ავტორი:

რა ხდებოდა მსოფლიოში "ისპანკას" დროს - ფოტოები, სადაც ჩანს, რომ 100 წლის შემდეგ პანდემიას იმავე მეთოდებით ვებრძვით

რა ხდებოდა მსოფლიოში "ისპანკას" დროს - ფოტოები, სადაც ჩანს, რომ 100 წლის შემდეგ პანდემიას იმავე მეთოდებით ვებრძვით

დაკეტილი მაღაზიები, შეჩერებული სასწავლო პროცესი, პირბადეები, კარანტინი, თვითიზოლაცია, სოციალური დისტანცია - ის, რაც ახლა ხდება, მსოფლიომ უკვე გამოსცადა, 1918 წელს, როდესაც ე.წ. ესპანურმა გრიპმა, „ისპანკამ“ იფეთქა.

უცნაურია, მაგრამ 100 წლის შემდეგ, "ესპანური ვირუსისგან" განსხვავებულ ვირუსს, იმავე მეთოდებით ვებრძვით.

პანდემიები ყოველ 30-40 წელიწადში მეორდება. ექსპერტები აფრთხილებენ ხელისუფლებებს, ჯანდაცვის სისტემებს, რომ მზად უნდა შეხვდნენ გამოწვევას, თუმცა, მსოფლიო ისეთივე მოუმზადებელი აღმოჩნდა ახალი პანდემიისთვის, როგორც 100 წლის წინ იყო.

დალაქი ოჰაიოდან, რომელიც წვერს პარსავს მამაკაცს, თავდაცვის მიზნით კი პირბადე უკეთია

Insider.com ისტორიკოსებზე დაყრდნობით აქვეყნებს იმ მსგავსებებს და საერთო მახასიათებლებს, რომლებიც ესპანურ გრიპსა და კორონავირუსს შორისაა.

  • სკოლების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, მაღაზიების დახურვა

1918 წელს მსოფლიოში ბევრი სკოლა და საგანმანათლებლო დაწესებულება დაიხურა. ასეა დღესაც, თუმცა ჩვენს დროში მოსწავლეების ნაწილს შესაძლებლობა აქვს დისტანციურად გააგრძელოს სწავლა. წარსულში, ცხადია, ასე არ იყო. როგორც "ინსაიდერი" წერს, სკოლების დახურვას მაშინ დიდი პროტესტი მოჰყვა.

ნიუ-იორკელი მბეჭდავი სამუშაო მაგიდასთან პირბადით
  • დაიხურა ეკლესიები და შეჩერდა რიტუალები, რამაც მრევლის დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია

ამერიკულ გაზეთებში იწერებოდა სტატიები, სადაც პასტორები ამბობდნენ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდა სწორედ იმის ბრალი იყო, რომ ღვთისმსახურებას ვეღარ აღავლენდნენ და მრევლი ეკლესიაში ვეღარ დადიოდა.

მსგავსი რამ ხდება ახლაც 2020 წელს. საქართველოში ეკლესიაში წასვლა და ღვთისმსახურებაზე დასწრება აკრძალული არ არის, თუმცა ეს გადაწყვეტილება ბევრ ქვეყანაში მიიღეს, მათ შორის, იტალიაშიც, რამაც იტალიელი მორწმუნეები გაანაწყენა.

ირანში შიიტი მუსლიმები მეჩეთების გაღებას ითხოვენ. ამერიკაში, ასევე იტალიაში სხვადასხვა კონფეციების ზოგიერთი მოძღვარი ციფრულ მომსახურებაზე გადავიდა და პირდაპირი ეთერის საშუალებით ესაუბრებიან ადამიანებს. მათ შორის არიან იმამები, ასევე კათოლიკური ეკლესიის მღვდლები.

  • ადამიანებმა შემოსავლის წყარო დაკარგეს

"ისპანკას" დროს უამრავი საწარმო დაიხურა და ადამიანები უმუშევრად, შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ზუსტად ისეთივე რამ ხდებოდა, როგორც ახლა.

მოხალისეებს ინფიცირებულებთან წითელი ჯვრის ოფისიდან საჭირო ნივთები მიაქვთ

  • სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემებს გაუჭირდათ გამოწვევასთან გამკლავება

არ იყო საკმარისი ექიმები, საწოლები, შესაბამისი რაოდენობის სამედიცინო საშუალებები და თან ისეთ ქვეყანაშიც, როგორიც ამერიკაა. დაავადდა მედდების და ექიმების უდიდესი ნაწილი. ამიტომაც ვირუსთან ბრძოლაში უამრავი მოხალისე ჩაერთო. მათ უტარდებოდათ ტრენინგი, ხოლო შემდეგ კლინიკებში ანაწილებდნენ.

საავადმყოფოები პაციენტებს ვერ იტევდა, არ იყო საკმარისი საწოლები, ამიტომაც ზოგიერთი სკოლა კლინიკად გადაკეთდა.

1918 წელს ოკლენდში მუნიციპალური აუდიტორია საავადმყოფოდ გადაკეთდა

2020 წელსაც, კორონავირუსთან ბრძოლის პირობებში, მსგავსი რამ ხდება, ეპიდაფეთქების ზონებში საავადმყოფოები სავსეა ინფიცირებულებით. ჩინეთში ახალი საავადმყოფოს აშენება გახდა საჭირო, ესპანეთში, მადრიდში ყველაზე დიდი საგამოფენო დარბაზი საველე ჰოსპიტალად გადააკეთეს. ზოგიერთ ქვეყანაში კი სპორტულ მოედნებზე გეგმავენ საველე ჰოსპიტალის მოწყობას.

  • მაშინაც, ისევე როგორც ახლა, არავინ იცოდა თუ რამდენ ხანს გასტანდა ვირუსი

საჯარო გამოსვლებში ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ ყველაფერი მალე გადაივლიდა, ყოველი ახალი გამოჩენისას კი, ახალ ვადებს ასახელებდნენ. თავდაპირველად ადამიანებს რეკომენდაციებით მიმართავდნენ, რომ არ ჩავარდნილიყვნენ პანიკაში, რომ საშიში არაფერი ხდებოდა. მაგრამ როცა ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებში საგანგაშო სიგნალები იგრძნობოდა.

ახლაც მსგავსი რამ ხდება. მაგალითად, 2020 წლის თებერვალში, ამერიკული გამოცემები COVID-19-თან დაკავშირებით ექსპერტებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობდა. მათ შორის ისეთი გავლენიანი გამოცემები, როგორებიცაა the Washington Post, Yahoo Finance და LA Times. სტატიების ავტორები ურჩევდნენ ადამიანებს, რომ არ ყოფილიყვნენ პანიკაში, მაგრამ მარტში ეს ტონი უკვე შეიცვალა და იგივე გამოცემების სტატიებში საგანგაშო მესიჯებია.

ახლა ურჩევენ, რომ დარჩნენ სახლებში, დაიცვან სოციალური დისტანცია იმისთვის, რომ არც საკუთარ თავს და არც სხვებს ავნონ და იმისთვის, რომ გადარჩნენ.

  • სამედიცინო პირბადეები არ იყო საკმარისი

ქუჩაში პირბადის გარეშე ვერავის ნახავდით, ხოლო თუ ვინმე მის გარეშე გავიდოდა, სახიფათო ადამიანად მიიჩნეოდა და მას ყველა გაურბოდა. "ინსაიდერი“ წერს, რომ ერთ-ერთმა კონგრესმენმა იმ პერიოდში ქორწილი გადაიხადა და ყველა სტუმარს პირბადე ეკეთა.

წითელი ჯვარი - ქალები ხელით კერავენ პირბადეებს

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტების თქმით, პირაბდე ინფიცირებისგან დიდად ვერ გვიცავს, მასზე ახლა განსაკუთრებული მოთხოვნაა და დეფიციტშია. ამ კუთხითაც ისეთივე დეფიციტი გვაქვს, როგორიც ასი წლის წინ ჰქონდათ.

  • ისევე, როგორც ახლა, "ესპანკას“ დროსაც აკრძალული იყო ადამიანების ერთად შეკრება

განთავსებული იყო ბანერები შესაბამისი მოწოდებით. დღეს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სიმკაცრის აკრძალვა მოქმედებს. საქართველოში ამ ეტაპზე ათზე მეტი ადამიანის თავშეყრაა შეზღუდული. ჩინეთში კი, კარანტინის პირობებში სპეციალური ნებართვის გარეშე ადამიანებს გარეთ გამოსვლის უფლება არ ჰქონდათ.

  • მაშინაც, ისევე როგორც ახლა, ვრცელდებოდა უამრავი არაზუსტი ინფორმაცია ვირუსის მკურნალობის მეთოდების შესახებ

"ადამიანის ბუნება არ იცვლება, ყოველთვის ერთნაირია“, - ამბობს ისტორიკოსი ნავარო "ინსაიდერთან" საუბრისას. მისი თქმით, კარანტინში მყოფი ადამიანები "ისპანკას" დროს სვამდნენ ალკოჰოლს, სოდიან წყალს, გახეხილ ხახვს ისვამდნენ გულ-მკერდის არეში და სჯეროდათ, რომ ეს უშველიდათ და აღარ დაინფიცირდებოდნენ.

უცნაურია, მაგრამ 100 წლის შემდეგაც ადამიანებს მსგავსი რაღაცების სჯერათ და სოციალურ ქსელებში კორონავირუსის სამკურნალოდ უამრავი ხალხური მეთოდი ვრცელდება. რეკომენდაციას უწევენ სხვადასხვა ეთერზეთებს, მიაჩნიათ, რომ თუ ბევრ ალკოჰოლს დალევენ, კორონავირუსი აღარ შეხვდებათ, თვლიან, რომ ნივრის და ხახვის ჭამა უშველით.

მომზადებულია BusinessInsider.com.ის მიხედვით

ციურიხში ზოოპარკში ვეფხვის თავდასხმის შედეგად 55 წლის ქალი დაიღუპა

დრამატული ფოტოები იაპონიიდან, სადაც წყალდიდობამ 20 ადამიანი იმსხვერპლა

ქანიე უესთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს - რეპერს ილონ მასკი სრულ მხარდაჭერას უცხადებს