ამჯერად ახალდაქორწინებულ წყვილს ჩავუტარეთ გამოცდა იმის გასარკვევად, რამდენად კარგად იცნობენ ერთმანეთს. 17 წლის მანიკა ასათიანი საკმაოდ სერიოზულად მიუდგა ამ ინტერვიუს, იმდენად, რომ როცა ქმარი რაღაცას ვერ იხსენებდა, ბრაზობდა. ბექა წივწივაძე ცოლს ხუმრობით ეკითხებოდა, სახლში ხომ არ წამეჩხუბებიო.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, წყვილს ერთმანეთის გაცნობა დაქორწინებამდე მაინც მოუსწრია. მხოლოდ ფერებთან დაკავშირებული პასუხები არ ემთხვეოდა ერთმანეთს და ესეც იმის გამო, რომ ბექა ფერებს ვერ არჩევს, დალტონიკია.
21 წლის კალათბურთელი ახლა ეკონომიკურ განათლებას იღებს და ყველაზე დიდ დროს მეუღლესთან ერთად ატარებს. ტრადიციულად, ცოლ-ქმარი ცალ-ცალკე გამოვკითხეთ.
- თქვენი პირველი პაემანი...
მანიკა:
- რეპეტიციაზე მომაკითხა ბექამ და რესტორან "კრიუზში" წავედით, იქაც რეპეტიცია მქონდა, "ელიტ მოდელ ლუქი" ტარდებოდა და იმისთვის ვემზადებოდი. საღამოს ხუთი საათიდან ღამის ორ საათამდე ერთად ვიყავით. ეს იყო ჩვენი პირველი პაემანი.
ბექა:
- "კრუიზში" შედგა ჩვენი პირველი პაემანი... გამოცდაზე მგონია თავი (იცინის)... ზალიკო ბერგერის ჩვენება იყო, მგონი "ელიტ მოდელ ლუქი" ტარდებოდა და მანიკა წამყვანი იყო. მეც რაღაც საქმე მქონდა იქ.
- რა ეცვა? შენ როგორ გამოიყურებოდი?
მანიკა:
- მწვანე, კუბოკრული პერანგი ეცვა, ოღონდ ფერებს ვერ არჩევს ბექა, ფერების სახელებიც არ იცის ნორმალურად. ასე რომ, თუ რაღაც შეეშალა, არ იფიქროთ, რომ არ იცის. ამას წინათ მწვანე კედებს ეძებდა, მერე გავარკვიეთ, რომ ყავისფერი უნდოდა ეპოვა (იცინის)... ჯინსის შარვალი ეცვა და ყავისფერი კედები. მე კრემისფერი მინიქვედაბოლო, შავი ბალეტკები და შავი ჟილეტი, მაისური არ მახსოვს. თმა გაშლილი მქონდა.
ბექა:
- შავი ჟილეტი ეცვა მანიკას, ღია ფერის მოკლე ქვედაბოლო. თმა შეკრული ჰქონდა მგონი... მე კუბოკრული პერანგი მეცვა, დედაჩემმა მიყიდა.
- რა ფერის თვალები აქვს? შენ?
მანიკა:
- ცისფერი. მე - ყავისფერი.
ბექა:
- ფერებში მაგრად "ვიჭედები", დედას გეფიცები! მუქი ფერის თვალები აქვს. მე ღია - ცისფერიო, ასე მეუბნებიან.
- რა სუნამოს ხმარობს ახლა? შენ?
მანიკა:
- ახლა ორივე ერთ სუნამოს ვხმარობთ, "დონა კარანი". კიდევ შანელის "ალურს" ხმარობს ბექა.
ბექა:
- "დონა კარანს" და ჩემს "შანელს". ჩემი რომ არის, იმიტომ მოსწონს ალბათ.
- რისი გაკეთება ეზარება სახლში ყველაზე მეტად? შენ?
მანიკა:
- მე სახლში არაფრის გაკეთება არ მიწევს, ჩემი დედამთილი აკეთებს ყველაფერს. ისე, ზარმაცი არ ვარ, რომც მიწევდეს სახლის საქმეების გაკეთება, ნამდვილად არ ვიზარმაცებ. ბექას ჭამა ეზარება (იცინის), არ უყვარს ჭამა.
