ავტორი:

"ადამიანები იტანჯებიან...მედიკამენტები დეფიციტშია" - მალავს თუ არა ჩრდილოეთ კორეა ინფორმაციას კორონავირუსით ინფიცირებულებზე

"ადამიანები იტანჯებიან...მედიკამენტები დეფიციტშია" - მალავს თუ არა ჩრდილოეთ კორეა ინფორმაციას კორონავირუსით ინფიცირებულებზე

ის ფაქტი, რომ მსოფლიომ ბევრი არაფერი იცის ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსით გამოწვეული სიტუაციის შესახებ, გასაკვირი არ არის.

ქვეყანის დიქტატორული რეჟიმის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა ჯერ არ გამოვლენილა, თუმცა საერთაშორისო ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ქვეყანაში ბევრი ინფიცირებულია და მდგომარეობა, შესაძლოა, საგანგაშოც კი იყოს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მეზობელ სამხრეთ კორეაში შემთხვევების რაოდენობამ უკვე 7 500-ს გადააჭარბა, გარდაცვლილი კი 50-ზე მეტი ადამიანია.

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების ოფიციალური განცხადებით, თებერვლის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები კარანტინში არიან.

ექსპერტები ამბობენ, რომ ადამიანების იზოლაცია ამ ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლის ერთადერთი იარაღია, რადგანაც იქ ჯანდაცვის უსუსტესი სისტემაა, რომელიც ეპიდემიას ვერ გაუმკლავდება.

"თუ დაავადება გავრცელდება, ჩრდილოეთ კორეა უძლური იქნება", - ამბობს ექიმი ჩოი ჯანგ ჰუნი, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრობდა და 2012 წელს სამხრეთ კორეაში გადავიდა.

როგორც "ევრონიუსი“ წერს, ჩრდილოეთ კორეის საავადმყოფოებს წყალი და ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. ასევე, მუდმივად დეფიციტურია მედიკამენტები.

ამასთან, 2019 წლის ჰოპკინსის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეა 195 ქვეყანას შორის 193-ე ადგილზეა სანიტარული ინდექსის მიხედვით და ის მხოლოდ სომალსა და გვინეას ჩამორჩება. ეს ფაქტი კი სიტუაციას უფრო ართულებს.

როდესაც დეკემბერში ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსი გავრცელდა და ჩინეთის სხვა ქალაქებსაც მოედო, იქ მყოფი ჩრდილოეთ კორეელები თავიანთ სამშობლოში დაბრუნდნენ, მსოფლიომ არ იცის ოფიციალურად რამდენი ადამიანი დაუბრუნდა სამშობლოს და რამდენ მათგანს აღმოაჩნდა ახალი ტიპის ვირუსი. ექსპერტები გამორიცხავენ, რომ კორონავირუსით არც ერთი არ დაინფიცირებულიყო.

ჩრდილოეთ კორეის თემაზე მომუშავე ბრიტანელი რეპორტიორი, ტომას ოხეა კინტანა ამბობს, რომ ამ ყველაფრის გარდა, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი არასწორად იკვებება, არის სასმელი წყლის პრობლემა და ასევე ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი არ არის ჰიგიენის საშუალებები.

"ინფორმაციის შეზღუდულობასთან ერთად, ეს ფაქტორები მოსახლეობას კიდევ უფრო დაუცველს ხდის“, - ამბობს რეპორტიორი.

ჩრდილოეთ კორეის დიქტატურის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ადგილობრივ გაზეთში Rodong Sinmun-ში გასულ პარასკევს დაიბეჭდა სტატია სათაურით - "საბედნიეროდ, ახალი ტიპის კორონავირუსი ჩვენს ქვეყანაში არ შემოსულა“. გაზეთში წერია კონკრეტული რეკომენდაციები და რჩევა, რომ მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს.

გასულ კვირას ერთ-ერთმა ჩრდილო კორეულმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ფოტოები იმის დასადასტურებლად, რომ რეჟიმი კორონავირუსს აკონტროლებს. ერთ-ერთ მათგანზე აღბეჭდილნი არიან სუპერმარკეტის თანამშრომლები, რომლებიც ასუფთავებენ სუპერმარკეტს და მომხმარებლებს ტემპერატურას უმოწმებენ.

"ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ჩრდილოეთ კორეაში არიან ინფიცირებული პაციენტები", - ამბობს კორეის უნივერსიტეტის პროფესორი, მკვლევარი ნამ სუნგ ვუკი.

ჩინეთის ელჩი დიდ ბრიტანეთში კი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეაში ადამიანები იტანჯებიან ამ დაავადებით მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ მონაცემებში არც ერთი ინფიცირებული არ არის.

"ის ფაქტი, რომ არაფერი ვიცით ჩრდილოეთ კორეაში ინფიცირებულთა რაოდენობისა და გარდაცვლილების შესახებ, დიდი პრობლემაა და თუ სიტუაცია არ შეიცვლება, ეს შეიძლება უმძიმესი პრობლემა აღმოჩნდეს ადამიანებისთვის“, - წერს ექსპერტი აზიის საკითხებში, ჯესიკა ლი.

ჩრდილოეთ კორეაში თებერვალში ჩაკეტეს საზღვრები, შეჩერდა ფრენები და სხვა ქვეყნებში მატარებლით მიმოსვლა, ასევე გაუქმდა სხვადასხვა ღონისძიებები, დაიკეტა სკოლები.

აღსანიშნავია ისიც, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია კორონავირუსით დაინფიცირებული 2 ადამიანის დახვრეტის შესახებაც, თუმცა ეს ცნობა ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

რატომ არ არის თურქმენეთში COVID-19-ის არც ერთი შემთხვევა - ქვეყანაში სიტყვა "კორონავირუსს" არ იყენებენ

როგორ უნდა დასხდნენ მგზავრები ავტობუსში იმისთვის, რომ დისტანცია შენარჩუნდეს? - ლაგოსის პრაქტიკა, შესაძლოა, მსოფლიოსთვის მაგალითად იქცეს

საფრანგეთში COVID-19-ის პირველი შემთხვევა დეკემბერში გამოვლინდა - რა აღმოაჩინეს ექიმებმა პაციენტთა ნიმუშების გადამოწმების შემდეგ