ცნობილი ადამიანების დამატებითი შემოსავალი

ცნობილი ადამიანების დამატებითი შემოსავალი

ზაფხულის დადგომისთანავე, მსახიობი კეიტ ჰადსონი ჩემოდნებს ალაგებს და თავის ნიუიორკულ ბინაში მიიბარგება. მალიბუში, სადაც ის მუდმივად ცხოვრობს, ზაფხულში საშინელი სიცხეა - კონდიციონერებიც კი არ შველის. ამიტომ კეიტი ჩრდილოეთში მიემგზავრება, ხოლო სახლი რომ არ მოცდეს, აქირავებს - მასზე, ვინც კიდევ უფრო ცხელ ადგილას ცხოვრობს. ეს იძულებითი ზომა არც ისე ცუდი შემოსავალი გამოდგა კინოდან შემოსულ თანხებთან ერთად, თვეში ჰადსონი დაახლოებით 90 ათას დოლარს ითხოვს.

ჩაცმა და მირთმევა

ხანდახან ისეც ხდება, რომ არაპროფილური ბიზნესი ძირითად პროფესიაზე უფრო მდგრადი აღმოჩნდება. ასე გამოვიდა რეპერ პაფ დედის შემთხვევაში. თითქოს ყველამ იცის, რომ პაფი შოუბიზნესის ვარსკვლავია და ჰიპ-ჰოპს მღერის, თუმცა მისი სიმღერები ცოტას თუ მოუსმენია. გაცილებით ცნობილია მისი ტანსაცმლის კოლექცია Sean John. 1998 წელს აიღო სტარტი ფართო შარვლებისა და უზომო მაისურების გამოშვებამ და ათ წელიწადში ნამდვილი იმპერიის მასშტაბებს მიაღწია: რეპერი არა მხოლოდ ტანსაცმელს უშვებს, რომლებიც, სხვათა შორის, კარგა ხანია, მარტო ჰიპჰოპური კი არ არის, არამედ სავსებით ლიბერალურიც, არამედ ფეხსაცმელს, სუნამოებს, ხელმძღვანელობს რესტორნების ქსელს. ამ ყველაფერს წელიწადში 300 მლნ დოლარის მოგება მოაქვს. ამ ფონზე მისი კოლეგის, ასევე რეპერ ჯეი-ზის მიერ შარშან გამომუშავებული 65 მლნ დოლარი ფერმკრთალად გამოიყურება. სხვათა შორის, არც ჯეი-ზია სულელი: შტატებში არც ისე ცუდი საკალათბურთო გუნდი არ იკმარა, ბიონსეზეც იქორწინა, რომელიც თვითონ უამრავ ფულს შოულობს.

სწორედაც ეს არის ვარსკვლავების საყვარელი "ტერიტორია" - ტანსაცმელი, პარფიუმი, რესტორნები. ამ სფეროებში ცნობილი ადამიანები თავიანთი ბიზნესამბიციების რეალიზებას უფრო ხშირად და სიამოვნებით ახდენენ. გასაგებიც არის: ლამაზ ცხოვრებაში ისინი აშკარად სხვებზე უკეთ ერკვევიან. კამერონ დიასი მაიამი-ბიჩზე რესტორნებს ხელმძღვანელობს. დაწესებულებაში Bambu აზიური კერძებს ამზადებენ.

ევა ლონგორიას აქვს ლათინურამერიკული სამზარეულოს რესტორანი Beso - მის პირველ რესტორანს მეორე მოჰყვა და სულ მალე მესამესაც ხსნის.

თუმცა რობერტ დე ნიროსა და მის Nobu-მდე ევას ჯერ კიდევ ბევრი ოფლი აქვს საღვრელი. მსახიობი სწორედ აღნიშნული კომპანიის თანამფლობელია - ეს არის განტოტვილი ქსელი, მოსკოვამდეც რომ მიაღწია უკვე, თანაც, "ნობუ" მსახიობის ერთადერთი პროექტი არ არის აღნიშნულ სფეროში: მის სახელს უკავშირდება ასევე Tribeca Grill. მსახიო­ბმა რესტორანი ოცი წლის წინ გახსნა და "ტრიბეკა", რომელმაც სახელწოდება ნიუ-იორკის იმ რაიონის პატივსაცემად მიიღო, სადაც თვით დე ნირო ცხოვრობს, დღემდე აყვავებას განიცდის. უფრო მეტიც, დაწესებულება იქვეა განთავსებული, სადაც ვარსკვლავის სათავო ოფისი, ამიტომ, როგორც ამბობენ, მსახიობის ნახვა Tribeca Grill-ში მეზობელ მაგიდასთან თავისუფლად შეგიძლიათ. კიდევ, დე ნირო კინოფესტივალს ხელმძღვანელობს, რომელსაც ასევე "ტრიბეკა" ეწოდება, მაგრამ ის მაინც პროფილური ბიზნესია.

