უკრაინის სამართალდამცველებმა "შავი ტრანსპლანტოლოგების" ჯგუფი გააუვნებელყვეს. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულთან და ადამიანებით ვაჭრობასთან ბრძოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იური კუჩერმა განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ 12 წევრისგან შემდგარ დაჯგუფებაში, რომელსაც ისრაელის მოქალაქე ხელმძღვანელობდა, ქირურგიის ნაციონალური ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტებიც შედიოდნენ.
დამნაშავეებს უკრაინის, რუსეთის, მოლდავეთის, ბელორუსისა და უზბეკეთის მოქალაქეები ტრანსპლანტაციის მიზნით აზერბაიჯანსა და ეკვადორში გადაჰყავდათ, ამოკვეთილ ორგანოებს კი მეტწილად ისრაელში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში ჰყიდდნენ.
დაჯგუფების წევრები დონორთა მოძიებას, რომლებიც მეტწილად ფინანსურად გაჭირვებული ადამიანები იყვნენ, ინტერნეტით ცდილობდნენ. ისინი მსურველებს თირკმლის 10 ათას დოლარად გაყიდვას სთავაზობდნენ. განსაკუთრებული მოთხოვნა 18-იდან 25 წლამდე, ჯანმრთელ დონორ გოგონებზე იყო.
დადგინდა, რომ რეციპიენტები ჯანსაღი თირკმლის ტრანსპლანტაციისთვის 100-დან 200 ათას დოლარამდე იხდიდნენ. უკრაინელი ქირურგები თითოეულ ოპერაციაში 15-20 ათას დოლარს იღებდნენ. ამ ბიზნესის საერთო წლიური ბრუნვა 18 მლნ დოლარს აღწევდა, საიდანაც ორგანიზატორებს 15 მლნ "სუფთა" მოგება რჩებოდათ. ძიების მონაცემებით, ბანდის მსხვერპლი 50 ადამიანია.
თირკმლის გადანერგვა, ძირითადად, აზერბაიჯანის კლინიკებში ხდებოდა, თუმცა რამდენიმე ოპერაცია ეკვადორშიც ჩატარდა.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.