5 აგვისტოს ჰააგის სასამართლოში "სისხლიან ალმასის" საქმეს განიხილავენ. სასამართლო პროცესზე ჩვენების მისაცემად სუპერმოდელი ნაომი კემპბელი უნდა გამოცხადდეს. ამასთან დაკავშირებით სასამართლოს შენობაში უსაფრთხოების სპეციალურ ზომებს მიიღებენ, რათა ფოტოგრაფებმა სუპერმოდელის გადაღება ვერ შეძლონ. ამგვარი თხოვნით მოსამართლეებს თავად მოდელმა მიმართა.
"სასამართლოს შენობაში შესვლის და გამოსვლის დროს ნაომი კემპბელის ფოტო ან ვიდეოაპარატურით გადაღება არავის შეუძლია, გადაღება აკრძალულია ასევე სასამართლოს შენობაშიც", - ნათქვამია გამოქვეყნებულ დადგენილებაში.
ჰააგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოდელის მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მისი გადაღება მთელი ნიდერლანდების ტერიტორიაზე აეკრძალათ, რადგან ეს უკვე მათ "უფლებამოსილებას აღემატება", იტყობინება ИТАР-ТАСС.
ჰააგის სასამართლო ლიბერიის ექს-პრეზიდენტის ჩარლზ ტეილორის საქმეს განიხილავს. მას აფრიკული ალმასებით არალეგალურ ვაჭრობაში ადანაშაულებენ. სასამართლოს სურს დაადგინოს, მიიღო თუ არა საჩუქრად სუპერმოდელმა დიქტატორისგან დაუმუშავებელი ალმასი.
გამოძიების მონაცემებით, ეს 1997 წელს სამხრეთ აფრიკაში ერთ-ერთ წვეულებაზე მოხდა. მოდელისთვის ნაჩუქარ ალმასს "სისხლიანს" იმის გამო უწოდებენ, რომ ძვირფასი ქვების გაყიდვის შედეგად მიღებული ფულით ლიბერიის რეჟიმი ეროვნული ამბოხის ჩასახშობად იარაღს ყიდულობდა.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.