ღვინოშია ჭეშმარიტება

სამწუხაროდ, ყველას როდი უმართლებს ასე. ბოევიკების გმირების მსგავსად, რომელთაც "პლანეტა ჰოლივუდი" გახსნეს, ოთხმა გრაციამ: ელ მაკფერსონმა, კლაუდია შიფერმა, ნაომი კემპბელმა და კრისტი

ტერლინგტონმა თავის დროზე ჩამოაყალიბეს საწარმო სახელწოდებით Fashion Cafe. ჩაერთნენ და ჩაიწვნენ კიდეც, ბიზნესმა არ გაამართლა. ასევე არ წაუვიდა საქმე ბრიტნი სპირსს, რომელმაც გახსნა რესტორანი Nyla და ამაში თითქმის ნახევარი მილიონი დაკარგა. რამდენიმე თვე გაძლო ამ რესტორანმა და საკმაოდ დაბალი დონის რეპუტაცია მოიპოვა: რამდენიმე კლიენტი მოიწამლა, თანაც, სტუმრები გამუდმებით უჩიოდნენ ცუდ მომსახურებას. ალბათ ცოტათი მაინც უნდა გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ და უბრალოდ მილიონების გაორმაგებაზე არ უნდა იფიქრო.

ამის მაგალითია ანტონიო ბანდერასი. მსახიობს ისე უყვარს ღვინო, რომ ჟერარ დეპარდიესა და ფრენსის ფორდ კოპოლას მსგავსად მევენახეობა გარისკა და კარგადაც გამოუვიდა. ბანდერასმა მდინარე დუეროს ნაპირზე განლაგებული მეურნეობის აქციების ნახევარი იყიდა და საკუთარი ჩამოსხმული "კაბერნე სოვინიონით", "მერლოთი" და "ტემპრანილიოთი" ტკბობას შეუდგა, რომლებიც ყოველწლიურად 600 ათასი ბოთლი ისხმება.

მსახიობს დიდი გეგმები აქვს: მას სამჯერ სურს წარმოების გაზრდა, ჯერ ევროპულ, მერე კი ამერიკულ ბაზრებზეც გასვლა. გარდა ამისა, ბანდერასი ვენახების გვერდით სასტუმროს გახსნასაც გეგმავს, რათა იქ თავისი ამხანაგები შეკრიბოს და მევენახეთა კონფერენციები გამართოს.

გვინდა გვჯეროდეს, რომ ღვინის სიყვარული ბანდერასს კინოში მუშაობის სურვილს არ დაუკარგავს. სწორედ ასე დაემართა კოპოლას, რომელიც ამ შესანიშნავი წარმოების პროცესში ისე ჩაეფლო, თითქმის თხუთმეტი წელია ფილმი არ გადაუღია.

იყიდეთ ცოტა Bowie

თუმცა ყველა ისე უნდა მოიქცეს, როგორც თვითონ მიიჩნევს საჭიროდ. ყველაზე ორიგინალური დამატებითი შემოსავლის კუთხით დევიდ ბოუი გამოირჩევა. მან უკვე დიდი ხანია დაკარგა მუსიკისადმი ინტერესი და ფასიანი ქაღალდებით, აქციებით არის დაკავებული. ამ აქციების საგნად ბოუი... საკუთარ თავს სთავაზობს. მარტივად რომ ვთქვათ, David Bowie ბრენდია. ბრენდს კი საბაზრო ღირებულება აქვს, რომელიც შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს. ყველა, ვინც ამ ბრენდის ფასიან ქაღალდებს იძენს, ვარსკვლავის შემოქმედების, რეპუტაციის, ნიჭის აქციონერი ხდება. ალბათ ზღაპარივით ჟღერს - იყიდო ცოტა ბოუი...

ეს იგივეა, რაც სურათების ყიდვა - არაფრით არ განსხვავდება გამომსახველობითი ხელოვნების ნაწარმში ინვესტიციისგან. თანაც ასეთი ნამუშევრების ავტორი ამჟამად ცოცხალი და ჯანმრთელია და თეორიულად კიდევ შეუძლია მსოფლიოს გაოცება. ხოლო თუ არც აპირებს ამას, ის, რაც ბოუიმ ორმოცწლიანი კარიერის განმავლობაში შექმნა, თითქმის შეუფასებელი საქონელია. "თითქმის" - რადგან ყველაფერს აქვს თავისი საბაზრო ფასი.. ეს ხომ ბიზნესია, მეგობრებო!.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება