ავტორი:

"საქართველოში, კორონავირუსის მასობრივი გავრცელება შესაძლოა, არც მოხდეს" - საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, რომელიც ყოველდღიურად ასობით ინფიცირებულთან მუშაობს

"საქართველოში, კორონავირუსის მასობრივი გავრცელება შესაძლოა, არც მოხდეს" - საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, რომელიც ყოველდღიურად ასობით ინფიცირებულთან მუშაობს

საფრანგეთში COVID-19-ის გავრცელების მასშტაბისა და ლეტალობის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ვითარებაა. ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა უკვე 8000-ს გადააჭარბა.

AMBEBI.GE დაუკავშირდა ქართველ ექიმს, ინფექციონისტ ეკა ჩაკვეტაძეს, რომელიც 17 წელია საფრანგეთში ცხოვრობს და მუშაობს. ახლა იგი ერთ-ერთ სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსის განყოფილებას ხელმძღვანელობს, შესაბამისად ყოველდღიურად ასეულობით ინფიცირებულთან უწევს შეხება და როგორც ინფექციონისტს, უკვე დიდი გამოცდილება დაუგროვდა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაშიც.

- უპირველესად, დავიწყოთ საფრანგეთში არსებული ვითარების მიმოხილვით. რა მდგომარეობაა ქვეყანაში ვირუსის გავრცელების კუთხით და რა სიტუაციაა იმ საავადმყოფოში, სადაც თქვენ მუშაობთ?

- საფრანგეთი ახლა არის პიკის პერიოდში, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა ფიქსირდება ინფიცირებულთა მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც ალბათ დასტაბილურდება და შემდეგ იმედია, რომ კლებას დაიწყებს. ოფიციალური უწყებების თანახმად, პიკის პერიოდი კიდევ ერთი კვირა გაგრძელდება.

სადაც მე ვმუშაობ, ეს არის 350-საწოლიანი მულტიპროფილური საავადმყოფო, რომელიც გადაკეთდა და მთლიანად მოერგო ახალ გამოწვევას. 250 საწოლი სულ კორონავირუსით ინფიცირებულებს დაეთმო. 250 დან 200 თერაპიული განყოფილების ნაწილია, სადაც არიან მძიმე პაციენტები, მაგრამ მათ მართვითი სუნთქვა არ სჭირდებათ, ხოლო 50 საწოლი რეანიმაციული განყოფილებაა, სადაც ყველა პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზეა.

ჩვენი საავადმყოფოს გვერდით არის კერძო კლინიკა და უნდა აღინიშნოს, რომ კერძო სექტორის ძალიან დიდი სოლიდარობაა საფრანგეთში. კერძო კლინიკებმა ყველა გეგმიური სამედიცინო აქტივობები გადადეს და ემსახურებიან მთლიანად კორონავირუსით ინფიცირებულებს. ნაკადები ნაწილდება სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის. რაც ეპიდემია დაიწყო, უკვე 500-მდე პაციენტი შემოვიდა ჩვენს საავადმყოფოში. აქედან დიდი ნაწილი გაეწერა. თუმცა, ლეტალობებიც იყო..

- რატომ მიიღო საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემამ "მეორე იტალია"? სად დაუშვეს შეცდომა?

- საფრანგეთში ასეთი დირექტივაა: საავადმყოფოში მიდის ის, ვისაც უკვე გართულებული აქვს მდგომარეობა, აღენიშნება სუნთქვის უკმარისობის ნიშნები. ხოლო ვისაც მსუბუქი სიმპტომები აქვს, ის სახლში მკურნალობს. სტატისტიკურად საავადმყოფოში შემოსული პაციენტების 25%-ის მდგომარეობა რთულდება და გადადის რეანიმაციაში და სამწუხაროდ, 75 წელს ზევით ასაკის ადამიანების სიკვდილიანობა არის ძალიან დიდი. პრაქტიკულად ვერავინ უძლებს ხელოვნურ სუნთქვას, ვერ გამოდიან მდგომარეობიდან.

მთავარია ადამიანი რეანიმაციაში გადასაყვანი არ გახდეს, თორემ იქედან აბსოლუტური უმრავლესობა ვერ გამოდის...

ის რაც ახლა საქართველოში ხდება, ჩვენთან იყო დაახლოებით ერთი თვის წინ, ანუ ვირუსის გავრცელების შეჩერების ფაზა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ფაზაში სწორი და ეფექტური ნაბიჯები გადაიდგას, რომ ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად შემცირდეს. როგორ უნდა მოხდეს ეს? ყველა ინფიცირებული ადამიანი - მკაცრ კარანტინში! საფრანგეთი სწორედ ამაში შეცდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სისტემის ოფიციალური დირექტივა იყო, არცერთი ინფიცირებული არ გაეშვათ სახლში, პარიზის ორმა უდიდესმა საავადმყოფომ, რომლებიც პირველი მიმღებები იყვნენ, ინფიცირებულები სახლში გაუშვეს.

