ავტორი:

თუ კორონავირუსის გამო სახლში დარჩი, უსმინე ქართველი მუსიკოსების დისტანციურ კონცერტებს ინტერნეტში

თუ კორონავირუსის გამო სახლში დარჩი, უსმინე ქართველი მუსიკოსების დისტანციურ კონცერტებს ინტერნეტში

"რაც არ უნდა ხდებოდეს, მუსიკოსები სულ საჭიროა. "ტიტანიკი" რომ იძირებოდა, იქაც კი დარჩნენ მუსიკოსები და ბოლო წამამდე უკრავდნენ.

გამოვდივარ ინიციატივით, თუ გაგრძელდა ბარ-რესტორნებისა და კლუბების დახურვა და ეს მწვავე ფონი, სახლიდან გავუშვათ ლაივები. ერთი რამ ვიცი ზუსტად, იმუნიტეტს პანიკა და მძიმე ნერვული ფონი ასუსტებს, შესაბამისად პოზიტივი და სწორი კვება ყველაზე მეტად გვჭირდება ახლა" - 12 მარტს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერდა სალომე შუბითიძე, სტუდენტი, მუსიკოსი და პროექტ "არტიდეპრესანტის" ავტორი, რომელმაც რამდენიმე დღეში შეასხა იდეას ფრთები.

საქმეში არაერთი კარგი მუსიკოსი ჩაერთო, უკვე ჩატარდა რამდენიმე კონცერტი ინტერნეტით, რითაც მუსიკამ კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო, თვითიზოლიაციაში თუ შინ დარჩენილი ადამიანების სახლებში შეაღწია.

"არტიდეპრესანტის" იდეის შესახებ AMBEBI.GE სალომე შუბითიძეს ესაუბრა:

- როცა ჩემმა მეუღლემ შაკო ღელეყვამ მითხრა, რომ გაუუქმდათ დაგეგმილი კონცერტები, გადაგვედო ქორწილი, სოციალურ ქსელში ინიციატივით გამოვედი, რომ სახლიდან გვეკეთებინა ლაივები. პოსტს გამოხმაურება მოჰყვა, ნდობა ვიგრძენი მეგობრების მხრიდან და იმ წუთასვე მომივიდა ეს იდეა.

ბუნებრივია, იდეა მუშავდებოდა, ძალიან ბევრ ადამიანთან გავიარე ეს საკითხი. პირველი ვისაც შევხვდით მე და ჩემი მეუღლე, ლევან ტაბატაძე იყო, რომელიც პირველ კონცერტზე დაგვეხმარა ტექნიკური თვალსაზრისით და იდეის გაჩენიდან 3 დღეში, სოფო ბათილაშვილის პირველი კონცერტი ზვიად ბოლქვაძისა და ნიუტონის მონაწილეობით ჩატარდა“ - აღნიშნავს სალი შუბითიძე.

AMBEBI.GE-ს რესპონდენტის თქმით, იდეა დღეს არსებულ გლობალურ პრობლემაზე ფიქრით მოვიდა და ერგება საჭიროებებს. თუმცა, იდეა იმასაც ითვალისწინებს, რომ თითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე - დარჩნენ სახლებში, განეწყონ ოპტიმისტურად და მოუფრთხილდნენ საკუთარ თავებს და გარშემომყოფებს.

"ამ ატაპზე ერთი კონცერტია ჩატარებული და დღეს 18 მარტს, 21:30-დან ჩვენს მსმენელს, მაყურებელს მეორე კონცერტის ხილვა და მოსმენა შეეძლება. იხილავენ ეთნო-ჯაზბენდ „ირიაოს“.

"არტიდეპრესანტი“ ინოვაციური პლატფორმაა, რომლის მიზანია, მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მქონე ხელოვან ადამიანებს თავი მოუყაროს და ხელოვნების ენით საზოგადოებას მოუწოდოს მთავრობის მიერ დადგენილი წესების დაცვა და შესთავაზოს ხელოვნების დისტანციურად მიწოდება.