ბექა:
- რა ვიცი, რასაც ვეუბნები, ყველაფერს მიკეთებს, თუ გაბრაზებული არ არის. გაბრაზებასაც ვშველი, ვეფერები და მაშინვე დამჯერი ხდება. მეც არ ვარ ზარმაცი, ყოჩაღი ბიჭი ვარ.
- ჭამა ეზარებაო, გავიგე...
- კი არ მეზარება, მავიწყდება (იცინის).
- რომელი კერძი უყვარს? შენ?
მანიკა:
- ხინკალი, ქაბაბი, მწვადი. მე "ბიგმაკი" მიყვარს, მჭადი და ყველი. ეს უკანასკნელი ბექამაც იცის, სულ მჭადი და ყველი მაკერია პირზე, სადაც უნდა ვიყოთ, რესტორანშიც მჭადსა და ყველს ვუკვეთ.
ბექა:
- მჭადი და ყველი უყვარს მანიკას. მე ხინკალი, ქაბაბი, მწვადი.
- პროდუქტებიდან რა უყვარს? შენ?
მანიკა:
- პომიდორი არ უყვარს, ხილის მიმართაც არ არის კეთილგანწყობილი, ვაშლი და ბანანი უყვარს მარტო. ხახვი არ გვიყვარს არც ერთს. ხახვიან კერძებსაც არ ვჭამთ.
- ე.ი. დედამთილი ცოლ-ქმარს უხახვო კერძებს გიმზადებთ?
- კი. მე მარტო ხახვი არ მიყვარს, დანარჩენს ყველაფერს ვჭამ. სხვა მხრივ პრეტენზიული არ ვარ.
ბექა:
- აუ, მანიკა, თუ ვერ გავიხსენე, სახლში არ მეჩხუბო, დედას გაფიცებ (იცინის). გამახსენდა, ხახვი არ უყვარს, მე პომიდორი არ მიყვარს, არც ფერი მომწონს და არც გემო.
- ბოლოს რაზე იკამათეთ?
მანიკა:
- (დიდხანს ფიქრობს) ვერ ვიხსენებ.
ბექა:
- ჩვენ იშვიათად ვკამათობთ და ისეთ უმნიშვნელო რაღაცებზე, რომ მოსაყოლად არც ღირს. პრინციპში ვერც ვიხსენებ.
- შოპინგი უყვარს? შენ?
მანიკა:
- საქართველოში არ უყვარს, ერთი წელია აქ არის და იმდენად მიჩვეულია საზღვარგარეთულ დიდ სავაჭრო ცენტრებს, რომ აქ მე თუ ვუყიდი რამეს, თორემ თვითონ არ დადის მაღაზიებში. მე ვგიჟდები, ისე მიყვარს საყიდლებზე სიარული. მე და ჩემი დედამთილი დავდივართ ხოლმე ერთად.
ბექა:
- მანიკას უყვარს. შოპინგი ქალების საქმეა. დედაჩემი ჩემი და მანიკას დედა ამისთვის დროს ყოველთვის სიამოვნებით პოულობენ. მე - არა. საზღვარგარეთ დიდ სავაჭრო ცენტრებს ვარ მიჩვეული, ყველაფერი ერთ ადგილას რომ შეგიძლია იყიდო, აქ ბოდიალი მეზარება.
- რისი ფობია აქვს? შენ?
მანიკა:
- ბექას მგონი, შიში არ აქვს. მე კალიების მეშინია. კიდევ საშინელებათა ფილმს რომ ვუყურებთ და მერე ბექა ამ საშინელებებზე იწყებს ლაპარაკს, რაიმეს მოყოლას, მაგის მეშინია.
ბექა:
- "გუდიანის" ეშინია მანიკას (იცინის).
- მოდის ხოლმე თქვენთან "გუდიანი"?
- ზოგჯერ (იცინის). საშიშ რაღაცებს ვუყვები ხოლმე, ეშინია და მეხუტება. იმიტომ ვაშინებ, რომ მომეფეროს. მე ბოლო ორი წელია სიმაღლის შიში მაქვს, სანამ აფრინდება თვითმფრინავი, მანამდე ვნერვიულობ.
