"სათავგადასავლო ჟანრის ლიტერატურის სიყვარული ბავშვობიდან გამომყვა", - ამბობს მსახიობი დათო დარჩია. პატარაობაში წასაკითხ ლიტერატურას მშობლები ურჩევდნენ. ისეთ ოჯახში გაიზარდა, რომლის ყველა წევრიც აქტიური მკითხველი იყო.
წიგნების სიყვარული მასთან თავისთავად მოვიდა. ახლა არაერთი ავტორის შემოქმედება იზიდავს, განსაკუთრებით - ვაჟა-ფშაველასა და აკაკი წერეთლის ნაწარმოებები უყვარს... ლიტერატურული პერსონაჟებიდან შექსპირის გმირებთან მეგობრობის სურვილს გამოთქვამს. ამბობს, რომ ჰამლეტს იმაზე მეტ კითხვას დაუსვამდა, ვიდრე მას სპექტაკლში "ესაუბრება" ხოლმე.
პრეამბულის მაგიერ
- დათო, ამჟამად რას კითხულობთ?
- ბოლო დროს, უმეტესად ისტორიულ დოკუმენტებს ვეცნობი, XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნეში მომხდარი ამბების შესწავლით ვარ დაკავებული. უფრო კონკრეტულად კი მაინტერესებს, იმ დროს რა ხდებოდა გურიაში. სულ ძიებაში ვარ, რადგანაც ამ თემაზე ფილმის გადაღებას ვაპირებ. მინდა, რომ სცენარისტი აკა მორჩილაძე იყოს.
- ძიებას როგორ აწარმოებთ, ადგილზე ჩადიხართ, არქივებში დაცულ მასალებს ეცნობით თუ...
- ერთიც არის და მეორეც... მოკლედ, ახლა ამ საქმით ვარ დაკავებული, ფილმი სავარაუდოდ, 1905 წლის აჯანყებით დასრულდება. გურულები ხომ ჯანყის "მამები" იყვნენ.
- აკა მორჩილაძეს ამ საკითხზე უკვე ესაუბრეთ?
- რა თქმა უნდა. თავადაც საინტერესო წინადადებები შემომთავაზა.
- მსახიობებიც ხომ არ გყავთ შერჩეული, სავარაუდოდ, ვინ შეიძლება, ფილმში დაკავდეს?
- იმ პერიოდში გურიაში სისონა დარჩია ცხოვრობდა, ადამიანი, რომელსაც რუსებმა ლეგენდარული უწოდეს. სისონას როლს თავად ვითამაშებ.
- ის თქვენი წინაპარი ხომ არ იყო?
- ყველა დარჩია თავს სისონას შთამომავლად მიიჩნევს (იცინის). დაე, ასე იყოს, მეც დავიბრალებ. ხალხს სისონა ძალიან უყვარდა, რადგანაც მათ ეხმარებოდა. ფილმში ჩაცმულობასაც დიდი ყურადღება მიექცევა. სისონა ფილთაქვას ისროდა, მოგვიანებით, დათიკო შევარდნაძე კი - მაუზერს. მინდა, ეს ნიუანსებიც საინტერესოდ გავაკეთოთ.
- წარმატებას გისურვებთ. "შენ ერთადერთი ხარ, ვის წინაშეც მუხლს ვიხრი და თავდახრილი შევდივარ შენს აკლდამაში!" - ეს სიტყვები ალექსანდრე მაკედონელს ეკუთვნის. ვის მიმართავდა იგი?
- ცხენს ხომ არა?
- დიახ. მისი ცხენის სახელიც ხომ არ გახსოვს?
- ბუცეფალი, ზოგი ბუკეფალს ეძახის.
- რა ერქვა ქალაქს, რომლის ადგილზეც ახლა მკვდარი ზღვა მდებარეობს?
- არ ვიცი.
- სოდომი. მილანის ერთ-ერთი პატარა ფირმის მეპატრონემ თავისი საქმიანობის 20 წლისთავზე უბნის ყველა ბიჭს თითო-თითო ახალი "ლაგატკა" წარწერით - "შეუცვლელი თანამშრომლობისათვის" უსახსოვრა. რით იყო ეს ფირმა დაკავებული?
- "ლაგატკით" ცელქი ბიჭები ფანჯრის მინებს ამსხვრევენ. სავარაუდოდ, ის ფირმა მინების ჩასმით იქნებოდა დაკავებული.
- გამოიცანით. ის პირველად ძველ ეგვიპტეში გვხვდება, სადაც მისი ტარება ფარაონებისა და მათთან დაახლოებული პირების პრივილეგია იყო. ძველ საბერძნეთში კი მისი ტარება ყველა ზრდასრული ადამიანისთვის გარდა მონებისა, ნებადართული იყო. რაზეა ლაპარაკი?
- არ ვიცი. ბევრ რამეზე შეიძლება, ვიფიქრო.
- ახლა მას ყველა ატარებს. მის გარეშე ქუჩაში გასვლა წარმოუდგენელია.
- ქამარი?
- ცდებით.
- მაშინ ფეხსაცმელი იქნება.
- რა თქმა უნდა. ტრადიციულ იტალიურ პიცაში აუცილებლად უნდა იყოს ახალი პომიდვრის სოუსი, ყველი და მწვანილის ფოთლები. პიცის ამ სამ კომპონენტს აქვს არა მხოლოდ კულინარიული, არამედ სიმბოლური მნიშვნელობა. რა სიმბოლოზეა ლაპარაკი?
- იტალიის დროშაზე. წითელი, თეთრი და მწვანე ფერები სხვა არაფერზე მიანიშნებს.
- "აფხაზეთზე ამ კაცს თვალი უჭირავს
- ეს კაცია, ალბათ, თურქის თემის...
და მე ვყვირი: - ჩემს სისხლს დალევს უწინამც!
და მე ვმღერი: - აფხაზეთი ჩემი!
როსმე "არგო" (სხვა ხომალდი გუშინაც!)
მიაპობდა ზვირთებს ნიჩბის ცემით...
და მე ვყვირი: - მკვდარსაც მნახვენ უწინამც!
და მე ვმღერი: - აფხაზეთი ჩემი". ვინ არის ამ ლექსის ავტორი?
- მურმან ლებანიძე.
- სიმენონის აზრით: "ამის გაკეთებას იწყებ იმისთვის, რომ დაამტკიცო, შენ ხარ მამაკაცი; შემდეგ ცდილობ, გადაეჩვიო, რომ დაამტკიცო, შენ გაქვს დიდი ნებისყოფა". ემერსონმა კი შენიშნა: "როცა ამას აკეთებ, გგონია, რომ რაღაცას აკეთებ მაშინ, როდესაც არაფერს აკეთებ". რაზეა ლაპარაკი?
- არ ვიცი.
- თამბაქოს მოწევის ჩვეულებაზეა ლაპარაკი... ფარნავაზი, ერეკლე II, დავით აღმაშენებელი, ვახტანგ გორგასალი - ჩამოთვლილთაგან რომელი მეფის ძეგლი არ დგას თბილისში?
- (ფიქრობს) ერეკლე II-ის.
- ამათგან რომელი იყო საკუთარი ფილმების სცენარისტი და მთავარი როლის შემსრულებელი: - ჩარლი ჩაპლინი, სტივენ სპილბერგი, ელდარ რიაზანოვი თუ ფედერიკო ფელინი?
- ჩარლი ჩაპლინი.
- მადონა, შერონ სტოუნი, იზაბელ აჯანი, შერი - ამ მსახიობებიდან რომელია სომხური წარმოშობის?
- შერი.
- რამდენი კილოგრამია ფუთში?
- 10.
- ცდებით, 16 კილოგრამია. რომელ მდინარეს უწოდებენ "ციმბირის მზეთუნახავს"?
- (ფიქრობს).
- მიგანიშნებ, მას ქალის სახელი ჰქვია.
- ვერ გიპასუხებ.
- ლენას. რომელ სამინისტროს ხელმძღვანელობდა მიხეილ სააკაშვილი?
- იუსტიციის სამინისტროს.
- სად მდებარეობს მარაკანას სტადიონი?
