ავტორი:

კორონავირუსი საქართველოში - 50 დღე, რომელმაც ქვეყანა შეცვალა

კორონავირუსი საქართველოში - 50 დღე, რომელმაც ქვეყანა შეცვალა

მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა, 50 დღე გავიდა. დღეს მედიაშიც და საზოგადოებაშიც ყოველდღიური საუბრის თემა COVID-19-თან დაკავშირებული საკითხებია.

როგორ მიმდინარეობდა ამ 50 დღის განმავლობაში ახალ ვირუსთან ბრძოლა, რა ნაბიჯები გადაიდგა პრევენციისთვის და როგორ შეიცვალა ჩვენი ყოველდღიურობა? - AMBEBI.GE-მ პანდემიის თვენახევარი შეაჯამა.

  • პირველი დღე, 26 თებერვალი - კორონავირუსის პირველი შემთხვევა

2020 წლის 25 თებერვალს მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 80 000-ს გადააჭარბა, ჩინეთის შიგნით დაფიქსირებული შემთხვევები ქვეყნის გარეთ დადასტურებულებს კი პირველად ჩამორჩა.

მეორე დღეს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

26 თებერვალსვე, საქართველოსა და ირანს შორის ყველა სახის მიმოსვლა შეწყდა.

  • მეხუთე დღე, 1 მარტი - სასწავლო პროცესების და ხალხმრავალი შეკრებების შეჩერება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების რეკომენდაცია გასცა. სასწავლო პროცესი შეწყდა სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უნივერსიტეტებში.

  • მეათე დღე, 6 მარტი - პირველი კლასტერი და 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი

6 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევა იყო დადასტურებული. გამოიკვეთა პირველი - ე.წ. "იტალიის კლასტერი", რამდენადაც 7 შემთხვევა იტალიაში მოგზაურობას უკავშირდებოდა.

საქართველოსა და იტალიას შორის პირდაპირი ავიარეისები შეჩერდა, მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული პირებისთვის კი 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი ან თვითიზოლაცია დაწესდა.

წაიკითხეთ ყველაფერი ახალი კორონავირუსის შესახებ აქ

  • მე-15 დღე, 11 მარტი - COVID-19 პანდემიად გამოცხადდა

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელება პანდემიად, ანუ გლობალურ ეპიდემიად გამოაცხადა:

"COVID-19 შეიძლება დახასიათდეს, როგორც პანდემიური", - თქვა ბრიფინგზე ჯანმოს დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

ამ დღის მონაცემებით, კორონავირუსი მსოფლიოს 114 ქვეყანაში იყო დაფიქსირებული, დაინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა - 118 381-ს, ხოლო გარდაცვალების შემთხვევები - 4 292-ს აღწევდა.

  • მე-19 დღე, 15 მარტი - პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი, რომელსაც ინფექცია 26 თებერვალს დაუდასტურდა, თითქმის სამ კვირაში, 14 მარტს გამოჯანმრთელდა. წესების გათვალისწინებით, მას 24 საათში ტესტი განმეორებით ჩაუტარდა, რის შემდეგაც საბოლოოდ განკურნება დადასტურდა.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილება პაციენტმა მომდევნო დღეს, 16 მარტს დატოვა და ორკვირიან თვითიზოლაციაში გადავიდა.

  • მე-20 დღე, 16 მარტი - ახალი შეზღუდვები

საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე ახალი შეზღუდვა და რეკომენდაცია მიიღო: დაიხურა სამთო-სათხილამურო კურორტები; კაფეების, ბარებისა და რესტორნებისთვის გაიცა მომსახურების შეზღუდვის და მხოლოდ ე.წ. მიტანის სერვისის დატოვების რეკომენდაცია; 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის გაიცა თვითიზოლაციაში დარჩენის რეკომენდაცია; შეჩერდა მიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის.

  • 22-ე დღე, 18 მარტი - საზღვრების ჩაკეტვა უცხოეთის მოქალაქეებისთვის

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტის, 00:00 საათიდან უცხოელებისთვის მთლიანად დაიკეტა საქართველოს საზღვრები. უცხო ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა დროებით - ორი კვირით აეკრძალათ.

ამავე დღეს აიკრძალა სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა, თუმცა, გადაადგილება არ შეეზღუდა მუნიციპალურ ტრანსპორტს - ავტობუსებსა და მეტროს. აღნიშნულ ტრანსპორტზე გაიცა დეზინფექციის ყოველდღიურად ჩატარების რეკომენდაცია.

  • 23-ე დღე, 19 მარტი - სავაჭრო ობიექტების დახურვა

საკოორდინაციო საბჭოს მორიგი გადაწყვეტილება ქვეყანაში ყველა სავაჭრო ობიექტის დახურვასთან დაკავშირებით იქნა მიღებული. თუმცა, რამდენიმე გამონაკლისი იქნა დაშვებული.

  • 24-ე დღე, 20 მარტი - სინოდის გადაწყვეტილება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომაზე გადაწყდა, რომ ეკლესია ღვთისმსახურებას არ შეაჩერებს და საერთო კოვზიდან ზიარების წესს არ შეცვლის, მიუხედავად კორონავირუსის გავრცელების საფრთხისა. თემა სატელევიზიო გადაცემებსა და სოციალურ ქსელში კვლავ აქტუალურად დარჩა, თუმცა საპატრიარქოს ოფიციალური პოზიციით, ზიარების წესზე გადაწყვეტილება საბოლოოა.

  • 25-ე დღე, 21 მარტი - საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება

21 მარტს, როდესაც საქართველოში კორონავირუსის უკვე 49 შემთხვევა იყო დადასტურებული, ერთი თვით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

შეიზღუდა ნებისმიერი სახის შეკრება, მანიფესტაცია და ადამიანების თავშეყრა (პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ აიკრძალა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება); საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ითვალისწინებს შემდეგ აკრძალვებს:

  • 27-ე დღე, 23 მარტი - მარნეულისა და ბოლნისის დაკეტვა

22 მარტს მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შიდა გადაცემის ფაქტი დადასტურდა. მარნეულში მცხოვრები ქალის ინფიცირების ზუსტი წყაროს დადგენა გართულდა, რასაც რეგიონში ზომების გამკაცრება მოჰყვა - მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა, აიკრძალა:

მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა; საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა; ტერიტორიის შიგნით მოქალაქეების გადაადგილება (სურსათის და მედიკამენტების შესაძენად ან სამედიცინო მომსახურების მისაღებად გასვლის გარდა); აფთიაქების და სასურსათო მაღაზიების გარდა, ყველა ობიექტი დაიხურა.

  • 28-ე დღე, 24 მარტი - რეისები უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად

24 მარტს განხორციელდა სპეციალური რეისი, რომლითაც, "ეგეოსის ავიახაზების“ თვითმფრინავით, ათენიდან საქართველოს 150 მოქალაქე ჩამოვიდა. ყველა მგზავრი კარანტინში გადავიდა.

საქართველოს მოქალაქეების გადმოყვანის მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 15 აპრილის მონაცემებით, უკვე 15-მდე რეისი განახორციელა:

უახლოეს პერიოდში კიდევ რამდენიმე ფრენაა დაგეგმილი, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან საქართველოს მოქალაქეები თბილისის მიმართულებით გამოჰყვებიან. განრიგი ასეთია:

  • 16 აპრილი: პარიზი - თბილისი;
  • 18 აპრილი: თელავივი - თბილისი;
  • 21 აპრილი: რომი - თბილისი;
  • 22 აპრილი: ბარსელონა - თბილისი;
  • 27 აპრილი: ვარშავა - თბილისი;
  • 30 აპრილი: მადრიდი - თბილისი;
  • 2 მაისი: პრაღა - თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-საიტზე აღნიშნულია, რომ 2020 წლის 14 აპრილის მონაცემებით, საელჩოებმა სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს 5238 მოქალაქეს აღმოუჩინეს დახმარება, სამშობლოში კი 5 866 მოქალაქე დაბრუნდა.