საფრანგეთში, იმის მაგივრად რომ გაეხსნათ ახალი საავადმყოფოები, როცა საავადმყოფოები გადაიტვირთა, ინფიცირებულებს უთხრეს სახლში გააგრძელეთ მკურნალობაო, რამაც გამოიწვია კატასტროფა

ახლა რაც საქართველოში ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნდეს - რადგან ყველა გამოვლენილი ინფიცირებული ჰოსპიტალიზირებულია და დაცულია თვითიზოლაცია, ალბათ, სიტუაცია ძალიან არ დამძიმდება. სახლში ძალიანაც რომ გინდოდეს თავის დაცვა, ვერ დაიცავ, რადგან არიან ოჯახის სხვა წევრები, პატარა ბინებია და ა.შ.

- სახლის პირობებში მკურნალობის რეკომენდაცია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ოფიციალურად გასცა, თქვენ ამბობთ, რომ ეს დაუშვებელია?

- ეს მიდგომა არ არის გამართლებული არანაირად, მაგრამ თუ სხვა გზა არ იქნება, რას იზამ. სანამ შეგიძლია უნდა მიიღო და როცა უკვე ვეღარ შეძლებ, ვეღარ მიიღებ. საფრანგეთს ეგონა, რომ რაც იტალიაში მოხდა, მას არ შეეხებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ იგივე ხდება აქაც. ცუდი სცენარის მოლოდინი ყველას უნდა ჰქონდეს. ჯერჯერობით ინფექციის კონტროლის ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია საქართველოში და იმედია ასე გაგრძელდება.

- რა მეთოდით მკურნალობენ საფრანგეთში ახალ კორონავირუსს?

- საფრანგეთს თავისი რეკომენდაციები აქვს. არის გაიდლაინები, რომლებიც აქ ექიმებს საშუალებას აძლევს, თავად განსაზღვრონ რომელი მედიკამენტი ჩართონ მკურნალობაში. ახლა რითაც ვმკურნალობთ, ეს არის ძირითადად, შიდსის წინააღმდეგ გამოყენებული წამლები. როგორიცაა: პროტეაზას ინჰიბიტორი, მათ შორის "კალეტრა", "ქლოროქინი", რომელიც ავტოიმუნურ დაავადებებში გამოიყენება. არსებობს მოსაზრება, რომ იგი უჯრედში მჟავიანობას ცვლის და ამით ვირუსს კლავს, თუმცა ეს ჯერ დასადასტურებელი ვარაუდია. შემდეგ არის "რემდესივირი" და სხვა იმუნომოდულატორები.

ათი დღეა რაც კვლევა დაიწყო ამ მედიკამენტებზე, რათა დადგინდეს მათი რეალური ეფექტი COVID-19-ის წინააღმდეგ. ამის დადგენა საკმაოდ რთული პროცესია, რადგან საჭიროა ბევრ კრიტიკულ პაციენტზე გამოცდა. ვიცით, რომ ინფიცირებულების 85% ისედაც გამოჯანმრთელება, 15%-ში იქნება რთული ფორმა და აქედან 10%-იც გამოჯანმრთელდება. ანუ სიკვდილიანობა იქნება 5-დან 8%-მდე, ან უფრო ნაკლები. რომ დადგინდეს წამალი ეფექტურია, მედიკამენტი უნდა გამოიყენო სწორედ იმ 15%-ში , რომელშიც გართულებული მდგომარეობაა და შემდეგ განსაზღვრო წამლის ეფექტურობა.

- სისხლის პლაზმით მკურნალობის ეფექტურობაზე რას გვეტყვით? რა მოლოდინები აქვთ მედიკოსებს?

- პლაზმით მკურნალობის პრეცედენტი არსებობს და ეს არის ტეტანუსის წინააღმდეგ გამოყენებული შრატი. ანუ იგივე პრინციპია ამ მეთოდში. მასშიც არის ანტისხეულები, რომელსაც უსხამენ ადამიანებს და ასე ხდება განკურნება, მაგრამ ტეტანუსი ბაქტერიული დაავადებაა, COVID-19 კი - ვირუსული. ამიტომ დასადგენია აქ როგორ იმუშავებს.

გამოყენების პრინციპი კი იგივეა: კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების მიერ გამომუშავებული ანტისხეულებისგან დამზადებულ შრატს გადაუსხამენ დაავადებულებს. ამ საკითხზე კვლევა საფრანგეთში რამდენიმე დღეა დაიწყო. აქ ყველაფერი აჩქარებულად ხდება და იმედია, ამის პასუხიც მალე იქნება. მთავარია აღმოჩნდეს ეფექტური და ამ პროცედურის დაწყება ძნელი არ არის.

- რამდენად არგუმენტირებულია ის მოსაზრება, რომ ინფიცირებულ ახალგაზრდებში მდგომარეობა არ რთულდება და სიკვდილიანობაც პრაქტიკულად არ ფიქსირდება?

- მითია, რომ გართულებები შეიძლება მხოლოდ ხანდაზმულებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში მოხდეს. მძიმე შემთხვევები გვაქვს ახალგაზრდა ადამიანებშიც, რომლებსაც არ აქვთ თანმხლები დაავადებები. ანუ იმის თქმა, რომ ახალგაზრდები დაცულები არიან, არასწორია. არავინ იცის ასე რატომ ხდება. ჩვენთან მძიმე პაციენტების 60% არის 60 წელს ქვემოთ.

- კიდევ ერთი აქტუალური საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც ქართველი სპეციალისტებისგან ცალსახა მოსაზრება არ მოგვისმენია. თქვენ რა აზრის ხართ "იბუპროფენისა" და "კაპტოპრილის" გამოყენებაზე?

- ჩვენ შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ, რომ "იბუპროფენის" ჯგუფის წამლები არანაირად არ უნდა მივიღოთ, თუ ძალიან მკაცრი დანიშნულება არ არის! საერთოდ, ძალიან ცოტაა შემთხვევა, როდესაც ეს წამალი ინიშნება. გაციების და ტემპერატურის დროს შეგვიძლია დავლიოთ პარაცეტამოლი. რატომ ვართ ასე სკეპტიკურად განწყობილი ამ მედიკამენტის მიმართ? - "იბუპროფენი" ხელს უშლის იმუნური პასუხის შედგომას. როდესაც ადამიანი ინფიცირებულია, გამოჯანმრთელება ხდება იმუნური პასუხის შედეგად.

ყველა ახალგაზრდა პაციენტის ანამნეზში, რომელიც ჩვენთან შემოდიოდა კორონავირუსის დიაგნოზით, ჩანდა, რომ ჰქონდათ მიღებული "იბუპროფენი". სწორედ საფრანგეთმა გააკეთა ეს საგანგაშო განცხადება პირველად, რომ არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ "იბუპროფენი" და ახლა ამას ყველა ეთანხმება

ზოგადად ამ მედიკამენტს არ აქვს სასიცოცხლო დანიშნულება და რატომ უნდა მიიღოთ იგი? ეს იცის ყველა ინფექციონისტმა, რომ ინფექციის პერიოდში ამ ჯგუფის წამლების მიღება არის ყოვლად დაუშვებელი.

რაც შეეხება კარტოპრილს. აქ ორი ურთიერთსაპირისპირო მოსაზრება არსებობს დღემდე. ამიტომ ამასთან დაკავშირებით ასეთი დირექტივაა: ვინც იღებს ამ წამალს, არ შეწყვიტოს თვითნებურად, მაგრამ ვინც დაინფიცირდება, ექიმები შეუწყვეტენ ამ მედიკამენტს.

- და ბოლოს, როგორია თქვენი პროგნოზები საფრანგეთსა და საქართველოსთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

- საფრანგეთში მომავალი კვირიდან შემთხვევების კლება დაიწყება და უკვე შემუშავდება დეიზოლაციის პოლიტიკაც. ყველა ერთად ვერ გამოვა სახლებიდან, თვითიზოლაციიდან გამოსვლა მოხდება რეგიონების მიხედვით, ეტაპობრივად. ოფიციალურად 14 აპრილს სრულდება იზოლაციის პერიოდი და ამ დროისთვის უკვე გვეცოდინება, რას გადაწყვეტს ხელისუფლება.

საქართველოს რაც შეეხება, ვირუსის მასობრივად გავრცელება შესაძლოა არც მოხდეს. ჯერ კიდევ იმედია, იმ პოლიტიკით რაც საქართველოშია, მაქსიმალურად შეჩერდება ვირუსის გავრცელება და მესამე ფაზაში არ გადავა ქვეყანა. ფაზაში, როდესაც ვირუსის შეკავებისთვის ვერაფერს აკეთებ და ცდილობ მხოლოდ იმას, რომ დაინფიცირებულები გადაარჩინო.

საფრანგეთში პიკია 80 000 ინფიცირებული და ეს ქვეყნის სამედიცინო სისტემის სრულ პარალიზებას ახდენს. ვფიქრობ, საქართველოში პიკის ნიშნული რაც შეიძლება დაბალი უნდა იყოს, მაგრამ ამას ხელი უნდა შეუწყოს თავად მოსახლეობამ, თვითიზოლაციისა და ყველა სხვა წესის დაცვით!

ხვალიდან ამინდი მკვეთრად გაუარესდება - უახლოესი დღეების პროგნოზი

რა ხდებოდა შარშან მიცვალებულთა დღეს თბილისის სასაფლაოებზე და რა ხდება ახლა - ფოტოები

რა დრო სჭირდება COVID-19-სგან სრულ გამოჯანმრთელებას - ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში პროცესი შესაძლოა, 18 თვემდე გაგრძელდეს