ასეული - ურთულეს ქალაქ ჯალალაბადში თუ ქაბულში - რისკი ყველგან მაღალია. ამ ვითარებაში რამდენად მიზანშეწონილია კონტინგენტის გაზრდა, ამაზე ცოტა რთულია საუბარი იმ პირობებში, რა პირობებშიც დღეს ჩვენი სახელმწიფო იმყოფება. მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ მივისწრაფვით ნატოსკენ და გარკვეული ვალდებულებები ჩვენს თავზე უნდა ავიღოთ", - აცხადებს მელითაური.
აღსანიშნავია, რომ ავღანეთში სამშვიდობო ოპერაციას 2002 წლიდან ასრულებს ნატოს სამშვიდობო კონტინგენტი, თუმცა სიტუაციის კონტროლზე აყვანა ამ დრომდე ვერ შეძლო. როგორც სამხედრო ექსპერტი კახა კაციტაძე ამბობს, ავღანელმა თალიბებმა მოახერხეს ამერიკელებისა და ნატო-ს მიერ კონტროლირებადი რეგიონების დაკავება.
"ავღანეთი არის ქვეყანა, სადაც ვითარება საკმაოდ დაძაბულია. წლებია, რაც იქ ნატო-ს სამხედრო ძალები იმყოფებიან და სიტუაცია ვერა და ვერ აიყვანეს კონტროლზე", - ამბობს კახა კაციტაძე.
დღევანდელი მონაცემებით, 2001 წელს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და ისლამისტურ ორგანიზაცია "თალიბანს" შორის დაწყებულ საომარ ოპერაციებში ავღანეთის თალიბების მმათველობისაგან განთავისუფლების მიზნით, ნატო-ს ეგიდით საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების - შთფა-ის ფარგლებში 64 500 ათასი სამხედრო მონაწილეობს, რომელთა შორის დიდი უმეტესობა ამერიკელი ჯარისკაცია. შთფა-ში ჩართულია 39 ქვეყანა, როგორც ნატო-ს, ისე ალიანსის არაწევრი ქვეყნებიდანაც.
თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, ავღანეთში მიმდინარე ომში შთფა-ის გარდა მონაწილეობს ავღანეთის ეროვნული არმიის 100 ათასი ჯარისკაცი, ასევე 48 500 ამერიკელი სამხედრო ცალკე სარდლობით, ხოლო დიდი ბრიტანეთიდან - 9 500. 2009 წლის 4 ნოემბრის მონაცემებით სართაშორისო კოალიციის დანაკარგი ასეთია: 1 479 დაღუპული სამხედრო, აქიდან აშშ-დან - 911, დიდი ბრიტანეთიდან - 233, ხოლო კანადიდან - 132. ჯარისკაცების უმეტესობა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების აფეთქების შედეგად იღუპება. თალიბების მხრიდან დაღუპულთა რაოდენობა უცნობია.
საქართველო ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში 2004 წლიდან ჩაერთო. მისიაში მე-16 სამთო ბატალიონის 50 ჯარისკაცი და ოფიცერი 100 დღის მანძილზე გერმანულ ძალებთან ერთად მონაწილეობდა. 2007 წელს ავღანეთში უფრო დიდი კონტინგენტი გაიგზავნა. 2008 წელს საქართველო ავღანეთში 350 ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავდა, მაგრამ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. თუმცა, 2010 წლის თებერვალში 173 ჯარისკაცი გაიგზავნა, გაზაფხულზე მათი რაოდენობა 700-დან 926-მდე გაიზარდა.
თამთა ქარჩავა