რუსეთი და აშშ კანადასთან ერთად კონტრტერორისტულ საჰაერო სწავლებებს პირველად ჩაატარებენ. ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის შტაბის (NORAD) საიტი იუწყება.
სწავლება, რომელსაც Vigilant Eagle ერქმევა, 8-11 აგვისტოს გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ორი ქვეყნის სამხედროები, ისე რუსეთისა და ამერიკის სამოქალაქო ავიაციის სპეციალისტები. ვინაიდან NORAD ამერიკულ-კანადური ერთობლივი სტრუქტურაა, რუსებთან და ამერიკელებთან ერთად სწავლებაში კანადის სამხედრო საჰაერო ძალების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.
სწავლებაში მონაწილეობას რუსეთისა და ამერიკის სამხედრო თვითმფრინავები, ასევე რადიოლოკაციური დაზვერვის თვითმფრინავები: AWACS, А-50 და Boeing E-3B მიიღებენ.
სწავლების მიზანი ორი ქვეყნის ანტიტერორისტული ერთობლივი მოქმედების დახვეწა იქნება. მასში გათამაშდება სცენარი, რომლის თანახმად სამოქალაქო თვითმფრინავს ტერორისტები გაიტაცებენ, მხარეები კი, რომლებიც ალიასკიდან შორეულ აღმოსავლეთისკენ და პირიქით, საერთაშორისო ფრენებს შეასრულებენ, "გატაცებული" თვითმფრინავის აღმოჩენას, დაკავებასა და აეროპორტამდე მიცილებას ერთად ეცდებიან.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.