ავტორი:

რა საფრთხეს შეიცავს ჩერნობილის ხანძარი, რომელიც რადიაციულ ზონას უახლოვდება

რა საფრთხეს შეიცავს ჩერნობილის ხანძარი, რომელიც რადიაციულ ზონას უახლოვდება

უკრაინაში, ჩერნობილში მეხანძრეები 4 აპრილიდან ხანძარს ებრძვიან და ამ დრომდე მის ჩაქრობას ვერ ახერხებენ. სიტუაციას კრიტიკულს უწოდებს უკრაინის სახელმწიფო სააგენტოს საზოგადოებრივი საბჭოს წევრი იაროსლავ ემელიანენკო, რომელიც საფრთხის შესახებ "ფეისბუქის“პირად გვერდზე წერს და ხანძრის ამსახველ ვიდეოსაც აქვეყნებს.

ემელიანენკო მოუწოდებს ხელისუფლებას, ნუ ცდილობს რეალობის დაფარვას. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი არის პრიპიატში, რომელიც ყველაზე სახიფათო ზონიდან 2 კილომეტრში მდებარეობს.

"ახლა ცეცხლი ქალაქ პრიპიატშია, საიდანაც 2 კილომეტრში რადიოაქტიური ნარჩენების საცავი მდებარეობს. იქ ყველაზე მაღალი გამოსხივების რადიაციული ნარჩენებია“, - წერს იაროსლავ ემელიანენკო და აღნიშნავს, რომ ქარის გამო, კვამლი და ფერფლი საშიშ ზონაში უკვე გავრცელდა.

BBC სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძარი იმაზე გაცილებით სახიფათოა, ვიდრე უკრაინის ხელისუფლება თვლის.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში კი ამბობენ, რომ ცეცხლი ძლიერია, მაგრამ საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ, რადგანაც რადიაციის მაჩვენებელი უკრაინის დედაქალაქში ნორმაშია. ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ არ მოუსმინონ "აპოკალიფსურ განცხადებებს“.

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ჩერნობილის ხანძრებთან დაკავშირებით, მოსახლეობამ სიმართლე უნდა იცოდეს და შესაბამისი პირებისგან ანგარიშის ჩაბარების შემდეგ მათ ინფორმირებას მოახდენს.

"მე თვალყურს ვადევნებ ჩერნობილის ზონაში მიმდინარე მოვლენებს. ვიცი, რომ მეხანძრეები ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ. მადლობელი ვარ მათი გამბედაობის გამო. ხვალ მოვისმენ ანგარიშს სახელმწიფო საგანგებო საქმეების სამსახურის ხელმძღვანელისგან და დასკვნებს მოგვიანებით გავაკეთებთ. ხალხმა სიმართლე უნდა იცოდეს“, - დაწერა ზელენსკიმ "ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

BBC-ის ცნობით, ჩერნობილში ხანძრის ორი კერაა, რომელთაგანაც ერთი გავრცელებულია 34 000 ჰექტარ ფართობზე, ხოლო მეორე - 12 000 ჰექტარზე. ადგილზე კი 300-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობს. ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში 6 ვერტმფრენია ჩართული.

უკრაინის სახელმწიფო სააგენტოს უფროსი, კატერინა პავლოვა "ესოშიეითიდ პრესთან“ ამბობს, რომ ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ჰერიზონტზე ჩერნობილის ხანძარი - "ესოშიეითიდ პრესის" ფოტო
  • არსებობს თუ არა რეალური საფრთხე - რას ამბობენ სპეციალისტები?

უკრაინის ეკოლოგიის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა იგორ ფირსოვმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რადიაციის მაჩვენებელი ჩერნობილში ხანძრის შედეგად მნიშვნელოვნად გაზრდილია. თუმცა, ხელისუფლებამ მოგვიანებით ეს ინფორმაცია უარყო. "გარდიანი" ჯერ კიდევ გასულ კვირას წერდა, რომ რადიაციის მაჩვენებელი ჩერნობილში 16-ჯერ არის გაზრდილი, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

ჯერჯერობით ექსპერტები არ საუბრობენ გლობალურ საფრთხეებზე, თუმცა როგორც BBC წერს, ძლიერი ქარის გამო, ხანძრის კვამლი და ფერფლი კიევამდე აღწევს. "ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით კი, ქარის გამო ხანძრის კვამლმა რუსეთამდე და ბელორუსამდე მიაღწია.

ჩერნობილის ხანძარი - Reuters-ის ფოტო

ამავე გამოცემის ინფორმაციით, მეცნიერები ამბობენ, რომ რადიაციის დონე ჩერნობილში 4-ჯერ უფრო სახიფათოა, ვიდრე ხანძრის გაჩენამდე იყო. გარემოს დაცვის ექსპერტის, ოლენა მისკუნის განცხადებით, მთავარი საფრთხე ცეცხლისგან წარმოშობილ კვამლს უკავშირდება და ის საფრთხის შემცველია არა მხოლოდ უშუალოდ ჩერნობილისთვის, არამედ შორ მანძილზე დასახლებული პუნქტებისთვისაც, რადგანაც ძლიერი ქარის გამო უკვე მიაღწია სხვა ადგილებამდე.

"ქარს შეუძლია ფერფლი, კვამლი, რადიოაქტიური ნაწილაკები ჩერნობილიდან დასახლებულ ადგილებში გადაიტანოს, ან ასეთი ნაწილაკები მოხვდნენ ნათესებზე, რომლებსაც შემდეგ ადამიანები მოიხმარენ. გაგვიმართლა, რომ საკარანტინე ღონისძიებებია ახლა, ადამიანები არიან სახლებში და თუ გარეთ გამოდიან პირბადეები უკეთიათ“, - ამბობს ოლენა მისკუნი.

ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ის შესაძლოა ფერმერების დაუდევრობას უკავშირდებოდეს.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა

ჩერნობილში ხანძარი ლიკვიდირებულია - "წვიმა მოვიდა, რაც ძალიან დაგვეხმარა. რადიაცია ნორმაშია"

ინფიცირებული 18 სასულიერო პირი და ჯარისკაცები - რა ვითარებაა რუსეთში, სადაც Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება