მოგეხსენებათ, თბილისში როგორი სიცხეა და ვინც სამსახურიდან თავის დაღწევა მოახერხა, უკვე დასასვენებლად იმყოფება. გამონაკლისები არც ჩვენი ვარსკვლავები არიან, რომელთაც ტელეფონით დავუკავშირდი და დასვენებაზე ვესაუბრე.
პირველად, მსახიობ ლელა მებურიშვილს დავუკავშირდი და გამიკვირდა, როცა შევიტყვე - მას ჯერჯერობით თბილისიდან არ გაუღწევია...
- ლელა, სხვა ცნობილი ადამიანებისგან განსხვავებით, შენ ჯერ ისევ ქალაქში იმყოფები. უკვე მოასწარი დასვენება თუ უახლოეს პერიოდში უნდა გაემგზავრო სადმე?
- სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ დამისვენია, რადგან დეტექტიური სერიალის გადაღებები არ დასრულებულა და როდემდე გაგრძელდება, ისიც არ ვიცი. ამიტომ, წინასწარ ვერ ვგეგმავ, როდის წავალ დასასვენებლად. შესაძლოა, აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში წავიდე სადმე. ეს გადაღებებზეა დამოკიდებული. ისე კი დიდი სიამოვნებით დავისვენებდი, რადგან მიმაჩნია, რომ აგვისტოს დასაწყისში ადამიანები შრომისუნარიანები აღარ არიან და ჩვენს საქმეს ხარისხიანად ვეღარც ვაკეთებთ.
- საერთოდ, უპირატესობას ზღვას ანიჭებ თუ მთას?
- ორივე მიყვარს. თუ მეგობრებთან ერთად ვარ მთაში და კარგად ვერთობი, ამას რა სჯობს?!. უბრალოდ, წელს ალბათ ცოტა ხანს მომიწევს დასვენება, ამიტომ ზღვაზე წავალ, რომ სასექტემბროდ ენერგია მოვიკრიბო და მუშაობას დასვენებული შევუდგე. წყალი მიყვარს ძალიან და ამიტომ, ამ შემთხვევაში, უპირატესობას ზღვას მივანიჭებ.
- საზაფხულო გარდერობის განახლებაზე უკვე იზრუნე?
- არა, ჯერჯერობით არაფერი შემიძენია და ალბათ ვერც მოვასწრებ საზაფხულო შოპინგს. ყოფილა შემთხვევა, რომ მუშაობა დამისრულებია და იმავე საღამოს წავსულვარ დასასვენებლად. შესაბამისად, არაფერი მიყიდია. მგონი, წელსაც ასე მომიწევს, თუმცაღა შოპინგი ძალიან მიყვარს და ახალი ტანსაცმლის შეძენა მსიამოვნებს.
- რომელი ზაფხული და დასვენება დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად?
- რა ვიცი, ვერ გამოვყოფ, რადგან უფრო წყნარი დასვენების მომხრე ვარ. მართალია, დასასვენებლად ყოველთვის მეგობრებთან ერთად მივდივარ, მაგრამ მხოლოდ ზღვაზე გავდივართ - ხმაურიან კლუბებსა და რესტორნებს ძალზე იშვიათად ვსტუმრობთ. დასამახსოვრებელი ალბათ სტუდენტობის დროინდელი დასვენებები უფროა, რადგან მაშინ დილის 8 საათზე შევდიოდით სახლში, კლუბებში ვერთობოდით.
- საზღვარგარეთ თუ ყოფილხარ დასასვენებლად?
- არა. წელს მინდოდა იტალიაში წასვლა, მაგრამ სამწუხაროდ, საელჩოში საბუთების შეტანა დამაგვიანდა, ამიტომ ამჯერადაც ვერ წავალ.
- საკურორტო რომანებზე რა აზრის ხარ?
- დადებითი აზრის ნამდვილად არა ვარ, რადგან არასერიოზული ურთიერთობები არ მიყვარს. მსგავსი რამ არასოდეს მქონია. თინეიჯერობის დროსაც კი ამ საკითხზე სერიოზულად ვფიქრობდი და კურორტებზე არავისთან ვაბამდი ფლირტს...
მაკა ზამბახიძე:
- დასასვენებლად ჯერჯერობით ვერ მივდივარ, რადგან შესაძლოა, კონცერტები დაიგეგმოს, რომლებშიც მონაწილეობა უნდა მივიღო. ამიტომ მირჩევნია, თბილისში ვიყო. დედაჩემი და ჩემი შვილი ვანში არიან წასული და შაბათ-კვირას მე და ჩემი მეუღლე ჩავდივართ ხოლმე მათთან. ასე დასვენება არ გამოდის, მაგრამ განტვირთვის კარგი საშუალებაა. ისე, მანამდეც მე და ვახო ბათუმში ვიყავით. მართალია, იქ სულ 4 დღე გავჩერდით, მაგრამ მაინც კარგად დავისვენეთ.
- როგორც მივხვდი, უპირატესობას ზღვაზე დასვენებას ანიჭებ.
- რა თქმა უნდა. ზღვაზე ბავშვობიდან ვგიჟდები, რადგან წყალიც მიყვარს და გარუჯვაც. მთაში ყოფნა მალე მბეზრდება, იქ უფრო მოწყენილობაა. თუ მეგობრებთან ერთად ვარ და კარგად ვერთობი, კიდევ შეიძლება, ცოტა ხანს გავჩერდე, მაგრამ იქაც მოვძებნი ხოლმე ადგილს, სადაც გარუჯვა შეიძლება და მთაშიც ვირუჯები. ამიტომ, ჯობია, ზღვაზე წავიდე.
- შენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი რომელი ზაფხული იყო?
- "იურმალაზე" რომ ვიყავი, ის ზაფხული განსაკუთრებული იყო, რადგან უამრავი მოულოდნელი რამ მოხდა. თბილისში დაბრუნების შემდეგ ომი კი დაიწყო, მაგრამ სწორედ მაშინ გავიცანი ვახო და ის ზაფხული არასოდეს დამავიწყდება.
- საზაფხულოდ ახალი სამოსის შეძენას თუ ახერხებ ხოლმე?
- ამისთვის ზაფხული ნამდვილად არ მჭირდება. საერთოდ, შოპინგი ძალიან მიყვარს და სულ რაღაცას ვყიდულობ. ახლაც ძალიან ლამაზი საშემოდგომო გამოსასვლელი მაისური ვიყიდე. საერთოდ, თქვენც შეამჩნევდით ალბათ, რომ ჩაცმულობის კლასიკური სტილი მაქვს და ამიტომ გამოსასვლელი ტანსაცმლის შეძენა ყველაზე მეტად მიყვარს.
- დასასვენებლად როცა მიდიხარ, რატისგანაც ისვენებ ხოლმე?
- (იცინის). არა, პირიქით, რატი საერთოდ, არაფერში მიშლის ხელს. მასთან ერთად დასვენება ძალიან მიყვარს, რადგან სულ მართობს და მამხიარულებს. ზღვაზე რომ მივდიოდით მე და ვახო, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მე და ჩემი ქმარი ვიყავით, რატის მაინც შევთავაზე ჩვენთან ერთად წამოსვლა, მაგრამ ვერ მოახერხა. მერე სამივე, თურქეთში წასვლას ვგეგმავდით, მაგრამ არ გამოგვივიდა.
- ისე, საზღვარგარეთ თუ დაგისვენია?
- არა. საზღვარგარეთ მხოლოდ გასტროლებზე ვყოფილვარ.
- საკურორტო რომანებზე რა აზრის ხარ?
- ძალიან მხიბლავს მსგავსი ამბების მოსმენა. როცა გასათხოვარი ვიყავი, ასეთ სიტუაციაში არ აღმოვჩენილვარ, მაგრამ სხვები რომ მიყვებიან თავიანთ თავგადასავალს, სიამოვნებით ვუსმენ. ისე, შეიძლება, ჩემი და ვახოს სიყვარულსაც საკურორტო რომანი დაერქვას, რადგან იურმალიდან ჩამოსვლის შემდეგ, ცხვარიჭამიაში ვისვენებდი და ვახოც სწორედ იქ გავიცანი. მერე ხშირად მაკითხავდა და ასე დაიწყო ჩვენი "სიყვარულობანა", რომელიც ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა. მგონია, რომ თუ საკურორტო ფლირტი ოჯახის შექმნით არ დაგვირგვინდება, იმ ადამიანებს ეს ამბავი ცუდად მაინც არ გაახსენდებათ; კარგი დასამახსოვრებელია და არა მგონია, ეს ვინმეს დაავიწყდეს...
ნინი ქარსელაძე:
- დასასვენებლად უკვე ვიყავი და ორიოდე დღის წინ დავბრუნდი თბილისში. ჩემი ბავშვობის მეგობარს კვარიათში აქვს სახლი, რომელსაც ივნისში 12 დღით ვესტუმრე, ამჯერად კი იქ მხოლოდ 5 დღე დავყავი. კიდევ წავალ თუ არა სადმე დასასვნებელად, ნამდვილად არ ვიცი. ჯერჯერობით არაფერი დამიგეგმავს.
- რადგან მთელი ზაფხული კვარიათში გაგიტარებია, ალბათ უპირატესობას ზღვას ანიჭებ.
- ზღვა ძალიან მიყვარს, მაგრამ დასვენება მთაში მირჩევნია, თანაც ზამთარში, გუდაურში ყოფნას არაფერი სჯობს.
- რომელიმე ზაფხული გამორჩეულად თუ დაგამახსოვრდა?
- როგორ არა - 2007 წლის ზაფხული. დედასთან ერთად, ჯერ პარიზში გავემგზავრე, სადაც ბიძა და ბიძაშვილები დამხვდნენ, მერე კი თურქეთში გადავინაცვლეთ. კარგად გავერთეთ და კარგადაც დავისვენეთ, ამიტომ ეს ზაფხული არასოდეს დამავიწყდება.
ნათია ჟივიძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)