კასეტური შეიარაღების აკრძალვის თაობაზე გადაწყვეტილება ძალაში შევიდა. ამ საერთაშორისო კონვენციის რატიფიცირება 100-ზე მეტმა ქვეყანამ განახორციელა, თუმცა მსოფლიოს უდიდესმა სამხედრო სახელმწიფოებმა შეთანხმებაში მონაწილეობა არ მიიღეს.
კასეტურ შეიარაღებაში ბომბები, რაკეტები და არტილერიული ჭურვები შედის, რომლებიც აფეთქებისას გარკვეულ ტერიტორიაზე მცირე ზომის ასაფეთქებელ მოწყობილობებს ფანტავს. კასეტური იარაღი განსაკუთრებით საშიშია, რადგან შესაძლოა ის მრავალი წლის განმავლობაში უმოქმედოდ ეგდოს მიწაზე და როგორც ჭურვი, მხოლოდ კონტაქტისას აფეთქდეს.
კასეტური იარაღის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ამ იარაღით დაზარალებულთა 98% სამოქალაქო პირია, რომელთა მესამედი, როგორც წესი, ბავშვია.
კონვენცია კასეტური შეიარაღების წარმოებას, გამოყენებასა და გასხვისებას კრძალავს. დადგინდა მისი მარაგების ლიკვიდაციისა და იმ ტერიტორიების გაწმენდის ვადები, სადაც ასეთი შეიარაღება არსებობს. ამასთან, კონვენციის მონაწილეები ვალდებულნი არიან, დაეხმარონ ამ ტიპის იარაღით დაზარალებულებსაც.
პაციფისტური და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების აქტივისტებმა კონვენციას ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეთანხმება უწოდეს.
ისეთმა წამყვანმა სამხედრო სახელმწიფოებმა, როგორებიცაა აშშ, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი და ისრაელი, კონვენციასთან მიერთება იმ მიზეზით არ ისურვეს, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს კასეტური იარაღის გამოყენება კანონით განსაზღვრულია.
კონვენციის მომხრეები იმედოვნებენ, რომ ადრე თუ გვიან, ამ იარაღის გამოყენებაზე უარს ის სახელმწიფოებიც იტყვიან, რომლებმაც კონვენციის რატიფიცირება არ მოინდომეს. ისინი იმედოვნებენ, რომ კონვენცია ამ ანტიჰუმანურ იარაღს კანონგარეშედ აღიარებს და ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მის გამოყენებას ეცდება, საერთაშორისო განკითხვის ობიექტი გახდება.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.