- რიო-დე-ჟანეიროში.
- რომელი ხის ფესვები საუბრობენ, ვაჟა-ფშაველას მოთხრობაში "ფესვები"?
- მგონი, მუხის.
- დიახ. მათზე ფრენსის ბეკონმა თქვა: "ესენი არიან აზრის ხომალდები, რომლებიც დროის ტალღებში მოგზაურობენ და თავიანთ ტვირთს სათუთად გადასცემენ თაობიდან თაობას. რაზეა ლაპარაკი?
- არ ვიცი.
- წიგნებზე. რომელი ოკეანის აუზშია ბარენცის ზღვა?
- არც ეს ვიცი.
- ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში. ამ ქართულმა ფილმმა ბერლინის საერთაშორისო ფესტივალზე, 1993 წელს "ვერცხლის დათვი" მოიპოვა: ფილმის რეჟისორი თემურ ბაბლუანია. დაასახელეთ ეს ფილმი.
- "უძინართა მზე".
- ვისზე თქვა ამერიკის პრეზიდენტმა ნიქსონმა შემდეგი სიტყვები: "ის სუსტი პოლიტიკოსი, მაგრამ კარგი მძღოლია"?
- ისიც პოლიტიკოსი იყო?
- დიახ, მანქანის ტარება მისი ჰობი იყო.
- ბრეჟნევზე თქვა?
- დიახ. რა ერქვა ელადაში ადამიანს, რომელსაც ერთ-ერთი სტუმარი დაუპატიჟებლად მიიყვანდა?
- არ ვიცი.
- პარაზიტი. ის საბჭოთა კავშირში დაიბადა (1934 წელს) 60-იანი წლების დასაწყისში. იმ მოვლენის შემდეგ, რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა, ინგლისის დედოფალთან მიღებაზე მოხვდა. სუფრაზე დანების და ჩანგლების შემხედვარე შეძრწუნდა, რადგან არ იცოდა, როგორ მოეხმარა ისინი. მდგომარეობა დედოფალმა განმუხტა: ნუ შეწუხდებით, მათი გამოყენება კარგად თავადაც არ ვიციო. დაასახელე ეს ადამიანი.
- იური გაგარინი.
- "ჩვენი უბედურება ეგაა: "სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს," - რომელი ქართველი კლასიკოსის ნაწარმოებში ვკითხულობთ ამ სიტყვებს?
- კონსტანტინე გამსახურდიას.
- ჰოლანდიის რომელ ქალაქშია რემბრანდტის სახლ-მუზეუმი?
- ამსტერდამში.
- რომელია არგენტინის სახელმწიფო ენა?
- ესპანური.
- ამ ადამიანს ბანქოს სიყვარულმა გამოაგონებინა ისეთი რამ, რომლის ჭამის დროსაც შეგიძლია, ბანქოც ითამაშო და ხელიც არ დაისვარო. დაასახელეთ მისი გვარი.
- ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებ.
- სენდვიჩი. ნიმფა დაფნამ არ მოინდომა ცოლად გაჰყოლოდა პოეზიის და ხელოვნების ღმერთს და მისგან გაქცეული ხედ გადაიქცა. რა ხე იყო ეს?
- ალბათ დაფნა იყო, არა?
- დიახ. რამდენი წუთი აშორებს დილის 10 საათსა და 30 წუთს, იმავე დილის 9 საათისა და 15 წუთისგან?
- გამოვიანგარიშებ (პაუზის შემდეგ) 75 წუთი. სწორად ვამბობ თუ შემეშალა?
- თქვენი პასუხი სწორია. ელ გრეკო, გოია, მურილიო, ველასკესი - ამ ესპანელ მხატვართაგან წარმოშობით რომელი იყო ბერძენი?
- ელ გრეკო.
- დაბოლოს დაასრულეთ კონფუცის ცნობილი გამონათქვამი: "ადამიანები შეცდომებს უშვებენ არა იმიტომ, რომ არ იციან, არამედ იმიტომ, რომ...
- "...რომ არ ფიქრობენ.
- "...რომ მათ ჰგონიათ, იციან".
თამუნა კვინიკაძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)