ავტორი:

სინგაპურში COVID-19-ით ინფიცირებულთა კონტაქტებს დეტექტივები ავლენენ - "ეს ფაზლებს ჰგავს, 24 საათი ვმუშაობთ მათ ამოსახსნელად"

სინგაპურში COVID-19-ით ინფიცირებულთა კონტაქტებს დეტექტივები ავლენენ - "ეს ფაზლებს ჰგავს, 24 საათი ვმუშაობთ მათ ამოსახსნელად"

კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით, სინგაპური ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა. ამ დროისთვის COVID-19-ით იქ 345 ადამიანია ინფიცირებული და მათ შორის 124 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

როგორც BBC წერს, კორონავირუსის შემთხვევები ქვეყანაში 2020 წლის შუა რიცხვებში გამოვლინდა, მას შემდეგ, რაც ჩინეთიდან ტურისტების 20 კაციანი ჯგუფი ჩავიდა. ისინი ეწვივნენ სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებს, კაფეებს, ხალხმრავალ ადგილებს და ოთხ დღეში ქვეყანა დატოვეს.

თუმცა, მალევე მათთან კონტაქტში მყოფ სინგაპურელ ადამიანებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ. თავდაპირველად COVID-19 აღმოაჩნდა ერთ-ერთი აფთიაქის გამყიდველ ქალს, რომელმაც ვირუსი თავის ქმარს, ასევე 6 თვის ბავშვს და ინდონეზიელ დამხმარე ქალს გადასდო.

ვირუსის დადასტურების დღიდანვე სახელმწიფომ მკაცრი ზომების გატარება დაიწყო და სწორედ ამას მიაწერენ კორონავირუსთან წარმატებულ ბრძოლას.

მედიკოსები ამბობენ, რომ მათი წარმატების საიდუმლო მკურნალობის რაიმე განსაკუთრებულ მეთოდში არ არის. მათი საიდუმლო დაავადების ადრეულ ეტაპზევე გამოვლენაა, რაც ექიმებს საშუალებას აძლევს, რომ წარმატებით უმკურნალონ ინფიცირებულს და გამოაჯანმრთელონ.

როგორ ავლენენ ინფიცირებულებს ადრეულ ეტაპზევე?

სინგაპურში კონტაქტების გამოსავლენად სპეციალური მობილური ჯგუფებია შექმნილი, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, მაგრამ გარდა ამისა, ინფიცირებულის კონტაქტებს ეძებენ პროფესიონალი დეტექტივებიც. ისინი იყენებენ ყველა რესურსს მათ საპოვნელად და ეს შესაძლებლობას აძლევთ, რომ დაავადება ადრეულ ეტაპზევე გამოავლინონ.

"ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ასე რომ არ ვიქცეოდეთ, დაავადებულთა კატასტროფული რაოდენობა და ბევრი გარდაცვლილი გვეყოლებოდა,“ - ამბობს დეტექტივების ერთ-ერთი ჯგუფის ხელმძღვანელი ზუბაიდა საიდი.

მისი თქმით, კონტაქტების ძიება ფაზლებს ჰგავს და დეტექტივები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ მათ ამოსახსნელად. ისინი იყენებენ ყველა მეთოდს, მონაცემთა ანალიზს, ვიზუალიზაციას, ფარული კამერის ჩანაწერებს, ეძებენ ადამიანებს იმის იხედვით, თუ სად გამოიყენა საკრედიტო ბარათი, ან ელექტრონული გასაღები.

ინფიცირებულთა კონტაქტების პოვნის პროცესში სამხედრო მოსამსახურეებიც არიან ჩართულნი. "როიტერსის" ფოტო

მედიცინის ექსპერტების განმარტებით, მთავარი მიზეზი იმისა, რომ გარდაცვალების ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა სწორედ ასეთი მუშაობაა. იმასაც აცხადებენ, რომ გარდაუვალია ქვეყანაში ვირუსით ვინმე არ გარდაიცვალოს, მაგრამ პროგნოზირებენ, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, მსხვერპლი ნაკლები იქნება.

სინგაპურელი ქალი, ჯული იხსენებს, რომ მას შემდეგ, რაც ექიმებმა კორონავირუსი დაუდასტურეს, სისტემა ამუშავდა.

"კლინიკაში ვიწექი როცა დამირეკეს და ყველა დეტალი გამომკითხეს, თითოეული ნაბიჯი, თუ რას ვაკეთებდი ბოლო 7 დღის განმავლობაში. გამომკითხეს ვისთან ერთად ვიყავი, რას ვაკეთებდი, შეადგინეს სია. ისინი ეძებდნენ ახლო კონტაქტებს, მათ, ვისთანაც 30 წუთზე მეტი გავატარე დაახლოებით 2 მეტრის მანძილზე“, - ამბობს ჯული და იხსენებს, რომ მისი გამოკითხვა 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა 50 კონტაქტი და ჯანდაცვის სამინისტრო ყველა მათგანს დაუკავშირდა და ყველა მათგანი კარანტინში გადაიყვანეს. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა, თუმცა ასეც რომ ყოფილიყო, სახიფათო არ იქნებოდა, რადგანაც საწყის ეტაპზევე იქნებოდა გამოვლენილი. სინგაპურში ჯერჯერობით სწორედ ასეა გამოვლენილი კორონავირუსის ყველა შემთხვევა, ადრეულ ეტაპზე და ოფიციალური პირების თქით, ამის გამო ხერხდება ის, რომ ჯერ არ ჰყავთ მსხვერპლი და ასევე მნიშვნელოვნად ფერხდება ვირუსის გავრცელება.

კონტაქტების გამოსავლენ ამ სისტემას "ოქროს სტანდარტს“ უწოდებენ და განსხვავებით აშშ-სგან და ევროპის ქვეყნებისგან სინგაპურში მას კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან იყენებენ.

გლობალური მასშტაბით კორონავირუსით 245 912 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 10 048 პაციენტი გარდაიცვალა, 88 465 კი გამოჯანმრთელდა.

დამანგრეველი მიწისძვრა ხორვატიაში და უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები - უმძიმესი ფოტოები ზაგრებიდან

FBI-ის შეფი, რომლისაც აშშ-ს პრეზიდენტებსაც კი ეშინოდათ

ესპანეთში საავადმყოფოები პაციენტებს ვეღარ იტევს - ადამიანებს კლინიკების დერეფნებში მკურნალობენ