რუსეთი უკრაინას ბოლომდე არ ენდობა

რუსეთი უკრაინას ბოლომდე არ ენდობა

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს მოსკოვსა და კიევს შორის ურთიერთობა უკეთესობისკენ შეიცვალა, რუსეთის მთავარობა უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების სტაბილურობას მაინც ეჭვის თვალით უყურებს და სწორედ ამ მიზეზით, მეზობელ ქვეყანასთან სრულფასოვან სამხედრო თანამშრომლობაზე არ მიდის.

შედეგად, რუსეთი ზღაპრულ თანხებს იმ სამხედრო ობიექტის მშენებლობას ახმარს, რომლის მეზობელ ქვეყანაში იჯარით აღება გაცილებით იაფი დაუჯდებოდა, - წერს "Независимая газета".

მაგალითად, რუსეთი კრასნოდარის მხარეში უნივერსალურ საავიაციო საწვრთნელ კომპლექსს აგებს, რათა ადგილობრივი სამხედრო-საჰაერო ძალები ყირიმში არსებულ კომპლექსზე არ იყვნენ დამოკიდებულნი.

კომპლექსი НИТКА უკრაინაში 1983 წელს აიგო, სსრკ-ის დაშლის შემდეგ კი მისი გამოყენებისთვის რუსეთი მეზობელს იჯარის სახით 500 ათას დოლარს ყოველწლიურად უხდიდა. 2008 წლიდან უკრაინის ხელისუფლებამ რუს მფრინავებს თავის ბაზაზე ვარჯიშისა და მომზადების უფლება აღარ მისცა, რაც რუსეთ-საქართველოს ომით იყო განპირობებული.

უკრაინული კომპლექსის რუს სამხედროთათვის დათმობაზე საუბარი 2010 წლის გაზაფხულიდან განახლდა, თუმცა საქმე ამის იქით აღარ წასულა. რუსებმა საკუთარი სასწავლო-მოსამზადებელი ბაზის მშენებლობა განიზრახეს, რაც 15 მლრდ რუბლი ჯდება. "Независимая газета"-ს ცნობით, აღნიშნული თანხა ყირიმის კომპლექსის 100 წლით იჯარით აღებას გაწვდებოდა. 

ეს ერთადერთი პროექტი არაა, რომელიც რუსეთს არაფერში სჭირდება. როგორც უკრაინული სააქციო საზოგადოება Motor Sich-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ბოგუსლაევმა აღნიშნა, სულ მალე ლენინგრადის ოლქსა და მოსკოვის სიახლოვეს საწარმოები აიგება, რომლებიც ვერტმფრენებისა და ფრთოსანი რაკეტებისთვის უკრაინულ ძრავებს დაამზადებენ.

აქ საქმე იმაშია, რომ რუს სპეციალისტებს ასეთი ძრავების შექმნის გამოცდილება არ აქვთ, რადგან მათი მომწოდებელი ყოველთვის უკრაინული Motor Sich იყო.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა