ავტორი:

3 ქვეყანა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

3 ქვეყანა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

მსოფლიო 11 მარტიდან კორონავირუსის პანდემიას ებრძვის. ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღე იზრდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კი აცხადებენ, რომ უარესი ჯერ კიდევ წინაა.

ზოგიერთმა ქვეყანამ კარანტინის, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შემოღებული შეზღუდვების შედეგად, შეძლო ვირუსის გავრცელების მეტ-ნაკლები წარმატებით შეჩერება, ხოლო ზოგან ყოველდღიურად COVID-19-ით ინფიცირებული ათიათასობით პაციენტია.

მსოფლიოში უკვე სამი ქვეყანაა, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა.

  • ამერიკის შეერთებული შტატები

აშშ-ში ყველაზე რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა. ბოლო მონაცემებით, იქ COVID-19-ის 3,6 მილიონი შემთხვევაა აღწერილი და ამ მაჩვენებლით მსოფლიოს პირველი ქვეყანაა. 6 ივლისის შემდეგ შტატებში ყოველ დღე კორონავირუსის 50 ათას შემთხვევაზე მეტი ვლინდება. 16 ივლისს კი, 73 388 შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ მას არ გაუკვირდება, თუკი შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა 100 000-ს გადააჭარბებს. მისივე ინფორმაციით, ყველაზე სწრაფად კორონავირუსი 4 შტატში - ფლორიდაში, არიზონაში, ტეხასსა და კალიფორნიაში ვრცელდება.

ფაუჩი ამბობს, რომ ამერიკელთა დიდი ნაწილი არ იცავს დისტანციას და არ ატარებს პირბადეს. მისი აზრით, ვირუსის ასე აფეთქება ზოგიერთ შტატში შეზღუდვების ნაადრევად მოხსნამაც გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-ში ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, შტატების უმეტესობაში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საზოგადოების წინაშე პირბადით პირველად გამოჩნდა. იქამდე კი პრეზიდენტი აცხადებდა, რომ მის გამოყენებას აზრი არ აქვს, რადგან ადამიანებს ვირუსით ინფიცირებისგან არ იცავს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში გამოჯანმრთელდა 1.6 მილიონი პაციენტი, ხოლო 141 118 გარდაიცვალა.

  • ბრაზილია

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს მეორე ქვეყანა ბრაზილიაა, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა 2 მილიონს აჭარბებს, გარდაცვლილია 76 822 პაციენტი, ხოლო 1.3 მილიონი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსი დაუდასტურდა ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს, რომელსაც თავდაპირველად არ სჯეროდა COVID-19-ის არსებობის და მას "უბრალო გრიპს“ უწოდებდა. ის მედიას შიშისა და პანიკის დათესვაში ადანაშაულებდა. წინააღმდეგი იყო საგანგებო მდგომარეობის შემოღებისა და შეზღუდვების დაწესების, აკრიტიკებდა იმ გუბერნატორებს, რომლებმაც თავად მიიღეს კარანტინის შემოღების გადაწყვეტილება.

დღეს ბრაზილიელი პოლიტიკოსები და საზოგადოების დიდი ნაწილი პრეზიდენტსა და მის პოლიტიკას ადანაშაულებს იმაში, რომ ქვეყანაში ვირუსი ასე გავრცელდა.

  • ინდოეთი

ინდოეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით მსოფლიო მესამე ქვეყანაა და ასევე მესამე ქვეყანაა, სადაც COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობა მილიონს აჭარბებს. ინდოეთში სულ 1 005 637 ინფიცირებულია გამოვლენილი, გარდაცვლილია 25 609 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 636 602-ს აღწევს.

პანდემიის გამო კარანტინის შემოღება ინდოეთისთვის განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა, რადგანაც იქ ადამიანთა დიდი ნაწილი ისედაც ურთულეს სოციალურ მდგომარეობაშია, კარანტინის გამო კი ბევრმა დაკარგა სამსახური. "კორონავირუსამდე შიმშილი მოგვკლავს“, - ამბობდნენ ადგილობრივები.

ქვეყანაში ახალი ინფიცირებულების რაოდენობა ყოველ დღე მკვეთრად იზრდება. 16 ივლისს კი, კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა - 34 469 შემთხვევა გამოვლინდა.

COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოს ქვეყნების ათეული ასეთია - აშშ, ბრაზილია, ინდოეთი, რუსეთი, პერუ, სამხრეთ აფრიკა, მექსიკა, ჩილე, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი.

ოფიციალური ცნობების მიხედვით, ვირუსი 2019 წლის დეკემბრის მიწურულს ჩინეთის ქალაქ უხანში გაჩნდა, საიდანაც მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ჩინეთი ამ დროისთვის, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით, მსოფლიოს 25-ე ქვეყანაა და სულ 83 622 ინფიცირებულია გამოვლენილი, რომელთა შორისაც, 4 634 პაციენტი გარდაიცვალა.

გლობალურად, COVID-19-ის 13.9 მილიონი შემთხვევაა აღწერილი. გარდაცვლილია 592 757 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 8.2 მილიონს აღწევს.

რაც შეეხება ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, კორონავირუსის ახალი შტამის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ფარმაკოლოგიური კომპანიები მუშაობენ. სპეციალისტების თქმით, სავარაუდოდ, მსოფლიოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 2020 წლის ბოლოსთვის უნდა ჰქონდეს. მეცნიერები დაჩქარებული ტემპით მუშაობენ და უკვე არსებობს ისეთი ვაქცინებიც, რომელთა გამოცდა ადამიანებზე დაიწყეს. (გაეცანით ვრცლად: ახალი ინფორმაცია COVID-19-ის ვაქცინების შესახებ - ვაქცინაციაჩატარებულ მოხალისეებს, ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამოუმუშავდათ)

ვლადიმერ ზელენსკი გამტაცებელს დაელაპარაკა - ავტობუსიდან სამი მძევალი გათავისუფლდა

"მაქსიმ პლახოი" პოლიციასთან მოლაპარაკებაზე წამოვიდა - ბოლო ინფორმაცია უკრაინიდან

ვინ არის "მაქსიმ პლახოი", რომელმაც უკრაინაში მგზავრებით სავსე ავტობუსი გაიტაცა და რა მოთხოვნები აქვს  - ახალი დეტალები