- როცა რაიმეზე ვერ თანხმდებით, ვინ თმობს უმეტეს შემთხვევაში?
მანიკა:
- ბექა, იღლება და მთანხმდება (იცინის).
ბექა:
- რა თქმა უნდა, მე. დიდი რქები აქვს მანიკას და ნელ-ნელა ვამტვრევ.
- რას კითხულობს ახლა? შენ?
მანიკა:
- ახლა არც ერთი არაფერს არ ვკითხულობთ.
ბექა:
- არაფერს არ ვკითხულობთ ახლა არც ერთი.
- ამოჩემებული ფრაზა ან სიტყვა თუ აქვს? შენ?
მანიკა:
- ახლა არაფერი, მაგრამ შეყვარებულობის დროს ამ სიტყვებს იმეორებდა გამუდმებით - "ძაან წყნარად". ვერ იტანს სიტყვა "დაწყნარდის". ეგ არ უნდა უთხრა! მე ამოჩემებული სიტყვა ან ფრაზა არ მაქვს.
ბექა:
- (ფიქრობს - ავტ.) ადრე ვიცოდი "ძაან წყნარად". მანიკამ იცოდა "ჩემო სიცოცხლე". ახლა არც ერთს არ გვაქვს ამოჩემებული ფრაზა.
- როგორ მდგომარეობაში უყვარს ძილი?
მანიკა:
- ეგ არ მკითხო (იცინის)! გარდიგარდმო წევს. ასე უყვარს ძილი. მეც მეტი გზა არ მაქვს და ასევე ვიძინებ, გვერდზე გადაბრუნებულს გვძინავს ორივეს.
ბექა:
- ორივემ ცუდი ძილი ვიცით, საწოლზე გარდიგარდმო გვძინავს. მანიკა მავიწროებს საწოლში. დილას რომ ვიღვიძებ, ძალიან პატარა ადგილზე ვარ მიკუჭული, მანიკა გაბატონებულია მთელ საწოლზე. მე ორად მოკეცილ ბალიშზე მიდევს ხოლმე თავი.
- რა ფერისაა მისი კბილის ჯაგრისი? შენი?
მანიკა:
- თეთრია მწვანე ზოლებით. ჩემი - შავია მწვანედ შეფერილი.
ბექა:
- მწვანე და შავშია. ჩემი რუხია თეთრით.
- ვისთან საუბრობს მობილურით დღის განმავლობაში, ყველაზე დიდხანს? შენ?
მანიკა:
- თუ სახლში არ ვართ, დედამისთან, თუ არა და მეგობრებთან. მეც - ჩემი ოჯახის წევრებთან ვსაუბრობ ყველაზე დიდხანს: დედასთან, მამასთან, ბებიასთან.
ბექა.
- დედასთან. მე - ძმაკაცებთან. ცოლი სახლში მყავს და...
- მეტსახელს თუ გეძახის? შენ?
- ისეთი სახელი მაქვს - მანიკა, რაღა მეტსახელი უნდა?! მე ბევრ რამეს ვეძახი, მაგრამ არ უყვარს "პაწკოს" რომ ვეძახი, ბრაზობს, ნუ მეძახი, არ შემეფერებაო.
ბექა:
- ბევრ რაღაცას მეძახის, მაგრამ არ ვიტყვი, არ მიყვარს ასეთი სახელები და იმიტომ. მე მეტსახელი ჯერ არ შემირჩევია მანიკასთვის... მანიკა, სახლში ხომ არ მეჩხუბები (იცინიან)?
- როგორ გგონია, დაემთხვევა თქვენი პასუხები ერთმანეთს?
მანიკა:
- უმეტესობა დაემთხვევა, ფერებში თუ არ გავიჭედეთ (იცინის).
ბექა:
- ალბათ კი, მიუხედავად იმისა, რომ მანიკა უფრო დაბნეულია, მგონია, რომ ის უკეთ მიცნობს, ვიდრე მე - მას.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)