ოჯახურ უღელში 18 წლის შეება. მანამდე მხოლოდ სწავლობდა და მღეროდა. ამიტომაც მის დიასახლისობას და მით უფრო კულინარობას სკეპტიკურად უყურებდნენ ქმრის ოჯახში. ეს შეხედულება პირველივე მცდელობაზე, როცა კატლეტი მოამზადა, წარსულს ჩაჰბარდა.
ირმა სოხაძემ დედის სატელეფონო დირექტივებით იხელმძღვანელა და ეს, როგორც თავად ამბობს "ბელარუჩკა" გოგონა, მალე არაჩვეულებრივ კულინარად გადაიქცა. ახლა მისი სიძე, ადრიანი ამბობს, რომ ირმასნაირი ხელი ირმას დედასაც კი არ აქვს.
- ჩემი ორივე ბებია არაჩვეულებრივი დიასახლისი იყო, განსაკუთრებით კარგი კულინარია დედაჩემის დედა, იმერელია და გადასარევად ფლობს დასავლურ და აღმოსავლურ სამზარეულოს. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ხორცეული, მაგრამ ბოლო რვა წელია ღორის ხორცი აღარ მიჭამია და ბოლო 3-4 წელია სხვა ხორცსაც ვეღარ ვჭამ, გარდა ფრინველის ხორცისა. ფრინველსაც მხოლოდ ახალ წელს გეახლებით - ინდაურის ხორცს. ჯანმრთელი ცხოვრების წესს მივდევ და ვფიქრობ, რომ ხორცი ასაკთან ერთად მომწამვლელია.
სხვათა შორის, ამას წინათ წავიკითხე, რომ მე-2 ჯგუფის სისხლი მიწათმოქმედების სისხლი ყოფილა, ალბათ ამიტომაცაა, რომ ბურღულეული მიყვარს, ბრინჯისგან მომზადებული კერძები და ფლავები, წიწიბურა, ჭადი, ღომი. მიყვარს რძის ნაწარმი, რასაც ნებით გვაძლევს ძროხა და არ ვართმევთ (იღიმის). ყველია ჩემი ძირითადი საკვები. ვგიჟდები ბოსტნეულზე, ხილის გარეშე გავჩერდები, მაგრამ პომიდორის გარეშე ერთ დღესაც ვერ ვძლებ.
- საყვარელი კერძი გაქვთ?
- მიყვარს თევზეული და სოკო. სოკოსგან მომზადებული სალათები, სოკო კეცზე, სოკო ქინძით და ხახვითაც. სხვათა შორის, სოკოს კარგად ვამზადებ, ნაირნაირად და გემრიელად.
- თუ გახსოვთ, პირველად რა კერძი მოამზადეთ?
- არ მახსოვს, ალბათ კვერცხს შევუწვავდი ძმას ან მამას. უფრო სერიოზულად ამ საქმით გათხოვების შემდეგ დავკავდი. ჩემი დედამთილი გემრიელ კატლეტს აკეთებდა. 18 წლის გავთხოვდი და ჩემი მამამთილი, ცხონებული, ძალიან სკეპტიკურად უყურებდა ჩემს დიასახლისობას. ერთხელ ჩემი დედამთილი სახლში არ იყო. მაცივარში ხორცი იდო. გამოვიღე, გავატარე, დედაჩემს დავურეკე, ვკითხე რეცეპტი და ისეთი გემრიელი კატლეტები მოვამზადე, მამამთილს ეგონა, მისი ცოლის მომზადებული იყო. რომ გაიგო მე გავაკეთე, შეცბა, აღარ იცოდა, გადაეყლაპა თუ არა პირში ჩადებული ლუკმა (იცინის). მერე ჩემმა მეუღლემაც და დედამთილმაც შემაქეს.
- ე.ი. კერძების მომზადება ტელეფონით ისწავლეთ?
- კი, ბევრ რამეს დედას ვეკითხებოდი, რომ გავთხოვდი, არაფრის გაკეთება არ ვიცოდი. ახლანდელი თინეიჯერი გოგონები რომ ამბობენ, არაფრის გაკეთება არ ვიცი და ვერც ვისწავლიო, დედაშვილურად მინდა ვურჩიო, ნუ იტყვიან ამას, თუ მოინდომებენ, ყველაფერს ისწავლიან. ჩემზე "ბელარუჩკა" ადამიანი არ არსებობდა. ჩემი მთავარი საქმე სწავლა და სიმღერა იყო. ახლა გოზინაყის კეთებაც ვიცი და საკმაოდ რთულად მოსამზადებელი კერძებისაც.