  • 32-ე დღე, 28 მარტი - შიდა გავრცელების ეტაპი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას ამცნო, რომ კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის პირველწყაროს დადგენა არ ხერხდებოდა, რაც ქვეყანაში ვირუსის შიდა გავრცელების ეტაპზე გადასვლას ნიშნავდა.

გამყრელიძემ მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში, ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარების საფრთხეზე მიუთითა. "ქვეყანაში უკვე დადის ინფიცირებული ადამიანი, რომელიც იდენტიფიცირებული არაა, და რომელიც სხვებს ასნებოვნებს" - განმარტა ცენტრის დირექტორმა.

  • 34-ე დღე, 31 მარტი - საყოველთაო კარანტინის და კომენდანტის საათის გამოცხადება

30 მარტს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, საქართველოში "ფაქტობრივად" საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა, რომლის მოქმედებაც მომდევნო დღის 08:00 საათიდან დაიწყო.

ამასთან, გამოცხადდა ე.წ. კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, როდესაც ქვეყნის მასშტაბით, ყველანაირი გადაადგილება აიკრძალა.

ასევე, სრულად აიკრძალა ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება და დასაშვები დარჩა მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის, ტაქსით) მგზავრობა, სადაც 3 ადამიანზე მეტის ყოფნა დაუშვებელია.

სასურსათო მაღაზიების და აფთიაქის გარდა, სადაც 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა სავალდებულოა, აიკრძალა 3-ზე მეტი პირის თავშეყრა; სახლიდან გასვლა აეკრძალათ 70 წელს ზემოთ მოქალაქეებს, იმ შემთხვევების გარდა, როცა სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქსა და სამედიცინო დაწესებულებაში მიდიან.

საკონტროლო პუნქტები მოეწყო თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში. მოქალაქეებისთვის აუცილებელი გახდა გადაადგილებისას პირადობის მოწმობის ტარება.

  • 36-ე დღე, 1 აპრილი - ტესტირების ახალი ალგორითმი და 2 მილიარდი ეკონომიკისთვის

მთავრობის გადაწყვეტილებით, ბიუჯეტიდან ეკონომიკის და მოქალაქეების პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო. მოქალაქეებს, რომლებიც 200 კვტ-ზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, 3 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადი სრულად უფინანსდებათ.

ასევე, დამტკიცდა COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმი, რომლის თანახმად ტესტირებას, სიმპტომური პაციენტების გარდა, დაექვემდებარებიან პაციენტები ცხელების სიმპტომებით და მაღალი რისკის ჯგუფები (დაინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები; სამედიცინო პერსონალი; ორგანიზებულ ინსტიტუციურ დაწესებულებაში მომუშავე პირები).

ახალი ალგორითმი, PCR-მეთოდით ლაბორატორიული დიაგნოსტირების გარდა, ანტისხეულებზე და ანტიგენებზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენების დაწყებასაც ითვალისწინებს.

  • 39-ე დღე, 4 აპრილი - გარდაცვალების პირველი შემთხვევა

4 აპრილს, საქართველოში COVID-19-ით პირველი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 79 წლის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 31 მარტიდან იმყოფებოდა. პაციენტს, ე.წ. "მარნეულის კლასტერიდან", თანმხლები დაავადებები ჰქონდა, მათ შორის წონის მკვეთრი დეფიციტი, ორმხრივი მწვავე პნევმონია, პნევმოთორაქსი, მწვავე რესპირატორული დისტრესი და სეფსისი ჰემოდინამიკის რღვევით.

  • 43-ე დღე, 8 აპრილი - ქართული წარმოების პირბადეები აფთიაქებში

საქართველოში წარმოებული სამედიცინო პირბადეები სააფთიაქო ქსელებში შევიდა. დოლბანდის 12-შრიანმა, მრავალჯერადმა პირბადეებმა საზოგადოების ნაწილში სკეპტიციზმი დაიმსახურა, მისი ვიზუალური მხარის გამო, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტების მტკიცებით, მსგავსი პირბადეებით ექიმები შავი ჭირის დროს მუშაობდნენ და ის წვეთოვანი ინფექციისგან დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

ეკონომიკის მინისტრმა პირბადის ფასზე საუბრისას აღნიშნა, რომ სახელმწიფოს თითო ცალის დამზადება ერთ ლარზე მეტი უჯდება, თუმცა აფთიაქებში ერთი პირბადე 50 თეთრად გაიყიდება, რაც სუბსიდირებული ფასია.

  • 44-ე დღე, 9 აპრილი - ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 183 მილიონი ევრო

9 აპრილს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა, ევროკავშირის წარმომადგენლობამ, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩებმა საქართველოს მთავრობას ღია წერილი გამოუგზავნეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ ისინი საქართველოს სწრაფი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად მუშაობენ და ფინანსური დახმარების პაკეტს განიხილავენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი ეპიდემიასთან ბრძოლაში გლობალური რეაგირების ფარგლებში, საქართველოს 183 მლნ ევროზე მეტ თანხას გამოუყოფს.

9 აპრილს ცნობილი გახდა ისიც, რომ მაღალი რისკის ჯგუფები, რომელთაც COVID-19-ზე ტესტირება ჩაუტარდება, შემდეგია: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, მათ შორის, მონასტრებში მყოფი ადამიანები.

9 აპრილსვე დაიწყო აგრარული ბაზრების დახურვა.

  • 45-ე დღე, 10 აპრილი - სრული კარანტინის ამოქმედება ლენტეხის მუნიციპალიტეტში

მთავრობის გადაწყვეტილებით, 10 აპრილს ლენტეხი ჩაიკეტა. რაიონში მხოლოდ ადგილობრივებს, მხოლოდ აუცილებელი საჭიროებისთვის აქვთ გადაადგილების საშუალება. რაიონის შესასვლელ პუნქტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის ძალები აკონტროლებს, ლენტეხში აკრძალულია შესვლა და გამოსვლა, სპეციალური პროტოკოლის გათვალისწინებითა და სპეციალური რეჟიმის დაცვით, მოსახლეობას საგაზაფხულო სამუშაოების წარმოების საშუალება ექნება.

ლენტეხის ჩაკეტვის გადაწყვეტილება ჯანდაცვის დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით იქნა მიღებული, მას შემდეგ, რაც ტერიტორიაზე კორონავირუსის 5 შემთხვევა დაფიქსირდა.

  • 47-ე დღე, 12 აპრილი - ქობულეთის სოფლების ჩაკეტვა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ქობულეთის ოთხი სოფელი: გვარა, მუხაესტატე, წყავროვკა და ლეღვა ჩაიკეტა. სოფლების შესასვლელებში, რომლებიც ერთმანეთთან საკმაოდ ახლოსაა და სადაც მკაცრი საკარანტინო ზონა გამოცხადდა, სამხედროებმა ბლოკპოსტები დააყენეს და კარვები გაშალეს. დაიწყო მოსახლეობის აქტიური თერმოსკრინინგი.

საკოორდინაციო საბჭომ ქობულეთის სოფლების ჩაკეტვის გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ქობულეთში დიდი კლასტერი და შიდა გადაცემის შემთხვევები დაფიქსირდა.

50-ე დღე, 15 აპრილი - საგანგებო მდგომარეობა ხანგრძლივდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით ყველა სახის ტრანსპორტით შესვლა და გამოსვლა იკრძალება.

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება.

წაიკითხეთ ყველაფერი ახალი კორონავირუსის შესახებ აქ

მთავრობა განმარტავს, ვისთვის იქნება დასაშვები 27 და 28 აპრილს თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში შესვლა-გასვლა

"არ ვთვლით საჭიროდ, რეაგირება მოვახდინოთ პოლიტიკური სახის განცხადებებზე" - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადება

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ავარიას 134 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 1610 პირი დაშავდა