"შინიდან" შინამდე

"შინიდან" შინამდე

ერთხელ ჯგუფ "შინის" დამფუძნებელს ზაზა მიმინოშვილს ვკითხე, როგორია "შინის" წარმატების ფორმულა-მეთქი? ბატონმა ზაზამ მიპასუხა, - მოძებნო შენთვის საჭირო და მნიშვნელოვანი, შემდეგ ეს სხვებსაც აპოვნინო და ამ საქმეში იყო გულწრფელიო!.. ამ ფორმულის განზოგადება  არა მხოლოდ "შინის" წარმატების ასახსნელად შეიძლება გამოდგეს.

სწორედ ამ ფორმულით შეგვიძლია ავხსნათ მედიასახლ "პალიტრის" წარმატებაც, რომელიც უკვე კარგა ხანია ახალ-ახალი საინტერესო პროექტებით ანებივრებს ქართველ მკითხველსა თუ მსმენელს. ამჯერად კიდევ ერთი ახალი ინიციატივის შესახებ უნდა გაუწყოთ.

"მედიაპალიტრა" ჟურნალ "ბომონდთან" ერთად ახალი ინიციატივით გამოდის და ქართული მუსიკის მოყვარულთ სიურპრიზს უმზადებს. პრეზენტაცია პროექტისა "ჩვენი ხმების საგანძური" 20 აგვისტოს გაიმართება და ჯგუფ "შინის" კონცერტით  დაგვირგვინდება.

ნინო მურღულია, მენეჯერი პროექტისა "ჩვენი ხმების საგანძური":

- ამ პროექტის ფარგლებში, აგვისტოდან მოყოლებული ჟურნალ "ბომონდის" ყოველ ნომერთან ერთად მკითხველი შეიძენს თითო მუსიკალურ დისკს იმავე ფასში, რაც ჟურნალი ღირს. პირველი იქნება ჯგუფ "შინის" კომპაქტდისკი, რომელშიც შევა ცხრა ცნობილი კომპოზიცია. ჩვენი მიზანია, პროექტში "ჩვენი ხმების საგანძური" გავაერთიანოთ ყველა ის ქართველი შემსრულებელი და ჯგუფი, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართულ მუსიკალურ ხელოვნებაში და ვინც ქართული კულტურის ნაწილად იქცა.

სამომავლოდ ვფიქრობთ, რომ ამ პროექტში ჩავრთოთ არა მხოლოდ მუსიკა, არამედ პოეზიაც, თუმცა ეს უფრო შორეული პერსპექტივაა. დღევანდელი გეგმით, პროექტი, სულ ცოტა, ერთ წელიწადს გაგრძელდება. გარდა ამისა, ამ პროექტით გვინდა ქართველი მსმენელი შევაჩვიოთ დისკების შეძენასა და, შესაბამისად, ხარისხიანი მუსიკის მოსმენას.

გვსურდა, ამ პროექტის დაწყება გრანდიოზულად აღგვენიშნა, ამიტომაც ჯგუფ "შინის" წევრებს შევთავაზეთ, თუ მათ სამუშაო გრაფიკი მისცემდა საშუალებას, ერთი კონცერტი გაემართათ საქართველოში. მადლიერებით უნდა აღვნიშნო, რომ ისინი დიდი სიხარულით და ენთუზიაზმით შეხვდნენ ამ პროექტს. მიიჩნევენ, რომ ეს მეტად მნიშვნელოვანი წამოწყებაა, ამიტომაც გამონახეს დრო და ჯგუფი "შინი" პროექტის საპრეზენტაციოდ კონცერტს 20 აგვისტოს გამართავს ბათუმის "მიუზიკჰოლში". აქვე გეტყვით, რომ ამ კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. ამ კონცერტს ჰყავს საინფორმაციო მხარდამჭერები: "მედიაპალიტრა"  და ტელეკომპანია "იმედი".

დაგვეთანხმებით, ეს მართლაც დიდი საჩუქარია მუსიკის მოყვარულთათვის. ის, რომ პირველ მუსიკალურ დისკზე ჯგუფ "შინის" კომპოზიციები იქნება, ბევრ რამეზე მეტყველებს. მოგეხსენებათ, ეს ჯგუფი ქართული ფოლკლორისა და სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის იმგვარ სინთეზს ქმნის, რომელიც, შესაძლოა, კულტურათა შორის ხიდადაც კი გამოდგეს. მათი მუსიკა სავსეა ისეთი ცეცხლით, რაც მსმენელს პირველივე აკორდებიდან ატყვევებს. ფოლკლორის, ჯაზისა თუ როკის უცნაური შერწყმა ქმნის იმგვარ ჰარმონიას, რომელიც დიდსა თუ პატარაზე ერთნაირი ძალით მოქმედებს.

ყველაფერი კი გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან დაიწყო, როდესაც ზაზა მიმინოშვილმა, ზურაბ გაგნიძემ და დავით მალაზონიამ შექმნეს ჯგუფი "ადიო". 1993 წელს, გამოუვალი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო, იძულებულები შეიქნენ, სამი თვით ევროპაში წასულიყვნენ. ასე აღმოჩნდნენ გერმანიაში, სადაც დღემდე ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. თავდაპირველად დათქმული სამი თვე კი 16 წელიწადს გაგრძელდა.

"ადიომ" გერმანიაში ორი წელი იარსება, საკმაოდ წარმატებული დასაწყისი ჰქონდათ. ზაზა მიმინოშვილს და ზურაბ გაგნიძეს მალე მამუკა ღაღანიძე შეუერთდა, ჯგუფს კი "შინი" დაარქვეს. ზაზა მიმინოშვილი იხსენებს:

"პირველი ალბომი ჩავწერეთ სახელწოდებით "შინ", რადგან ეს ემიგრანტებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვაა. უცხოეთში ან კარგავ ყველაფერს და ხდები იმ კულტურის ნაწილი, ითქვიფები მასში და სხვა პიროვნება ხდები, ან კიდევ შენი ქვეყნით ცხოვრობ და ეს საკრალური სიტყვა "შინ" განუწყვეტლივ გაწუხებს. ხშირად ვამბობთ ხოლმე, ჩვენი შვილი - ჩვენი მუსიკა იმაზე გაცილებით უკეთესია, ვიდრე ჩვენ ვართ. არ მკითხოთ, როგორ გამოგვდის, რადგან არ ვიცი.."

მათაც სულ აწუხებთ სამშობლოზე ფიქრი, კითხვაზე: შორია შინამდე? პასუხობენ: "კიც და არაც". შინ ხარ, სახლში ხარ, თუ "თავი შენი შენ გახლავს" - მეორე მხრივ, "ეს ძალიან გრძელი გზაა, რომელიც ერთი ცხოვრებით არ მთავრდება..."  

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება