ავტორი:

კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნებში ცდიან - როდის გვეცოდინება, რომელი წამალი კურნავს ვირუსს

კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნებში ცდიან - როდის გვეცოდინება, რომელი წამალი კურნავს ვირუსს

სხვადასხვა ფარმაკოლოგიური კომპანიები კორონავირუსის საწინააღმდეგო წამლის შესაქმნელად დამოუკიდებლად მუშაობენ. ზოგიერთ ქვეყანაში წამალი უკვე შეიქმნა და ამ ეტაპზე მისი გამოცდა მიმდინარეობს, ზოგან კი სხვა დაავადებების სამკურნალოდ უკვე არსებულ წამლებს ცდიან. ტესტირება დაწყებულია აშშ-ში, ევროპაში, ასევე აზიის ქვეყნებში.

Euronews.com წერს, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნები კოორდინირებულად მოქმედებენ და მიმართავენ მკურნალობის ექსპერიმენტულ მეთოდებს უკვე არსებული წამლების ეფექტურობის გამოსავლენად. კვლევაში ჩართულები არიან ნიდერლანდებში, ბელგიაში, ლუქსემბურგში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და ესპანეთში მცხოვრები ინფიცირებულები, თუმცა არ კონკრეტდება, თუ რამდენ ადამიანზე მიმდინარეობს ექსპერიმენტული მკურნალობა.

ივლევენ ისეთ წამლებს, როოგორებიცაა რემდესივირი (ებოლას საწინაღმდეგო პრეპარატი), ლოპინავირი (შიდსის საწინააღმდეგო პრეპარატი), ჰიდროქსიქლოროქინი (მალარიის საწინააღმდეგო წამალი).

როგორც სხვადასხვა გამოცემები წერენ, მედიკოსები მთავარ იმედს მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატზე, ჰიდროქსიქლოროქინზე ამყარებენ, რომელიც ქლოროქინის ერთ-ერთი ვერსიაა. ეს წამალი დაახლოებით 1940 წლიდან არსებობს.

მედიკოსები ამბობენ, რომ კვლევის შედეგები აპრილში უნდა გახდეს ცნობილი.

რაც შეეხება ახალ წამალს, მისი გამოცდა აშშ-ში უკვე დაიწყეს. ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია, Gilead Sciences-ის მეცნიერებმა შექმნეს ექსპერიმენტული პრეპარატი და ირწმუნებიან, რომ ახალი ტიპის კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით, იმედისმომცემი სურათი აქვთ. პრეპარატის საშუალებით უკვე განიკურნა ერთი ადამიანი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი მის ეფექტურობაზე სასაუბროდ. პრეპარატს 394 ადამიანზე ცდიან და ამბობენ, რომ შედეგი არპილის დასაწყისში ეცოდინებათ.

"პოტენციურად ამ წამალს შეეძლება დაავადების გართულების შეჩერება, იმ ადამიანების გადარჩენა, რომლებიც უკვე ჰოსპიტალიზებულები არიან და შესაძლებელი იქნება მისი გამოყენება პროფილაქტიკის მიზნით", - ამბობს ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორი ტიმოთი შიჰანი, რომელიც ერთ-ერთია იმ მკვლევართაგან, რომლებიც მედიკამენტის ეფექტურობას სწავლობენ.

მედიკოსები იმედიანად უყურებენ იაპონური წარმოების გრიპის საწინააღმდეგო წამალსაც. საუბარია პრეპარატ "ფავიპირავირზე“ და როგორც ჩინელი ექიმები ამბობენ, წამალი ეფექტური აღმოჩნდა კორონავირუსით დაავადებულთა სამკურნალოდ.

ჩინელი ექიმების ინფორმაციით, უხანში ამ წამლის გამოყენებით, 340 პაციენტზე ჩატარდა ტესტირება. შედეგი კი პოზიტიური და იმედისმომცემია.წამალს იაპონური ფარმაკოლოგიური კომპანია Fujifilm Toyama Chemical 2016 წლიდან აწარმოებს.

საერთო ჯამში, ამ ეტაპზე 300-მდე მედიკამენტის კლინიკური ვერსიაა შექმნილი და ამ ეტაპზე ცდები მიმდინარეობს, თუმცა ყველაზე იმედიანად მკვლევარები ზემოთ ჩამოთვლილ წამლებს უყურებენ.

ჩინეთში მამაკაცი COVID-19-სგან განსხვავებული ვირუსით გარდაიცვალა - რა არის ჰანტავირუსი?

რუსეთში, კურილის კუნძულებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა - გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე

როგორ ამტკიცებენ მეცნიერები, რომ ახალი კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი არ არის?