მიუხედავად იმისა, რომ მოდელი ლიკა ქორქია ამბობს, ზოგადად მშიშარა არ ვარო, მაინც არის ისეთი რაღაცეები, რაც ძალიან აშინებს და რის შიშსაც ვერასდროს დაძლევს. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ სიმაღლის შიშის ჩახშობას ლიკა პარაშუტით ფრენით ებრძვის. ალბათ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ლიკას ფობიებზე ვესაუბრეთ.
- ზოგადად, მშიშარა არ ვარ. უბრალოდ, ბავშვობაში მქონდა სიბნელის შიში, რომელიც დღემდე გამომყვა. ღამის სიბნელე კი არ მაშინებს, არამედ შენობის სიბნელე, მეშინია, თან დახურული სივრცე რომ არის და თან ბნელა.
- სიბნელის შიშს სკოტოფობია ჰქვია.
- გარდა ამისა, ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე თაგვია, საშინლად მეშინია მისი.
- თაგვების შიშს მუსიფობია ეწოდება.
- სულ ვამბობ, ნებისმიერი რამ მირჩევნია თაგვის დანახვას, ეს ჩემთვის კატასტროფაა. მერე მთელი ერთი თვე მჭირდება მდგომარეობიდან გამოსასვლელად. ამასთან ერთად მეშინია სიმაღლისაც, მაღლიდან გადმოხედვის დროს მეხვევა თავბრუ, თავი ხელში ვერ ამყავს და შეიძლება, გადმოვეშვა იქიდან. მიუხედავად ამისა, ხშირად ვხტები პარაშუტით და ექსტრემალური სპორტის მიმდევარი ვარ.
- ე.ი. ძლევ ამ შიშს...
- კი, ვცდილობ.
- ფრენასთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?
- ამის გამო ყველა დამცინის, რადგან სულ ვამბობ, თქვენ არ იცით, რა არის თვითმფრინავი-მეთქი, ეს არის მილი, რომელშიც ზიხარ, ის ჰაერშია გამოკიდებული და სულ რაღაც 2 ფრთაზე ხარ დამოკიდებული. ხშირად მეუბნებიან, ფრენის დროს საშიშროება 50/50-ზეაო, მაგრამ სულაც არ არის ასე, არსებობს 90%-იანი საშიშროება ჩამოვარდნისა და 10% - გადარჩენის.
როცა სადმე მივფრინავ, ხატები ხომ სულ თან მაქვს, სანთლებს ვანთებ, ვგალობ, ხმამაღლა ვკითხულობ ლოცვებს და ა.შ.
მოკლედ დისკომფორტს ვუქმნი ირგვლივ მყოფებს.
ბოლოს, როდესაც ლონდონიდან მოვფრინავდი, სტიუარდესამ ძალიან ბევრჯერ გამაფრთხილა, ჩუმად იყავით, ხალხი წუხდებაო. ჩემს დამოკიდებულებას ფრენის მიმართ შიშს არ ვეძახი, თაგვის მეშინია, სიბნელისაც, მაგრამ თვითმფრინავი და ფრენა ჩემთვის სულ სხვა ფენომენია, ამას შიშს არ ვუწოდებ.
- ე.ი. ავიოფობია გქონია გამძაფრებულად. წეღან ახსენე, დახურულ სივრცეში სიბნელის მეშინიაო, ამასთან ერთად დახურული სივრცის შიში, ანუ კლაუსტროფობიაც ხომ არ გჭირს?
- არა, აი, მაგალითად, ლიფტის შიში საერთოდ არ მაქვს, ბევრჯერ გავჭედილვარ, მაგრამ ჩვეულებრივად დავლოდებივარ, როდის გამომიყვანდნენ. უფრო იცი, რისი მეშინია? თოვლის.
- საოცარია, ამას ქიონოფობია ჰქვია.
- არ მეშინია, როცა თოვს თბილისში, მაგრამ როცა ბაკურიანსა და გუდაურში ავდივარ და ირგვლივ სითეთრეს ვხედავ, ცუდი შეგრძნება მეუფლება და ყოველთვის ვამბობ, უკეთესია, ასეთ დიდ თოვლში ღამით გახვიდე გარეთ, დღისით მგონია, დაკარგული ვარ.
- დანარჩენი ბუნებრივი მოვლენების: წვიმის, ქარის და ა.შ. ხომ არ გეშინია?
- წვიმა და ქარი მარტო ჩემს ძაღლზე მოქმედებს. მე კი ძალიან მიყვარს, როცა წვიმს, ქარის დროს კი ფანჯრებსაც კი ვაღებ ხოლმე.
- სტიქიების მიმართაც ხომ არ გაქვს განსაკუთრებული შიში?
- ჩვენთან ცუნამი და მსგავსი რაღაცები არ ხდება, მაგრამ მოგიყვები ერთ ამბავს მიწისძვრის შესახებ. ყველაზე ძლიერი მიწისძვრა რომ იყო ჩვენთან, მე ჩემს დასთან ერთად მეოთხე სართულიდან კიბით ჩამოვდიოდი და თან მზესუმზირას მივირთმევდი, როგორც კი რყევა დაიწყო, ანი კივილ-წივილით დაეშვა ქვემოთ, თან მეძახოდა, მალე ჩამოდიო, ამ დროს კი მე წყნარად, აუღელვებლად ვადგამდი ნაბიჯებს და სანამ ქვემოთ ჩავედი, მიწისძვრა დამთავრდა.
გარეთ გასული კი ხალხს ვამშვიდებდი. მეორე დიდი მიწისძვრის დროს კი მეძინა, მთელი ოჯახი გარეთ რომ გავიდა და ვერ შემამჩნიეს, მომაკითხეს და ნახეს, რომ ძალიან ტკბილად მეძინა (იღიმება).
- მოკლედ, მიწისძვრაზე რეაქცია არ გაქვს. მაშინ გაგვიმხილე შენი დამოკიდებულება ცხოველების, მწერების, ფრინველების მიმართ...
- ობობის, კალიისა და მსგავსი რაღაცების საერთოდ არ მეშინია, უბრალოდ, დისკომფორტს განვიცდი. არც ცხოველების, არც ფრინველების და არც მწერების არ მეშინია, უბრალოდ, თაგვი ჩემი სუსტი წერტილია. იმდენად არ მიყვარს, ჩემს კატას სათამაშო, დასაქოქი თაგვი რომ მოუტანეს, დედას ვთხოვე, მე ვერ მივეკარები და სახლიდან მოაშორე-მეთქი, რა თქმა უნდა, გადააგდო და ახლა ჩვენი კატა ძვლით თამაშობს.
- ახლა ექიმების თემაზე გადავინაცვლოთ, მათ მიმართ ნდობით ხარ გამსჭვალული?
- ექიმებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, თუნდაც იმიტომ, რომ მომავალი ექიმი გახლავართ, მაგრამ ბავშვობაშიც არ მშინებია მათი, სტომატოლოგთან წასვლაზე ვოცნებობდი. კბილზე პრობლემა არასდროს მქონია, დღესაც სტომატოლოგს მხოლოდ კბილების გასაწმენდად ვსტუმრობ, არადა მთელი ბავშვობა ვამბობდი, მეც წამიყვანეთ ექიმთან-მეთქი, მაინტერესებდა ბურღი როგორი იყო.
- ნემსის გაკეთებაზე რას გვეტყვი?
- ნემსს ჩემით ვიკეთებ, მაგრამ სხვას ვერასდროს გავუკეთებ. პრაქტიკებზე რომ დავდიოდით, რეზინის ბალიშებს ვუკეთებდით ნემსს, მერე მე დამჭირდა და მშვენივრად გავიკეთე, თუმცა სხვას ვერ გავაკეთებინებ და ვერც ვერავის გავუკეთებ.
- ლიკა, ციფრებზეც ვთქვათ ერთი-ორი სიტყვა. საყვარელი ციფრი თუ გაქვს?
- არა, ჩემთვის არ არსებობს უბედური და ბედნიერი ციფრი, მათ არასდროს არაფერთან არ ვაკავშირებ, ვფიქრობ, ეს ზედმეტი ცრურწმენაა. არასასიამოვნო რამ შეიძლება ნებისმიერ დღეს მოხდეს და ეს არ შეიძლება, ციფრებს დავაბრალოთ.
\- ე.ი. ცრუმორწმუნე არ ხარ, კატის გადარბენის და მსგავსი რაღაცების არ გჯერა, ხომ?...
- არანაირად. როგორც გითხარი, სახლში მყავს კატა და ბავშვობიდან ვგიჟდები ამ ცხოველზე. კატის გადარბენა ჩემთვის ცუდი როგორ უნდა იყოს, არ მესმის, პირიქით, მისი დანახვისას კარგ ხასიათზე ვდგები. მახსოვს, ბავშვობაში ჩემს მეზობელს "რიჟა" კატა ჰყავდა, სახელად რიშელიე, დილით სკოლაში წასვლის წინ თუ ის ეზოში დაგვხვდებოდა, ვიცოდი, ძალიან კარგი დღე მექნებოდა და აუცილებლად კარგ ნიშანს მივიღებდი, მართლა ძალიან მაგარი კატა იყო რიშელიე, მაგრამ მერე, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.
- ლიკა, ვინაიდან მოდელი ხარ - ობესოფობია - ანუ წონაში მომატების შიშიც ხომ არ გაქვს?
- შიში არ მაქვს, რადგან თუ ვიმატებ, ძალიან ადვილად ვიკლებ. ამასთან, გენეტიკურადაც არ მაქვს მიდრეკილება სიმსუქნისკენ, ამიტომ ვფიქრობ, აქ საშიში არაფერია (იღიმება).
- გასაგებია. ჩვენი საუბრის შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ რამდენიმე ფობიით შენც ხარ შეწუხებული, არ გიცდია მათთან შებრძოლება? ან თუ იცი ხერხი, როგორ შეიძლება, დავამარცხოთ ესა თუ ის შიში ან ფობია?
- მე სიმაღლის დღემდე ძალიან მეშინია, მაგრამ მიუხედავად ამისა ზაფხულში აქტიურად დავფრინავ პარაშუტით. მართალია, ამ საკითხთან დაკავშირებით მე სულ სხვა შეხედულება მაქვს და ვამბობ, მაღალი სართულიდან გადმოხედვა და პარაშუტით გადმოხტომა სრულიად განსხვავებული რაღაცებია-მეთქი, მაგრამ ამ ყველაფრით ვფიქრობ, ნელ-ნელა შიშს დავძლევ, ამხელა სიმაღლეებიდან რომ გადმოხტები, ბოლოს აღარ გექნება შიში.
- ანუ რისიც გეშინია, ის უნდა აკეთო?
- უნდა შეეცადო, რომ შიში რაღაცნაირად ჩაკლა, თუმცა იმ ადამიანებისაც მესმის, რომლებიც ვერანაირად დაძლევენ ამ შიშს. მაგალითად, ჩემი და ობობის შიშს ვერაფერს მოუხერხებს, მე კი - თაგვის შიშს ვერ ჩავიკლავ, რაც უნდა მოხდეს. მოკლედ, კარგი იქნება, რისი დაძლევაც შეიძლება, ადამიანმა დაძლიოს და ნაკლებად იყოს ფობიებით დაავადებული.
ციცი ომანიძე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)