ავტორი:

"ცხედარს მოვუარე ქართული წესით, არ დაუწვავთ" - რას ჰყვება იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი, რომელმაც 3 დღე მიცვალებულთან გაატარა

"ცხედარს მოვუარე ქართული წესით, არ დაუწვავთ" - რას ჰყვება იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი, რომელმაც 3 დღე მიცვალებულთან გაატარა

იტალიაში მყოფმა ნუნუ რობაქიძემ რამდენიმე დღის წინ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ემოციური სტატუსი გამოაქვეყნა, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ქართველი ემიგრანტი წერდა, რომ კარანტინის გამო რამდენიმე დღე მიცვალებულ მოხუცთან ერთად მარტოს მოუწია ყოფნა.

ნუნუ რობაქიძეს "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- მძიმეა იმის მოსმენა, რაც თქვენ გადაიტანეთ. როგორ შეძელით მარტომ ამ ყველაფერთან გამკლავება?

- პირველ დღეებში ამას ვერ ვგრძნობდი, მაგრამ დრო რომ გავიდა, დაღლა ვიგრძენი. ახლობლებს ეშინოდათ, შვილიც კი შორიდან გვაქცევდა ყურადღებას. ვერ მოხერხდა მოხუცის საავადმყოფოში გადაყვანა, რადგან ადგილი არ იყო, ამიტომ ვიყავით სახლში ერთად... ამდენი წელი ვიყავი მათთან და განსაცდელში ხომ არ დავტოვებდი ოჯახს?! როცა ავად იყო, ყველაფერს ვაკეთებდი, ოღონდ მეშველა... სამწუხაროდ, ვერაფერი ვუშველე...

პირველად მათ ოჯახში რომ მივედი, ცოლ-ქმარი დამხვდა. ცოტა ჭირვეული, მაგრამ მოწესრიგებული, მორწმუნე, პატიოსანი ქალბატონი იყო, ძლიერი ხასიათით. ყველაფერი იცოდა, ომიც გამოვლილი ჰქონდა. მიყვებოდა თავისი ოჯახის თავგადასავალს - როგორ მოადგა ომის დროს კარზე ძმა და ვერ იცნო...

ვუთხარი, რომ ჩემი ბაბუაც ომის დროს იტალიაში იყო და აქედან მოვიდა დაღუპვის წერილი. ჩემზე ჯავრობდა, სულ ფიქრობდა, როგორ დამხმარებოდა, რომ ბაბუას საფლავი მენახა. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ. ხშირად ქართულ საგალობლებს ვასმენინებდი. უყვარდა ლოცვა. ქართული ეკლესიის ზარებს უსმენდა. ვეუბნებოდი, წაგიყვან ჩემს ქვეყანაში-მეთქი. უარობდა - ფრენის მეშინიაო... შვილი უყვარდა ძალიან და შვილსაც უყვარდა მშობლები, შვილიშვილებსაც.

რძალიც პატივს სცემდა. ამის გამო შევეგუე ამ ოჯახს. დავინახე ერთმანეთისადმი სითბო და სიყვარული. სწორედ ეს მჭირდებოდა. ვფიქრობდი, რატომ მოხდა, რომ ჩემი სიცოცხლის წლები ჩემს ოჯახს კი არა, სხვას შევალიე... ეს ფიქრი მტკივნეულია, რადგან არასოდეს მიფიქრია სამშობლოდან ფეხის გადგმა, მაგრამ ყველაფერი უეცრად მოხდა - საინტერესო ტურისტული მოგზაურობა მოსკოვში, ლენინგრადში, გერმანიაში... და აღმოვჩნდი ემიგრაციაში.

თავი არ დამიზოგავს, მშობლებივით ვუვლიდი და თვითონაც შემეჩვივნენ. მეუღლის გარდაცვალების შემდეგაც არ გამომიშვა. შვილს უთხრა, ერთგული ქალია და იყოს ჩემთანო. მალე გულის ავადმყოფობით ლოგინად ჩავარდა, სტაფილოკოკური ინფექციებიც გაურთულდა. ცოტა ხნის სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს, მაგრამ მას შემდეგ სამი წელი გავიდა... ბოლოს სიცხეც ჰქონდა, ახველებდა კიდეც. ნაცნობები მეუბნებოდნენ, წამოდიო, მაგრამ როგორ უნდა დამეტოვებინა?

საავადმყოფო არ იღებდა მოხუცებს, ამიტომ სახლში ვიყავით. ვფიქრობ, ფილტვების უკმარისობით გარდაიცვალა... 92 წლისა იყო... იტალიაში იშვიათად მარხავენ ადამიანს. მე მოვუარე ქართული წესით და დაასაფლავეს, ცხედარი არ დაუწვავთ. არც გასინჯეს ვირუსზე, სამაგიეროდ, მე დამტოვეს ისევ ამ ოჯახში კარანტინში და გასვლა ამიკრძალეს.

- როგორ გაიარა იმ სამმა დღემ, როცა მიცვალებულთან მარტო იყავით?

- აქ მიცვალებულს ეკლესიაში დაასვენებენ ხოლმე, მაგრამ ახლა დაკეტილია, ამიტომ სასწრაფო მოვიდა და გარდაცვალება დაადასტურა, თან ამიხსნეს, როგორ მემოქმედა - მითხრეს, ფანჯარა ღია უნდა იყოსო. ყველა შეფუთული იყო, მე - არა... შვილის მზრუნველობას და ყურადღებას სულ ვგრძნობდით, მაგრამ სახლში არ მოდიოდა. ალბათ, ფიქრობდა, გარედან ვირუსი არ შევუტანოო. ცდილობდა, იზოლირებული ვყოფილიყავით... წაიკითხეთ ვრცლად

ამირან გამყრელიძე განმარტავს, რატომ გაიზარდა ბოლნისში ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 15-ით

მაია ჯაბუას უცნობი შვილი, რომელიც ცნობილი მსახიობისგან ჰყავს - "თორნიკე 3-4 წლის იყო, როცა აფხაზეთიდან წამოვედით"

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 667-მდე გაიზარდა