სხვათა შორის, სოია მიყვარს ძალიან. თბილისში არ ვიცი, რამდენად კარგი სოიაა, მაგრამ მე ხშირად ვარ პრაღაში, ჩემს შვილსა და შვილიშვილთან და იქ იყიდება ძალიან გემრიელი სოიო. ჩემი საამაყო და საყვარელი სიძე, სალომეს მეუღლე, ადრიანი ამბობს, რომ ძალიან გემრიელი ხელი მაქვს, უფრო გემრიელი, ვიდრე დედაჩემს. ამას, რა თქმა უნდა, ცისანას არ ვეუბნები, შეიძლება ეწყინოს (იცინის). ახლა ჟურნალში რომ წაიკითხავს, გადაირევა. რეზოს ეუბნებოდა ადრიანი, რატომ ამბობდი, ირმა კარგი დიასახლისი არ არისო.
- ასე ამბობდა?
- ჰო, ჩემი ქმარი სულ უკმაყოფილო იყო ჩემი ამ მონაცემით, სხვა იმდენი ნიჭი გაქვს, რომ კულინარიას თავი დაანებეო. ბოლოს, როცა ყველამ აღიარა ჩემი კულიანრიული მონაცემები, იხტიბარი არ გაიტეხა, ამას მაშინ ვამბობდი, როცა არაფრის კეთება არ იცოდა, თორემ ახლა ვასწავლე უკვეო.
- კარგი კულინარია თქვენი მეუღლე?
- სხვათა შორის, კი. მამაჩემი სულ არ არის კარგი კულინარი, მაგრამ დღემდე ამბობს, ცისანას მე ვასწავლე კერძების მომზადებაო. ტრაბახი ხომ ქართველი კაცების საქმეა.
- თქვენი რომელიმე საფირმო კერძის რეცეპტი გაგვიმხილეთ.
- მარტივ კერძს გასწავლით, "ბრინჯი სოკოთი". პირველ რიგში, ვხარშავთ ბრინჯს მარილწყალში. გადავავლებთ ცივ წყალს, დავყრით თუშფალანგზე ერთმანეთს რომ არ მიეკროს და შევინახავთ. შემდეგ ქვაბში ზეთში მოვმშუშავთ ხახვს, აქვე ერთი საიდუმლო უნდა გასწავლოთ, ხახვს მოშუშვის დროს დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი და სიმწარეს და არასასიამოვნო გემოს დაკარგავს. როცა ხახვი შევარდისფერდება, მსხვილ სახეხზე გახეხილ სტაფილოს დაუმატებთ, სტაფილოც რომ შერბილდება, ცოტა-ცოტა მოხარშულ ბრინჯს ვამატებთ და თან ვურევთ. ჰაეროვანი ფლავი გამოდის.
ცალკე ვამზადებთ სოკოს, თუ ქილის არის, უბრალოდ წყალს გადავავლებთ და დავჭრით, თუ არა და ტაფაზე ზეთში მოვთუშავთ და დავამატებთ ქვაბში მოთავსებულ მასას. ბოლოს დავუმატებთ შავ პილპილსა და მარილს და კერძიც მზად არის. გაამოთ.
- ყოველდღიურად რისი ჭამა არ მოგბეზრდებათ?
- არასოდეს მომბეზრდება ზუთხის და ხიზილალას ჭამა. ერთი სიტყვით, კარგი თევზეული არასდროს მომბეზრდება.
- ალკოჰოლთან რა ურთიერთობა გაქვთ?
- ცუდი. ხანდახან შეიძლება შამპანური დავლიო. ვერ ვიტან ლიქიორს, ერთხელ გავსინჯე და გავგიჟდი, როგორ სვამენ მაგას ქალები, ტკბილია და უგემური. ამდენი შაქრის მიღება როგორ შეიძლება?! მაგარ სასმელებს რაც შეეხება, კონიაკი და ვისკი საერთოდ რა ქალის საქმეა. ახალი გათხოვილი რომ ვიყავი, შედარებით ლაღად ვუყურებდი ამ ამბავს. შამპანურითაც დავმთვრალვარ. არაფერი დამიშავებია, დებოში არ მომიწყვია, მაგრამ მთვრალ ქალზე საშინელი დასანახი, არა მგონია, რამე იყოს. და საერთოდ, როგორ შეიძლება სიმთვრალეს ჯობდეს სიფხიზლეს?!
ერთხელ კონცერტი გვქონდა რუსთავში. ეს ის დრო იყო, ფილარმონიაც რომ არ თბებოდა. ვიღაცამ კულისებში არაყი შემოიტანა, გავთბებითო. თითო ჭიქა დავლიეთ. გიტარით უნდა მემღერა სიმღერა. რა დავუკარი ან რა ვიმღერე, არ მახსოვს.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)