ჰოლივუდელმა მსახიობმა ჩარლი შინმა აღიარა, რომ საკუთარ ცოლს ბრუკ მიულერს თავს დაესხა, იტყობინება AFP. აღიარებამ, როგორც მსახიობის ადვოკატები აცხადებენ, მას მკაცრი სასჯელი აარიდა. ასპენის სასამართლომ, რომელიც შინის საქმეს განიხილავდა, მსახიობს 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა ეს დღეები მას არა ციხეში, არამედ მალიბუს სარეაბილიტაციო ცენტრში უნდა გაეტარებინა.
შინმა ცენტრში უკვე ერთი თვე გაატარა და ახლა მისთვის საკმარისია იქ მხოლოდ რამდენიმე წუთით გამოცხადდეს, რომ სასჯელი მოხდილად ჩაეთვლება.
პირობითი პატიმრობის გარდა სასამართლომ შინს "მრისხანების კონტროლის შესახებ" ლექციათა 36-საათიანი კურსის მოსმენაც დააკისრა. მსახიობს ასევე 30-დღიანი გამოსაცდელი ვადა აქვს დანიშნული.
ჩარლი შინის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2009 წლის დეკემბერში ბრუკ მიულერმა კოლორადოს შტატის პოლიციას მიმართა. მიულერმა პოლიციაში განაცხადა, რომ მას მეუღლე თავს დაესხა და ცივი იარაღით ხელში მოკლვით ემუქრებოდა.
მუქარის საფუძველი ის არის, რომ ჩარლი შინს არ სურდა ცოლს განქორწინების მოთხოვნით სასამართლოში განცხადება შეეტანა. შინი დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სასამართლომ მსახიობს დროებით მეუღლესთან მიახლოვება აუკრძალა.
დაკავების შემდეგ შინმა და მისმა მეუღლემ მალევე საჯაროდ განაცხადეს, რომ ქორწინების შენარჩუნებას აპირებდნენ. მეუღლესთან მიახლოების აკრძალვას ვადა თებერვალში გაუვიდა და მას შემდეგ წყვილი კვლავ ერთად ცხოვრობს.
ჩარლი შინი თავისი სკანდალურობით არის ცნობილი. მას არაერთხელ დაურღვევია კანონი და ნარკოტიკების მოხმარებისა თუ სხვადასხვა ძალადობრივი საქციელის გამო სასჯელსაც იხდიდა. 1997 წელს მსახიობი თავის საყვარელზე თავდასხმის გამო გაასამართლეს, ამის შემდეგ კი ყოფილ მეუღლე - მსახიობ დენიზ რიჩარდზე თავდასხმის გამო.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.