პლატფორმა ამ ეტაპზე ფუნქციონირებს „ფეისბუქზე“. პროექტის განმავლობაში ნებისმიერი ჩართვა იქნება პირდაპირ ეთერში, რათა საზოგადოება ჩაერთოს და თითოეულმა მაყურებელმა თავი პროექტის ნაწილად იგრძნოს. ორიენტირებულები ვართ მაღალ ხარისხზე, რათა თითოეულ არტისტს ჰქონდეს საშუალება, მსმენელს თუ მაყურებელს თავი მაქსიმალურად აჩვენოს.

პლატფორმა, როგორც აღვნიშნეთ, 3 დღეა არსებობს და მის ფარგლებში უკვე ჩატარდა დისტანციური კონცერტი სოფო ბათილაშვილის, ზვიად ბოლქვაძისა და „ნიუტონის“ მონაწილეობით, რომელმაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

ამიტომ, ბუნებრივია, ვაგრძელებთ იმავე შემართებით. აღსანიშნავია, რომ პირველ პირდაპირ ეთერს ძალიან მოკლე დროში გაუკეთდა ორგანიზება და შესრულდა იდეის ავტორის ხარჯებით, თუმცა საკმაოდ მაღალ ხარისხში. აქვე დავძენ, რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი ასაკობრივი ბარიერი და სეგმენტაცია, მუსიკოსები და მოწვეული ხელოვნების დარგის წარმომადგენლები, უმეტესწილად, ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის იქნება განკუთვნილი“ - აღნიშნავს სალომე.

მისი თქმით, იმის გამო, რომ ხელოვან ადამიანებს არ აქვთ სტაბილური შემოსავალი, ეძებენ სპონსორებს, რომლებიც მინიმალურ ჰონორარს გადაუხდიან მოწვეულ სტუმრებს და დაეხმარებიან „არტიდეპრესანტს“ ტექნიკურ უზრუნველყოფაში.

"ვფიქრობ, მოსალოდნელ შედეგს დავდებთ კეთილი ადამიანების დახმარებით, ვინაიდან მნიშვნელოვანია ლაივების ხარისხი. პირველი კონცერტი საკუთარი ხარჯით გაკეთდა და ახლა ველოდებით ადამიანებს, კომპანიებსა თუ კერძო პირებს ჩაერთონ პროექტში და ერთად დავძლიოთ პრობლემები“ - გვეუბნება რესპონდენტი.

- ვინ შეიძლება კიდევ ჩაერთოს ამ საინტერესო პროექტში?

- ნებისმიერი ხელოვანი, ნებისმიერი მსურველი. ვმუშაობთ ლაინ აფსა და ტექნიკურ დეტალებზე. მოლოდინი გვაქვს, რომ ბევრი ნაცნობი და უცნობიც ჩაერთვება. ჯერ არ ვასახელებ, ვინაიდან მაყურებელს თანდათან და ეტაპობრივად გავუკეთოთ სიურპრიზები. ჩვენი მთავარი მიზანი ხომ ოპტიმისტური და პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაა.

ამ ეტაპზე მერია უზრუნველყოფს 3 კონცერტს ტექნიკური თვალსაზრისით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს თანამოქალაქეებზე ზრუნვისთვის და ველოდებით კეთილ ადამიანებს, კომპანიებს ჩაერთონ ამ საქმეში, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ენთუზიაზმზე მუშაობს, მაშინ როდესაც ადამიანები (მუსიკოსები), ვისაც ზოგადად სტაბილური შემოსავალი არ აქვთ უმუშევრები დარჩნენ.

ასე რომ, ჩვენც ვითვალისწინებთ, მთავრობის რეკომენდაციებს, ძირითადად სახლიდან ვმუშაობთ და კონცერტის მსვლელობისას მაქსიმალურად წესების დაცვით ვმოქმედებთ".

ფოტო: ზურა ქავთარაძე

"ევროვიზია 2020" კორონავირუსის საფრთხის გამო აღარ გაიმართება

"რომ არა ჩემი მეუღლის ვაჟკაცობა, ქუჩაში დავრჩებოდი გათიშული" - მსახიობ მალხაზ ქვრივიშვილს გულზე ოპერაცია ჩაუტარდა

ყავის სმა ონლაინ და სიმღერა კორონავირუსზე აბაზანაში - როგორ ირთობენ თავს პანდემიის დროს ცნობილი ქართველები