ავტორი:

"ექიმები 10 პაციენტს ერთი ხელთათმანით და პირბადით იღებენ" - რას წერენ აფხაზები რეგიონში COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვის აღრიცხვის შემდეგ

"ექიმები 10 პაციენტს ერთი ხელთათმანით და პირბადით იღებენ" - რას წერენ აფხაზები რეგიონში COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვის აღრიცხვის შემდეგ

აფხაზეთში ოფიციალურად დადასტურდა ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა. დაავადება დაუდგინდა მამაკაცს, რომელიც მოსკოვიდან გაგრაში 29 მარტს ჩავიდა. ის ამჟამად გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობს.

ჰუმანიტარული პროგრამების იურისტის, საიდ გეზერდავას განცხადებით, გუდაუთის საავადმყოფოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი პაციენტის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. ამის შესახებ განცხადება გააკეთა აფხაზეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმაც და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

"პაციენტი გაგრის მკვიდრია, ის ჰოსპიტალიზებულია, იზოლირებულ პირობებში იმყოფება და კვალიფიციური სპეციალისტებისგან სრულყოფილ სამედიცინო მომსახურებას იღებს. იზოლირებულია მისი ოჯახიც... ის აფხაზეთში მოსკოვიდან შემოვიდა, სადაც მივლინებით იმყოფებოდა. ეპიდემიოლოგიური სამსახური მის კონტაქტებს აგროვებს და ინფორმაციას ამუშავებს.

კორონავისურის ინფექცია ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა და ველოდებით დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას, რადგან ჩვენი მოსახლეობა არ ითვალისწინებს ხელისუფლების რეკომენდაციებს, არ იცავენ თვითიზოლაციის წესებს, გადაადგილდებიან ქალაქში, მაშინ როდესაც ქვეყანა ყველაფერს აკეთებს ინფექციის პრევენციისთვის" - აცხადებს სკორიკი.

abkhaz-auto.ru-ს ინფორმაციით, გაგრის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსი ვლადიმერ ჯენია აცხადებს, რომ დაინფიცირებული რვასართულიან საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობს და მთლიან კორპუსს დეზინფექცია ჩაუტარდა. უკვე იდენტიფიცირებულია ის ტაქსის მძღოლი, რომელმაც მამაკაცი ფსოუდან სახლამდე მიიყვანა.

აფხაზების თქმით, არაერთი მოწოდების მოუხედავად, მოსახლეობის ნაწილი ჩვეულ ტემპში განაგრძობს ცხოვრებას. რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთმა აფხაზმა სოციალურ ქსელში დადო სოხუმის ბაზრის ვიდეო, სადაც დისტანციის დაცვაზე რომ არაფერი ვთქვათ, ელემენტარული ჰიგიენისა და უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული.

რეგიონში, ე.წ. ხელმძღვანელობამ პირველი გაფრთხილების შესახებ განცხადება 25 მარტს გააკეთა, როდესაც 8 აპრილამდე რუსეთთან ფსოუს საზღვარი ჩაკეტა და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა... უფრო ადრე, 13 მარტს, ასევე 8 აპრილამდე ჩაკეტეს ქართულ მხარესთან ე.წ საზღვარი, თუმცა, რამდენიმე საგანგებო შემთხვევისას, აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით, პაციენტები ქართულ მხარეს გადმოიყვანეს.

აფხაზური მედია წერს, რომ ერთ დღეღამეში ე.წ. ჯანდაცვის ცხელ ხაზზე, 300-ზე მეტი ზარი შევიდა... მოსახლეობა შეშინებულია, თუმცა, რუსეთთან და ქართულ მხარესთან საზღვრის ჩაკეტვამ პანიკა უფრო გაამწვავა.

"ჩემს გარემოცვაში უამრავი მოხუცია, რომელთაც სხვა თუ არაფერი, მედიკამენტები მუდმივად სჭირდება და ეს ყველაფერი აფხაზეთში მუდმივად დეფიციტშია. ეს წამლები ან საქართველოდან მოგვქონდა, ან რუსეთში მიმავალ ახლობლებს ვაბარებდით. რა უნდა ვქნათ ახლა, საიდან მოვიტანოთ? რა ვუყოთ შშმ პირებს, მათ შორის ბავშვებს? ჩვენი ძველი და ახალი მაფიოზი ხელისუფლების წევრებივით სავსე არ გვაქვს სარდაფები სურსათით, რა ვქნათ ხვალ და ზეგ, იქნებ ამაზე ეფიქრათ, ვიდრე შეზღუდვებს დააწესებდნენ!" - წერს ინტერნეტმომხმარებელი ლაშა აჟიბა.

"დედა მყავს მედიკოსი და ვიცი, რომ უსაფრთხოების ზომებს ფაქტობრივად ვერ იცავენ, რადგან არ აქვთ საკმარისი რაოდენობის სპეცხალათი, ბახილები, ხელთმამანები და პირბადეები.

8-10 პაციენტს ერთი და იგივე ხელთათმანებითა და პირბადით ვიღებთ... ასევე არ აქვთ საკმარისი სადეზინფექციო ხსნარიო. ყველა მისი მორიგეობის დასრულებას შიშით ველოდებით, რადგან სახლში მოხუცებიც გვყავს, თუმცა, ყველაზე უარესია ის, რომ მამას ქრონიკული დაავადებები აქვს. უამრავი მსგავსი სიტუაცია ვიცი გარშემო, გვყავს შშმ პირებიც, მათ შორის ბავშვები. არ მინდა შეგაშინოთ, მაგრამ იმედია, ბუნებრივი გადარჩევის პირობებში არ აღმოვჩნდებით..." - წერს ინტერნეტმომხმარებელი ირმა აპრილსკი.

ვინ არის ავთანდილ სურმანიძე, რომელიც სოხუმის "მერის" მოადგილედ დაინიშნა - "რა მნიშვნელობა აქვს ეროვნებას?! ქართული მხოლოდ გვარი აქვს..."

63 წლის ახალგორელი კაცი, რომელიც სამკურნალოდ ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოჰყავდათ, გზაში გარდაიცვალა

TikTok-ზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ცალკე ქვეყნებადაა გამოყოფილი - რას ამბობენ საგარეო უწყებაში