ავტორი:

"ორ კვირაში აფხაზეთში კორონავირუსი იფეთქებს..." - აფხაზები შიშობენ, რომ ადგილობრივების დიდი ნაწილი საშიშ ვირუსს ვერ გადაიტანს

"ორ კვირაში აფხაზეთში კორონავირუსი იფეთქებს..." - აფხაზები შიშობენ, რომ ადგილობრივების დიდი ნაწილი საშიშ ვირუსს ვერ გადაიტანს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერმა ასლან ბჟანიამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და მისი ინაუგურაცია 23 აპრილს გაიმართება. თუმცა, სხვა საკითხია, როგორ გაართმევს თავს ბჟანია იმ სირთულეებს, რაც რეგიონში დახვდა, მით უფრო ახლა, როცა ადგილობრივები ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხეებზე საუბრობენ.

ადგილობრივები უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ რეგიონში ახალი კორონავირუსი COVID-19 უკვე გავრცელებულია, თუმცა, სხვადასხვა მიზეზების გამო, ე.წ ჯანდაცვის სამინისტრო და "ხელისუფლება" არ ახმაურებს, ან სრულყოფილი ინფორმაცია არ აქვს.

აფხაზი პუბლიცისტი თენგიზ აგრბა, სოციალურ ქსელში კორონავირუსის გავრცელების გამო იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე წერს, რომელიც რამდენიმე დღეში აფხაზეთის რეგიონში იფეთქებს.

"ორ კვირაში აფხაზეთში კორონავირუსი იფეთქებს... თუ ჩვენ სულელები არ ვართ და 65 წელს ზევით ასაკისა და სხვა, სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანების დაკარგვა არ გვსურს, ხმა უნდა ამოვიღოთ, მაგრამ სულელები ვართ. ვიდრე პირველი შემთხვევა დაფიქსირებულა, ენგურისა და ფსოუს საზღვარი უნდა ჩავკეტოთ, ვიდრე საქართველოსა და რუსეთში ამ ვირუსს არ დაამარცხებენ!

მივმართავ ახალ ხელისუფლებას, იმოქმედოს ამ მიმართულებით და სიტყვას ვაძლევ, მადლიერი დავრჩები იმ ყველაფერზე, რაც იყო, თვალებს დავხუჭავ და ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ყველაფერი, ეს ეხება იმ "ძველ" და ყოფილ კადრებსაც, რომლებიც დღემდე რჩებიან ხელისუფლებაში" - წერს აგრბა.

აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილს არ სჯერა, რომ რეგიონში ვირუსს დღემდე არ შეუღწევია. ერთ-ერთი აფხაზი ინტერნეტმომხმარებელი გუნდა პაპასკირი წერს, რომ უამრავ ადამიანს გამოუვლინდა მაღალი ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ "ამას შესაბამისი სახელი ჯერჯერობით ვერავინ დაარქვა..."

"როგორ უნდა გააკეთოს ეს ახალმა ხელისუფლებამ, როდესაც ისინი ხელისუფლებას ერთი თვის შემდეგ გადაიბარებენ?! იქამდე ეს ვირუსი რას დაატრიალებს, ალბათ ადვილი წარმოსადგენია... ან ვინმეს ჰგონია, რომ ახლა არ არის ეს ვირუსი? უკვე გვყავს მისი მატარებელი ადამიანები, უბრალოდ, ამის შესახებ ოფიციალურად არ არის ცნობილი. თუმცა, ხვალ და ზეგ შედეგებს უფრო მწვავედ დავინახავთ.

ჩვენი სამედიცინო მომსახურებისა და ექიმების კვალიფიკაციის პირობებში, უმძიმეს სურათს მივიღებთ. წარმოდგენაც კი არ მინდა..." - წერს გუნდა პაპასკირი, რომლის თქმითაც, ფსოუდან მომავალი მანქანების ნაკადმა, დიდი ალბათობით კორონავირუსი რეგიონში უკვე შემოიტანა.

“ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამას თავად აფხაზი ექიმებიც არ აღიარებენ. ასაკოვანი მამა მყავს და როდესაც მათთან ამ თემაზე საუბარი ვცადე, ცივად მიპასუხეს - დეზინფორმაციას ნუ ჰყვებით და ხალხს ნუ აშინებთო. ასე ამბობდნენ სხვა ქვეყნებშიც და ვიცით რა მძიმე დღეში აღმოჩდნენ... ვკითხე, ვინმეს რომ დაუფიქსირდეს, ანალიზებით მიხვდებით, რომ ის საშიში ვირუსი აქვს-მეთქი? მარტივად მიპასუხა - აფხაზეთში კორონავირუსი არ არისო..." - წერს ირინა აჩბა.

"ქუჩაში არ გამოხვიდეთო, გვაფრთხილებენ, აქ ხალხი ყოველდღიური შემოსავლით, გარევაჭრობით, "ტაქსაობითა" და სხვა წვრილმანი საქმეებით ირჩენენ თავს... სახლში სამი მოხუცი მყავს, სამუშაოდ რომ არ გავიდე, შემოსავლის გარეშე ვრჩები, მათი პენსია არ გვყოფნის. თუ გავედი და ეს ვირუსი მოვუტანე, ისინი ვერ გადაიტანენ, რა გავაკეთო?!

ჩვენი უფროსი თაობის მამაკაცების უმეტესობას ჯანმრთელობა შერყეული აქვს, ანუ რა გამოდის, ისინი ამ ვირუსს ვერ გადაიტანენ? სად არის გამოსავალი?" - კითხულობს ლაშა ჯოპუა.

მოსახლეობის სხვა ნაწილი რადიკალური ზომების მომხრე არ არის, რადგან მიაჩნიათ, რომ მაშინ, როდესაც თავად არაფერს აწარმოებენ და მხოლოდ ტურიზმზე არიან დამოკიდებულნი, თვითიზოლაცია, განადგურებას ნიშნავს.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, სოხუმში უკვე შეიქმნა "მოსახლეობის კორონავირუსისგან დასაცავი შტაბი", რომელსაც ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ.

ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, დაურ კოვეს თქმით, კორონავირუსთან ბრძოლის დროს რეგიონს ექსპერტების კონსულტაციებითა და მედიკამენტებით დაეხმარებიან. მისივე თქმით, კვირის ბოლოს რუსეთიდან ამ ვირუსის დიაგნოსტირებისთვის სპეციალისტები ჩავიდნენ და ანტიბაქტერიული ხსნარი, სადეზინფექციო საშუალებები და სხვა საჭირო ნივთები ჩაიტანეს.

მთავარი ფოტო: Валерий Шарифулин/ТАСС

"ექიმები 10 პაციენტს ერთი ხელთათმანით და პირბადით იღებენ" - რას წერენ აფხაზები რეგიონში COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვის აღრიცხვის შემდეგ

აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აფხაზეთში, ლომების პარკში ცხოველებს შიმშილით სიკვდილი ემუქრებათ